მთავარი,სიახლეები

ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

26.08.2019 • 13037
ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.

ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ფურცლებს, რომელზეც ეწერა – „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.

როცა უფროსები გრეტას შენიშვნას აძლევდნენ, რომ ის ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყო, გრეტა პასუხობდა, რომ მას თან ჰქონდა წიგნები,

„მაგრამ ვფიქრობ, რას ვისწავლი სკოლაში? ფაქტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსები არ უსმენენ მეცნიერებს, მაშ, რატომ უნდა ვისწავლო?“

2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ –  #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია.

სიდნეი, ავსტრალია. სკოლის მოსწავლეების აქცია. ფოტო: insideclimatenews.org

პარიზი, საფრანგეთი. წყარო: Wikipedia

სან ფრანცისკო. სკოლის მოსწავლეების აქცია. წყარო: Wikipedia

2018 წლის დეკემბერში გრეტა შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების აქციებს.

„ჩემმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატის დრამატულ ცვლილებებთან გამკლავება. ახალგაზრდები ხედავენ ამას, არაა გასაკვირი, რომ გაბრაზებულნი არიან.“ – განაცხადა გუტერეშმა. 

ანტონიო გუტერეში და გრეტა თუნბერგი

გრეტა ევროპის პარლამენტში. 2019 წლის აპრილი. ფოტო: wikipedia

2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა,  2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. თავის დროზე ორგანიზაციის ეს ჯილდო მიიღეს: ვაცლავ ჰაველმა, ნელსონ მანდელამ, პეტერ გაბრიელმა, მალალა იუსაფზაიმ და სხვა ცნობილმა პირებმა.

წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი მშვიდობის დარგში.

გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.

„მე ასპერგერის სინდრომი მაქვს, ამიტომაც ჩემთვის სამყარო ძირითადად შავ-თეთრ ფერებად იყოფა. ვუყურებ პოლიტიკოსებს და მიკვირს, როგორ ართულებენ ისინი ყველაფერს. …თუ მე 100 წელი ვიცოცხლებ, 2103 წლამდე ვიცხოვრებ. უფროსები ხშირად არ ფიქრობენ, რა იქნება 2050 წლის შემდეგ. მაგრამ ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, მე ნახევარი სიცოცხლეც არ მექნება განვლილი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს ჩემს და ჩემი მეგობრების სიცოცხლეზე, ჩვენი შვილებისა და მათი შვილიშვილების სიცოცხლეზე,“ – ამბობს გრეტა. 

„თინეიჯერის გაფიცვა პლანეტისთვის“ – გრეტა თუნბერგი „თაიმის“ ყდაზე. გამოცემამ იგი 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში დაასახელა.

2019 წლის ივნისში გამოვიდა გრეტა თუნბერგის წიგნი – „არავინაა ისე პატარა, რომ რამე ვერ შეცვალოს“, რომელიც მისი საჯარო გამოსვლების ტექსტებისგან შედგება.

გრეტა თუნბერგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ტვიტერზე, ფეისბუქზე და 2,5 მილიონზე მეტი – ინსტაგრამზე. მისი პოპულარობა ბევრს აეჭვებს, რომ გრეტას აქტივიზმი კარგად დაგეგმილი პიარკამპანიაა და მას მისი მშობლები მართავენ, თუმცა გრეტას მამა, რომელიც მწერალი და მსახიობია, მედიასთან ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა მომხრე, მის შვილს სკოლა გაეცდინა და აქციები გაემართა, გრეტას დედამ კი, რომელიც ოპერის მომღერალია და 2009 წელს შვედეთს წარადგენდა ევროვიზიაზე, მომღერლის კარიერას თავი დაანება.

სექტემბერში 16 წლის მოსწავლე, გრეტა თუნბერგი, გამოვა ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს შეეხება. იგი ევროპიდან შტატებში არ გაფრინდება, გრეტა უარს ამბობს თვითმფრინავით მოგზაურობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საჰაერო მიმოსვლა კლიმატს აყენებს ზიანს. მას დახმარება მონაკოს სამეფო ოჯახის წევრმა, გრეის კელისა და პრინც რენიეს შვილიშვილმა, პიერ კაზირაგიმ და ცნობილმა გერმანელმა იახტსმენმა, ბორის ჰერმანმა შესთავაზეს. Malizia II – ეს არის იალქნიანი იახტა, რომლითაც გრეტა აშშ-ში გაემგზავრა.

 

View this post on Instagram

 

Day 12. We are getting closer to the North American mainland. Rough conditions, but downwind sailing.

A post shared by Greta Thunberg (@gretathunberg) on

ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე გრეტამ ასე მიმართა პოლიტიკოსებს:

„ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე უნდა ვიყო სკოლაში ოკეანის სხვა მხარეს. თქვენ ყველანი ჩვენთან, ახალგაზრდებთან მოხვედით იმედისთვის? როგორ ბედავთ ამას! თქვენ მე თქვენი ცარიელი სიტყვებით  ჩემი ოცნებები და ბავშვობა წამართვით. ჯერ – ჯერობით მე ვარ იღბლიანი. ადამიანები იტანჯებიან. ადამიანები კვდებიან. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი განადგურების დასაწყისში ვართ და თქვენ ყველანი საუბრობთ ფულზე და მუდმივ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!

_______________

მთავარ ფოტოზე: გრეტა თუნბერგი. ფოტო: plantbasednews.org 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: