69 წლის ბელარუსმა ოპოზიციონერმა, პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლებულმა ნიკოლაი სტატკევიჩმა უარი თქვა ბელარუსის დატოვებაზე და იგი კვლავ კოლონიაში დააბრუნეს – წერს მედია.
ნიკოლაი სტატკევიჩი 2025 წლის 11 სექტემბერს გათავისუფლებული ბელარუსი პოლიტპატიმრების სიაში იყო. გათავისუფლების შემდეგ იგი ბელარუსისა და ლიეტუვის საზღვარზე მიიყვანეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა ის ნეიტრალურ ზონაში გადავიდა, რამდენიმე საათს იქ იჯდა, შემდეგ კი ბელარუსში დაბრუნდა.
„დოიჩე ველეს“ რუსული რედაქცია ესაუბრა ბელარუსი ოპოზიციონერის თანამოაზრეს, ევგენი ვილსკის, რომელიც 11 სექტემბერს ბელარუს-ლიეტუვას საზღვარზე იმყოფებოდა.
„როგორც კი გავიგეთ, რომ ნიკოლაი იქ იყო და ევროკავშირში წასვლაზე უარი თქვა, მაშინვე მანქანაში ჩავსხედით და საზღვართან წავედით“, – უთხრა მან „დოიჩე ველეს“, „ბოლო ხაზს მივადექით, სადაც დიპლომატიური მანქანების კოლონები იყო, ავუხსენით, ვინ ვიყავით და ამერიკელმა წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს, რომ ნიკოლაი სტატკევიჩთან მივსულიყავით და ევროკავშირში დაბრუნებაზე დაგვერწმუნებინა“, – ამბობს ის.
ვილსკის თქმით, სტატკევიჩი საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა.
„მან მიპასუხა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკაშენკოს არ შეუძლია განსაზღვროს, სად უნდა იყოს და რა უნდა გააკეთოს, რომ ის არის საკუთარი ბედის პატრონი, მას აქვს ღირსება და თავად განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს. სტატკევიჩმა მითხრა: „ლუკაშენკოს შეუძლია ციხეში ჩამსვას, მაგრამ შინაგანად თავისუფალი ვარ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში დავრჩე“ – უამბობო „დოიჩე ველეს“ ვილსკიმ.
იგი ამბობს, რომ სცადა სტატკევიჩის დარწმუნება, თუმცა ამაოდ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბელარუსში დაბრუნდა, სადაც საზღვარზე მას ნიღბიანი პირები ელოდნენ.
სტატკევიჩი სასჯელს გლუბოკოეს კოლონიაში იხდიდა, სადაც, ადამიანის უფლებათა ცენტრის „ვიასნას“ ცნობით, ის 2023 წლის თებერვლიდან ოჯახთან და გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე იმყოფებოდა.
ვილსკის თქმით, სტატკევიჩი ჰგავს კაცს, რომელმაც ხუთი წელი გაატარა ციხეში.
„ის, რა თქმა უნდა, გამოფიტულია, გამხდარი, გამელოტებული. ყველაფერი დანარჩენი წესრიგშია – მისი ენერგია, ენთუზიაზმი. როდესაც დამინახა, გამიღიმა და ჩემს შესახვედრად გამოემართა“ – უთხრა ვილსკიმ „დოიჩე ველეს“.
რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სად იმყოფებოდა სტატკევიჩი. ბელარუსში იგი ოჯახში, სადაც მისი ცოლი ცხოვრობს, არ დაბრუნებულა, დღეს, 15 თებერვალს კი გამოცემა „Наша Ніва“-მ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ სტატკევიჩი კვლავ ქალაქ გლუბოკოეს ციხის კოლონიაშია, სადაც მან 2 წელი და 7 თვე სამარტოო საკანში გაატარა.
ნიკოლაი სტატკევიჩს 2010 წელს, ბელარუსში არჩევნების გაყალბების გამო მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლუკაშენკოს რეჟიმმა. იგი პატიმრობის 5 წლის შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს, როდესაც ბელორუსის რეჟიმი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, 2020 წელს კი ის საპროტესტო აქციების დაწყებამდე – 31 მაისს დააკავეს და 2022 წელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
_____________
ფოტოზე: ბელარუსი ოპოზიციონერი ნეიტრალურ ზონაში.


