მთავარი,სიახლეები

პროკურატურის პასუხი მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომ მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს

26.08.2019
პროკურატურის პასუხი მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომ მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს

საქართველოს პროკურატურაში კითხვას, დაიწყება თუ არა მოკვლევა ან გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომელიც მან ფეისბუქზე გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური პროვოკაციაში დაადანაშაულა, კონკრეტულად არ პასუხობენ.

უწყებაში მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ.

„თუ კი პროკურატურაში შემოვა კონკრეტული განაცხადი დანაშაულზე, ამას პროკურატურის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან.

პრესსამსახურში უპასუხოდ დატოვეს „ბათუმელების“ კითხვა, რატომ არ იწყება მოკვლევა/გამოძიება, მაშინ როცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების პრაქტიკაც კი.

რამდენიმე დღის წინ მედეა ვასაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ 23 აგვისტოს მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის შოვნის სანაცვლოდ. ვასაძე წერს, რომ ამ შეთავაზების უკან სუს-ის უფროსი, გომელაური დგას.

მედეა ვასაძე 2012-2016 წლებში უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. თავდაპირველად იგი პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, თუმცა მან პარტია 2015 წელს დატოვა და 2016 წელს მურმან დუმბაძესთან ერთად პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა.

ვრცლად ამ თემაზე: 

მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: