მთავარი,სიახლეები

მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ

26.08.2019
მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ

ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით.

„წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი პერიოდულად. ნოემბრიდან ივლისამდე თბილისში ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ჩამოვედი და წყალი გამითიშეს. მეხუთე დღეა მეზობლებიდან შემომაქვს წყალი ბოთლებით,“ – გვიყვება ლელა აბესაძე.

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრში თავდაპირველად განგვიმარტეს, რომ ლელა აბესაძეს მოსაწესრიგებელი აქვს შიდა კომუნიკაცია და ამას კომპანია ვერ გააკეთებს.

„ბათუმის წყლის“ ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა, შეადგინა შესაბამისი აქტი და აბონენტი ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა შემდგომი გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ აბონენტს ისევ მოუწესრიგებელი ჰქონდა კომუნიკაცია, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება და რადგან არ იყო გადახდილი, შეუწყდა წლის მიწოდება. სემეკის რეგულაციის მიხედვით „ბათუმის წყალი“ ვალდებულია დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს წყალმომარაგება და ხელი არ შეუწყოს ვალის გაზრდას,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია სოციალურად დაუცველ პენსიონერ და უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეს? – ვკითხეთ ბათუმის მერიას. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უხდის ფიქსირებულ კომუნალურ გადასახადს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას მოქალაქე ფარავს. მერიის პრესცენტრის განმარტებით,  პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერის სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის შიდა სისტემის მოწესრიგებაში ჩართულიყო. საბოლოო პოზიციის მისაღებად ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელთან დაგვაკავშირა. მარიკა გვიანიძემ გვითხრა, რომ თუ ეს „ძალიან დიდ ხარჯთან“ არ იქნება დაკავშირებული, „ბათუმის წყალი“ მოქალაქეს წყლის შიდა სისტემას მოუწესრიგებს.

„როგორც ჩემი თანამშრომლები მიყვებიან, აქამდე მასთან ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია, რომ შევსულიყავით ბინაში და გადამოწმებულიყო შიდა ქსელი… ზოგადად, ჩვენ არ ვერევით შიდა სისტემაში, მაგრამ გამონაკლისი შეიძლება დაიშვას და ამ სუბსიდიას მერია აუნაზღაურებს. ჩვენ ამ კუთხით არ გვქონია გამოცდილება აქამდე. რაც შეეხება დავალიანებას, შუამდგომლობას გავუწევთ სემეკთან მის ჩამოწერაზე, რადგან წყალი მართლაც შიდა სისტემის მოუწესრიგებლობის გამო იკარგებოდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ.

ლელა აბესაძე

ლელა აბესაძის აბაზანა, სადაც წყლის სისტემა მოიშალა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: