მთავარი,სიახლეები

შსს: პროკურატურა მეგი დიასამიძისათვის გირაოს მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება

12.09.2025
შსს: პროკურატურა მეგი დიასამიძისათვის გირაოს მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება

„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ , დღეს, 12 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „როგორც მათთვის ცნობილია“, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებით დაკავებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ.

„ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“ – თქვა დარახველიძემ.

ამავე დროს, მეგი დიასამიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.  მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სხვისი  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – მსგავსი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

მეგი დიასამიძე ერთადერთია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

დარახველიძის ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს, თბილისში მელიქიშვილის გამზირზე „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ირაკლი ბუაჩიძის და ზაზა მამალაძის მხრიდან ძალადობა ჩანს და მათი პასუხისმგებლობის დასადგენად შსს-ს დაზარალებულმა აქტივისტების „გამოძიებასთან თანამშრომლობა“ არ სჭირდებოდა. კერძოდ, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ზაზა მამალაძემ ქალს სახელში ხელი გაარტყა. ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს, ირაკლი ბუაჩიძე კი ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს. სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.