მთავარი,სიახლეები

“როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ,” – არქიმანდრიტი დოროთე

14.09.2025
“როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ,” – არქიმანდრიტი დოროთე

„ჩვენ, მღვდლები, ყოველ წირვაზე ასე ვამბობთ: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“. ეს მინდა განგიმარტოთ: „იხსენი, უფალო, შენი ერი და დალოცე ხალხი, რომელშიც შენ მკვიდრობ“. აი, ამ ხალხში, თქვენში, უფალი მკვიდრობს და როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ. და უფალი ამას არ აპატიებს,“ – იქადაგა დღეს, 14 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დოროთემ (ყურაშვილი).

არქიმანდრიტიმა თავის საკვირაო ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავზე  გაამახვილა ყურადღება,  რაც მოსახლეობას აღელვებს.

„წმინდა მამები გვასწავლიან ესეთ საოცარ სიტყვებს, გვეუბნებიან: „სახარება არის ცხოვრების წიგნი და ის მხოლოდ ცხოვრებით გაიგება“. ანუ, გაშლილად, განმარტებით რომ გითხრათ, სახარებაში წერია ცხოვრება იესო ქრისტესი, მოციქულების, ჰეროდესი, ფარისევლების. ის არის ცხოვრების წიგნი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ცხოვრებაა აღწერილი და სახარებას წაკითხვით ვერ გაიგებ. სახარება თუ გინდა გაიგო, უნდა იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობდა იესო და როგორც ცხოვრობდნენ მოციქულები, მისი მიმდევრები და მოწაფეები.

აი, მაშინ გაიგება სახარება. და ბევრი დღეს დაბრკოლებულია, ვითომ, ჩემი „პოლიტიკური ქადაგებით“. და მათ მინდა ვუთხრა ესეთი რაღაცა. სახარებაში წერია ოქროს სიტყვებად მიჩნეული ქრისტეს ნათქვამი: „მოექეცი სხვას, როგორც გინდა, მოგექცნენ თქვენ“.

რამდენად პოლიტიკურია, როცა მე ვამბობ, რომ თქვენ, მთავრობას ვეუბნები, ხალხს ექცევით ისე, როგორც არც ერთ თქვენგანს არ გინდათ, რომ მოგექცნენ. როცა მთელი კანონები იქმნება მხოლოდ ხალხის დასასჯელად. რომელ კანონს ექვემდებარებიან, საერთოდ გაუგებარია.

აი, ერთი შედარება მინდა გავაკეთო.

ნახეთ, ქუჩაში გოგონა რომ სცემა ერთმა დაბერებულმა ადამიანმა. ამ გოგონას გამოკითხეს პოლიციაში, როგორც თვითონ ამბობს და ეკითხებოდნენ: „გეტკინა თუ არაო?“ გოგონამ თქვა: „არ მტკენიაო. დგებუაძე ხომ არა ვარო“. დააკვირდით, კაცის ხელზე ეს გოგონა, ვაჟკაცი, ამბობს „არ მტკენიაო“. და მზიას გარტყმულ ხელზე დგებუაძე დღესაც ტირის და „რა ფაფუკი ლოყა ჰქონია“. ეს კაცი გაუშვეს, თვითონ დაიჭირეს, გაუშვეს და მზია დღესაც ციხეში ზის ორი წლით.

დააკვირდით, „ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, მოგექცნენ შენ“ – სად არის ეს ქრისტეს ტერმინი?

ან გაიხსენეთ ბიძინას შეპირებები, გაიხსენეთ.

რას გვპირდებოდა? დაიჭირეს მაშინ? მიშა დაიჭირა? ხომ ხელი არ უხლია? დღეს რაზე დაიჭირეს ლევანი? გულის თქმაზე? შეეშინდათ? ასეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა. არც ერთ სამართალზე არ არის დამყარებული, არც კომუნისტურზე. მარტო ერთი კაცის სამართალზეა, მას როგორც აწყობს და გააჩაღა „ტყვეთა სყიდვა“.

ლევან ხაბეიშვილი არ ამბობდა, ხალხს კი არ ახვევდა თავის აზრს, ის ხალხის ხმას ახმოვანებდა. რაც ხალხს უნდოდა. და ხალხს რა უნდა? რომ წავიდეს, რომ წავიდეს ეს მთავრობა, რომელმაც დაღუპა ქვეყანა. და იმის დაჭერით ვერაფერს ვერ იზამენ, მინდა ვუთხრა. რადგან ათასობით და ასიათასობით ლევანები მოვლენ, რადგან უსამართლობა ყოველთვის აღიზიანებდა ქართველ ერს. ყოველთვის გააღიზიანებს და ყოველთვის უარესს იზამენ. ახლოს არის, მინდა ვუთხრა მათ, ახლოს არის უფალი.

ჩვენ, მღვდლები, ყოველ წირვაზე ასე ვამბობთ: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“. ეს მინდა განგიმარტოთ: „იხსენი, უფალო, შენი ერი და დალოცე ხალხი, რომელშიც შენ მკვიდრობ“. აი, ამ ხალხში, თქვენში, უფალი მკვიდრობს და როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ. და უფალი ამას არ აპატიებს.

მინდა შევახსენო ყველასთვის ცნობილი ისტორია, უფლის ერის ეგვიპტიდან გამოსვლა. როგორ იყო? ფარაონი არ უშვებდა. უფალი მოუვლენდა დიდ განსაცდელებს, ხან სისხლის მდინარეს, ხან კალიებს, ხან ბაყაყებს და განსაცდელის დროს ფარაონი შეპირდებოდა, კიო, გაგიშვებთო და განსაცდელი რომ გადაივლიდა, დაავიწყდებოდა და შეპირებას უარყოფდა. ხომ გახსოვთ, რამდენი შეპირებები იყო. როგორ ჰგავს ფარაონს. და როდის შეწუხდა ფარაონი? მაშინ კი არა, როცა მისი ხალხი, თუნდაც ეგვიპტელები განსაცდელში იყო და იღუპებოდნენ. არა! როცა მან, მის ოჯახს შეეხო ღმერთი და როცა მოუკვდა ის ერთადერთი ძე.

ამიტომ, მე მინდა ვუთხრა, მათ არ აინტერესებთ ხალხის ბედი, მაგრამ თავისი ოჯახის ბედი აინტერესებთ და სანამ ღმერთი შეეხება მათ ოჯახს, მანამდე მოვიდნენ გონს, თუ შესაძლებელია. თორემ ახლოსაა მათი სასჯელი. გაანთავისუფლონ ქართველი ერი, გაანთავისუფლონ ქართველი ერი! სხვანაირად, მძიმედ, მძიმედ დაისჯებიან.

შეეწიოს ღმერთი ყველა პოლიტპატიმარს, შეეწიოს ღმერთი ლევანს და ის გზა, რომელიც მან დაუსახა ქართველ ერს, აუცილებლად აღსრულდება. აუცილებლად მას „ლევანის გზა“ დაერქმევა, იმიტომ, რომ ყველა მებრძოლი, რომელიც დღეს იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის, ყველა არის ღვთისგან, რადგან ღვთის ნებაა და სურვილია, რომ ჩვენ გადავრჩეთ, ჩვენ განვთავისუფლდეთ. და ჩვენ მოვიშოროთ აი, ეს უსამართლო, უსინდისო, უცოდინარი და ყველაფერი, რაც „უ“-ზე იწყება ცუდი, ყველაფერი რომ არის, ისეთი მთავრობა. შეგვეწიოს უფალი და ახლოსაა ხსნა, ნუ შეშინდებით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“ – იქადაგა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) არის თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი.

დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია. სხვადასხვა დროს იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიის რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი. 2004-2013 წლებში იყო წალკის რაიონის სოფელ ბერთაში პატრიარქის კურთხევით დაარსებული მამათა და დედათა სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვარი.

არქიმანდრიტი დოროთე არის ხატმწერი, მას რამდენიმე ტაძარი აქვს მოხატული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.