მთავარი,სიახლეები

რა იკრძალება ნადირობის დროს – გარემოსდაცვითი დეპარტამენტის გაფრთხილება

27.08.2019
რა იკრძალება ნადირობის დროს – გარემოსდაცვითი დეპარტამენტის გაფრთხილება

ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს. დეპარტამენტის ცნობით, სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობის დროს აკრძალულია:

[crosslist]

  • მცენარეთა საფარის დაწვა
  • გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება/გაყიდვა
  • ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა/ განადგურება;
  • ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები);
  • საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები; ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა;
  • სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება;
  • თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
  • ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
  • ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით.

[/crosslist]

ნადირობა აკრძალულია: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

2019 წელს ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 29 თებერვალს დასრულდება.

_________

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: