მთავარი,სიახლეები

ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი

12.09.2025 •
ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი

დათო მახათაძე ორი წელია ოჯახთან ერთად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობს. ემიგრაციაში სამუშაო ვიზით წავიდა, სადაზღვევო სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის გამო ევროპაში ადრეც უწევდა მცირე ვადებით წასვლა, მათ შორის იმ დროსაც, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

„როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა… მარტივად რომ ვთქვათ, წასვლა დაახლოებით ორი თვით ადრე უნდა დაგეგეგმა, დაგეხარჯა საკმაოდ დიდი თანხა და არც ის იყო გარანტირებული, რომ წახვიდოდი, რადგან იყო უარის შემთხვევები. გარდა ამისა, გქონდა შეზღუდული დღეების რაოდენობა“.

„ბათუმელები“ დათო მახათაძეს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა.

  • თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ვიზალიბერალიზაციას ქართველი ხალხისთვის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისი შეჩერებას?

ხშირად გვესმის არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, თითქოს ვიზალიბერალიზაცია არაფერში გვჭირდება, რომ ჩვენ რეალურად ევროპა არ გვინდა. მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ რეალურ ადამიანებზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოგვიტანა. 

ყველაზე მტკივნეული საკითხია მედიცინა. სამწუხაროდ, ჯანდაცვა საქართველოში რიგ მიმართულებებში არ არის იმდენად ძლიერი, როგორც ევროპაში. მე არ მეგულება ადამიანი, ვის ახლობელსაც არ დასჭირვებია მკურნალობა ევროპაში. წარმოიდგინეთ, როდესაც სასწრაფო ჩარევაა საჭირო და ლაპარაკია დღეებზე – იქ დრო გადამწყვეტია.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ასეთ პაციენტებს მოუწევთ ვიზის რიგში დგომა, ხოლო გადაწყვეტილება შესაძლოა უარყოფითი იყოს. ეს არ არის მხოლოდ დროის ხარჯვა — ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ადამიანს.

კიდევ ერთი სიკეთეა განათლების ხელმისაწვდომობა – გაცვლითი პროგრამები და ევროპაში მაღალი ხარისხის განათლების მიღება დღეს გაცილებით მარტივია. სტუდენტს, რომელიც მიდის ხანგრძლივად, სჭირდება ვიზა, მაგრამ ამ ვიზის აღება უფრო გამარტივებულია და ვიზის აღებამდე სტუდენტს შეუძლია ჩასვლა, 90 დღით ევროპაში ყოფნა და ყველა იმ საკითხის მოგვარება, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ გახდეს იქ სრულფასოვანი სტუდენტი. ახალგაზრდები მონაწილეობენ კონფერენციებში, სტაჟირებას გადიან, ხდება კულტურული გაცვლა.

იმდენი სიკეთე მოიტანა ამ გადაწყვეტილებამ ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომ მის ჩამოსათვლელად თვეებიც არ იქნება საკმარისი. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა იქნება არა ერთი, არამედ მრავალი ნაბიჯით უკან დაბრუნება

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ერის გაძლიერების გზა არის განათლება, თავისუფლება და პროგრესი. ამ განვითარებას, თავისუფლების მაღალ ხარისხსა და პროგრესს ვერ მივაღწევთ ევროპის გარეშე — იქ ქვეყნები ვითარდებიან, მათი განათლების ხარისხი იზრდება, ხოლო ჩვენ თითქოს მზად ვართ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ.

კიდევ ერთ რამე მინდა გავიხსენო – ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში რომ თამაშობდა, რამდენჯერ ჩავიდნენ ქართველები მხოლოდ თამაშის დასასწრებად?! მგონი თამაში არ ყოფილა ნეაპოლში, რომ ქართველები არ დასწრებოდნენ, თან რამხელა ჯგუფებით, არა?! იგივე ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდით – რამხელა შემადგენლობა იყო ქართველი გულშემატკივრების, რომლებიც იქ ჩადიოდნენ. ამის მეოთხედიც ვერ ჩავიდოდა, თუნდაც ნეაპოლის თამაშზე, თუნდაც ეროვნული ნაკრების თამაშზე.

მსგავს ფუფუნებას რომ თავი დავანებოთ, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ევროპული კულტურის ნაწილი და არ დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია. პირიქით, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ოდესმე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. 

არაფრით არ შეიძლება დავუბრუნდეთ საბჭოთა რელსებს და აღმოვჩნდეთ ისევ რუსული რკინის ფარდი მიღმა, რისკენაც ეს ავტოკრატიული ხელისუფლება მიგვაქანებს.

  • თქვენ თუ გქონიათ გამოცდილება ვიზაზე განაცხადის შეტანის და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს პროცესი?

დღეს როგორ ხდება? – პირობითად, თუ ზეგ მიდიხარ პოლონეთში, ტურისტულად, ან რაღაც კონფერენციაზე, ან მეგობართან, არა აქვს მნიშვნელობა – ონლაინ ყიდულობ ბილეთს, საკმაოდ მისაღებ ფასად, ჯიბეში გიდევს პასპორტი, მიდიხარ აეროპორტში და მიფრინავ. არავის არაფერს ეკითხები, არაფერს ავსებ.

როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა. ჯერ უნდა ჩაწერილიყავი საელჩოს რიგში, რომ მიგეღო ვიზის მისაღებად საჭირო საბუთები. როცა საბუთებს გადმოგცემდნენ, გაგესაუბრებოდნენ, შემდეგ ეს საბუთები უნდა შეგევსო, რაც ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთული იყო. საელჩოებთან არსებობდა პატარ-პატარა ჯიხურები – სადაც ცალკე იხდიდი ფულს, რომ დაგხმარებოდნენ აპლიკაციის შევსებაში. 

დაგინიშნავდნენ შემდეგ შეხვედრას, რომ მიგეტანა საბუთები, თუმცა არასოდეს იცოდი, როდის დაგიბარებდნენ. აქედან ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადაში დაგიკავშირდებოდნენ და გეტყოდნენ, რომ ვთქვათ, რაღაც საბუთები გაკლია. 

თუ ყველაფერი დროულად გქონდა, ერთ თვის განმავლობაში იღებდი ვიზას, რომელიც ასევე გარკვეულ ფასს ითვალისწინებდა. ფრენები გაცილებით ძვირი იყო, რადგან ევროკავშირში ფრენების ინტენსივობა ნაკლები იყო, შესაბამისად – ხარჯიც მეტი იყო.

მარტივად რომ ვთქვათ, წასვლა დაახლოებით ორი თვით ადრე უნდა დაგეგეგმა, დაგეხარჯა საკმაოდ დიდი თანხა და არც ის იყო გარანტირებული, რომ წახვიდოდი, რადგან იყო უარის შემთხვევები. გარდა ამისა, გქონდა შეზღუდული დღეების რაოდენობა. თუ მიდიოდი კონფერენციაზე, რომელიც იწყებოდა პირველ სექტემბერს და მთავრდებოდა ხუთ სექტემბერს, კარგ შემთხვევაში მოგცემდნენ ვიზას 30 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩებოდი არალეგალურად, ემიგრაციაში.

  • საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდას ევროკავშირის მნიშვნელობა ძალიან ვიწრო თემებამდე დაჰყავს. თქვენთვის რა არის ევროპა?

რაც შეეხება იმ ნარატივს – „არ დავუშვებთ, რომ კაცები გავათხოვოთ“ — ეს აბსოლუტური ბოდვაა. განსაკუთრებით სასაცილოა, რომ ცდილობენ ამ სისულელეებით თავგზას აურიონ იმ ხალხს, ვინც ევროპაში ნამყოფია.

მე აქ უკვე ორი წელია ვცხოვრობ და გულწრფელად გეუბნებით, მე რომ აქ ვხედავ იმ ოჯახურ ტრადიციებს, ოჯახის სიმტკიცეს და ერთმანეთის პატივისცემას, რასაც დიდი ხანია მე ვეღარ ვხედავ საქართველოში. აქ არავინ ეწინააღმდეგება ტრადიციებს. 

ევროპა ჩვენთვის ნიშნავს თავისუფლებას, განვითარებას და შესაძლებლობებს. ეს არის სივრცე, სადაც განათლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ფასდება. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რადგან გვინდა, რომ ჩვენი ახალგაზრდები სწავლობდნენ, ჩვენი მოქალაქეები მკურნალობდნენ და ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, დემოკრატიული და ღია.

ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია — ეს არის ღირებულება, რომელსაც ვირჩევთ.

გარდა ამისა, ტრადიციებზე როგორ უნდა გველაპარაკონ, განსაკუთრებით იმ ვიდეოების შემდეგ [თბილისში, კალაძის შტაბთან ტიტუშკების ორგანიზებული თავდასხმა აქციის მონაწილეებზე], ან იქამდე – ყველას გვახსოვს, როგორ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს ნოემბერ-დეკემბერში, როგორ მოქმედებდნენ ნიღბიანი ლაჩრები, რომლებიც ამოფარებული იყვნენ პოლიციას. 

  • თქვენი შეფასებით, დღევანდელ რეალობაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? 

ამ პროცესებში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ არის „ხელისუფლება“. არასოდეს არ თქვას ვინმემ, რომ ვიზალიბერალიზაცია ამ ხელისუფლების დამსახურებაა – ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყო. 2017 წელს გადაწყვეტილება უბრალოდ ფორმალურად დამტკიცდა. თუ ახლა ამ სიკეთეს დავკარგავთ, პასუხისმგებელი იქნება, პირველ რიგში, ხელისუფლება, ხოლო მეორე რიგში — ის ადამიანები, ვინც თვალები დახუჭეს, არ გააპროტესტეს და არ დაუდგნენ გვერდში მათ, ვინც უკვე თითქმის ერთი წელია გარეთ დგას და აპროტესტებს.

ერთადერთი გამოსავალი ჩემი გადმოსახედიდან არის მობილიზება და გაპროტესტება იმ პროპაგანდის, იმ სიბნელის, რასაც „ხელისუფლება“ ახლა ეწევა. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ასეთი აქტიურობა უნდა იყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, ემიგრანტებს შორის. უნდა გასცდეს ეს ყველაფერი სოციალური ქსელებიდან პოსტვას.

ჩემი მხრიდან ცოტა უცნაური საუბარი გამოდის, რომ მე ასე, აქედან მოვუწოდებ, მაგრამ რაც შემიძლია აქ რომ გავაკეთო, ვაკეთებ იმის მაქსიმუმს. ვცდილობ, რომ ვიყო თანაორგანიზატორი აქციების, რომელიც ეხება „ოცნების“ მიერ მიღებულ უამრავ არასწორ გადაწყვეტილებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: