ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ იძებნება საქართველოში საარჩევნო გარემოს შეფასება – ანგარიში, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება- განადგურებას გარკვეული ადგილი არ ეთმობა.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო-სააგიტაციო ბანერების მოხატვას, ჩამოხევას, წარწერებით დაფარვას, სხვა ბანერების გადაკვრას და ასე შემდეგ. იყო შემთხვევებიც, როცა ბანერების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმეები, ამის შესახებ საზოგადოებას არ გაუგია.

სხვადასხვა არჩევნების დროს დაზიანებული საარჩევნო ბანერები
ვერც ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები იხსენებენ შემთხვევებს, როცა საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დამნაშავე გამოავლინეს და კანონის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედეს. ბანერების დაზიანების საქმეზე პოლიციას არასდროს მოუხდენია ისეთი ოპერატიული და მკაცრი რეაგირება, როგორც ეს ბათუმელი აქტივისტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ გააკეთა.
23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მას გამოძიება „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. გამოძიება 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეგი სამოქალაქო აქტივისტია და 2023 წლიდან აპროტესტებს როგორც რუსულ კანონს, ისე „ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, და ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერებას.
„როგორც მოქალაქე, ყველანაირად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვიდგე იქ, სადაც საჭიროა და გავაკეთო ის, რაც საჭიროა. „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს გარუსება“ – უთხრა მეგიმ „ბათუმელებს“ 2024 წლის გაზაფხულზე, ინტერვიუში.
„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

მეგი დიასამიძე
ორგანიზაციები: საქართველოს იურისტთა ასოციაცია [ საია] და „სამართლიანი არჩევნები“, წლებია აკვირდებიან საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღრიცხავენ კანონდარღვევების შემთხვევებს და ამზადებენ შეფასების ანგარიშებს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნისთვის კი მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოსაც კონკრეტული დარღვევების განსახილველად და სამართლიანობის დასადგენად.
უკლებლივ ყველა ანგარიშში ადგილი ეთმობა საარჩევნო ბანერების დაზიანების საკითხს, თუმცა ვერცერთ ანგარიშში ვერ იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დამნაშავე გამოავლინეს და მათ პასუხი მოსთხოვეს.
ამ წლების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე „ოცნებაც“ აპელირებდა.

ნონა ქურდოვანიძე – საიას თავმჯდომარე
„წინასაარჩევნო პერიოდის დროს, წინა წლებშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაუფიქსირებიათ შემთხვევები სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით და ყოფილა ხოლმე სადამკვირვებლო მისიებისგან მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ ფაქტები ყოფილიყო გამოძიებული, შესწავლილი და შესაბამისი რეაგირება მომხდარიყო.
თუმცა მე ვერ გავიხსენებ შემთხვევას ბოლო წლებში, პლაკატის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებულიყოს გამოძიება სისხლის სამართლის წესით და კონკრეტული პირის მიმართ მომხდარიყო ბრალის წარდგენა ან დაკავება, არათუ განაჩენი გამოსულიყო.
შემთხვევა არ მახსენდება, რომ სისხლის სამართლის წესით განაჩენი ყოფილიყო გამოტანილი სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით“ – ამბობს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელებთან“
ნონა ქურდოვანიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ წარწერა საარჩევნო ბანერზე, რის გამოც 23 წლის სტუდენტს ედავებიან არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
„საგულისხმოა რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, ის, თუ რა ითვლება ზოგადად დაზიანებად.
დაზიანება, ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გულისხმობს იმას, რომ მისი ფორმა ისეა შეცვლილი, რომ ვერ აღდგება, ან მის აღდგენას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. აქ იგულისხმება ის, რომ შეიძლება დახეულია და ვეღარ აღდგება.
ზოგადად, ისეთი ტიპის წარწერის გაკეთება, რომელიც ადვილად შორდება კონკრეტულ ბანერს და რა შემთხვევაც ვიხილეთ, სწორედ ასეთია. ის წარწერა დღეს აღარ არის, იმიტომ, რომ მარტივად მოაშორეს. ამიტომაც კონკრეტულ ბანერზე ეს წარწერა, არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და არც სამართალდარღვევად, რადგან გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა, რომელიც კვალს არ ტოვებს ამ ნივთზე, არ იწვევს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია.
სისხლის სამართლის იმ მუხლის შინაარსი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს და რის საფუძველზეც მოხდა 23 წლის სტუდენტის დაკავება, საუბრობს სწორედ დაზიანებაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ ზიანთან დაკავშირებით უნდა იყოს შესაბამისი კავშირი და ან განადგურება.
ეს ნივთი განადგურებული არ არის და არც იმ ტიპის ზიანი გამოუწვევია, რომ ეს დაზიანებად შეფასებულიყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, სრულიად აბსურდულია ნაბიჯები, რაც გადადგა საგამოძიებო ორგანომ და ასევე, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ამ დაკავების ღონისძიება, განსაკუთრებული მონდომებით და ძალისხმევით განხორციელდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით“.

წარწერა კალაძის ბანერზე
საიას ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში იხსენებს საარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლის გაცილებით მძიმე შემთხვევებს სხვადასხვა არჩევნების დროს, რომლებსაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
„არაერთი შემთხვევა გვაქვს, გვახსოვს, თუნდაც წლინახევრის წინ მომხდარი მოვლენები, როდესაც არაერთი ოფისი დაზიანდა ვანდალურად, დააზიანეს „ოცნებასთან“ კავშირში მყოფმა პირებმა.
„ოცნების“ დეპუტატს დავად ჰქონდა ატვირთული საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო, სადაც ჩანს დაზიანების ფაქტები, თუ როგორ აზიანებენ ოფისებს, მათ შორის ჩვენი ოფისიც დაზიანდა, რომელსაც ნამდვილად აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ ამ დრომდე ამაზე რეაგირება არ მოუხდენია პროკურატურას“.
„სინამდვილეში ეს არის რეპრესიების გაგრძელება.“
ნონა ქურდოვანიძე მეგი დიასამიძის დაკავებას აფასებს, როგორც რეპრესიების გაგრძელებას „ოცნების“ მიერ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ:
„რაც მოხდა, ეს არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო წლების განმავლობაში.
ახლა სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ხდება სადამსჯელოდ, არა კონკრეტული დანაშაულისთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებს შეეშინდეთ თუნდაც პროტესტის, დაითრგუნონ, აღარ გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ანუ ეს არის რეპრესიების გაგრძელება და თუ ეს საქმე ასე გაგრძელდა, ეს იქნება კიდევ ერთი საქმე, სადაც აშკარა იქნება არა მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესი, არამედ – პოლიტიკური მოტივაცია, ადამიანების დაშინების, დასჯის და პასუხისგებაში მიცემის“.
„ბათუმელები“ წლებია წერს არჩევნების წინა პერიოდში პლაკატებისა და ბანერების დაზიანების და მოპარვის შემთხვევების შესახებაც კი. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბათუმში გახარიას პარტიის ბანერი ჩამოხიეს. პარტიამ მაშინ შსს-ს მიმართა, თუმცა საქმე პოლიციას არ გამოუძიებია.






