პირველად ნეპალის და, ზოგადად, საარჩევნო დემოკრატიის ისტორიაში, ნეპალში ახალი პრემიერ-მინისტრი ინტერნეტით აირჩიეს. ასევე პირველად ნეპალის ისტორიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ქალი – სახელად სუშილა კარკი.
Discord-არის უფასო მესენჯერი და აქამდე ძირითადად ონლაინ გეიმერებს შორის იყო პოპულარული. 13 სექტემბერს კი Discord გახდა მთავარი საარჩევნო პლატფორმა ნეპალელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
Discord-ში ონლაინ შეხვედრა ორგანიზებული იყო GEN-Z თაობის მიერ შექმნილი მოძრაობის – „ჰამი ნეპალის“ მიერ. „ჰამი ნეპალმა“ დისქორდზე გახსნა არხი – „ახალგაზრდობა კორუფციის წინააღმდეგ“, სადაც ნეპალის მომავალზე სასაუბროდ 10 ათასზე მეტი ადამიანმა მოიყარა თავი. დისკუსია პარალელურად გადაიცემოდა იუთუბ არხით, რომელმაც დაახლოებით 6 ათას ადამიანს მისცა საშუალება ჩართულიყო პროცესში.
დისკუსია რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ონლაინ არჩევდნენ პრემიერობის კანდიდატებს და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს 73 წლის სუშილა კარკზე, ნეპალის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე.
73 წლის სუშილა კარკმა მცირე ცერემონიაზე, რომელსაც ნეპალის პრეზიდენტი ესწრებოდა, დადო ფიცი და გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ნეპალის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
„სიტუაცია, რომელშიც მოვხვდი, არ იყო ჩემი სურვილი. ჩემი სახელი ქუჩებიდან მოვიდა,“ – განაცხადა სუშილა კარკიმ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიკავა პოსტი და თავის მოქალაქეებს მიმართა.
„არ დავრჩებით ამ პოსტზე 6 თვეზე მეტ ხანს, მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა. შევასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს და პირობას ვდებ, რომ ძალაუფლებას გადავცემთ ახალ პარლამენტსა და მინისტრებს,“ – საჯაროდ დადო პირობა ახალმა პრემიერ-მინისტრმა.
სუშილა კარკის არჩევას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები, სახელმწიფო შენობების დაწვა და მთავრობის წევრების ქვეყნიდან გაქცევა.
ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლები ნეპალში სექტემბერში დაიწყო და აქტიურ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 4 სექტემბერს ნეპალის მთავრობამ სოციალური ქსელები აკრძალა. ახალგაზრდა თაობა ქუჩაში გამოვიდა. ბოლო ცნობებით, შეტაკებებისას დაიღუპა 72 ადამიანი.
სოციალური ქსელების აკრძალვა ორშაბათს, 8 სექტემბერს გაუქმდა, მაგრამ საპროტესტო ტალღა უკვე მძლავრ მოძრაობად იყო ქცეული. 9 სექტემბერს ხალხმა პარლამენტისა და მთავრობის შენობებს ცეცხლი წაუკიდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი გადადგა.
როგორ მივიდა ნეპალი რევოლუციურ ცვლილებებამდე და რა ხდება ახლა – ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია ბარქაიას ესაუბრა, ინდოეთის ისტორიის მკვლევარს:
ნეპალის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დაამტკიცა სოციალური მედია პლატფორმებისთვის, რომელიც მოითხოვდა მათ რეგისტრაციას გარკვეულ ვადებში. არ დარეგისტრირდნენ ეს პლატფორმები, შესაბამისად, ისინი აიკრძალა. ამ აკრძალვას მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი, ძირითადად ახალგაზრდების მხრიდან, მოწოდებით, რომ ხელისუფლებას უნდა აეკრძალა არა სოციალური მედია პლატფორმები, არამედ კორუფცია.
სწორედ კორუფციასთან დაკავშირებული ამბები უძღოდა წინ, სოციალური მედიის აკრძალვას. მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები ჰეშთეგით „ნეპოკიდს“.
ნეპობავშვები (Nepokids) – ეს ტერმინი აღწერს ნეპოტიზმით მოსარგებლე ბავშვებს, ნეპალელი მაღალჩინოსნების შვილებს, რომლებიც კორუფციაში ჩართული მშობლების წყალობით მდიდრულად ცხოვრობდნენ და საკუთარი ოჯახების კავშირებით სარგებლობდნენ.
Nepokids – ჰეშთეგის ქვეშ ვრცელდებოდა პოლიტიკოსების, მათი ოჯახის წევრების, მათი შვილების მდიდრული ცხოვრების ამსახველი ვიდეოები. ამ ვიდეოებს ჰქონდა გამოხმაურება, რომ ეს იყო ხალხის ყვლეფით მოპოვებული სიმდიდრე, მაშინ, როდესაც ნეპალის მშპ-ს 33% შეადგენს და ნეპალის მოსახლეობა უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილებით ცხოვრობს. უმუშევრობის მაღალი დონე და არასტაბილურობა ნეპალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამ ფონზე სოციალური მედიის აკრძალვა, დიდი დარტყმა და გამოწვევა გახდა მათ შორის ტურისტული ბიზნესისთვის. ეს აკრძალვა ტურისტულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც დააზიანებდა, რადგან ეს ბიზნესი სოციალურ მედიაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ამით კარგავდნენ შემოსავლის წყაროს.
თუმცა სოციალური მედიის აკრძალვა იყო მხოლოდ ბოლო წვეთი იმ მოვლენების, რომელიც მანამდეც მიმდინარეობდა.
რაც გამოარჩევს და ახასიათებს ამ პროტესტს, არის ის, რომ ეს იყო პროტესტი, არაპარტიული მოქალაქეების, რომლებიც სპონტანურად, ინდივიდუალურად ჩაერთნენ პროტესტში. ყველაფერი დაორგანიზდა ინსტაგრამით და დისქორდ სერვერზე. დისქორდში ახალგაზრდული მოძრაობა „ჰამი ნეპალმა“ შექმნა ჯგუფი, სადაც ვრცელდებოდა სიახლეები.
სწორედ ამ ჯგუფში გავრცელდა პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით ესკალაცია დაიწყო, როდესაც პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება. პირველი შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა და ეს ინფორმაცია გავრცელდა დისკორდის ჩატში.
საერთო სახალხო შოკის და ბრაზის ფონზე, ჩატში დაიწყეს მოწოდებები პოლიტიკოსების სახლში შეჭრისკენ, პოლიტიკოსების საცხოვრებელ რეზიდენციებზე და სახელმწიფო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმისკენ. ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას და რამდენიმე მინისტრის საცხოვრებელს, მათ შორის კომუნისტური პარტიის მთავარ ოფისს.
ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყოს ის, რომ ეს იყო ჰორიზონტალური, ულიდერო პროტესტი. თუმცა ასევე იყო პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ესკალაციაში.
- როგორ მივიდა ნეპალი რევოლუციამდე, რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში?
კონტექსტიც რომ აღვწეროთ, შევხედოთ რეგიონს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ნეპალში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშში, ინდოეთში – ერთი მხრივ არის ეკონომიკური არასტაბილურობა, მეორე მხრივ, არის მაღალი ინდექსი ეკონომიკური დანაშაულების და კორუფციის.
ბოლო წლები ნეპალში სულ იყო პროტესტები კორუფციის წინააღმდეგ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ წინააღმდეგობა, პროტესტი, სახალხო უკმაყოფილება სულ არის ამ ქვეყნებში.
ამიტომ, რაც მოხდა ნეპალში ეს მხოლოდ სოციალური მედიის აკრძალვას არ უკავშირდება – მისი საფუძველია ღრმად ჩაკირული ეკონომიკური არასტაბილურობა, რომელიც კორუფციას და ეკონომიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება უშუალოდ ნეპალის კონტექსტს. ნეპალი იყო მონარქია, 2008 წლიდან ნეპალი გახდა რესპუბლიკა. ბოლო 17 წლის განმავლობაში, ნეპალში არ უკვირთ ხელისუფლების ცვლილება, რადგან მთავრობა მუდმივად იცვლება – ამ 17 წლის განმავლობაში ნეპალში 14 მთავრობა გამოიცვალა.
მიზეზი იყო სხვადასხვა – ზოგჯერ იშლებოდა კოალიციური მთავრობა და ხდებოდა გადალაგება, ახალი კოალიცია იკვრებოდა და შედეგად ახალი პრემიერ-მინისტრი ინიშნებოდა. ცვალებადია პოლიტიკური ლანდშაფტი ნეპალში.
უნდა ვთქვათ, რომ წელსაც კი აი, ამ პროტესტებს წინ უძღოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროტესტი პრომონარქისტების. ნეპალში არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში იყო საპროტესტო ტალღა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დააკავეს. ნეპალის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს შარმა ოლის მარტო კორუფციასა და ნეპოტიზმში არ ადანაშაულებდნენ, ამავდროულად ის იყო მიდრეკილი ავტორიტარიზმისაკენ.
ახლაც ჰქონდათ პრომონარქისტულ ძალებს მონარქიის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ამჟამინდელი პროტესტის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდობაა, ვისთვისაც მთავარი პრობლემა არის კორუფცია. მათი მოთხოვნაც ესაა – დაუსვან წერტილი კორუფციას.
ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, მონარქიის აღდგენა არ ესახებათ გამოსავლად.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფციის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა თაობამ შეცვალა პოლიტიკური სიტუაცია ნეპალში?
ნეპალში ძალიან მაღალია ემიგრაციის მაჩვენებელი. ნეპალიდან მიდიან ძირითადად ინდოეთში და მეზობელ ქვეყნებში.
ნეპალის ეკონომიკა შედგება სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილებით. ასევე მყიფე ტურისტული ბიზნესით. არსებული ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური არასტაბილურობა, მუდმივი ცვალებადობა და სიმყიფე პოლიტიკური ძალაუფლების, კორუფცია – ბოლო ათწლეულია, მუდამ ამაზე მიდის საუბარი და წუხილი.
კორუფციის თემას იყენებდნენ პროტესტში ჩართული სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიც, მარტიდან ივნისამდე დიდი აქციები იყო ქვეყანაში, მაგრამ ისინი ითხოვდნენ მონარქიის აღდგენას. 2023 წელსაც იყო პროტესტი, მაშინაც ითხოვდნენ კორუფციის დამარცხებას და მონარქიის აღდგენას.
ბოლო დროის პროტესტს, წინა პროტესტისგან რაც განასხვავებს, არის ის, რომ ეს არის არაპარტიული, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული და მართული დემონსტრაცია, რომელიც თავიდან იყო მშვიდობიანი.
- რა შეიცვალა 8 სექტემბერს, როდესაც მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ იწვოდა ნეპალის პარლამენტის შენობა?
8 სექტემბერს ათასობით ადამიანი გამოვიდა ნეპალის ქუჩებში, მშვიდობიანი დემონსტრაციის გასამართად. ამ აქციის ორგანიზატორი ფორმალურად იყო „ჰამი ნეპალი“, მაგრამ მალევე თვითონ მათმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მშვიდობიანი პროტესტი მიიტაცეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ორგანიზატორები ვერ აკონტროლებდნენ პროტესტის დინამიკას.
ვერ აკონტროლებდნენ იმის გამოც, რომ ეს პროტესტი ლიდერის გარეშე, ჰორიზონტალური იყო. დიდი რაოდენობის მოქალაქეები ჩაერთნენ, სიტუაცია უკონტროლო გახდა, მაგრამ პირველი რამდენიმე საათი მაინც მშვიდობიანი იყო.
ერთ-ერთი ვერსიით, ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა მომიტინგემ დააზიანა სათვალთვალო კამერა, რასაც მოჰყვა არაპროპორციული პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.
პროტესტის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შენობაში შეჭრა, სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი. დაღუპულთა რიცხვი ახლა 72-მდეა გაზრდილი. 1300 დაშავდა, 200-ზე მეტი დააკავეს. ბრაზმა იფეთქა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხალხი დაიღუპა.
დაიწყეს მოწოდებები – მოდი, დავიკავოთ აეროპორტი, მოდი, შევუტიოთ ამა და ამ შენობას. მოხდა სპონტანური, აფექტური მობილიზება.
ვნახეთ დრამატული კადრებიც, თუმცა იქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთი მინისტრის შეზღუდული შესაძლებლობის ცოლი თავად მომიტინგეებმა გამოიყვანეს ცეცხლწაკიდებული შენობიდან. ერთ-ერთი მინისტრი თავად ჩააბარეს პოლიციას.
ახალგაზრდების მიზანი იყო, პასუხი ეგო პოლიტელიტას, ვინც ჩართული იყო კორუფციაში.
სწორედ ამას ამბობდნენ ეს ახალგაზრდები – მონარქია შეიცვალა, მაგრამ რესპუბლიკის პირობებშიც გაჩნდა პოლიტიკური ელიტა, კორუფციაში ჩაფლული.
შესაბამისად, ახალი თაობა ამ მანკიერი წრის ცვლილებას და სრულიად ახალ სახეებს ითხოვდა.
ნეპალის ისტორიაში პირველად ახალგაზრდებმა ონლაინ პლატფორმაზე აირჩიეს დროებითი პრემიერ-მინისტრი და პირველად ნეპალის ისტორიაში, პრემიერი გახდა ქალი.
- როგორ მოხდა არჩევა და გადაბარების პროცესი?
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ოლი გადადგა, ნეპალს სამხედროები აკონტროლებდნენ და მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ როლს ასრულებდნენ წესრიგის შენარჩუნების თვალსაზრისით. ასევე ჩაერთო ნეპალის პრეზიდენტიც, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა. პრემიერის წარდგენას ესწრებოდა პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სუშილა კარკი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ეს ქალი ცნობილი იყო იმით, რომ ეწინააღმდეგებოდა კორუფციას და მალევე გადააყენეს სასამართლოს თავმჯდომარეობიდან. ახლა კი პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა ნეპალის ისტორიაში.
ის ამ თანამდებობაზე აირჩიეს ონლაინ, რაც შეიძლება ახლა სასაცილოდაც კი ჩანს. მისი არჩევის მთავარი ფაქტორი იყო მისი პროფესიული საქმიანობა და პრინციპულობა. ის იქნება ნეპალის დროებითი პრემიერი ახალ არჩევნებამდე. ახალი არჩევნები იქნება 2026 წლის 21 მარტს, რომლის შემდეგაც ხელახლა ფორმირდება მთავრობა.






