“რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი 26 აგვისტოს სასამართლოს შენობის კარის მინის ჩამტვრევას გამოეხმაურა.
“ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ… თუ ასე გაგრძელდება, სხდომა დაიხურება და ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ დაესწრება სხდომას. გაითვალისწინეთ, რომ ეს სასამართლოა და აქ დალხენილი არავინ მოდის,” – მიმართა დარბაზს მოსამართლემ.
“ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვაჰაბისტები გვიწოდეს,” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ, რომელსაც მოსამართლემ რეპლიკის საშუალება მისცა.
საუბარია “ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 2 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. ამჟამად ოთხ ბრალდებულს გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის ჩადენას ედავება წინასწარი შეთანხმებით.
ამ საქმეში ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეიარაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.
სასამართლო დარბაზი – რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბში ბრალდებულების სასამართლო პროცესი
გუშინდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა სასამართლოს მთავარი შესასვლელის კარი დააზიანა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა პასუხისგებაში მიცემული ამ დროისთვის არავინაა. სასამართლოს მთავარი შესასვლელის კარი კი ისევ მინის გარეშეა.
დღეს, 27 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ამ გამომძიებლებმა რესპუბლიკურში ჩხუბის შემდეგ სამედიცინო პერსონალი გამოკითხეს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. მან საფრანგეთის პირველი ლედისა და საკუთარი ცოლის, ბრაზილიის პირველი ლედის 37 წლის მიშელ ბოლსონაროსა და საფრანგეთის 66 წლის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სურათები გამოაქვეყნა ფეისბუქზე პოსტით: „ახლა გესმით რატომაც გადაეკიდა მაკრონი ბოლსონაროს?” პოსტს ბრაზილიის პრეზიდენტი კომენტარსაც ურთავს პორტუგალიურად: „ნუღარ დავამცირებთ მას (მაკრონს)… ჰა, ჰა”.
ამ დროისთვის ჟიარ ბოლსონაროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეს პოსტი კომენტარითურთ აღარ იძებნება.
მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტის ფეისბუქპოსტი უხეშ და სამწუხარო ჟესტად შეაფასა.
„შეურაცხმყოფელად დაწერა ჩემს ცოლზე, მე გაცილებით მეტ პატივისცემას ვგრძნობ ბრაზილიელი ხალხის მიმართ და იმედს ვიტოვებ, ამ ქვეყანას მალე ეყოლება ღირსეული და საქმეზე ორიენტირებული პრეზიდენტი,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 26 აგვისტოს, დიდი შვიდეულის კონფერენციაზე ბიარიცში.
ბოლსონარო.ფოტო: ვიკიპედია
მაკრონისა და ბოლსონაროს კამათი ამით არ დაწყებულა. ბრაზილიის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის რიტორიკას კოლონიური უწოდა მას შემდეგ, რაც მაკრონმა ამაზონის ხანძრები საერთაშორისო კრიზისად შეაფასა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, თემა აგვისტოს სამიტის პროირიტეტად ექციათ.
ბრაზილიის პრეზიდენტისგან ეს არ არის ქალის შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა. ცნობილია მისი დამამცირებელი კომენტარები შავკანიანებისა და უმცირესობის წარმომადგენელ ქალებზე.
2014 წელს ცხარე საპარლამენტო დებატების დროს ბოლსონარომ მემარცხენე კონგრესმენ მარია დე როსარიოს უთხრა, რომ ის მასზე ძალადობას არც კი შეეცდებოდა, რადგან როსარიო ამას არ იმსახურებდა.
2017 წელს ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საჯარო შეხვედრისას მის ნათქვამს: „5 შვილი მყავს, 4 ბიჭი, მეხუთეზე კი მოვსუსტდი და გოგო გაჩნდა“.
1 სექტემბერს, მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
01/ 09/2019 თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena– თბილისი #884/883
გასვლა- თბილისი
ჩასვლა-Black Sea Arena
ჩასვლა-ბათუმი
გამოსვლა-ბათუმი
გამოსვლა-Black Sea Arena
ჩამოსვლა- თბილისი
12:40
17:25
18:23
23:50
0:38
5:15
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 1 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი რეზიდენსი“ კი, ივანიშვილის რეზიდენციის გასწვრივ მდებარე პლაჟს. ამ ტერიტორიებზე სარგებლობის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
შეკვეთილში მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემდეგი კომპანიები ფლობენ: „ურეკი რეზიდენსი“, ასოციაცია „ატუ“, „ბლექ სი რიზორთსი“, „სიშორი“.
კომპანია „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია ასევე შეკვეთილში პლაჟთან მისასვლელი გზის გარკვეული მონაკვეთი. აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი თუ ამ გზას არ გაივლის, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვაგვარად ვერ მოხვდება.
გაყიდული გზა
გზა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, 3067 კვ.მ-ია. ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის, როგორც „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, 2004 წლის აპრილში ციცინო ივანაშვილმა ერთ-ერთი კერძო პირისგან იყიდა 6 120 აშშ დოლარად. 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი ჯერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო, შემდეგ ბერა ივანიშვილის, რომელმაც ის „ურეკი რეზიდენსის“ კაპიტალში შეიტანა.
გზის გასწვრივ არაერთ ნაკვეთთან განთავსებულია აბრა – „იყიდება მიწა“.
„ბათუმელები“ რამდენიმე მესაკუთრეს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, იციან თუ არა, რომ გზის ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ივანიშვილების საკუთრებაშია. ასევე შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ აღმოჩნდა საერთო სარგებლობის გზა კერძო საკუთრებაში.
ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მეზობლის თქმით [მან ვინაობის გამხელა არ ისურვა], „აქ ადრე იყო მინდორი, საყანე ფართობები… გზაც იყო, მაგრამ შესაძლოა სხვისი ნაკვეთით ვსარგებლობდით, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჩემს ნაკვეთს, რამდენიმე წლის უკან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს ხომ არ გავყიდდით. მაშინ უარი ვუთხარით [არ ვიცი, ეს იყო თუ არა ბიძინას ხალხი]. არ გვქონდა გაყიდვა გადაწყვეტილი. შემდეგ არ შეგვხმიანებია არავინ. ამ ეტაპზეც არ ვარ ჩამოყალიბებული, გავყიდი თუ კერძო ინვესტიციისთვის გამოვიყენებ“.
„დენდროპარკს აშენებს, პერსპექტივა გაჩნდა ადგილობრივებისთვის, ბევრ რაღაცას გვპირდება და არ მგონია, ახლა გზა ჩაგვიკეტოს… პლაჟთან სამაშველო პუნქტიც გაიხსნა წელს“, – გვითხრა სხვა მესაკუთრემ.
ეს გზა ცენტრალური ავტომაგისტრალიდან შეკვეთილის პლაჟამდე მიდის და ე.წ. დენდროლოგიურ პარკთან გადის. პარკში მრავალწლოვანი ხეების გადმორგვა, ფაქტობრივად, დასრულებულია.
ამ გზის ბოლო მონაკვეთი [1575 კვ.მ] პლაჟთან სახელმწიფო საკუთრებად 2019 წლის მაისში დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო.
პლაჟზე გასასვლელი გზა შეკვეთილში. დასაწყისში გზის ერთი მონაკვეთი [ავტომაგისტრალთან] „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, ხოლო მეორე მონაკვეთი ბოლოში [პლაჟთან] – სახელმწიფო საკუთრებაში.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სახელმწიფომ შეკვეთილში სხვა ადგილზე, კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებაში 2019 წლის პირველ აგვისტოს. ამ 3066 კვ.მ ფართობის გზას ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა თავის რეზიდენციასთან მისასვლელად [რეესტრში ამ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება]. გზა შემოღობილია და შლაგბაუმი დგას. გზის ირგვლივ მხოლოდ „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც სხვა კერძო მესაკუთრეები ჰყავთ. თუმცა, გზასა და კერძო ნაკვეთებს შორის არის ტერიტორია, რომელიც ჯერ რეესტრში არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, მათ შორის არც სახელმწიფო საკუთრებაში.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აგვისტოს განკარგულებით, „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული [პლაჟზე გასასვლელი] გზა ამავე კომპანიას სახელმწიფომ, თავის საკუთრებად 2019 წლის 1-ელ აგვისტოს დარეგისტრირებულ [შლაგბაუმიან] გზაში გადაუცვალა.
თუმცა, შლაგბაუმიანი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შემოღობილი აქვს, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს, 2019 წლის 27 აგვისტოს [11:30 სთ.], კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდება, ხოლო პლაჟთან მისასვლელი გზის მონაკვეთი, ასევე რეესტრის მიხედვით, „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია.
ამ დროისთვის საქართველოს მთავრობას შესაბამისი განკარგულება თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს.
გზის მონაკვეთი, რომელიც 2019 წლის პირველ აგვისტოს სახელმწიფომ თავის საკუთრებად დაარეგისტრირა, ბიძინა ივანიშვილს აქვს შემოღობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, შლაგბაუმი მათი აქციების შემდეგ გახსნეს. ოპოზიციის აქციები შეკვეთილში დღესაც გრძელდება. მათ შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, რამდენიმე ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს გზა სახელმწიფომ 23 აგვისტოს „ურეკი რეზიდენსს“ გადასცა საკუთრებაში. „მოხდა ქონების გაცვლა“ – გვითხრეს სააგენტოში.
სახელმწიფო მიწები სარგებლობაში აღნაგობის უფლებით და უფლების გარეშე
პლაჟი [10 420 კვ.მ] სასტუმრო „პარაგრაფის“ წინ და სასტუმრომდე მისასვლელი გზა [9174 კვ.მ] სახელმწიფომ შპს „ბლექ სი რიზორთსის“ 2015 წელს უსასყიდლო აღნაგობის უფლებით 99 წლით [2114 წლამდე] გადასცა.
აღნაგობის ხელშეკრულებით, „ბლექ სი რიზორთსის“ ევალებოდა გზის მოასფალტება და საგუშაგო ჯიხურის მოწყობა, ასევე, პლაჟის კეთილმოწყობა და ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზის მოწყობა, რაშიც 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.
შეკვეთილი. სასტუმრო „პარაგრაფში“ შესასვლელი გზა / 11.08.2018
ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ კომპანიას „უფლება აქვს აღნაგობის უფლება გაავრცელოს მიწის ნაკვეთების იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისთვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას“.
ეს პუნქტი ხელშეკრულებაში უცვლელადაა გადმოტანილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან. ტერიტორიაზე, რომელზეც აღნაგობა ვრცელდება, ნაგებობა „ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზია“. ამ ნაგებობის „უკეთ სარგებლობისთვის“ კი ივანიშვილის კომპანია მიმდებარე პლაჟს იყენებს. აქვე ჩაკეტილია ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციის მოპირდაპირედ არსებული 15 000 კვ.მ-მდე ფართობის პლაჟიც.
გარეშე პირთათვის ჩაკეტილია „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის გასწვრივ [89 316 კვ.მ ფართობის] ტერიტორიაც. აქედან 85 772 კვ.მ მწვანე ზოლი/ტყე სახელმწიფოსი, ხოლო სასტუმრომდე მისასვლელი საცალფეხო/ველო [3 544 კვ.მ ფართობის] ბილიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. აღნაგობის უფლების მქონე ან სხვა პირის მიერ ამ ადგილების სარგებლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
3 544 კვ.მ ფართობის ბილიკთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიის ქონების მართვის განყოფილებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ტერიტორია 2018 წელს სახელმწიფომ გადასცა მუნიციპალიტეტს და დარეგისტრირებულია როგორც გზა: „ეს გზა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის სარგებლობაში არავისთვის არ არის გადაცემული“.
რაც შეეხება 85 772 კვ.მ ტერიტორიას [მწვანე ზოლი], რომელიც სამი ნაკვეთისგან შედგება, ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მასზე სხვა პირის მიერ სარგებლობის რაიმე უფლება [უზუფრუქტი, იჯარა, აღნაგობა] არ ვრცელდება.
ამ ტერიტორიაზე „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზით თუ მოხვდებით. გზის დასაწყისში განთავსებულ საგუშაგოზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ სასტუმრო სტუმრებს აქვთ.
ბილიკი, რომელიც „პარაგრაფს“ „მუსიკოსთა პარკთან“ აკავშირებს. ეს ბილიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ირგვლივ არსებული ტერიტორია კი [მონიშნულია ღია ყვითელი ფერით ] სახელმწიფო საკუთრებაა / 11.08.2019აღნაგობის ხელშეკრულებით, ნაგებობა, რომელიც აღიმართება ნაკვეთზე, აღნაგობის უფლების პერიოდში რეგისტრირდება კომპანიის საკუთრებად. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას, ან მისი სხვაგვარად შეწყვეტისას კი, მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული ნაგებობა [ანუ აუზი „პარაგრაფთან“] რჩება მესაკუთრის, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში.
სასტუმრო პარაგრაფი და „ზღვაში შეჭრილი აუზი“ / ფოტო: Google
შპს „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში, 22 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორი წლის წინ შპს „დრიმლენდ ოაზისისგან“ იყიდა. ნასყიდობის ფასი 1 131 240 ევრო იყო. ეს ტერიტორია დენდროპარკსა და პლაჟს შორის მდებარეობს და ფიჭვნარის ზოლსაც მოიცავს. აქ ბიძინა ივანიშვილი მრავალწლოვან ბამბუკებს რგავს. ტერიტორია ჯერ შემოღობილი არ არის, თუმცა განთავსებულია დაფები წარწერით: „კერძო საკუთრება შესვლა აკრძალულია“.
დაფა „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან შეკვეთილში / 11.08.2019
შესვლა ჯერჯერობით აკრძალული არ არის, თუმცა კერძო საკუთრებაშია ფიჭვნარის ზოლი – იქვე, პლაჟზე გასასვლელი გზის მიმდებარედ. ეს ტერიტორია [ჯამში 22 023 კვ.მ] ასევე ორი წლის წინ შეისყიდა შპს „სიშორმა“.
შპს „სიშორის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია / 11.08.2019
[highlight color=”red”]შპს „ურეკი რეზიდენსი“[/highlight] ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.
[highlight color=”red”]შპს „ბლექ სი რიზორთსი“-ს[/highlight] და [highlight color=”red”]შპს „სიშორის“ [/highlight] 100% წილს მესაკუთრე დღეს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია. ამ ფონდს სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა 8 პროექტი გადასცა.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის 100% წილის მფლობელი კი არის ოფშორულ ზონაში [პანამა] რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.
შეკვეთილში გადმორგული მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროპარკის ტერიტორიაზე, რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია / 2019 წლის 11 აგვისტო / თედო ჯორბენაძის ფოტო
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები [მონიშნულია ყვითელი ფერით] ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში]:
წყარო: საჯარო რეესტრი /23.08.2019-ის მდგომარეობით
ამ თემაზე:
https://netgazeti.ge/business/185899/
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ფოტოგამოფენას მართავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 ფოტო, რომლებიც ასახავს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს, საქმიანობას, რომელსაც წითელი ჯვარი ახორციელებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისათვის.
საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაუსრულებელი გაურკვევლობა, მოლოდინი და ტკივილი მათი ოჯახების წევრებისთვის ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო გავიდა საყვარელი ადამიანის გაუჩინარებიდან. ახლობლის ხვედრის გაურკვევლობა, და მისი პატივით დაკრძალვის შესაძლებლობის არ ქონა ღია ჭრილობად რჩება ოჯახებისთვის და არ აძლევს მათ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამართლებრივი სტატუსის არარსებობა კიდევ ერთი გამოწვევაა მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აწარმოებს რა ორმხრივ დიალოგს ხელისუფლებასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი – გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს სპეციალისტებით დახმარებას, – ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს ქვეყნის სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობას გაუჩინარებული ადამიანების ხვედრის დადგენაში. ასევე ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდისა და ჩართულობის მნიშვნელობას. მათ ასევე უნდა შეიმუშავონ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და იურიდიული სისტემა ოჯახების ეფექტური მხარდაჭერისთვის.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25- 30 გრადუსი
ღამით: 18- 23 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 8-13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, 29 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მომდევნო 2 დღეს, 30-31 აგვისტოს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქე და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა,” – აღნიშნული განცხადება აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფერიის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ფერიის ცენტრსა და ახალშენის მეურნეობაში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა მოსახლეობასთან
მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლის მიწოდება, გზების მოწესრიგება, გარე განათებისა და ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა წარმოადგენდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მოსახლეობას მიწის რეფორმის ახლო მომავალში დასრულებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
ზაალ მიქელაძე მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე ესაუბრა და მათ მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. „სწორედ თქვენთან, მოსახლეობასთან შეხვედრებისას, თქვენი პრობლემების განხილვისას იქმნება და იწერება პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით,“ – აღნიშნა მინისტრმა. მთავრობის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი მოსახლეობას პრობლემების მოკლე დროში მოგვარებას დაჰპირდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა
,,თქვენთან შეხვედრები მნიშვნელოვნად გვეხმარება ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში,’’ – განაცხადა აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან შეხვედრისას.
თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ახალსოფლისა და თხილნარის ცენტრში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.
მინისტრებმა მოქალაქეებს სამინისტროების მოქმედ და 2020 წლისათვის დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია
მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა. მინისტრებმა მოქალაქეებს სამინისტროების მოქმედ და 2020 წლისათვის დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მთავრობის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს. დეპარტამენტის ცნობით, სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ნადირობის დროს აკრძალულია:
[crosslist]
მცენარეთა საფარის დაწვა
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება/გაყიდვა
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა/ განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები);
საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები; ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა;
თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით.
[/crosslist]
ნადირობა აკრძალულია: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
2019 წელს ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 29 თებერვალს დასრულდება.
ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით.
„წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი პერიოდულად. ნოემბრიდან ივლისამდე თბილისში ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ჩამოვედი და წყალი გამითიშეს. მეხუთე დღეა მეზობლებიდან შემომაქვს წყალი ბოთლებით,“ – გვიყვება ლელა აბესაძე.
„ბათუმის წყლის“ პრესცენტრში თავდაპირველად განგვიმარტეს, რომ ლელა აბესაძეს მოსაწესრიგებელი აქვს შიდა კომუნიკაცია და ამას კომპანია ვერ გააკეთებს.
„ბათუმის წყლის“ ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა, შეადგინა შესაბამისი აქტი და აბონენტი ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა შემდგომი გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ აბონენტს ისევ მოუწესრიგებელი ჰქონდა კომუნიკაცია, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება და რადგან არ იყო გადახდილი, შეუწყდა წლის მიწოდება. სემეკის რეგულაციის მიხედვით „ბათუმის წყალი“ ვალდებულია დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს წყალმომარაგება და ხელი არ შეუწყოს ვალის გაზრდას,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.
რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია სოციალურად დაუცველ პენსიონერ და უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეს? – ვკითხეთ ბათუმის მერიას. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უხდის ფიქსირებულ კომუნალურ გადასახადს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას მოქალაქე ფარავს. მერიის პრესცენტრის განმარტებით, პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერის სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის შიდა სისტემის მოწესრიგებაში ჩართულიყო. საბოლოო პოზიციის მისაღებად ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელთან დაგვაკავშირა. მარიკა გვიანიძემ გვითხრა, რომ თუ ეს „ძალიან დიდ ხარჯთან“ არ იქნება დაკავშირებული, „ბათუმის წყალი“ მოქალაქეს წყლის შიდა სისტემას მოუწესრიგებს.
„როგორც ჩემი თანამშრომლები მიყვებიან, აქამდე მასთან ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია, რომ შევსულიყავით ბინაში და გადამოწმებულიყო შიდა ქსელი… ზოგადად, ჩვენ არ ვერევით შიდა სისტემაში, მაგრამ გამონაკლისი შეიძლება დაიშვას და ამ სუბსიდიას მერია აუნაზღაურებს. ჩვენ ამ კუთხით არ გვქონია გამოცდილება აქამდე. რაც შეეხება დავალიანებას, შუამდგომლობას გავუწევთ სემეკთან მის ჩამოწერაზე, რადგან წყალი მართლაც შიდა სისტემის მოუწესრიგებლობის გამო იკარგებოდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ.
ლელა აბესაძელელა აბესაძის აბაზანა, სადაც წყლის სისტემა მოიშალა
2016 წელს მონიტორინგი ჩატარდა თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მონიტორინგის თანახმად, დაწესებულებების დაახლოებით 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციების კონტროლის სტანდარტები – წერია სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის 28 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში. აუდიტმა იმ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტები შეისწავლა, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი ევალებათ.
2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება – ბენეფიციართა სტაციონარულ მომსახურებაზე დახარჯულია 574 მილიონი ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ნოზოკომიური [საავადმყოფო] ინფექციების პრევენციისა და თავიდან აცილებადი ხარჯის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ინფექციების შესახებ არსებული მწირი მონაცემები არ იძლევა.
რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს – სამედიცინო დაწესებულებები შემდეგ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ:
ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
სტერილიზაცია/დეზინფექცია;
ხელების ჰიგიენა;
პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა;
ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი.
ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხორციელდება მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები, რომელთა „ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინფექციების კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას“.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის მიხედვით, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ნაკლებობა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელების უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორია“, – წერია აიუდიტის დასკვნაში.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს საკითხი მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების 5 ძირითადი გზა. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაცემებით 2016 წელს განხორციელდა 22 199 მსგავსი სახის ქირურგიული ჩარევა. ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს სულ დაფიქსირდა ქირურგიული ჩარევის მიდამოს [ქიჩმ] ინფექციის 37 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის კოეფიციენტის საფუძველზე 2016 წელს საქართველოში, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო ქიჩმის 402 შემთხვევა.აუდიტი წერს, რომ სწორედ ამის გამო ჯანდაცვის სამინისტრო სტაციონარულ დაწესებულებებში არსებულსიტუაციას ვერ ფლობს, რის საილუსტრაციოდ უწყება ასევე ციფრებს იშველიებს:
„საქართველოში 3.7 მილიონ მოსახლეზე წლიურად ფიქსირდება, საშუალოდ, 200 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა, ხოლო ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე − დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა“.
სწორედ აქედან გამომდინარე აუდიტი ასკვნის, რომ „ქვეყანაში დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა არარეალურად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მის სანდოობას“.
ჯანმო-ს მონაცემებით, „დროის ნებისმიერ მომენტში 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე საშუალოდ 7-10 პაციენტი ინფიცირდება, მინიმუმ ერთი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციით, რაც „მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ზრდის ფინანსურ ხარჯს სამედიცინო სისტემისათვის“.
აუდიტი ქვეყანაში არსებულ სრულიად საპირისპირო მონაცემზე მიუთითებს და წერს, რომ „დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის [დზეი] მონაცემებით, საქართველოში 2016-2017 წლებში დაფიქსირდა ნოზოკომიური პნევმონიის 133 დადასტურებული შემთხვევა. თუმცა, ამავე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო 513 ნოზოკომიური პნევმონიის შემთხვევა“.
აუდიტის სამსახური კიდევ რამდენიმე ციფრს ასახელებს, რითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ეპიდზედამხედველობის პროგრამაში საერთოდ არ არიან ჩართულები:
„2015-2017 წლის მონაცემით, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, იმ დროისათვის მოქმედი 299 სტაციონარული დაწესებულებიდან. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% მოდის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე… ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% ფიქსირდება 288 სტაციონარული დაწესებულებაზე, რომლებიც არ არიან ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც მიუთითებს იმ რისკზე, რომ სტაციონარული დაწესებულებების მიერ მონაცემები წარმოდგენილია არასრულად“.
2015-2017 წლებში ნებართვა გაცემულია 42 ახალ სტაციონარულ დაწესებულებაზე, საიდანაც 29 დაწესებულებას არ წარმოუდგენია ხარისხის ინსტრუქცია, ხოლო 6 სტაციონარული დაწესებულების ინსტრუქცია შაბლონურია.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებს მონიტორინგში ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლებთან ერთად ჩართულნი არიან პრევენციის ცენტრისა და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები.
მსოფლიო შვიდეულის ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს, ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოყონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები ხანძრების შესაჩერებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ. მისივე თქმით, პირველ რიგში, სასწრაფოდ შეიძენენ ამ მასშტაბის ხანძრის ჩასაქრობად საკმარის სახანძრო ვერტმფრენებს.
დიდ შვიდეულში კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ შედიან. ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.
რამდენიმე დღის წინ ამაზონის ფართომასშტაბიან ხანძრებს ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და მოუწოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს, სამიტის პრიორიტეტულ თემად განეხილათ ის.
დიდი შვიდეულის ლიდერები სექტემბერში ამაზონის ტყის დამწვარი ნაწილის აღსადგენ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი, ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები „გაასუფთაონ“.
ბოლსონაროს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იყო სწორედ ამაზონის პოტენციალის ათვისების ხარჯზე.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ამაზონის ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს პროკურატურაში კითხვას, დაიწყება თუ არა მოკვლევა ან გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომელიც მან ფეისბუქზე გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური პროვოკაციაში დაადანაშაულა, კონკრეტულად არ პასუხობენ.
უწყებაში მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ.
„თუ კი პროკურატურაში შემოვა კონკრეტული განაცხადი დანაშაულზე, ამას პროკურატურის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან.
პრესსამსახურში უპასუხოდ დატოვეს „ბათუმელების“ კითხვა, რატომ არ იწყება მოკვლევა/გამოძიება, მაშინ როცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების პრაქტიკაც კი.
რამდენიმე დღის წინ მედეა ვასაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ 23 აგვისტოს მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის შოვნის სანაცვლოდ. ვასაძე წერს, რომ ამ შეთავაზების უკან სუს-ის უფროსი, გომელაური დგას.
მედეა ვასაძე 2012-2016 წლებში უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. თავდაპირველად იგი პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, თუმცა მან პარტია 2015 წელს დატოვა და 2016 წელს მურმან დუმბაძესთან ერთად პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოყო. პროგრამის მიხედვით, 229 სტუდენტი დაფინანსდება [მათ შორის, აჭარიდან 41], რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ცხოვრობენ და წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც სწავლისთვის განკუთვნილი გრანტი ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვეს. უპირატესობა „ზოგადი უნარების“ ქულას მიენიჭება.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა სტუდენტებმა რესურსცენტრებს უნდა მიმართონ, სადაც ისინი განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სპეციალურ ფორმას შეავსებენ და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენენ.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვა კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებასაც, თუკი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა სტუდენტებმა ეს თანხა ვერ აითვისეს. დაფინანსება შესაძლოა მიიღონ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებმა, ობლებმა.
„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.
გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.
ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ფურცლებს, რომელზეც ეწერა – „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.
როცა უფროსები გრეტას შენიშვნას აძლევდნენ, რომ ის ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყო, გრეტა პასუხობდა, რომ მას თან ჰქონდა წიგნები,
„მაგრამ ვფიქრობ, რას ვისწავლი სკოლაში? ფაქტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსები არ უსმენენ მეცნიერებს, მაშ, რატომ უნდა ვისწავლო?“
2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ – #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია.
სიდნეი, ავსტრალია. სკოლის მოსწავლეების აქცია. ფოტო: insideclimatenews.orgპარიზი, საფრანგეთი. წყარო: Wikipediaსან ფრანცისკო. სკოლის მოსწავლეების აქცია. წყარო: Wikipedia
2018 წლის დეკემბერში გრეტა შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების აქციებს.
„ჩემმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატის დრამატულ ცვლილებებთან გამკლავება. ახალგაზრდები ხედავენ ამას, არაა გასაკვირი, რომ გაბრაზებულნი არიან.“ – განაცხადა გუტერეშმა.
ანტონიო გუტერეში და გრეტა თუნბერგიგრეტა ევროპის პარლამენტში. 2019 წლის აპრილი. ფოტო: wikipedia
2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა, 2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. თავის დროზე ორგანიზაციის ეს ჯილდო მიიღეს: ვაცლავ ჰაველმა, ნელსონ მანდელამ, პეტერ გაბრიელმა, მალალა იუსაფზაიმ და სხვა ცნობილმა პირებმა.
წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილიმშვიდობის დარგში.
გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.
„მე ასპერგერის სინდრომი მაქვს, ამიტომაც ჩემთვის სამყარო ძირითადად შავ-თეთრ ფერებად იყოფა. ვუყურებ პოლიტიკოსებს და მიკვირს, როგორ ართულებენ ისინი ყველაფერს. …თუ მე 100 წელი ვიცოცხლებ, 2103 წლამდე ვიცხოვრებ. უფროსები ხშირად არ ფიქრობენ, რა იქნება 2050 წლის შემდეგ. მაგრამ ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, მე ნახევარი სიცოცხლეც არ მექნება განვლილი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს ჩემს და ჩემი მეგობრების სიცოცხლეზე, ჩვენი შვილებისა და მათი შვილიშვილების სიცოცხლეზე,“ – ამბობს გრეტა.
„თინეიჯერის გაფიცვა პლანეტისთვის“ – გრეტა თუნბერგი „თაიმის“ ყდაზე. გამოცემამ იგი 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში დაასახელა.
2019 წლის ივნისში გამოვიდა გრეტა თუნბერგის წიგნი – „არავინაა ისე პატარა, რომ რამე ვერ შეცვალოს“, რომელიც მისი საჯარო გამოსვლების ტექსტებისგან შედგება.
გრეტა თუნბერგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ტვიტერზე, ფეისბუქზედა 2,5 მილიონზე მეტი – ინსტაგრამზე. მისი პოპულარობა ბევრს აეჭვებს, რომ გრეტას აქტივიზმი კარგად დაგეგმილი პიარკამპანიაა და მას მისი მშობლები მართავენ, თუმცა გრეტას მამა, რომელიც მწერალი და მსახიობია, მედიასთან ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა მომხრე, მის შვილს სკოლა გაეცდინა და აქციები გაემართა, გრეტას დედამ კი, რომელიც ოპერის მომღერალია და 2009 წელს შვედეთს წარადგენდა ევროვიზიაზე, მომღერლის კარიერას თავი დაანება.
სექტემბერში 16 წლის მოსწავლე, გრეტა თუნბერგი, გამოვა ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს შეეხება. იგი ევროპიდან შტატებში არ გაფრინდება, გრეტა უარს ამბობს თვითმფრინავით მოგზაურობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საჰაერო მიმოსვლა კლიმატს აყენებს ზიანს. მას დახმარება მონაკოს სამეფო ოჯახის წევრმა, გრეის კელისა და პრინც რენიეს შვილიშვილმა, პიერ კაზირაგიმ და ცნობილმა გერმანელმა იახტსმენმა, ბორის ჰერმანმა შესთავაზეს. Malizia II – ეს არის იალქნიანი იახტა, რომლითაც გრეტა აშშ-ში გაემგზავრა.
ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე გრეტამ ასე მიმართა პოლიტიკოსებს:
„ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე უნდა ვიყო სკოლაში ოკეანის სხვა მხარეს. თქვენ ყველანი ჩვენთან, ახალგაზრდებთან მოხვედით იმედისთვის? როგორ ბედავთ ამას! თქვენ მე თქვენი ცარიელი სიტყვებით ჩემი ოცნებები და ბავშვობა წამართვით. ჯერ – ჯერობით მე ვარ იღბლიანი. ადამიანები იტანჯებიან. ადამიანები კვდებიან. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი განადგურების დასაწყისში ვართ და თქვენ ყველანი საუბრობთ ფულზე და მუდმივ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!
,,საქართველო უნდა იყოს თავისუფალი!“ – ასე ჰქვია საფრანგეთში გამოცემული ჟურნალის „L’image“-ს 1919 წლის ოქტომბრის ნომერს, რომელიც მთლიანად საქართველოს პირველ რესპუბლიკას მიეძღვნა.
15-გვერდიანი ჟურნალი მკითხველს აცნობს საქართველოს ახალჩამოყალიბებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, ქვეყნის ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყნის პერსპექტივებს.
„რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დამონება (1801-1917 წლებში) მხოლოდ ეფემერულ ეპიზოდად დარჩა ამ ქვეყნის ისტორიაში.
ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბერძნეთთან და აზიის ქვეყნებთან. ქრისტიანობის გავრცელებამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კულტურა შექმნა.
ერთდროულად ბიზანტიური, არაბული და ირანული ცივილიზაციის გავლენით, ორი დიდი კულტურის სინთეზის შედეგად, საქართველოში ძლიერი და გავლენიანი ელიტა ჩამოყალიბდა, თუმცა ქვეყანამ უცვლელად შეინარჩუნა ეროვნული სული“, – წერს 1919 წელს ჟურნალი ,,L’Image”.
ცალკე გვერდი ეთმობა ბათუმისა და ფოთის პორტებს, რომელთა ნავსადგურებსაც, როგორც აღნიშნულია, მსოფლიოს იმდროინდელი დიდი ხომალდების მიღებაც შეეძლო.
,,L’Image”-ს ამ ნომერში ნახავთ 1919 წლის 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ასახავს თუ როგორ აღნიშნეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე პირველად.
გაზეთის ნომერზე ორი ჟურნალისტი – ჟაკ დე ლეიერი და პიერ ფრანსი – მუშაობდა.
ჟურნალის ორიგინალი ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურიზმის შესწავლის ცენტის (CSEM) არქივში.
,,L’Image”-ს ამ ნომრის გამოცემის დროს საქართველოს პირველი რესპუბლიკა წელიწადსა და რვა თვეს ითვლიდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი ქვეყანა საბჭოთა წითელარმიელებმა დაიკავეს, რასაც 70-წლიანი ოკუპაცია, რეპრესიები, გადასახლებები და დახვრეტები მოჰყვა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩებში მძიმე ტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. აკრძალული ტექნიკის ჩამონათვალშია: ტრაილერები, ექსკავატორები, თვითმცლელები, ამწეები, კატაფალკები და ყველა სხვა სახის ტექნიკა, გარდა მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილებისა.
მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკას გადაიტანენ გოგოლის ქ. #1-ში, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰა ფართობი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან.
მერიის ცნობით, ქუჩებზე, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული, უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები.
მერიის ინფორმაციით, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით გააკონტროლებს. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს აღნიშნულის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში აფრთხილებდნენ.
„მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე – [0422] 29 20 06 და ასევე, მიმართონ პატრულს. ტენდერი უნდა გამოცხადდეს და დადგება ამკრძალავი ნიშნები, რომ მძიმე ტექნიკის დაყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება ყოველდღიურად, ას ლარამდეა ჯარიმა,“ – ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორი ჯუმბერ კობალაძე.
“რატომ არ დააკავეთ სხვები, ჩხუბში ხომ 15 კაცი მონაწილეობდა?”- ჰკითხა ბრალდებულმა რევაზ წ.-მ გამომძიებელ უჩა კახიძეს.
“ვის მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, ის დავაკავეთ,” – უპასუხა გამომძიებელმა კითხვას და დარბაზს გახედა.
“კარგით რა, გეყოფათ,” – გაცხარდა ბრალდებული.
“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დღეს, 26 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეირაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.
ბრალდებულების შეკითხვის დასმამდე გამომძიებელი უჩა კახიძე ვრცლად მოუყვა მოსამართლეს იმის შესახებ, რაც იმ ღამით მოწმეებისგან მოისმინა.
“დაიწყო იმით, რომ შეტყობინება შემოვიდა 112-ზე, ვაჰაბისტები შემოიჭრნენ საავადმყოფოში, მიდის ჩხუბი, დაჭრეს ადამიანებიო…” – დაიწყო გამომძიებელმა.
უჩა კახიძის თქმით, ბრალდებულმა რევაზ წ.-მ თავად დაადასტურა ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა.
“თქვენ გვედავებით ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით. ეს წინასწარი შეთანხმება სად ჩანს, სად დაინახეთ?”- იკითხა ისევ ბრალდებულმა რეზო წ.-მ.
გამომძიებელმა განმარტა, რომ ბრალდებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში კონკრეტული ადამიანებისთვის “პასუხის მოსათხოვად” მივიდნენ.
“თქვენც აღნიშნეთ და ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ მე დანით დაჭრით მემუქრებოდა ადამიანი… მე მას შემდეგ ვიჩხუბე, როცა საფრთხე ვიგრძენი. რატომ მოხდა ასეთი შეფასება, ეს ობიექტური შეფასებაა?” – ისევ მიუბრუნდა გამომძიებელს ბრალდებული რეზო წ.
“მე ვმოქმედებ კანონის შესაბამისად… თქვენ რომ სადმე მინდორში გეჩხუბათ, ეს კვალიფიკაცია არ იქნებოდა, მაგრამ თქვენ იჩხუბეთ საავადმყოფოში ექიმებისა და პაციენტების თვალწინ,” – მიმართა ბრალდებულს გამომძიებელმა.
ბრალდებულების მტკიცებით, გამოძიებამ ” საქმე შეკერა”.
“მე არ ვაწერდი ხელს, მაგრამ შემდეგ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ გამიყვანა და მოვაწერე ხელი, არ ჰქონდა აზრი,” – დაასრულა ბრალდებულმა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მორიგი სხდომის თარიღი ჩანიშნა და დარბაზიდან გავიდა, დარბაზში ბრალდებულების ახლობლები ახმაურდნენ. ბრალდებულ რეზო წ.-ს დამ “ვაჰაბისტების” გაჟღერება გააპროტესტა და დაკავებულების დროულად გათავისუფლება მოითხოვა. შემდეგ კი მან სასამართლოს მთავარი შესასვლელი კარის მინა ხელით ჩაამტვრია.
“მე დამაკავეთ, მე ჩავამტრიე… უსამართლობაა და იმიტომ.გავაკეთე ასე,”- მიმართა აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ირაკლი ჭედიშვილს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ.
ბრალდებულების ახლობლები სასამართლო სხდომის დაწყებამდე
სასამართლოს შენობა ჯერ არ დაუტოვებიათ ბრალდებულებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მთავარ ფოტოზე: აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ჭედიშვილი და ერთ-ერთი ბრალდებულის დედა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელი კარის მინა ბრალდებულის ახლობლებმა ჩაამტვრიეს. შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს, მოხდა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ჩხუბის საქმეს, რომელზეც ოთხი პირია დაკავებული. ინციდენტი პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.
“მე ჩავამტვრიე და მე დამაკავეთ,” – მიმართა ბრალდებულ რეზო წ.-ს დედამ იქვე მყოფ აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ირაკლი ჭედიშვილს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ ამ წუთებში ათეულობით პოლიციელია მობილიზებული. იქვე არიან დაკავებულთა ახლობლებიც.
საქმე იმაშია, რომ 2 მარტს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება “ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით” ედავება.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, რომლებმაც „ხელით იჩხუბეს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-მუხლის შესაბამისად, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსი იქნება. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
მთელი აჭარის ტერიტორიაზე პლაჟზე თეთრი ალმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა დასაშვებია.
საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.
ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.
ფედერაციის ინფორმაციით, მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.
29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი „რეკორდსმენთა თასის“ მფლობელი გახდა.
ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
სარფის სანაპიროზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,კოლხობა’’ გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მიმართეს.
სახალხო დღესასწაული უკვე 40 წელია იმართება. ღონისძიების 10 მონაწილეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ,,კოლხობის’’, როგორც სახალხო დღესასწაულის ტრადიციის ჩამოყალიბებაში, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიების პარალელურად კოლხობის ამსახველი ფოტო გამოფენა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა.
,,კოლხობა 2019’’ მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მეოთხედ აცხადებს კონკურსს მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად.
განცხადებები მიიღება 26 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად პირველი კონკურსი 31 მაისს გაიმართა, დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა,თუმცა საბჭოს ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კონკურსი ჩაიშალა მეორედ, 10 ივლისს და მესამედაც– 22 აგვისტოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. დირექტორის ასარჩევად საჭიროა სამი ხმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.
„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები. ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო. ჩვენ გვაინტერესებდა დეპარტამენტის პოზიცია კომპანიის უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაისიდან ხულოს მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები უნდა ყოფილიყო დაწყებული, მაგრამ სამუშაოები შეჩერებულია.
„ბათუმელები“ ერთი თვის წინ წერდა, რომ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. კომპანიაში მაშინ გვითხრეს, რომ გარანტიები წარდგენილი ჰქონდათ ყაზახური ბანკისგან [რაც ადრე დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს], თუმცა გზების დეპარტამენტი „ტოდინისგან“ გარანტიის წარდგენას ამჯერად ქართული ბანკისგან ითხოვდა. „ტოდინს“ ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო კი დამკვეთისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.
ამ სტატიის მომზადების პერიოდში ჩვენს კითხვებზე პასუხები დეპარტამენტისგან ვერ მივიღეთ, რის გამოც 9 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართეთ. დეპარტამენტმა წერილობით 23 აგვისტოს გვიპასუხა.
ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოებზე [ლოტი 1 და ლოტი 2] დეპარტამენტსა და კომპანია „ტოდინს“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შორის ხელშეკრულებები 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა, რის მიხედვითაც კომპანიას უნდა წარმოედგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 28 დღის განმავლობაში. ამავე დოკუმენტით „ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა აღიარებული ბანკის მიერ დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.
დეპარტამენტმა [2019 წლის მაისში] გვაცნობა, რომ „ტოდინის მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი“.
ვინაიდან „ტოდინის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი გარანტიას ქართული ბანკისგან ითხოვდა და ვინაიდან ასეთი ჩანაწერი იყო ხელშეკრულებაშიც, დეპარტამენტს განმარტება წერილობით ვთხოვეთ. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა ადგილობრივი კომერციული ბანკისგან გაცემული გარანტიების წარმოუდგენლობა ხელშეკრულების დარღვევა.
„დეპარტამენტი განმეორებით გიდასტურებთ გარანტიების არსებობას“ [საუბარია TENGRI BANK JSC -ს მიერ გაცემულ გარანტიებზე, რომლებიც ავიზირებულია „საქართველოს ბანკის“ მიერ] – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან 23 აგვისტოს მიღებულ წერილში.
ის, რომ გარანტიები ჯერ მიიღო დეპარტამენტმა და შემდეგ იყო თხოვნა დეპარტამენტისგან, რომ ჩანაცვლებულიყო ქართული ბანკების მიერ გაცემული გარანტიებით – ამაზე დეპარტამენტი გვპასუხობს, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია და პირიქით, კომპანიამ „იკისრა ვალდებულება“ ჩაენაცვლებინა ეს გარანტიები. თუმცა, რატომ იკისრა კომპანიამ ეს ვალდებულება, დეპარტამენტი არ გვწერს.
„დეპარტამენტსა და TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეთანხმების ოქმების შესაბამისად, კონტრაქტორმა იკისრა ვალდებულება ჩაენაცვლებინა მის მიერ უკვე წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კონტრაქტორისათვის გაგზავნილ იქნა შესაბამისი შეტყობინებები“, – გვწერს გზების დეპარტამენტი და მათ მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ „შესაბამის შეტყობინებების“ შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.
საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ კითხვები წერილობით 9 აგვისტოს კომპანია „ტოდინსაც“ გაუგზავნა. პასუხი კომპანიისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.
„გარანტიის ცვლილების ავიზირებით „საქართველოს ბანკი“ ადასტურებს მხოლოდ გარანტიის ცვლილების ავთენტურობას/ნამდვილობას და იგი არ არის პასუხისმგებელი გარანტიის ტექსტსა და გარანტიის პირობებზე… აღნიშნული გარანტიის ცვლილება გეგზავნებათ/გადმოგეცემათ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 16 მარტის კორესპონდენციაში, რომელიც გზების დეპარტამენტში გაიგზავნა.
ავიზირებაზე ნდობის უარყოფითი პრეცენდენტი აჭარაში უკვე გვაქვს, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული „კონვენტ ჯორჯიასგან“ „ბაზისბანკის“ მიერ ავიზირებული საბანკო გარანტია მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ბრიტანულმა Point Bank-მა მისცა. ავიზირების წერილში კი მაშინაც აღნიშნული იყო, რომ „ბაზისბანკი“ არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე „ბაზისბანკი“ არ იღებდა არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის [„კონვენტ ჯორჯიას“] წინაშე.
საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებული გაუჩინარდა, აღმოჩნდა, რომ ბრიტანული Point Bank-ი გადახდისუუნარო იყო, ბათუმის მერიამ დამატებით დახარჯა ფული იურიდიულ მომსახურებაში, ხოლო ზიანის ანაზღაურებას „ბაზისბანკს“ სთხოვს. „იაფი სახლის საქმის“ გამო კი, 2019 წლის 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი დააკავეს.
სახელმწიფოს პრობლემა უშუალოდ „ტოდინმაც“ შეუქმნა სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] მშენებლობაზე. ამ შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა, ხელშეკრულების ფარგლებში კი „ტოდინს“ წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“. ამ გარანტიების ამოქმედება უნდა განეხილა ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიას, ვინაიდან „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტში, „დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი მთავრობა „ტოდინს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და მას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.
ხულო-ზარზმის გზა – „ბათუმელების“ კითხვები დეპარტამენტს და დეპარტამენტის პასუხი
ბათუმელები: არსებობს თუ არა პირველი ლოტით [ხულო – გოდერძის მონაკვეთი] გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი? გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ გეგმა-გრაფიკის [ქართული ვარიანტის] ასლი ელექტრონულად. გზების დეპარტამენტი: კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილია სამუშაოების პროგრამა, ზედამხედველმა ინჟინერმა აღნიშნული პროგრამა შენიშვნებით დაუბრუნა კონტრაქტორს გამოსასწორებლად.
გამოდის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე, სამუშაოების შეთანხმებული, საბოლოო პროგრამა არ არსებობს.
ბათუმელები: გვაქვს ინფორმაცია, რომ დეპარტამენტში „ტოდინის“ დაჯარიმებასთან ერთად შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიასთან ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულებების [ლოტი1 და ლოტი2] შეწყვეტის საკითხიც. აქვს თუ არა შესაბამისი საფუძველი დეპარტამენტს, გთხოვთ, თქვენს კომენტარს.. გზების დეპარტამენტი: ხელშეკრულების ზოგადი პირობების 8.7 მუხლი ითვალისწინებს კონტრაქტორისთვის დაგვიანების ხარჯის დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორმა სამუშაოები ვერ დაასრულა სამუშაოების დასრულების ვადაში. კონტრაქტორმა სამუშაოები ორივე ლოტზე უნდა დაასრულოს 2020 წლის 1 ოქტომბერს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, კონტრაქტორს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თუ გავითვალისწინებთ პროექტის მასშტაბურობას, ამ დრომდე შესრულებულ თუ შეუსრულებელ სამუშაოებს და რთულ რელიეფს [გოდერძის უღელტეხილი] სადაც არა თუ სამუშაოები, არამედ თვეობით გზაც კი იკეტება შემოდგომიდან გაზაფხულამდე, სამუშაოებისთვის ფაქტობრივად 10 თვე რჩება კომპანიას ვადაში რომ ჩაეტიოს. ამ დროში კი პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია [გამორიცხული არაა დეპარტამენტმა ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანოს და ეს ვადაც გადაუვადოს კომპანიას ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე].
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ პროექტი, ვადაში უკვე გაიწელა [მიუხედავად იმისა, რომ „ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“]. ასეთ სიტუაციაში კი სახელმწიფოს, თუ დეპარტამენტის ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს – ან შეგნებულად არ იტოვებს.
ბათუმელები: ხომ არ შესულა რაიმე ცვლილება ამ ხელშეკრულებებში? გზების დეპარტამენტი: ხელშეკრულებებში ცვლილება არ განხორციელებულა.
ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა, ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო „სამუშაოების პროგრესი“ კი დეპარტამენტის განცხადებით, „არის ძალიან სუსტი“. ეს პროგრესი ეტყობა იმდენად სუსტია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი ორი კვარტლის საქმიანობის ანგარიშში ხულო-ზარზმის გზა საერთოდ არც ახსენა. არადა ეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მასში 110 მილიონი ლარი იხარჯება, რომელსაც სახელმწიფო სესხად იღებს.
ბათუმელები: რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.”-ს 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული N EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების [სამტრედია-გრიგოლეთის გზა] ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით? რას [რა ოდენობის თანხის ანაზღაურებას] ითხოვს სახელმწიფო „ტოდინისგან“? რა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს ამ კუთხით? გზების დეპარტამენტი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის [ლოტი 3] სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე დაწყებულია საარბიტრაჟო დავის პროცედურები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოქმედება და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე სახის ინფორმაცია ვერ გაიცემა“.
მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულოს მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25- 30 გრადუსი
ღამით: 18- 23 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 8-13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 აგვისტოს, საღამოს და ღამის საათებში, ზოგან მოსალოდნელია წვიმა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
200 პირზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ლეონიძის #15-ში მაისში გაიხსნა. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი.
სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები.
რეგისტრაცია 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბსუ-ს ცნობით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება:
სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (70 000 და ნაკლები ქულა) რეგისტრირებული ოჯახიდან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრებ სტუდენტებს
აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ სტუდენტებს – ხულოს რაიონი, შუახევის რაიონი, ქედის რაიონი, ხელვაჩაურის რაიონის სოფლები: ქვედა ქოქოლეთი, ქობულეთის რაიონის სოფლები: დიდვაკე, ხინო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილებს
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილებს
ობლებს (დედით ან მამით)
იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე სტუდენტს
მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახის წევრს
ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახის წევრ სტუდენტს
სტუდენტს, რომელიც არის მარტოხელა დედის შვილი
ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ მყოფ სტუდენტს
სტუდენტს, რომლის და ან/და ძმა არის ბსუ-ს სტუდენტი
საერთო საცხოვრებლის გადასახადი ბსუ-ს სტუდენტისათვის/პროფესიული სტუდენტისათვის ყოველთვიურად 100 ლარია; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბსუ-ს სტუდენტებისათვის – ყოველთვიურად 100 აშშ დოლარი (აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში); სხვა პირთათვის/ბსუ-ს სტუმრებისათვის – ყოველთვიურად 100 აშშ დოლარი (აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ხოლო ერთი დღის (მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე) – 20 ლარი.
საერთო საცხოვრებელში შესახლება ხდება წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრის დაწყებისას.
ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება.
პროგრამას, რომლის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსებისა და ბათუმური ეზოების დამუშავება ხდება, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 369 000 ლარია. იმავე პროგრამის ფარგლებში ხდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში.
„ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების დამუშავება მღრღნელებზე პროგრამულადაა გათვალისწინებული, 1080 სახლია, თვეში ერთჯერ კეთდება, არის როგორც მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსები, ასევე იტალიური ეზოები, ხდება დერატიზაცია [მღრღნელების განადგურება]. რაც შეეხება კოღოებს, 730 მისამართზე, თვეში ორჯერ ტარდება გეგმიურად შეწამვლა“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე, სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.
კოღოების შეწამვლის ღონისძიებებს მერია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ახორციელებს, ხოლო მღრღნელების დერატიზაციას – მთელი წლის განმავლობაში. ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, მოსახლეობას შეუძლია მერიას მიმართოს მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ნომერზე – 0422 27 69 13.
დამსვენებლებით სავსე ქობულეთის პლაჟზე ტრაქტორი დღეს, 24 აგვისტოს, დილით გამოჩნდა.
პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქობულეთის მერიას განმარტების გაკეთება მოუწია.
„დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის გაყვანა გახდა საჭირო. დამსვენებლებისთვის ხის დიდი კუნძები დისკომფორტს ქმნიდა. გადავწყვიტეთ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეწესრიგებია პლაჟი,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ახალ კონკურსს, ახალი პირობებით გამოაცხადებს. კონკურსის გამოცხადების თარიღი, როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ქალაქის სამარშრუტო ხაზებს, ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ. კონკურსის პირობები და ახალი ხაზები ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს დაამტკიცა.
მთავარი სიახლე არის ის, რომ კონკურსში არა მხოლოდ კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მიკროავტობუსების მფლობელსაც შეეძლებათ ინდივიდუალურად მონაწილეობა, თუნდაც ერთი მიკროავტობუსი გააჩნდეთ საკუთრებაში. მიკროავტობუსებში კონდენცირების სისტემის ქონა კი სავალდებულო ისევ არ იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა“.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის კუთვნილ ორ ვერტმფრენს ბელარუსში, ორშის ავიასარემონტო ქარხანაში არემონტებენ. ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ორთავე ვერტმფრენის რემონტში სასაზღვრო პოლიციამ 6 574 700 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.
„მი-8მტვ-1“ და „მი-8ამტ“ ვერტმფრენები, სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, ბელარუსში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიგზავნა. ვერტმფრენების რემონტი 2019 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქარხანა ამ ვადის გადაწევას უკვე მეორედ ითხოვს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენის ძრავების მთელი რიგი დეტალები და მაკომპლექტებელი ნაწილები აღმოჩნდა წუნდებული, მთავარი რედუქტორი არ დაექვემდებარა რემონტს და ისინი გახდა ჩასანაცვლებელი, რასაც დასჭირდა დამატებითი დრო.
„ვერტმფრენის დეფექტაციის პროცესში გამოვლენილი რემონტისთვის უვარგისი ბლოკების, აგრეგატების და მაკომპლექტებელი ნაკეთობების (რომლებიც არ ექვემდებარება მომწოდებლის მიერ გამოცვლას), ან ექსპლოატაციის შეზღუდული ვადის მქონე აგრეგატების (რომლებსაც დარჩენილი აქვთ რემონტთაშორის რესურსზე ნაკლები ნაშთი) სანაცვლოდ, სარემონტოდ ვარგისი ბლოკების, აგრეგატების და რემონტთშორისი ექსპლოატაციის მქონე აგრეგატების სარემონტო ქარხნისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას… ორშის ავიასარემონტო ქარხანაში დეფექტაციის დროს, ორივე შვეულმფრენის საავიაციო ძრავების მთელი რიგი ძვირადღირებული აგრეგატები აღმოჩნდა წუნდებული, რომელთა გამოცვლა არ შედიოდა ძრავების კაპიტალური რემონტის ღირებულებაში. მხარეების მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, განისაზღვრა აგრეგატების, ბლოკების და ნაკეთობების ჩამონათვალი, რომლებიც არ დაექვემდებარა სარემონტო სამუშაოებს. დამატებითი სამუშაოების ჩატარებას დაჭირდა 2 თვე“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში, რომელიც შესყიდვების სააგენტოში გადაიგზავნა – ვერტმფრენების რემონტის დასრულების დროის გადავადების შეთანხმების მიზნით.
„ასევე, „მი-8ამტ“ ვერტმფრენის მთავარი რედუქტორი ВР-14 ორშის ავიასარემონტო ქარხნის მიერ სარემონტოდ ბელარუსიდან გაიგზავნა სს „ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა“-ში (რუსეთის ფედერაცია), იგი არ დაექვემდებარა რემონტს და დაუბრუნდათ უკან. პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, ხელშეკრულებაზე განხორციელდა დამატებითი შეთანხმება და 2019 წლის ივნისის თვეში შემცვლელი მთავარი რედუქტორი საქართველოდან გაიგზავნა ბელარუსში“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიაჩნია, რომ „ორშის ავიასარემონტო ქარხნის არგუმენტები არის არგუმენტირებული და მათი მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების თავდაპირველი ვადების გაზრდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და „მი-8მტვ-1“ ვერტმფრენის სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა გაიზარდოს 235 კალენდარულ დღემდე (მიწოდებიდან), ხოლო „მი-8ამტ-1“-ის – 295 კალენდარულ დღემდე“. შესაბამისად ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 28 სექტემბრამდე გადაიწევს.
შესყიდვების სააგენტოში სასაზღვრო პოლიციის განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღი კი 2019 წლის 29 აგვისტოა.
ვერტმფრენების ტენდერის გარეშე გარემონტების მიზნით პოლიციამ სააგენტოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა [შესყიდვის ღირებულებად, განაცხადის მიხედვით, მაშინაც და ახლაც, მითითებულია 6 886 629 აშშ დოლარი].
მაშინდელი განაცხადით სასაზღვრო პოლიცია ამტკიცებდა, რომ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული წესით უნდა მომხდარიყო. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ სასაზღვრო პოლიციის „ბალანსზე არსებული ერთადერთი „МИ“ მოდელის ვერტმფრენის ფრენა-საათების რესურსი იწურება, უახლოეს მომავალში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დარჩება აღნიშნული მოდელის საფრენი აპარატის გარეშე. ფრანგული წარმოების ვერტმფრენები კი, რთული რელიეფისა და კლიმატურ პირობების დროს დავალებების შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ“.
მთავარი ფოტო: “MI-8” ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 24 აგვისტოს, აჭარის პლაჟებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია: ბათუმში, ქობულეთსა და ციხისძირში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის [14:40 სთ] აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა დაშვებულია მხოლოდ გონიოს, კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, სადაც, შესაბამისად თეთრი ალმებია აღმართული.
ფრანების ფესტივალის ჩატარება ბათუმში 2019 წლის 28-29 სექტემბერს, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ფესტივალის ორგანიზებისთვის კი, ბათუმის სპორტულმა ცენტრმა, რომელიც, მერიის ააიპ-ია, ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია.
ფესტივალზე იქნება ორი DJ. პირობის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭება ცნობილ DJ-ბს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ფესტივალის პერიოდში შესაბამისი მუსიკალური გაფორმება; ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ფრანების მასტერკლასი [გამოცდილი ტრენერები, ჩაუტარებენ მასტერკლასს მოქალაქეებს, ხელნაკეთი ფრანების აწყობაში] ასევე ტრენერები ჩაუტარებენ მასტერკლასს მოქალაქეებს, სამოყვარულო ფრანების ცაში გაშვებაშიც;
ფესტივალზე იქნება გიგანტური ფრანები – ერთი ცალი არანაკლებ 14-მეტრიანი თევზი ფრანი, ოთხი ცალი (ფერადი) არანაკლებ 13-მეტრიანი დელტა ფრანი, ორი ცალი არანკლებ 5 მეტრი რადიუსის მქონე, მეგა ბურთის ფრანი; ასევე სპორტული, მეგა, საშუალო სამოყვარულო და ჩიტი ფრანები [ამ ფრანებთ გაიმართება რამდენიმე საჩვენელი სპორტული შოუ].
ტენდერში წინადადებების მიღება 25 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტოს დასრულდება.
მთავარი ფოტო: ბათუმი, ივნისი, 2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
კურორტ ბახმაროში 23 აგვისტოს, გვიან ღამით, ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დაახლოებით ორ საათში მოახერხა.
კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რომ არა მეხანძრეები და მაშველები, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა და ადვილი შესაძლებელი იყო ცეცხლი სხვა სახლებზეც გადასულიყო“ – გვითხრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით საჯაიამ.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ხანძრის კერა იმ სახლში იყო, სადაც დამსვენებლები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორე სახლი, რომელიც დაიწვა, ცარიელი იყო.
„ბათუმის წყალის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან 25 აგვისტოს დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს:
მაქაცარიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩას, ბაქოს ქუჩა (იმედაშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), კანდელაკის ქუჩა, მერკვილაძის ქუჩა, შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა, ფადიმე გოგიტიძის ქუჩა, ქართველ იუნკერთა ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, შალვა იოსელიანის ქუჩა, პაოლო იაშვილის ქუჩა, ლევან ქიქავას ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, სერგი მესხის ქუჩა, გულო აღა კაიკაციშვილის ქუჩა, რაფიელ ერისთავის შესახვევი, რაფიელ ერისთავის 1 ჩიხი, რაფიელ ერისთავის 2 ჩიხი, სერგი მესხი 1 შესახვევი, ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა, ფერიის დასახლება, თედო სახოკიას ქუჩა, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-3 ჩიხი, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-4 ჩიხი, გიორგი წერეთელის ქუჩა, გიორგი ვოლსკის ქუჩა, რეზო თაბუკაშვილის ქუჩა, დანიელ ჭონქაძის ქუჩა, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა, დიმიტრი სვიშევსკის 1 შესახვევი, დიმიტრი სვიშევსკის 1 ჩიხი, დიმიტრი სვიშევსკის მე-2 ჩიხი, ნადიმ ნიჟარაძის 1 ჩიხი, შინდისის ქუჩა, იოსებ ნონეშვილის ქუჩა, იუსუფ ფაღავას ქუჩა, დავით ბაქრაძის ქუჩა, სულეიმან დიასამიძის ქუჩა, ჯემალ ქათამაძის ქუჩა, სულეიმან დიასამიძის ჩიხი, ჯემალ ქათამაძის ჩიხი, თამარ მეფის ქუჩა, თამარ მეფის ჩიხი, შრომის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ჩიხი, ხასან ლორთქიფანიძის ქუჩა, აგარაკის ქუჩა, კაზინეცის ქუჩა, ძმები ნობელების ქუჩა, ძმები ნობელების 1 შესახვევი, ძმები ნობელების მე-2 შესახვევი, სერგი მესხის მე-3 ჩიხი.
„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ ტენდერში გამარჯვებულის შესახებ არ მიუღიათ, შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულთან არც ხელშეკრულებაა გაფორმებული.
რა თანხას გადაიხდიან 8 ელექტროავტობუსში, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.
მიმდინარე წლის 13 ივნისს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) 30 დღის განმავლობაში უნდა განეხილა და გამარჯვებული დაესახელებინა.
ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა, თუმცა მეორე ეტაპზე დოკუმენტაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ წარადგინა.
ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება. ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ ასევე განაცხადეს, რომ ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
____________________
მთავარი ფოტო: მინსკის საავტომობილო ქარხანა / ფოტო: საქართველოს მთავრობა