მთავარი,სიახლეები

მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები

17.08.2019 • 1397
მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს. კონკურსს მერია, სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს.

2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში ექვსმა კომპანიამ გაიმარჯვა. კონკურსი კი 564-მა მიკროავტობუსმა გაიარა.

ამ თემაზე: ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ამჯერად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, როგორც კომპანიებს [წარადგენენ რამდენიმე მიკროავტობუსს], ასევე ფიზიკურ პირებსაც [ვისაც რამდენი მიკროავტობუსი ექნება – ერთი და ზემოთ. შესაბამისად, მიიღებს მგზავრთა გადაყვანის ნებართვას თითოეულ მანქანაზე და ყველა მძღოლთან/მფლობელთან მერია ხელშეკრულებას ინდივიდუალურად გააფორმებს]. კონკურსის პირობები ჯერ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სადაც შესაბამისი პროექტი მერიამ უკვე წარადგინა.

საკონკურსო პირობებში გარკვეული ცვლილებებიც შედის. თუ აქამდე სავალდებულო იყო რომ მიკროავტობუსს ჰქონოდა მინიმუმ 3 ფანჯარა, რომლებიც იღებოდა, ახალი პირობით მიკროავტობუსს ასეთი მინიმუმ 4 ფანჯარა უნდა ჰქონდეს. ამასთან ერთად, სავალდებულო იქნება მიკროავტობუსს აუცილებლად ჰქონდეს ლუქი. „რაც შეეხება კონდენცირების სისტემას, თუ იქნება – სასურველია, მაგრამ არა – სავალდებულო“ – გვითხრეს მერიაში.

ნებართვის მფლობელი, ვალდებული იქნება მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით [მერიაში აცხადებენ, რომ ამ სისტემის მეშვეობით გაკონტროლდება მიკროავტობუსების მოძრაობა ქალაქში].

რაც შეეხება მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟებას, რისი მცდელობაც გასულ წელსაც იყო, მერია ვერც ამ კონკურსზე ახერხებს ეს  სავალდებულო გახადოს. მერიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ კუთხით გრძელდება მუშაობა და შესაძლოა კონკურსიდან ექვსი თვის შემდეგ შემოიღონ გადახდის ასეთი სისტემა [ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნება აუცილებელი].

მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით კი, ბათუმში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებში შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზიც დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში ყველა ხაზზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების ჯამური რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში.

პროექტის მიხედვით:

N23 მიკროავტობუსები იმოძრაობენ შემდეგი მარშრუტით: ავტოსადგური „მეტრო“ – გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – ლორიას ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – „სავაჭრო ცენტრი 2009“[ხოფის ბაზრობა]. უკუმიმართულება იგივე.

N27 მიკროავტობუსები იმოძრაობენ შემდეგი მარშრუტით: თამარის დასახლება – ძმები ნობელების ქუჩა – კაზინეცის ქუჩა [ბარცხანაში გადასასვლელი] – ქათამაძის ქუჩა [ინფექციური საავადმყოფო] – გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩა – წერეთლის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩა [რკინის თაღამდე, „კარფურამდე“] – შარტავას ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – აჭარის გზატკეცილი [ანგისის ბავშვთა საავადმყოფო] – ხახულის ქუჩა – „სავაჭრო ცენტრი 2009“ [„ხოფის ბაზრობა“]. უკუმიმართულება იგივე.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/223213/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: