მთავარი,სიახლეები

“რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს

26.08.2019 • 2642
“რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს

“რატომ არ დააკავეთ სხვები, ჩხუბში ხომ 15 კაცი მონაწილეობდა?”-  ჰკითხა ბრალდებულმა რევაზ წ.-მ  გამომძიებელ უჩა კახიძეს.

“ვის მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, ის დავაკავეთ,” – უპასუხა გამომძიებელმა კითხვას და დარბაზს გახედა.

“კარგით რა, გეყოფათ,” – გაცხარდა ბრალდებული.

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დღეს, 26 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეირაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.

ბრალდებულების შეკითხვის დასმამდე გამომძიებელი უჩა კახიძე ვრცლად მოუყვა მოსამართლეს იმის შესახებ, რაც იმ ღამით მოწმეებისგან მოისმინა.

“დაიწყო იმით, რომ შეტყობინება შემოვიდა 112-ზე, ვაჰაბისტები შემოიჭრნენ საავადმყოფოში, მიდის ჩხუბი, დაჭრეს ადამიანებიო…” – დაიწყო გამომძიებელმა.

უჩა კახიძის თქმით, ბრალდებულმა რევაზ წ.-მ თავად დაადასტურა ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა.

“თქვენ გვედავებით ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით. ეს წინასწარი შეთანხმება სად ჩანს, სად დაინახეთ?”- იკითხა ისევ ბრალდებულმა რეზო წ.-მ.

გამომძიებელმა განმარტა, რომ ბრალდებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში კონკრეტული ადამიანებისთვის “პასუხის მოსათხოვად” მივიდნენ.

“თქვენც  აღნიშნეთ და ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ მე დანით დაჭრით მემუქრებოდა ადამიანი… მე მას შემდეგ ვიჩხუბე, როცა საფრთხე ვიგრძენი. რატომ მოხდა ასეთი შეფასება, ეს ობიექტური შეფასებაა?” – ისევ მიუბრუნდა გამომძიებელს ბრალდებული რეზო წ.

“მე ვმოქმედებ კანონის შესაბამისად… თქვენ რომ სადმე მინდორში გეჩხუბათ, ეს კვალიფიკაცია არ იქნებოდა, მაგრამ თქვენ იჩხუბეთ საავადმყოფოში ექიმებისა და პაციენტების თვალწინ,” – მიმართა ბრალდებულს გამომძიებელმა.

ბრალდებულების მტკიცებით, გამოძიებამ ” საქმე შეკერა”.

“მე არ ვაწერდი ხელს, მაგრამ შემდეგ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ გამიყვანა და მოვაწერე ხელი, არ ჰქონდა აზრი,” – დაასრულა ბრალდებულმა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მორიგი სხდომის თარიღი ჩანიშნა და დარბაზიდან გავიდა, დარბაზში ბრალდებულების ახლობლები ახმაურდნენ. ბრალდებულ რეზო წ.-ს დამ “ვაჰაბისტების” გაჟღერება გააპროტესტა და დაკავებულების დროულად გათავისუფლება მოითხოვა. შემდეგ კი მან სასამართლოს მთავარი შესასვლელი კარის მინა ხელით ჩაამტვრია.

“მე დამაკავეთ, მე ჩავამტრიე… უსამართლობაა და იმიტომ.გავაკეთე ასე,”- მიმართა აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ირაკლი ჭედიშვილს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ.

ბრალდებულების ახლობლები სასამართლო სხდომის დაწყებამდე

სასამართლოს შენობა ჯერ არ დაუტოვებიათ ბრალდებულებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მთავარ ფოტოზე: აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ჭედიშვილი და ერთ-ერთი ბრალდებულის დედა.

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: