„რაც დღეს განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა, არის გადახვევა და ხაზის გადასმა როგორც კანონმდებლობისთვის, ასევე პრაქტიკისთვის,“ – კატეგორიულია საიას იურისტის და „მზია ამაღლობელის საქმის“ ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის პოზიცია „ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაზე.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს.
გამოძიებამ ისინი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დააკავა, თუმცა ბრალი არ წარუდგინა და გაათავისუფლა.
არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ზაზა მამალაძემ ქალს სახეში ხელი გაარტყა.
ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს, ირაკლი ბუაჩიძე კი ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს.
კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო, 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ კი – რომელიც 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.
შსს-ს მტკიცებით, „დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა“.
რას ნიშნავს შსს პოზიცია სამართლებრივად, როცა მან ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული „ოცნების“ აქტივისტები დაუსჯელად გაათავისუფლა? – „ბათუმელებმა“ საიას იურისტ ჯუბა ქათამაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ჯუბა, რას ნიშნავს სამართლებრივად ის, რომ „ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ჯგუფური ძალადობის საქმეზე ჯერ დააკავეს, შემდეგ კი, ბრალი არ წარუდგინეს?
ეს არის ფაქტობრივად უარის თქმა და გადახვევა არსებული კანონმდებლობიდან და პრაქტიკიდან. არ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ე.წ. კერძო ბრალმდებლის ინსტიტუტი, ანუ ბრალდების ერთადერთი დისკრეცია გააჩნია პროკურორს.
პროკურორი კი მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესით. ეს საჯარო ინტერესი არის ერთადერთი რამ, რის მიხედვითაც პროკურორი წყვეტს, შეწყვიტოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან დაიწყოს თუ არა საერთოდ.
ის ფაქტი, რომ თურმე რომელიღაც დაზარალებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ცხადია, არ არის იმისთვის საკმარისი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყოს, ან შეწყდეს.
კონკრეტულად რას გულისხმობენ – რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობენ ამას, არ ვიცით, თუმცა ჩვენ გვაქვს ვიდეომასალები ნანახი, როგორ ურტყამდა ერთ-ერთი პირი სილას სახეში და მეორე შემთხვევაში გვაქვს ის, რომ მეორე პირი ძირს დაგდებულ ადამიანს ურტყამს ხელკეტის მსგავს ნივთს.
ეს მტკიცებულებები არსებობს.

ჯუბა ქათამაძე
- თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ამბობს, რომ მას სილის გარტყმა არ ტკენია?
ტკივილის თემა, მათ შორის, „მზია ამაღლობელის საქმეში“ უმნიშვნელოვანესი იყო: თუ დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ არ სტკენიათ, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც უნდა იხელმძღვანელონ ტკივილის იმ ტესტით, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს მიერ და რასაც ექსპერტებიც ამბობენ არაერთ საქმეში: ტკივილს აქვს, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კატეგორიები.
შესაბამისად, ეს ტკივილი უნდა შეფასდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კატეგორიებიდან. აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს არის მოგონილი მიზეზი იმისათვის, რათა ეს ადამიანები გამოეშვათ საპატიმროებიდან.
არსებობს პრაქტიკა ქართულ სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენიც კი არის დამდგარი ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებულის პოზიცია იყო რომ გაეშვათ საერთოდ ბრალდებული. დაზარალებული ამბობდა, რომ მას აღარანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.
ასევე არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც ბრალდებული ამბობდა, რომ ქმედება, რომელსაც ედავებოდნენ და რომელზეც თავდაპირველად მას ჩვენება ჰქონდა მიცემული, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს შეეხება ოჯახურ დანაშაულებს, სადაც გამამტყუნებელი განაჩენები დგება რიგ შემთხვევებში დაზარალებულის ასეთი ჩვენების მიუხედავადაც კი.
არ სჭირდება დაზარალებულის ჩივილი დევნის დაწყებას. დაზარალებული იჩივლებს თუ არ იჩივლებს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
გამოძიება იწყება შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე და იქედან გამომდინარე, თუკი შეგროვდება მტკიცებულებები შესაბამისი სტანდარტის, პროკურორი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა. არსად არ არსებობს აუცილებელი კრიტერიუმი იმის, რომ დაზარალებული თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან.
- როცა არსებობს პირდაპირ ვიდეოჩანაწერები, რაც ყველაზე ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებაა, რატომ შეიძლება ამ დროს შსს აპელირებდეს დაზარალებულის ჩვენებაზე?
რა თქმა უნდა, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები არსებობს იმის, რომ ეს ადამიანები ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რაც დღეს განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა, არის გადახვევა და ხაზის გადასმა როგორც კანონმდებლობისთვის, ასევე პრაქტიკისთვის.
- რას არღვევს კონკრეტულად პროკურატურა და შსს, როცა ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული კალაძის მხარამჭერები დასჯის გარეშე გაათავისუფლეს?
როგორც თვითონ ამბობენ, ამ ეტაპზე გამოძიება არ არის შეწყვეტილი, მხოლოდ და მხოლოდ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული. თუმცა თუკი ისინი ამ მიზეზით არ დაიწყებენ დევნას, რომ თურმე დაზარალებული არ უჩივის ბრალდებულს, ეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დარღვევა იქნება. შეიძლება სამსახურეობრივ დანაშაულზეც გავიდეთ ამ შემთხვევაში და შესაძლოა დისციპლინური პასუხისმგებლობა იყოს.
უნდა შეფასდეს კონკრეტული მოტივაცია, თუმცა ეს კანონმდებლობის დარღვევა და პრაქტიკიდან გადახვევა აშკარად არის.
- შესაძლოა, პროკურატურა მოქმედებდეს პოლიტიკური გავლენით? – დაკავებული ორი კაცი „ოცნებასთანაა“ დაკავშირებული
ფაქტია, რომ პროკურატურა თავის დისკრეციულ უფლებამოსილებას არასწორად იყენებს და მათი ეს ქმედება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მიზნებიდან.
შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ქმედება არის გამოწვეული პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი სახის ისეთი მიზნებიდან და ისეთი გარემოებებიდან, რომელიც არ უკავშირდება სისხლის სამართლებრივ მიზნებს.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაციის სივრცეს თვითონვე აჩენენ. შესაბამისად, ნებისმიერი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რატომ არღვევენ ისინი უხეშად როგორც კანონმდებლობას, ისე სისხლის სამართლის პრაქტიკას.
- როგორც ადვოკატს, გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა, როცა ვინმე დააკავეს სისხლის სამართლის საქმეზე და შემდეგ ბრალი აღარ წარუდგინეს?
იშვითად, მაგრამ მომხდარა ასეთი შემთხვევა, როცა გამოუშვიათ კიდეც ადამიანი. სადაც პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, ხდება, რომ გამოძიება რაღაც შეცდომას უშვებს, პირს აკავებს და შემდეგ მას ათავისუფლებს.
თუმცა ის, რომ დაზარალებულმა არ ითანამშრომლა და ამის გამო პირს ვათავისუფლებთ და დევნას არ ვიწყებთ, ასეთი ნამდვილად არ მახსენდება.
ამ თემაზე:
შსს: პროკურატურა მეგი დიასამიძისათვის გირაოს მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება






