მთავარი,სიახლეები

რატომ გაჭიანურდა შსს-ს 2 ვერტმფრენის რემონტი, რაშიც 6,5 მილიონი დოლარი იხარჯება

24.08.2019 • 2789
რატომ გაჭიანურდა შსს-ს 2 ვერტმფრენის რემონტი, რაშიც 6,5 მილიონი დოლარი იხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის კუთვნილ ორ ვერტმფრენს ბელარუსში, ორშის ავიასარემონტო ქარხანაში არემონტებენ. ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ორთავე ვერტმფრენის რემონტში სასაზღვრო პოლიციამ 6 574 700 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.

„მი-8მტვ-1“ და „მი-8ამტ“ ვერტმფრენები, სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, ბელარუსში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიგზავნა. ვერტმფრენების რემონტი 2019 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქარხანა ამ ვადის გადაწევას უკვე მეორედ ითხოვს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენის ძრავების მთელი რიგი დეტალები და მაკომპლექტებელი ნაწილები აღმოჩნდა წუნდებული, მთავარი რედუქტორი არ დაექვემდებარა რემონტს და ისინი გახდა ჩასანაცვლებელი, რასაც დასჭირდა დამატებითი დრო.

„ვერტმფრენის დეფექტაციის პროცესში გამოვლენილი რემონტისთვის უვარგისი ბლოკების, აგრეგატების და მაკომპლექტებელი ნაკეთობების (რომლებიც არ ექვემდებარება მომწოდებლის მიერ გამოცვლას), ან ექსპლოატაციის შეზღუდული ვადის მქონე აგრეგატების (რომლებსაც დარჩენილი აქვთ რემონტთაშორის რესურსზე ნაკლები ნაშთი) სანაცვლოდ, სარემონტოდ ვარგისი ბლოკების, აგრეგატების და რემონტთშორისი ექსპლოატაციის მქონე აგრეგატების სარემონტო ქარხნისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას… ორშის ავიასარემონტო ქარხანაში დეფექტაციის დროს, ორივე შვეულმფრენის საავიაციო ძრავების მთელი რიგი ძვირადღირებული აგრეგატები აღმოჩნდა წუნდებული, რომელთა გამოცვლა არ შედიოდა ძრავების კაპიტალური რემონტის ღირებულებაში. მხარეების მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, განისაზღვრა აგრეგატების, ბლოკების და ნაკეთობების ჩამონათვალი, რომლებიც არ დაექვემდებარა სარემონტო სამუშაოებს. დამატებითი სამუშაოების ჩატარებას დაჭირდა 2 თვე“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში, რომელიც შესყიდვების სააგენტოში გადაიგზავნა – ვერტმფრენების რემონტის დასრულების დროის გადავადების შეთანხმების მიზნით.

„ასევე, „მი-8ამტ“ ვერტმფრენის მთავარი რედუქტორი ВР-14 ორშის ავიასარემონტო ქარხნის მიერ სარემონტოდ ბელარუსიდან გაიგზავნა სს „ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა“-ში (რუსეთის ფედერაცია), იგი არ დაექვემდებარა რემონტს და დაუბრუნდათ უკან. პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, ხელშეკრულებაზე განხორციელდა დამატებითი შეთანხმება და 2019 წლის ივნისის თვეში შემცვლელი მთავარი რედუქტორი საქართველოდან გაიგზავნა ბელარუსში“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიაჩნია, რომ „ორშის ავიასარემონტო ქარხნის არგუმენტები არის არგუმენტირებული და მათი მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების თავდაპირველი ვადების გაზრდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და „მი-8მტვ-1“ ვერტმფრენის სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა გაიზარდოს 235 კალენდარულ დღემდე (მიწოდებიდან), ხოლო „მი-8ამტ-1“-ის – 295 კალენდარულ დღემდე“. შესაბამისად ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 28 სექტემბრამდე გადაიწევს.

შესყიდვების სააგენტოში სასაზღვრო პოლიციის განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღი კი 2019 წლის 29 აგვისტოა.

ვერტმფრენების ტენდერის გარეშე გარემონტების მიზნით პოლიციამ სააგენტოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა [შესყიდვის ღირებულებად, განაცხადის მიხედვით, მაშინაც და ახლაც, მითითებულია 6 886 629 აშშ დოლარი].

მაშინდელი განაცხადით სასაზღვრო პოლიცია ამტკიცებდა, რომ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული წესით უნდა მომხდარიყო. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ სასაზღვრო პოლიციის „ბალანსზე არსებული ერთადერთი „МИ“ მოდელის ვერტმფრენის ფრენა-საათების რესურსი იწურება, უახლოეს მომავალში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დარჩება აღნიშნული მოდელის საფრენი აპარატის გარეშე. ფრანგული წარმოების ვერტმფრენები კი, რთული რელიეფისა და კლიმატურ პირობების დროს დავალებების შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ“.

მთავარი ფოტო: “MI-8” ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამავე თემაზე „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

https://netgazeti.ge/news/212898/

https://netgazeti.ge/news/352703/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: