მთავარი,სიახლეები

ინფექციების კონტროლზე შესწავლილი კლინიკების 50% სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

26.08.2019 • 3613
ინფექციების კონტროლზე შესწავლილი კლინიკების 50% სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

2016 წელს მონიტორინგი ჩატარდა თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მონიტორინგის თანახმად, დაწესებულებების დაახლოებით 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციების კონტროლის სტანდარტები – წერია სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის 28 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში. აუდიტმა იმ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტები შეისწავლა, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი ევალებათ.

2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება – ბენეფიციართა სტაციონარულ მომსახურებაზე დახარჯულია 574 მილიონი ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს, რომ  ნოზოკომიური [საავადმყოფო] ინფექციების პრევენციისა და თავიდან აცილებადი ხარჯის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ინფექციების შესახებ არსებული მწირი მონაცემები არ იძლევა.

რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს – სამედიცინო დაწესებულებები შემდეგ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ:

  • ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • სტერილიზაცია/დეზინფექცია;
  • ხელების ჰიგიენა;
  • პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
  • უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა;
  • ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი.

ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხორციელდება მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები, რომელთა „ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინფექციების კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას“.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის მიხედვით, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ნაკლებობა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელების უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორია“, – წერია აიუდიტის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს საკითხი მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი.

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების 5 ძირითადი
გზა. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაცემებით 2016 წელს განხორციელდა 22 199 მსგავსი სახის ქირურგიული ჩარევა. ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს სულ დაფიქსირდა ქირურგიული ჩარევის მიდამოს [ქიჩმ] ინფექციის 37 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის კოეფიციენტის საფუძველზე 2016 წელს საქართველოში, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო ქიჩმის 402 შემთხვევა.

აუდიტი წერს, რომ სწორედ ამის გამო ჯანდაცვის სამინისტრო სტაციონარულ დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას ვერ ფლობს, რის საილუსტრაციოდ უწყება ასევე ციფრებს იშველიებს:

„საქართველოში 3.7 მილიონ მოსახლეზე წლიურად ფიქსირდება, საშუალოდ, 200 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა, ხოლო ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე − დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა“.

სწორედ აქედან გამომდინარე აუდიტი ასკვნის, რომ „ქვეყანაში დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა არარეალურად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მის სანდოობას“.

ჯანმო-ს მონაცემებით, „დროის ნებისმიერ მომენტში 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე საშუალოდ 7-10 პაციენტი ინფიცირდება, მინიმუმ ერთი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციით, რაც „მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ზრდის ფინანსურ ხარჯს სამედიცინო სისტემისათვის“.

აუდიტი ქვეყანაში არსებულ სრულიად საპირისპირო მონაცემზე მიუთითებს და წერს, რომ „დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის [დზეი] მონაცემებით, საქართველოში 2016-2017 წლებში დაფიქსირდა ნოზოკომიური პნევმონიის 133 დადასტურებული შემთხვევა. თუმცა, ამავე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, სავარაუდოდ, უნდა დაფიქსირებულიყო 513 ნოზოკომიური პნევმონიის შემთხვევა“.

აუდიტის სამსახური კიდევ რამდენიმე ციფრს ასახელებს, რითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ეპიდზედამხედველობის პროგრამაში საერთოდ არ არიან ჩართულები:

„2015-2017 წლის მონაცემით, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, იმ დროისათვის მოქმედი 299 სტაციონარული დაწესებულებიდან. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% მოდის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე… ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% ფიქსირდება 288 სტაციონარული დაწესებულებაზე, რომლებიც არ არიან ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც მიუთითებს იმ რისკზე, რომ სტაციონარული დაწესებულებების მიერ მონაცემები წარმოდგენილია არასრულად“.

2015-2017 წლებში ნებართვა გაცემულია 42 ახალ სტაციონარულ დაწესებულებაზე, საიდანაც 29 დაწესებულებას არ წარმოუდგენია ხარისხის ინსტრუქცია, ხოლო 6 სტაციონარული დაწესებულების ინსტრუქცია შაბლონურია.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებს მონიტორინგში ჯანდაცვის სამინისტრო  თანამშრომლებთან ერთად ჩართულნი არიან პრევენციის ცენტრისა და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: