მთავარი,სიახლეები

“8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

13.09.2025 •
“8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, გიორგი ლილუაშვილმა დღეს გამართულ პროცესზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო მოითხოვა.

“რადიო თავისუფლების” თანახმად, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესს ლაივბლოგის საშუალებით აშუქებდა, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ “ჯუანშერ ბურჭულაძეს არაერთხელ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, აქვს კონტაქტები საზღვარგარეთ, ამიტომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. ასევე, რადგან გამოსაკითხია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც”.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აბსურდული უწოდა პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალს. „რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოზე თქვა, რომ ესპანეთში ბინა წყნეთში გაყიდული სახლის ფასად შეიძინა.

„მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით… რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე…

არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს. 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?!“ – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაოს გადახდა შესთავაზა. ასევე, ადვოკატების განცხადებით, მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად იყო ჩაებარებინა ყველა დოკუმენტი – პასპორტი და პირადობის მოწმობა.

  • რა ხდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, 11 სექტემბერს დააკავეს. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

კერძოდ, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

პროკურატურის მტკიცებით, თავდაყვის ყოფილი მინისტრის ჩართულობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან,  სახელმწიფო ბრალდების თანახმად,  ჯუანშერ ბურჭულაძე მეუღლესთან ერთად ჩართული იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაში.

„მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

[…] 2025 წლის იანვარში, მან [ჯუანშერ ბურჭულაძემ] და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა“, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორი გიორგი ლილუაშვილია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერესებს სასამართლოში დიმიტრი ხაჩიძე და მარიამ შათირიშვილი იცავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამავე საქმის ფარგლებში 25 ივლისს დააკავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მეექვსე მინისტრია.

ის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იკავებდა.

წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

მინიმუმ 1,3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – სუს

ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, “ახლო ნათესავსა” და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი უკვე წარუდგინეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: