მთავარი,სიახლეები

დიდი შვიდეული ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფს

26.08.2019 • 1523
დიდი შვიდეული ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო შვიდეულის ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს, ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოყონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ  დიდი შვიდეულის ქვეყნები ხანძრების შესაჩერებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ. მისივე თქმით, პირველ რიგში, სასწრაფოდ შეიძენენ ამ მასშტაბის ხანძრის ჩასაქრობად საკმარის სახანძრო ვერტმფრენებს.

დიდ შვიდეულში კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ შედიან. ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

რამდენიმე დღის წინ ამაზონის ფართომასშტაბიან ხანძრებს ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და მოუწოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს, სამიტის პრიორიტეტულ თემად განეხილათ ის.

დიდი შვიდეულის ლიდერები სექტემბერში ამაზონის ტყის დამწვარი ნაწილის აღსადგენ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი, ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები „გაასუფთაონ“.

ბოლსონაროს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იყო სწორედ ამაზონის პოტენციალის ათვისების ხარჯზე.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ  ამაზონის ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

წყარო: BBC 

ფოტო: france24.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: