მთავარი,სიახლეები

მურთაზ ზოდელავას მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, მას 25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ

13.09.2025 •
მურთაზ ზოდელავას მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, მას 25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრ მურთაზ ზოდელავას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეს მას შემდეგ დატოვებს, რაც ოჯახის წევრები გირაოს თანხას გადაიხდიან.

მურთაზ ზოდელავას სასამართლო ლევან ხაბეიშვილის პროცესთან ერთად გაიმართა. ორივე დაკავებულის ადვოკატები ითხოვდნენ ხაბეიშვილის და ზოდელავას საქმე აეცილებინა და არ განეხილა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს.

ენმ-ის პოლისტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს სწორედ ფიქრია სიქტურაშვილის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ადვოკატების არგუმენტაცია იყო, რომ იმ მოსამართლეს არ უნდა განეხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომელმაც დაკავების განჩინება გამოსცა.

მურთაზ ზოდელავას ადვოკატს, ბექა ბასილაიას დამატებითი არგუმენტი ჰქონდა მოსამართლის ასაცილებლად. ფიქრია სიქტურაშვილი არის ის მოსამართლე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სინდისის პატიმრის, მასწავლებელ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

ფიქრია სიქტურაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა განაგრძო. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ლევან ხაბეიშვილი.

„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა.

ლევან ხაბეიშვილის სიტყვას დარბაზში ტაში მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სასამართლოს სხდომა დახურა.

პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა მურთაზ ზოდელავას გათავისუფლების სანაცვლოდ 25-ათასლარიანი გირაო მოითხოვა. საბოლოოდ მოსამართლემ მურთაზ ზოდელავას საპატიმრო გირაო შეუფარდა.

  • რა ხდება

მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურთაზ ზოდელავას სუს-ის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თუმცა საბოლოოდ, პროკურატურამ მას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლით  წარუდგინა.

„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ სასამართლოსგან მურთაზ ზოდელავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით   გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ამავე თემაზე:

რა მუხლებით წარუდგინეს ბრალი ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: