გადის თუ არა ავტობანი ბათუმში იმ ნაკვეთზე, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობა, სვიშევსკის ქუჩის N1-ში მდებარე ნაკვეთზეა დაგეგმილი. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ამ ნაკვეთზე ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი] გადის. ამ ნაკვეთზე უნდა აშენდეს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობაც.

კომაროვის სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგისთან“ – 11 399 994 ლარზე.

„ბლექსის“ შენობისთვის კი, რომელსაც ახლა აპროექტებენ, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო ტერიტორია 70352 კვ/მ-ია, თუმცა, „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ უნდა აშენდეს ამ ნაკვეთზე ორი სასწავლო კომპლექსი, ჩქაროსნული მაგისტრალი და როგორაა ეს არქიტექტურულად გადაწყვეტილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „დაგის“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს ახორციელებს.

ტერიტორია [ლურჯი ხაზით შემოსაზღვრული], სადაც კომაროვის სკოლა და კოლეჯი „ბლექსი“ უნდა აშენდეს და რომელსაც ბათუმის შემოვლითი გზა კვეთს [წითელი წყვეტილი ხაზი] / რუკა სატენდერო დოკუმენტებიდან
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა, პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ნაკვეთთან ახლოს გაივლის. იქვე მოეწყობა საავტომობილო კვანძი, რომელიც ამ ნაკვეთიდან დაახლოებით 170 მეტრით იქნება დაშორებული.

ნაკვეთი [წითელ ხაზში], სადაც კომაროვის სკოლა და კოლეჯი უნდა აშენდეს და ტერიტორია მის მომიჯნავედ, სადაც ბათუმის შემოვლითი გზისა და საავტომობილო კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს / ფოტოს წყარო google
„ბათუმელები“ სააგენტოსგან და მშენებელი კომპანიისგანაც ელოდება პასუხებს, რასაც აქვე მოგაწვდით.

დღეს არსებული გეგმით, კომაროვის სკოლის და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობები 2020 წელში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში 2020 წლის სექტემბრამდე უნდა აშენდეს – ტენდერი

გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი

ვალენბერგის #4-ში მოქალაქეს ე.წ. ავტოკაფე სკვერში, სასეირნო ბილიკზე აქვს განთავსებული. აქ მცხორებლების ინფორმაციით მოქალაქე ირწმუნება, რომ მერიისგან შესაბამისი ნებართვა აქვს მიღებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს.

ბათუმის მერიაში განგვიმარტეს, რომ ნებართვა ჰქონდა, თუმცა ვადა გაუვიდა და ახალი ჯერჯერობით არ გაუციათ.

მერიის ეკონომიკური სამსახურის ნებართვების განყოფილების  უფროსმა თამაზ გოგიტიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ „საკითხი ვიზირებაზეა გადაცემული“ და ამ მოქალაქეს „სავარუდოდ ნებართვას მისცემენ“, თუმცა საკითხის გარკვევის შემდეგ გადაიფიქრა:

„არასდროს შემოსულა საჩივარი, თუ ასეთი საჩივარი არის,  ჯერჯერობით შევაჩერებთ ნებართვის გაცემის პროცესს და ადგილზე გავარკვევთ რა ხდება, რადგან ფოტოთი ვერ ვიმსჯელებთ.“ – გვითხრა თამაზ გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს კაფე იმავე ადგილზე ხუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და „ამ დრომდე პრობლემა არ ყოფილა“.

სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესი – EMC-ის განცხადება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება. ცენტრი განათლების სამინისტროს აჭარაში სახელმწიფო განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლასა და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

საუბარია 30 ოქტომბერს სხალთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ასახულია სხალთის ეპარქიის სასულიერო პირების, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორების შეხვედრა.

„როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, შეხვედრა შედგა ქედის რესურსცენტრის შენობაში და ის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ვრცელი ისტორიული ექსკურსი წარმოადგინეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ, რომელიც მეტწილად კონფესიური და არამეცნიერული პერსპექტივით იყო გაზიარებული. მომხსენებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ აჭარის რეგიონის განსაკუთრებულ როლს საქართველოს გაქრისტიანების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში სასულიერო პირებმა სკოლის დირექტორები დაავალდებულეს, აჭარის ქრისტიანული წარსულის შესახებ ისაუბრონ სკოლებში, რასაც მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ზოგიერთი სკოლის დირექტორი დაეთანხმა კიდეც. მაგალითად, სოფელ ოქტომბრის სკოლის დირექტორი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მათი [სკოლის დირექტორების] ვალდებულებაცაა, რომ განხილული საკითხი მიიტანონ აღსაზრდელებთან, რათა „მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას.“ დირექტორმა დამატებით მიუთითა, რომ სამღვდელოებისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამ მიზნით მღვდლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასევე შეხვდებიან. სოფელ დანდალოს სკოლის დირექტორი ასევე უთითებს, რომ ეკლესიის თავდადებამ გადაარჩინა საქართველო და სწორედ „ამ სასწაულის“ დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო ფეხზე დგას“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშკარაა, რომ ადგილობრივი რესურსცენტრის ორგანიზებით, მხარდაჭერითა და მისი რესურსების გამოყენებით, საჯარო სკოლის დირექტორების მონაწილეობა არსებითად კონფესიური შინაარსის ღონისძიებაში, სადაც დირექტორები ღიად საუბრობენ მართლმადიდებლურ რწმენაზე მოსწავლეების მოქცევისა და ქრისტიანობაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებითად არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარიზმის პრინციპს და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრ მოთხოვნებს რელიგიური გაერთიანებებისგან საჯარო სკოლების დამოუკიდებლობისა და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” ასევე უთითებებს სკოლის დირექტორისთვის რელიგიურ პროპაგანდის აკრძალვას და თანაბარი ყურადღების გამოჩენას ვალდებულებას ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის მიმართ“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 30 ოქტომბრის შეხვედრის შინაარსი და სკოლის დირექტორების რიტორიკა იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მაღალმთიან აჭარში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას ახდენს და ქრისტიანობაზე დაბრუნების აგრესიულ და გამრიყავ პოლიტიკას ატარებს.

„სამწუხაროდ, ქართველი მუსლიმების ინდოქტრინაციის ეს აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც დამოუკიდებლობის შემდეგ აჭარაში საპატრიარქო ეწევა, მხარდაჭერილია პოლტიკური ხელისუფლებების მიერ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც მუსლიმებით დასახლებულ მაღალმთიან აჭარაში სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს და რეგულარულ დაფინანსებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს. 30 ოქტომბრის შეხვედრა ინდოქტრინაციის ამ პროცესში სკოლის დირექტორების ჩართვისა და მათი „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესს აჩვენებს, რაც პრობლემურია არა მხოლოდ ამ სკოლების მუსლიმი მოსწავლეების უფლებების დარღვევისა და გარიყვის რისკების გამო, არამედ მთლიანად ამ რეგიონებში მცხოვრები მუსლიმი თემისთვის სამართლიანი და ინკლუზიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს ეკისრება.

არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა გაიაზრონ (განსაკუთრებით რელიგიური/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში) რელიგიურად ნეიტრალური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა, რომელიც დემოკრატიული, თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის მშენებლობის მნიშვნელოვანი ღერძია და მისმა დარღვევამ უმცირესობების ჯგუფებში ექსკლუზიის და უფლებააყრილობის განცდა შეიძლება გააჩინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს და აჭარის განათლების სამინისტროებს,  შეისწავლონ ქედის რესურსცენტრში გამართული შეხვედრის ორგანიზებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელის და სხვა თანამშრომლების, ასევე სკოლის დირექტორების მონაწილეობის საკითხი და მიიღონ ადეკვატური, მათ შორის, დისციპლინური ზომები მათ მიმართ;

აღკვეთოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ეგიდით საჯარო სკოლის მასწავლებლების რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკა, რომელიც არა ერთ რეგიონში გვხდება;

გაითვალისწინოს აჭარის რეგიონის რელიგიური და კულტურული კონტექსტი და პროაქტიული ზედამხედველობა, გაუწიოს აჭარაში მოქმედ საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის პროცესს;

საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

________

მთავარ ფოტოზე: კადრი ქედაში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან.

 

სარფის საბაჟოზე მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო გადაჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მ.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8 323  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (100.26 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა.

„ისევ კრიტიკულად მძიმეა“ – ქობულეთში ავარიაში მოყოლილი გოგოს მდგომარეობა

„მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისევ მართვით სუნთქვაზეა“, – გვითხრეს კომპანია „ევექსის“ პრესცენტრში იმ არასრულწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 29 ოქტომბერს ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. ამავე კლინიკაში ასევე მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბიჭი, თუმცა ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“.

არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი – კლინიკაში მოათავსეს. ამ დრომდე ერთი არასრულწლოვანი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება, მეორე – „ევექსის“ ბათუმის კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მკლავჭიდის ორი ახალი მსოფლიო ჩემპიონი აჭარიდან

რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 18 წლის მარიამ ნოდია და 19 წლის დიტო ბუკია მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ნოდიამ ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მან მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა.

მარიამი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია.

დიტო ბუკია 19 წლისაა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მკლავჭიდში უკვე მეორედ მოიპოვა. რუმინეთის მსოფლიო ჩემპიონატზე მან 60 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა 21 წლამდელებს შორის.

ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში ახლაც მიმდინარეობს და 3 ნოემბრამდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ნოდიამ აჭარიდან 2017 წელს თბილისში გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატში 400 სხვა სპორტსმენთან ერთად მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა 14 წლის ასაკში – 70 კგ წონით კატეგორიაში.

ყოფილი ცოლის დედის განზრახ მკვლელობისთვის პირს 23 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი ხ.ყ. დაახლოებით 00:30 საათზე, ყოფილი მეუღლის – ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას – დ.კ.-ს და მამას ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ნ.რ.-ს და ვ.დ. -ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა.

ბათუმში სამი ტყუპი გაჩნდა – ორი გოგო და ერთი ბიჭი

დღეს, 1-ელ ნოემბერს, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სამი ტყუპი დაიბადა, ორი გოგო და ერთი ვაჟი.

ინფორმაციას ახალდაბადებული ტყუპების ფოტოსთან ერთად ჯანმრთელობის ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს.

ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა  იმართება USAID-ის პროექტის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG). 30 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ჯეისონ, რა საფრთხეს ხედავთ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეგულაციების დაწესებას. სამოქალაქო სექტორმა, ცენზურის ამოქმედების მოტივით, ეს პროცესი შეაფასა, როგორც „ნაბიჯი უკან“. 

როცა სიძულვილის ენის რეგულირებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების და თანასწორობის საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება. საინტერესოა, ამ რეგულირებით ხომ არ ვაზიანებთ გამოხატვის თავისუფლებას? სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა სხვადასხვა რამეს  ნიშნავდეს. რეგულაციების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანმა პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით აღარ ილაპარაკოს საერთოდ ან მართლაც დაეკისროს პასუხისმგებლობა.

მედიისთვისაც ანალოგიურია ეს საფრთხე: მედიამ შესაძლოა თვითცენზურა აამოქმედოს. ეს აძლევს ბერკეტს ხელისუფლებას, რომელი გამოსვლა დაუშვას, რომელი – არა. ამით ხელისუფლებას აძლევ საშიშ ბერკეტს. შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანია გამიჯვნა, ნათქვამი უბრალოდ შეურაცხყოფაა, თუ ეს უბიძგებს ადამიანებს გარკვეული, რადიკალური ქმედებებისკენ.

  • თვითრეგულირების ნაცვლად სახელმწიფო რეგულაციები – ეს არის მთავარი საფრთხე?

მე შემიძლია გესაუბროთ ამერიკული გამოცდილების შესახებ. ჩვენ არ ვარეგულირებთ მსგავს გამოსვლებს, რომელიც არის არაეთიკური. ჩვენ  მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რეგულირებას ვახდენთ, ანუ, მაგალითად, ისეთი მოწოდებების, რომელიც არაკანონიერი ქმედებებისკენ მოუწოდებს ვინმეს, იწვევს მყისიერ არეულობას, ან ამ არეულობის საფრთხეს ქმნის. ამ დროს, ამ ტიპის დავებში, ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტი და ზიანი – რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ქმედებამ.

  • მინდა გკითხოთ ერთ საქმეზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ახლა განიხილავს. სარჩელის ავტორები არიან პირები, რომლებიც პორნოგრაფიის გავრცელებისთვის დასაჯეს. მათ მიაჩნიათ, რომ კანონის ჩანაწერი პორნოგრაფიის შესახებ ბუნდოვანია. იმავე კანონით, მაგალითად, შსს-მ შეზღუდა გასპარ ნოეს ცნობილი ფილმის – „სიყვარულის“ ჩვენებაც. 

ეს რთული საკითხია, რადგან სხვადასხვა რეგულაცია არსებობს. შეერთებულ შტატებში კანონით განსაზღვრული „უხამსი საქციელი“ ძირითადად მიემართება მხატვრულ ლიტერატურას და ფილმებს. უხამსად უნდა მიიჩნიონ ის პროდუქტი, სადაც მხოლოდ ვნებაა აღწერილი და მას სხვა სოციალური ღირებულება არ აქვს. რეალურად, შეერთებულ შტატებში ეს მკვდარი ნორმაა, რადგან არ არსებობს ბოლო წლებში ადამიანი, ვინც ამისთვის დასაჯეს, ან „უხამსი საქციელის“ შემცველი წიგნი, ან ფილმი აკრძალეს. აკრძალვები შეეხება მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიას, რაც მკაცრად კრიმინალიზებულია და ასევე, მოზარდების წვდომას ამ ტიპის მასალებზე. სამაუწყებლო კომპანიებს ასევე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი შინაარსის ფილმი გვიან ღამით უნდა გაუშვან.

  • რატომ არ დაუსჯიათ არავინ: განმარტებაა ბუნდოვანი, ამ მუხლით არავინ დაუკავებიათ, თუ სასამართლოს მიდგომაა ლიბერალური? 

არსებობს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის – სტიუარტის ცნობილი გამონათქვამი – რთულია თქვა, რა არის უხამსი საქციელი, მაგრამ როცა დაინახავ მას, იცი, რომ ის უხამსობაა. სამოციან წლებში ხშირად განიხილავდნენ ამერიკელი მოსამართლეები წიგნებს და ფილმებს, სადაც შესაძლოა ყოფილიყო უხამსი საქციელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდათ ერთიანი მიდგომა, ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამდა ამას. მოსამართლეები საერთო განმარტებამდე ვერ მივიდნენ. ამას მიჰქონდა დიდი დრო და ენერგია. რეალურად, მოსამართლის დრო სხვა რამეში უნდა დაიხარჯოს.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნუგზარ სხირტლაძემ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუკი იგი სხვის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. ის არაა გამონაკლისი, ვინც ასე ფიქრობს. თქვენი აზრით და დასავლური სტანდარტით, ეს მოსამართლის შეფასებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ არსებობს რაიმე სტანდარტი? 

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნება, თავად მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი, მოქალაქეებმა თქვან, რა არის მათთვის შეურაცხმყოფელი და რა – არა. არ ვეთანხმები იმას, რომ სახელმწიფომ ცენზურა დააწესოს ამ კუთხით.

  • კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეხება – ცილისწამება, რომლის დასჯადობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა. 

არსებობს ცნობილი საქმე „ნიუ იორკ თაიმსი საივანის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ დაადგინა მაღალი სტანდარტი ამ კუთხით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დეფამაციის [განზრახ ან უსაფუძვლო ზიანის მიყენება სხვა პირის სახელისა და რეპუტაციისათვის წერილობით ან ზეპირად არსებითად მცდარი ცნობების გავრცელების გზით] დასადასტურებლად საჭიროა გაირკვეს, რამდენად იყო გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი, ასევე რამდენად სერიოზული ზიანი მიადგა მხარეს და იყო თუ არა ეს განზრახ. სასამართლომ ასევე თქვა, რომ დეფამაციისთვის, როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება არის ძალიან საშიში გამოხატვის თავისუფლებისთვის, რადგან ეს ძირითადად საჯარო მოხელეებს ეხება. მსგავსი რეგულაციების შემოღებაზე, როგორც წესი, საუბრობს ის, ვინც კრიტიკის საგანია. რამდენიმე შტატში დეფამაცია არის მცირედით მაინც კრიმინალიზებული, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მისი გამოყენება პოპულარული არ არის.

  • სად გადის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი? მაგალითად, გასულ წელს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამოქალაქო აქტივისტ ზვიად კუპრავას. მან სასამართლოს სასადილოში მოსამართლეს შეაგინა. 

მსგავსი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციით იქნებოდა დაცული, თუკი ეს სხდომათა დარბაზში არ მოხდა და იყო სასადილოში. ამერიკული კანონმდებლობით, მოქალაქე მხოლოდ სამოქალაქო წესით დაისჯებოდა, თუკი ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფდა ან შეაგინებდა მოსამართლეს.

  • საინტერესოა კიდევ ერთი შემთხვევა სასამართლო დარბაზში გამოხატვის თავისუფლების კუთხით: თბილისის საქალაქო სასამართლოში არ შეუშვეს აქტივისტები, რომლებსაც მაისურებზე ჰქონდათ წარწერა: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს“. 

ამ შემთხვევაში სტანდარტი არის განსხვავებული იმის მიხედვით, თუ სად აცვიათ ეს მაისური: სასამართლოს შენობის გარეთ, შიგნით თუ სხდომათა დარბაზში. რეალურად ამერიკელი მოსამართლე გაითვალისწინებდა იმას, თუ რამდენად შეეძლო ამ ადამიანების ყოფნას არეულობის გამოწვევა სხდომათა დარბაზში. მოსამართლეს მოუწევდა, განეხილა ეს საკითხი და შესაბამისი დასაბუთება ეთქვა ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუშვებდა სხდომათა დარბაზში. შესაძლოა, ასევე, პრობლემა ყოფილიყო, თუკი საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ და წარწერებს რეალურად გავლენა მოეხდინა მსაჯულებზე. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებდა.

  • როგორია თავად მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი. საქართველოში მხოლოდ იმ რამდენიმე მოსამართლეს ვხედავთ ეკრანებზე, რომლებსაც სისტემის შიგნით „ლიდერად“ მოიხსენებენ. 

მოსამართლეები ამერიკაში და განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩანან კამერების წინ. აქ, უბრალოდ, ორი საკითხია: სამართლებრივი და ეთიკური. მოსამართლეები არ საუბრობენ იმ საქმეების დეტალებზე, რომლებიც თავად განიხილეს, თუმცა შესაძლოა, მოსამართლემ თქვას, რომ სასჯელის ზომას, რაც კანონით განსაზღვრულია და მან კონკრეტულ საქმეზე გამოიყენა, არ ეთანხმება. მოსამართლეები მონაწილეობენ საჯარო დებატებშიც, სადაც სამართლებრივ პოლიტიკას განიხილავენ, გამოხატავენ საკუთარ აზრს. რეალურად, ყველაზე ხშირად პენსიაში გასული მოსამართლეები ლაპარაკობენ საჯაროდ სხვადასხვა თემაზე.

  • თქვენ მუშაობთ საზოგადოების დარწმუნების კუთხით, როგორც მეცნიერი და ჩართული იყავით აშშ-ს წინასაარჩევნო კამპანიებში. თქვენი აზრით, რა იქნება ტრამპის და მისი კონკურენტების მთავარი გზავნილები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე? 

ის, რაც ყველა არჩევნებზეა: ოპონენტები ისაუბრებენ ძირითადად არსებული პრეზიდენტის პოლიტიკაზე, მას გააკრიტიკებენ, თავად ტრამპის გზავნილები კი შეეხება როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებს, ასევე ოპონენტების რესურსებს. ყველაზე აქტუალური ისევ იქნება ეკონომიკა და თემა – როგორ აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე, მეორე საკითხი, რაზეც ყველაზე დიდი ინტერესია, არის ჯანდაცვა. აქტუალური იქნება ასევე უსაფრთხოების საკითხები და ის, თუ რა ადგილი ექნება შეერთებულ შტატებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

  • როგორ მუშაობს კომუნიკაციის სისტემა შეერთებულ შტატებში? რა ბერკეტი აქვს ამერიკელ მოქალაქეს, რომ ის კანდიდატმა არ მოატყუოს ცრუ დაპირებებით?

პოლიტიკოსები ჩვენთანაც გასცემენ დაპირებებს, რომლებიც ვერ სრულდება, მაგალითად, გახსოვთ ტრამპის დაპირება მექსიკის კედელთან დაკავშირებით. ობამასაც ჰქონდა დაპირება ჯანდაცვის პროგრამებზე, რაც სრულად ვერ განხორციელდა, თუმცა მოქალაქეებისთვის ეს ყველაფერი გაკვეთილია. პოლიტიკოსებმა იციან, რომ მათ ამომრჩეველი დასჯის, თუკი დაპირებებს ვერ ან არ შეასრულებენ, მაგალითად, ბუში დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ გადასახადებს არ გაზრდიდა, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემა შეიქმნა ბიუჯეტში, რომ გადასახადები მაინც გაზარდეს. ბუშმა სცადა ამის ახსნა, მაგრამ ის აღარ აირჩიეს.

მეორეცაა – ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო დებატების კულტურა, რაც არაგონივრული და ცრუ დაპირებების გაცემას ზღუდავს. წინასაარჩევნო დებატებში კანდიდატები ძირითადად წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებში ლავირებენ.

ბათუმში სამი სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ – რას პასუხობს მერია მათ 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ამ მარშრუტზე #29 მიკროავტობუსების მოძრაობას აპროტესტებენ. ამჟამად ამ მარშრუტზე მოძრავი 31-ე, 24-ე და 21-ე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები არიან გაფიცულები.

მძღოლების თქმით, 29 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსი მათ მგზავრებს აკლებს.

ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, ისინი ამ ქუჩაზე 29-ე მიკროავტობუსის მოძრაობას აპროტესტებენ

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლებს უფლება არ აქვთ, რომელიმე მიკროავტობუსის მოძრაობის აკრძალვა მოითხოვონ ამ მარშრუტზე, რადგან კონკურსში მონაწილეობის დროს, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ.

„ჩვენ არ ვაპირებთ მძღოლებთან საუბარს, დაველაპარაკებით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მიიღეს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ გაფიცვის ან სხვა შემთხვევაში, სამი დღით ადრე უნდა აცნობონ მერიას, რომ მოსახლეობა მომსახურების გარეშე არ დარჩეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში, გაუუქმდებათ ხელშეკრულება და გამოცხადდება ახალი კონკურსი,“ – ამბობს  ემზარ ქავჟარაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის გაფიცული არიან შპს „აჭარტრანსრეგულირების“, შპს „ჯორჯიან ტრანსის“  და შპს „ავტოტრანსის“ მიკროავტობუსები.

ფიროსმანის ქუჩაზე მიკროავტობუსები არ მოძრაობენ

29 ნომერი მიკროავტობუსი თამარის დასახლებიდან მოძრაობს გორგასლის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ გადადის ფიროსმანის ქუჩაზე და მიდის ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით.

„მძღოლებს წერილობით მივცემთ გაფრთხილებას, პირველ ეტაპზე არ დავაჯარიმებთ, მაგრამ განმეორების შემთხვევაში, შევუწყვეტს ხელშეკრულებას და ხელმეორედ გამოვაცხადებთ კონკურსს.

ეს არის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხაზები, რომლებიც ზაფხულში დამტკიცდა, შემდეგ, აგვისტოს თვეში, ამ ხაზებზე გამოცხადდა კონკურსი და თუ რაიმე პრობლემა ჰქონდათ, მაშინ კონკურსში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა კომპანიებს,“ – ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

სუბტროპიკულ ზონაში მოსალოდნელია სეტყვა – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 1-ლი ნოემბრის 21 საათიდან 2 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

სუბტროპიკულ ზონაში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, მაღალ მთაში კი მოსალოდნელია თოვა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 8-13 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი 
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 18 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 15-30 დმ  – 4-5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას გამოიდარებს და 3, 4 და 5 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ოპოზიცია „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულებისთვის ინვესტორის მოძიებას ითხოვს

ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკითხი ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოში დღის წესრიგში პირველად მოხვდა, თუმცა უმრავლესობამ  მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. უარის მიზეზი იყო მოტივი, რომ კომისია, რომლის შექმნასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, ისედაც შექმნილია და მუშაობს.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია კომისიის შექმნას შპს „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ითხოვდა.

სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფი“ ბათუმში, თამარ მეფის #1-ში მრავალბინიან სახლს აშენებდა,  კომპანიას ბინების შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა მომავალ მესაკუთრეებთან, რომლებმაც ამ ბინების ღირებულება კომპანიას წინასწარ გადაუხადეს. კომპანიამ ბინის მშენებლობა ვერ დაასრულა, შესაბამისად აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა.

ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ, როგორც სოციალური თანასწორობის გარანტმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს დაზარალებული ოჯახების პრობლემების შესასწავლად. ფრაქციაში მოიაზრებენ, რომ ამ ჯგუფმა პროექტის დასრულების მიზნით ინვესტორის მოძიება უნდა შეძლოს.

„თუნდაც დავაინტერესოთ იმით, რომ გადავცეთ სხვა ნაკვეთი სიმბოლურ ფასად“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ სხდომაზე.

„სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, 2017 წლის ბოლოს კი მშენებლობა შეჩერდა. აქციაზე შეკრებილების თქმით, კომპანიის ორი მესაკუთრე დააკავეს, ხოლო მერიამ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გამოსცა განკარგულება. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა.

„დედამიწა ისევ ბრუნავს, ამის შეხსენება მინდოდა“ – ბსუ-ს ფიზიკის სტუდენტი

„ყოველთვის, როცა ამ „ფუკოს ქანქარას“ ჩავუვლი, მახსენდება, რომ დედამიწა მრგვალია და ისევ ბრუნავს. ეს არის გზავნილი, რომ დედამიწა მოძრაობაა, ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა გავჩერდეთ,“ – ასე მიხსნის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სურმანიძე „ფუკოს ქანქარის“ უნივერიტეტის ფოიეში მოწყობის იდეას. ანა ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში ცნობილი „ფუკოს ქანქარის“ ანალოგი მოაწყო.

უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტებიც ვერ უვლიან გვერდს გულგრილად „ფუკოს ქანქარას“. ზოგი ამბობს, რომ მოწყობილობას უბრალოდ დროის გაგების გამო უყურებს, ზოგს ქანქარა უმბერტო ეკოს ცნობილ რომანს ახსენებს, ზოგს დედამიწა ახსენდება და ზოგისთვის ეს მოწყობილობა მხოლოდ სილამაზეა.

„მე სივრცეს მახსენებს. მგონია, რომ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება სივრცე, სად ვართ,“ – მიყვება ანა და თან ქანქარას მუშაობის პრინციპს მიხსნის: უწონად უჭიმავ ძაფზე დამაგრებული ბურთულა მოძრაობს. ბურთულის ქვემოთ 360-გრადუსიანი სიბრტყეა, სადაც მიმართულებებია დატანილი.

„როცა ბურთულა ირხევა, თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, როგორ წაინაცვლებს იგი. ერთი საათის განმავლობაში 10 გრადუსით ინაცვლებს. ასე და ამგვარად დასტურდება, რომ დედამიწა ბრუნავს,“ – აღნიშნავს ანა და განმარტავს, ფუკოს ქანქარა სამყაროს სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა გრადუსით რომ გადაადგილდება. „ეს დამოკიდებულია, რომელ განედზე ვიმყოფებით,“ – დასძენს ანა და ბურთულის რიტმულ მოძრაობაზე აჩერებს მზერას.

რატომ ფიზიკა? – კითხვაზე ანა სურმანიძე მპასუხობს, რომ ეს მეცნიერება ბავშვობიდან უყვარს, როცა ფიზიკოს მამას სამყაროზე, ელვასა თუ წვიმაზე კითხვებს უსვამდა.

„თავიდან უფრო ასტრომონია მიყვარდა… ფიზიკა ჩემთვის არის მეცნიერება, სადაც იღებ კითხვებზე პასუხს, რომელიც დასაბუთებულია კონკრეტული თეორემებით და ფორმულებით. აქ არ არის მნიშვნელოვანი სუბიექტური აზრი. აქ საჭიროა ფაქტები,“ – მიამბობს ანა, რომელსაც იქვე, უნივერსიტეტის ფოეიში გავესაუბრე.

ანა დარწმუნებულია, რომ იმ სტერეოტიპების დამსხვრევას შეძლებს, რაც ქალი მეცნიერების მიმართ არსებობს. მისთვისაც უთქვამთ, რომ „ფიზიკა და მეცნიერება ქალის საქმე არ არის, რადგან რთულია“.

„უთქვამთ, რომ ეს რთულია ქალისთვის. რამდენიმე ახლობლისგან მომისმენია, კარგია ფიზიკა, მასწავლებელი გახდები და სკოლაში იმუშავებო. სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ შენში, როცა ქალი ხარ… მსგავსი ფრაზები არ მადარდებს. პირიქით, სტიმულს მაძლევს, რომ უნდა გავძლიერდე.

ინფორმაციაც არ გვაქვს ხშირად იმ ქალ მეცნიერებებზე, რომლებიც, მაგალითად, ფიზიკის მიმართულებით მუშაობენ,“ – ამბობს ანა.

ანა სურმანიძემ ჯერ არ იცის, რა მიმართულებით იმუშავებს. ამჟამად, როგორც ფრილანსერი, ბანერების და ლოგოების დამზადებაზე მუშაობს, აინტერესებს კიბერუსაფრთხოებაც.

„ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეიძლება გავაგზავნოთ სოციალურ ქსელში. ხშირად უტეხავენ მეგობრებსაც ფეისბუკგვერდებს… მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება,“ – მიყვება ანა.

ფიზიკის სტუდენტის ინტერესი ამჯერად პლანეტა მარსზე მიმდინარე მოვლენებია. იგი  ყველა სიახლეს ეცნობა, რასაც NASA და სამეცნიერო ორგანიზაციები აქვეყნებენ მარსზე მიმდინარე აღმოჩენებთან დაკავშირებით.

„მახსოვს, ბავშვობაში მქონდა სურვილი, ადამიანი უკვდავი ყოფილიყო,“ – იხსენებს ანა სურმანიძე, – „ფიზიკის მასწავლებელმა მაშინ მითხრა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ამდენი ადამიანი დედამიწაზე ვერ დაეტევა… მაშინაც მქონდა კითხვა: რატომ იყო შეუძლებელი, გვეცხოვრა სხვა პლანეტაზეც? ახლა უკვე რეალურად არის საუბარი ბაქტერიებით მარსზე ახალი სიცოცხლის შექმნაზე. მე მჯერა, რომ მარსზეც იქნება სიცოცხლე. ჩემი უდიდესი ოცნებაც ესაა: მარსზე მინდა გაფრენა,“ – ასრულებს ანა.

 

ხელვაჩაურში სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებული ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზ “დავითთან” ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებიდან არაფერი მოუპარავთ.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ოთხი სხვადასხვა ავტომანქანის შუშა. ადგილობრივები “ბათუმელებთან” ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მისტიკური ჩირუხი – ადგილი, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი

მოგზაურობის დაწყებისკენ ადამიანს ბევრი რამ უბიძგებს, ეს შეიძლება იყოს დასვენების სურვილი რთული და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, ან ახალი ადგილების აღმოჩენისკენ სწრაფვა და თავგადასავლები, ან სულაც სტრესი, რომლისგანაც თავის დაღწევა გსურთ.

რა ხდება მაშინ, როცა ხვდები, რომ დასვენება გჭირდება? იწყებ ფიქრს, სად წახვიდე. ბათუმთან ახლოს ან ცოტა მოშორებით ბევრი კარგი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურობას გაექცეთ. დღეს მთა ჩირუხზე მოგიყვებით, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი, ძნელი იმიტომ, რომ რთულია იმ სიმშვიდის, სიფერადისა და უსასრულო პეიზაჟის დათმობა, რომელიც იქ დაგხვდებათ.

გზა მთა ჩირუხისკენ მარეთის ხეობაზე გადის. უცნაური და საინტერესო გზაა. ჯერ დაბლობს მიუყვება ოლადაურამდე, ოლადაურის ფერისცვალების ეკლესიასთან გზა მაღლა-მაღლა მიიწევს და მთის ფერდზე მიდის. გზიდან ხედი მთელს ხეობაზე იშლება. წელიწადის ყველა დროს ეს გზა ლამაზი და მისტიკურია. გაზაფხულსა და ზაფხულში სიმწვანეში ჩაფლული, შემოდგომაზე ოქროსფერად გადანათებული, ზამთრობით კი ნინო ჩაკვეტაძის ნახატს ემსგავსება მთელი ხეობა,  გადათეთრებული ხეებით, ძველი ხის სახლებზე დადებული თოვლით და ამ სახლებიდან ამოსული კვამლით. თუ ზამთრის პეიზაჟების გადაღება გიყვართ და თან ფოტოგრაფი ხართ, პირველ რიგში, თქვენ გირჩევთ ამ ხეობაში მოგზაურობას.

მარეთის ხეობაში გამავალი გზის ბოლოს მთა ჩირუხია, ზემო აჭარაში მცხოვრებთა საზაფხულო იალაღი, რომელსაც აქვს შანსი, ერთ დღეს ზამთრის კურორტადაც იქცეს. ჩირუხში მოსახლეობა ადრე გაზაფხულზე ადის და გვიან შემოდგომაზე ბრუნდება სოფელში.

[gray_box]რას ნახავთ ჩირუხში?[/gray_box]

ალპურ ზონაში მუქი ყავისფერი ხის სახლები დგას. ყოველ გაზაფხულზე ამ სახლების კარი იღება, ღობეები ცხოველებით, ფრინველებით, მოფუსფუსე ადამიანებით და სიცოცხლით ივსება.

დილაობით  მამლის ყივილი, საქონლის ბღავილი, ეჟვნების ჟღარუნი და ახალგაღვიძებული ბავშვების ჟრიამულის ხმები ერთმანეთში ირევა. ახალმოწველილი რძის სუნს შეშის ღუმელზე მოდუღებული ყავის სუნი ერწყმის.

საღამოობით ყველა სახლის წინ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, კოცონი ინთება. კოცონის დანთება ერთგვარი რიტუალია. დღის მანძილზე მთის ფერდობებზე ხმელ ფიჩხს და ბალახს აგროვებენ, იმისათვის, რომ საღამოობით ცეცხლის ალმა გაანათოს ალპური მთის კალთები.

კოცონი

შეკრება კოცონთან ბინდის დადგომამდე იწყება. პატარები სახლიდან კარტოფილს ეზიდებიან, ნაკვერცხალზე აწყობენ და  წვავენ. როცა ბინდი ჩამოწვება, სახლის აივნებზე დედები გადმოდგებიან და ბავშვებს იქამდე ეძახიან, სანამ ბუზღუნ-ბუზღუნით არ წავლენ დასაძინებლად. კოცონი უფროსებს რჩებათ. ბევრი ამბავი იწყება ამ კოცონთან და ბევრი საშიში ან გამოგონილი ისტორია იქმნება.

ულამაზესია ალპურ ზონაში მდებარე ტბა. ცენტრალური გზიდან, რომელიც ერთ იაილას მეორესთან აკავშირებს, მარკირებული ნიშანი გიჩვენებთ, რომ გზის გადაღმა ტბაა. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მართლაც მიადგებით მწვანე ფერის ტბას,  რომელიც ალპური ყვავილებითაა გარშემორტყმული.

ჩირუხის ტბა

[gray_box]რა ვჭამოთ?[/gray_box]

საკვები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ წაიღოთ ბარიდან, მაგრამ ნუ შეიწუხებთ თავს. დაწნული ყველი, მაწონი, კაიმაღი – ეს მთაში დამზადებული ნატურალური პროდუქტებია, რომელთაც მემთეურები ბარში წასაღებად და გასაყიდად ამზადებენ. მთაში ასულებს შეგიძლიათ ეს ყველაფერი ადგილზე შეიძინოთ. თუ ნამდვილი გემოები გენატრებათ, სახლში გამომცხვარი ცხელი პურის სუნი ან უცხო, გემრიელი კერძები,  რომელიმე საზაფხულო სახლთან შეჩერდით და სთხოვეთ სადილი მოგიმზადონ. ბორანოს, ქალაჯოს ანდა სულაც სინორის მომზადებას  წუთები ჭირდება.

ყურუთი

[gray_box]როგორ  მივიდეთ?[/gray_box]

ჩირუხის იალაღებამდე მისასვლელი გზა გრუნტისაა, თითქმის ყველა ტიპის ტრანსპორტი მიდის, მსუბუქი ავტომანქანითაც შეიძლება თუ წასვლას გადაწყვეტთ, მაგრამ ბოლომდე მშვიდად რომ იყოთ გირჩევთ, მაღალი გამავლობის მანქანა შეარჩიოთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვეტთ სარგებლობას, ბათუმის ავტოსადგურში სოფელ შუბნისკენ მიმავალი მარშუტკა უნდა მოძებნოთ. თუმცა მანამდე წინასწარ უნდა გქონდეთ გარკვეული, თქვენ მიერ შერჩეულ დღეს შუბნიდან ჩირუხის მიმართულებით მოძრაობს თუ არა ტრანსპორტი. ყოველწლიურად შუახევის მერია სოფლებიდან მთის მიმართულებით უფასო  ტრანსპორტს ნიშნავს. ტრანსპორტი კვირის გარკვეულ დღეებში ემსახურება მგზავრებს. ამიტომ სასურველია, რომ თქვენი მოგზაურობა ამ დღეებს დაამთხვიოთ. თუ ასე არ გამოვა, სოფლიდან ჩირუხამდე  14-კილომეტრიანი გზის გავლა ფეხითაც შეგიძლიათ.

გზა ჩირუხისკენ ასეთ პეიზაჟზე გადის
გზაზე ასეთი ტრანსპორტით მოძრავი მემთეურებიც შეიძლება შეგხვდეთ

[gray_box]სად დავრჩეთ?[/gray_box]

ღამის გასათევად რამდენიმე ტურისტული თავშესაფარია, რომლებიც შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ. თუ კარვით ლაშქრობა გიყვართ, მაშინ ტურისტული თავშესაფარი არ დაგჭირდებათ. კარავი ყველაზე კარგი „სახლია“ ჩირუხში დასარჩენად. სპეციალური ადგილიცაა, სადაც კარავს გაშლით. იქვე ახლოს არის წყალი, კოცონის დასანთებად ფიჩხის მოგროვებაც არ გაგიჭირდებათ. ნაკვერჩხალზე მოხარშული ყავა, ნისლში გახვეული წიწვოვანი ტყის პეიზაჟი და უსასრულო სიმშვიდე, რომელიც გარემოს მოაქვს – ასეთი იქნება თქვენი დილა, თუ ღამის გათევას კარავში გადაწყვეტთ.

[gray_box]კიდევ სად შეგვიძლია წასვლა ჩირუხიდან?[/gray_box]

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი  – ეს ალპურ ზონაში გამავალი ახალი მარშრუტია. საფეხმავლო, ჯიპ  და ველოტურების მოყვარულებს მარკირებული ბილიკებით შეუძლიათ სარგებლობა.

მარშრუტი: მთა ჩირუხი

მანძილი: 105 კმ

დრო: 3/5 საათი

თეოლოგი: პატრიარქის მიმართ ჰომოსექსუალობის ბრალდება ახალი არ არის

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მეუფე პეტრე მღვდელთმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ, კითხვაზე, თუ რატომ დაატოვებინეს მას სასულიერო თანამდებობა, განაცხადა, რომ მან ამხილა „სინოდის თავმჯდომარე მამათმავლობაში“.

რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს დღევანდელ განცხადებებს საპატრიარქოში და გაჩუმდება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუკი მას შეიწყალებენ? – საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე „ბათუმელებთან“ თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საუბრობს.

  • ბატონო მირიან, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მას სინოდი უსამართლოდ მოექცა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

როგორც ეპისკოპოსების საუბრებიდან ირკვევა, როგორც ჩანს, სინოდმა თავიდანვე გადაწყვიტა პეტრეს დასჯა და გაჩუმება. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან არასამართლიანი ქცევა, როგორც პატრიარქის, ასევე მთელი სინოდის მხრიდან. თუ ასე არ მოხდა, მაშინ იძულებული ვართ დავადგინოთ, კონკრეტულად რა მოხდა და როგორ წარიმართა პროცესი.  შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ  სხდომაზე მეუფე პეტრემ პატრიარქს  უპირობოდ მოსთხოვა შეეწყალებინა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რაზეც პატრიარქმა მოითხოვა ალბათ დამატებითი კომენტარები, რაზეც შესაძლოა პეტრემ უხეშად უპასუხა.

  • ეპისკოპოსმა საბამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდმა პეტრეს სთხოვა მონანიება, რაც მან არ გააკეთა.

ჩვენ არ ვიცით, რის მონანიებას ითხოვდნენ პეტრესგან. რა უნდა მოენანიებინა პეტრეს? როგორც ჩანს, სინოდის სხდომის დაწყებისთანავე პეტრეს გაჩუმება და განყენება გადაწყვეტილი იყო, რამაც პეტრეს გაღიზიანება გამოიწვია და წავიდა ვა-ბანკზე. მე ადრეც ვთქვი „ბათუმელებთან“ ამაზე, რა მოხდება თუ დეკანოზი მამალაძე წავა ვა-ბანკზე, მაგრამ ეს სვლა გააკეთა არა დეკანოზმა, არამედ მეუფე პეტრემ, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ  მან გაიგო, მისი დასჯა გადაწყვეტილი რომ იყო.

  • მეუფე პეტრემ  მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზად დაასახელა ის, რომ მან სინოდის თავმჯდომარე ანუ პატრიარქი, მამათმავლობაში ამხილა. როგორ ფიქრობთ, რატომ “ამხილა” ახლა?

როგორც წესი, მხილება ხდება გარკვეული ფაქტის დადებით. ამის შემდეგ ლოგიკური იქნება გაირკვეს, რამდენად ემყარება მეუფე პეტრეს მხილება ფაქტოლოგიურ მასალებს, კონკრეტულად როგორ მოხდება ეს მხილება და რა სიტუაციაში წარიმართა. ამ საკითხს პასუხი უნდა გაეცეს.

  • ვინ უნდა გასცეს პასუხი, იმ სინოდმა, რომელმაც დღეს მეუფე პეტრე  გადააყენა ეპისკოპოსობიდან?

მე ადრეც დავწერე და ხშირად ვამბობდი, რომ სინოდი საქართველოში არის ფორმალობა, საქართველოში სინოდი არ არსებობს, რადგან სინოდში არის ხალხი, რომლის სახელი და გვარიც გაგონილი არ გვექნება. იქ არის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც შეარჩია პატრიარქმა და აკურთხა ეპისკოპოსებად.

სინოდში  4-5 პიროვნება თუ არის, რომელიც ცდილობს საყოველთაო ტოტალიტარიზმში რაღაც თავისი სიტყვა თქვას. მთავარია ის, რომ თემა დაიძრა. სხვათა შორის, პატრიარქის მიმართ მამათმავლობის ბრალდება ახალი არ არის და 80-იან წლებში იყო ასეთი ეპისკოპოსი, მეუფე შიო ავალიშვილი, რომელმაც საჯარო წერილში ბრალი დასდო პატრიარქს, ასე ვთქვათ, არანორმატიულ სექსუალურ ურთიერთობებში.

  • რატომ ჟღერდა ეს თემა პერიოდულად, ეს იყო პატრიარქის დაშანტაჟების ბერკეტი, თუ სისტემური გაჯანსაღების მცდელობებთან გვქონდა საქმე?

საერთოდ, მსგავსი პრობლემა ყველა დიდ ინსტიტუციას გააჩნია, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიასაც. ასეთი მომენტია ჯარში, ციხეში, იმ ინსტიტუციებში, სადაც ბევრი კაცია ერთად შეყრილი, რაღაც ჩაკეტილ სივრცეში.

აქ ასევე პრობლემაა ის, რომ პატრიარქმა თავის დროზე მოახდინა საქართველოს ეკლესიის არა როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, არამედ ის მიაბა საკუთარ პიროვნულ კულტს, შესაბამისად, პატრიარქის კრიზისი გადაბმულია ეკლესიის კრიზისთან და არა პირიქით. როცა საპატრიარქო რაღაც დიდ სკანდალში ეხვევა, აქ პატრიარქის იმიჯი არასდროს არ ზიანდება, საოცარი ურთიერთმიმართებაა.

  • საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა მეუფე პეტრემ გააპროტესტოს სინოდის ეს გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქთან. რამდენად მოსალოდნელია ეს და რას შეცვლის მათი ჩარევა ამ საქმეში?

მეუფე პეტრეს დარჩა ეს გამოსავალი, მაგრამ რა სახით უნდა მოხდეს და კონკრეტულად რა პროცედურებს შეიძლება მიმართოს, ნათელი არ არის. არც ისაა ამ ეტაპზე ნათელი, სინოდმა პეტრე გადააყენა მხოლოდ თანამდებობიდან, თუ განკვეთა, როგორც სასულიერო პირი. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. თუ განკვეთა, მაშინ პეტრემ ბოლომდე უნდა იბრძოლოს საკუთარი ღირსების დაბრუნებისთვის. თუ მხოლოდ ეპარქიის თანამდებობიდან გადააყენა, მაშინ შეიძლება ადგილობრივ დონეზე ამის მოგვარება.

  • ხშირია საუბარი იმაზე, რომ ამ პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია. არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების წინ შესაძლოა გავრცელდეს ფარული კადრებიც სასულიერო პირებზე, თქვენ რა დოზით ხედავთ პოლიტიკურ ინტერესებს ამ პროცესებში?

არსებობს როგორც შიდა დაძაბულობა საპატრიარქოში, ასევე გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიც არის მიბმული ამაზე, მაგრამ ეს კონკრეტული კრიზისი შიგნით დაიწყო და პოლიტიკური ბატალიების სცენას სცილდება. ერთადერთი პოლიტიკური განზომილებაა ასევე ის, რომ ამ საკითხებზე თეოლოგები და სპეციალისტები კი არ მსჯელობენ, არამედ  პოლიტიკოსები.

  • ითქვა ისიც, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ სინოდი მთლიანად გადადგება, მათ შორის პატრიარქიც.

ეს მოსაზრება პირველად გაახმოვანა დედა სიდონიამ და შემდეგ ისაუბრა ამაზე თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმაც, მაგრამ როგორ გადადგეს სინოდი, როცა ის არ არსებობს. საპატრიარქოში სინოდის მუდმივმოქმედი კომისია არ არსებობს, არ არსებობს არცერთი სამსახური, რომელიც დაკავშირებულია სინოდთან. რასაც ჩვენ სინოდს ვეძახით, ეს არის მხოლოდ მღვდელმთავრების კრება, სადაც უმრავლესობის პრინციპით ხდება კენჭისყრა. საქართველოში სინოდი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა. მათი გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ ახალი პიროვნებების ჩანაცვლებით.

  • დღეს პირველად გააჟღერა სინოდმა, რომ ისინი უშუამდგომლებენ პრეზიდენტთან გიორგი მამალაძეს შეწყალების საკითხზე. რას შეცვლის მამალაძის შეწყალება ამ პროცესებში?

მამალაძის გათავისუფლება არ იყო სინოდის სრული თავისუფალი ნებიდან ამოზრდილი აქტი, ეს იყო დიდი ვაჭრობის და შანტაჟის შედეგი. თუ მამალაძე გათავისუფლდება, გათავისუფლდება ერთადერთი პირობით, რომ დადუმდეს და აღარასდროს ისაუბროს.

  • როგორ ფიქრობთ, მეუფე პეტრეს დღევანდელი განცხადებები რა გავლენას იქონიებს მრევლზე, მაშინ როცა ჰომოფობიურ განწყობებს ყველაზე ხშირად სწორედ საპატრიარქო აღვივებდა საზოგადოებაში?

მრევლიდან რა ცვლილებას შეიძლება ველოდეთ? კარგად ვიცით, რომ ადამიანების დიდი ნაწილი გადართულია ყოველდღიური პურის შოვნაზე. ერთადერთი, ვისაც ძალიან გულწრფელად სჯეროდა პატრიარქის და საპატრიარქოსი, ისინი აღმოჩნდებიან სულიერ კრიზისში და არ გამოვრიცხავ, რომ გზა გაეხსნას ათეიზმის ახალ ტალღას. საქართველოში, ზოგადად, რწმენა ნაკლებად არის წარმოდგენილი, უფრო არის რელიგიურობა, მაგრამ ესეც გაქრება.

  • უნდა ველოდოთ პროცესების გამწვავებას, თუ განეიტრალებას?

მე ველოდები, მაგალითად, ღვთის ხელს, რადგან საქართველოში საპატრიარქოს და იმ ხუხულას, რაც ზედ არის მიშენებული, ქრისტიანობასთან შეხება არ აქვს. შესაბამისად, ღმერთმა დაუშვა და ეს ხუხულა უნდა დაიშალოს, გასუფთავდეს გზა, რომ შესაძლებელი იყოს ნამდვილი ქრისტიანობის ქადაგება.

თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა.

ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხლ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„ამ წლის გამარჯვებულები ძლიერი სტრატეგიის მიხედვით გამოვავლინეთ, რომლის ფარგლებში ისინი მომხმარებლებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობენ და მუდმივად ზრდიან ონლაინ მომხმარებლების რაოდენობას“, – განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის რედაქტორმა და გამომცემელმა.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance“-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის სახით და გაუჩინარდა, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც საბანკო გარანტია გასცა, საერთოდ არ არის ბანკი.

“თქვენ აღნიშნეთ, რომ რჩევის მიცემაც კი არ შეგეძლოთ ავიზირების პროცესში და მხოლოდ ინფორმაციას გადასცემდით. როგორ მისცემდით რჩევას?” – მიმართა მოწმეს გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

“დაესვათ კითხვა და მიიღებდნენ პასუხს,” – უპასუხა ადვოკატს ოთარ გზირიშვილმა.

“როდის თქვით სიმართლე, ეს მაინტერესებდა…” – ჩაეკითხა მოწმეს ერმაკოვის ადვოკატი და მოსამართლეს მოუწოდა, მოწმისთვის ჩვენების მიცემის “წესები” განემარტა.

“ხომ ხედავთ, თქვენი გაუგებრობების გამო სად ზის ხალხი,” – დასძინა ადვოკატმა და გისოსებს მიღმა მჯდომ გიორგი ერმაკოვს გახედა.

“მე ვთქვი, ეს არ ევალებოდა ბანკს-მეთქი,” – მოკლედ თქვა “ბაზის ბანკის” იურისტმა.

“ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პატიმრობაში რჩებიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები – არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე. დანარჩენი 4 ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურა ბრალდებულებს “იაფი სახლის” პროექტზე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება – ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი მილიონ 370 ათასი ლარია.

“ბაზის ბანკის” იურისტმა დღევანდელ პროცესზე განმარტა, რომ ავიზირების პროცესში SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან მიიღეს ინფორმაცია და მიღებული ინფორმაცია გაუგზავნეს ბათუმის მერიას.

“ამ სისტემით ვერ ისარგებლებ რეგისტრაციის გარეშე… რეგისტრაცია კი შეუძლებელია იდენტიფიკაციის გარეშე,” – თქვა მოწმე ოთარ გზირიშვილმა.

საბანკო გარანტია “კონვენტ ჯორჯიას”, რომელსაც ბათუმში “იაფი სახლი” უნდა აეშენებინა, ბრიტანეთში დაფუძნებულმა “Point Bank”-მა მისცა. “ბაზის ბანკმა” ამ გარანტიის ნამდვილობა დაადგინა.

ქართული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა პროცედურას უნდა მოიცავდეს “ავიზირება”. ბანკები, რომლებიც ავიზირებას ახდენენ, ანუ საბანკო გარანტიის ნამდვილობის დადასტურებას, საერთაშორისო ინსტრუქციებით სარგებლობენ.

“ჩვენი ვალდებულება იყო მხოლოდ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემა მხარეებისთვის… ავიზირების პროცესში ჩვენ არ ვიკვლევთ, ორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა ბანკი ერქვას, არის თუ არა ნამდვილად საფინანსო ორგანიზაცია… სხვა იქნებოდა, რომ გაგვეცა საბანკო გარანტიის დამოწმება. ამ შემთხვევაში, სხვა ვალდებულება დაგვეკისრებოდა,” – უთხრა მოწმემ მოსამართლეს. მას არ განუმარტავს, რა მიზანი აქვს ავიზირებას, თუკი წარმოდგენილი დოკუმენტით არაფერი დასტურდება. ავიზირება ბათუმის მერიის მოთხოვნით ჩატარდა და ამისთვის ტენდერში გამარჯვებულ “კონვენტ ჯორჯიას” 120 ევრო გადაუხდია.

“რა მოხდებოდა, თუკი მერია მოითხოვდა დამოწმებულ საბანკო გარანტიას?” – დაინტერესდა პროკურორი რამაზ შავაძე.

“ეს ჰიპოთეტური კითხვაა. საიდან უნდა იცოდეს მოწმემ, რა მოხდებოდა?” – ამ არგუმენტით ადვოკატმა რამინ პაპიძემ კითხვის განრიდება ითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.

“დამოწმებული გარანტია არის ცალკე საბანკო პროდუქტი, მოთხოვნა ეს არ იყო… ავიზირებისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ გულისხმობს,” – აღნიშნა მოწმემ.

“ბაზის ბანკის” იურისტმა დღევანდელ პროცესზე ასევე თქვა, რომ Point Bank-ი რომ ნამდვილად ბანკი არ იყო, ეს “პრობლემის წარმოშობის” შემდეგ გაიგო.

“პირდაპირ ვებგვერდზე უდევს Point Bank-ს, რომ ის ბანკი არ არის და არ წარმოადგენს საბანკო ორგანიზაციას,” – დასძინა მოწმემ.

“როდის გაიგეთ ეს?” – ჩაეძია მოწმეს ტარიელ კაკაბაძე, არჩილ ვანაძის ადვოკატი.

“არ მახსოვს,” – დაბნეულობა დაეტყო მოწმეს.

“ალბათ, მაშინ, როცა პრობლემა წარმოეშვა,” – ისევ სცადა ადვოკატმა პასუხის მიღება.

“კი,” – მხოლოდ ეს თქვა მოწმემ.

“ბაზის ბანკის” წინააღმდეგ ბათუმის მერია სამოქალაქო წესით დავობს, თუმცა მესამე თვეა, სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. თუკი ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, “ბაზის ბანკს” ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევს.

“იმ საქმეში მე წარმოვადგენ ბანკს და ამიტომ ვიცი ამდენი დეტალი…,” – აღნიშნა დაკითხვის პროცესში “ბაზის ბანკის” იურისტმა, ოთარ გზირიშვილმა. აქვე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას, როგორც სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ამ სამოქალაქო დავის მიმართ ინტერესი არ აქვს.

მოწმეს მიმართა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

“მიღებული პასუხებიდან ჩანს, რომ თავად Point Bank-ი არ ამბობს, რომ ბანკია… თქვენ რატომ აიღეთ ვალდებულება, რომ ის ბანკია?” – იკითხა დავით ჩავლეიშვილმა.

“შაბლონურად შესაძლოა ჩარჩა…” – დაიწყო მოწმემ პასუხის გაცემა, თუმცა მას ბრალდებულმა გიორგი ერმაკოვმა შეაწყვეტინა სიტყვა.

“რას ნიშნავს ჩარჩა? ასე ჩავრჩით ჩვენ აქ, არ შეიძლება ასე,” – წამოიყვირა გიორგი ერმაკოვმა. მოსამართლემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ჩვენ პასუხისმგებლობა არ აგვიღია და არ დაგვიწერია, რომ იგი კომერციული ბანკია,” – დასძინა “ბაზის ბანკის” იურისტმა ერმაკოვის რეპლიკის საპასუხოდ. მან ასევე ახსენა “ტექნიკური ხარვეზი”.

“იქნებ გარკვევით გვითხრათ, ხარვეზი იყო, შეცდომა, თუ რა იყო,” – მიმართა მოწმეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. – “უნდა ყოფილიყო თუ არა მითითებული საერთოდ ბანკი, გთხოვთ, სასამართლოს გულწრფელად უპასუხოთ”.

“შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა… უფრო დაზუსტებული ჩანაწერი გაკეთდა შემდეგ წერილში, სადაც აღარ ეწერა “ბანკი”, – თქვა მოწმე ოთარ გზირიშვილმა.

“თქვენ მიერ გაცემული 5 წერილიდან ოთხში წერია “ბანკი”… ეს სწორი იყო თუ არა?” – ისევ იკითხა ადვოკატმა.

“ამას ვერ შევაფასებ, სწორი იყო თუ არა…” – ჩაილაპარაკა მოწმემ.

მოწმის დაკითხვა გრძელდება.

რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მეუფე პეტრეს ვერსია

„გმირი თუ ანტიგმირი, ისტორია  განსჯის ამას მხოლოდ, მაგრამ მჯერა ღვთის წყალობის, რომ ეს იქნება უახლესი ისტორია და არ დაგვიანდება შეფასება. წყალგამყოფი გმირობასა და ანტიგმირობას შორის აუცილებლად გამოჩნდება,“ – ასე დაიწყო თავისი პირველი საჯარო ინტერვიუ მეუფე პეტრე ცაავამ, რომელიც დღეს კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.  პეტრე ცაავასთან ინტერვიუ „მთავარმა არხმა“ ჩაწერა.

ინტერვიუს დაწყებამდე, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მას სურდა 1105 წელს მიღებული რუის-ურბნისის  საეკლესიო კრების ძეგლისწერიდან მე-18 კანონი წაეკითხა. საქართველოს პატრიარქმა კი მას ამის უფლება არ მისცა.

მეთვრამეტე კანონი, რომლის წაკითხვაც პეტრე ცაავას დღეს  გამართულ სინოდის სხდომაზე სურდა, მოიცავს ე.წ. სოდომური ცოდვის აღწერას (მართლმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვად აღიქვამს ორი მამაკაცის რომანტიკულ და სქესობრივ კავშირს).

პეტრემ მე-18 კანონი „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში წაიკითხა. პეტრე ცაავას  თქმით, მას შემდეგ, რაც ამ კანონის წაკითხვის  უფლება სინოდის  სხდომაზე არ მისცეს, კათალიკოს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან გადაყენების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა უნდოდა ამით ეთქვა და რატომ ჩათვალეს, რომ ამით [მე-18 კანონის წაკითხვით] შეურაცხყოფას აყენებდა სინოდს და თავად პატრიარქს, პეტრე ცაავამ უპასუხა:

„ამით ვამბობდი იმას, რომ… ეს მათი არჩევანია. თუ მათ საკუთარ თავზე მიიღეს,  შეურაცხყოფას ვაყენებდი ე.ი. ეს თვითლუსტრაცია ხომ? ეგრე გამოდის მარტივია ლოგიკა. თუ მე მეთვლებოდა ეს ბრალდებად, ნებისმიერის მიმართ, იქ მსხდომის, თავმჯდომარის [საქართველოს პატრიარქის] ჩათვლით, რჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის  მხილებული ცრუ ბრალდებაში,  საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვალოს ბრალდება.

მე ვითხოვე, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა, მე  მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ. მე მოვითხოვე პატრიარქისგან, რომ ის ყოფილიყო გარანტი რჯულის კანონის აღსრულებისა. კანონიკური სამართლის აღსრულების გარანტი  იყო  მეფე. დღეს მეფე არ გვყავს, ან უნდა  იყოს ხელისუფლება ან კათოლიკოს პატრიარქი,“ –  თქვა პეტრე  ცაავამ.

რატომ იყო აუცილებელი დღეს სინოდის სხდომაზე ეს თემა გეხსენებინათ?

“მე მისაყვედურეს, რომ მე  შეურაცხყოფას ვაყენებდი კათალიკოს პატრიარქს და ამის გამო უნდა მომეხადა ბოდიში.

საშუალება არ მომეცა მამალაძის საკითხი გამერკვია. დღეს მიიღეს გადაწყვეტილება თუ მიაღებინეს, რომ ეშუამდგომლათ მამა  გიორგის  გასათავისუფლებლად. მე ვუთხარი, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აქვს ამას გამართლება. მაგრამ  სამი წლის წინ ამას ვამბობდით და როდესაც მე  მაბრალებთ, რომ რაც მიმდინარეობს ეკლესიის ეს დისკრედიტაციის მთელი სამწლიანი ბრძოლა და როგორც დაზარალდა ეკლესია, ამას როცა მე მაბრალებთ, ე.ი. საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულოთ. სამი წლის  წინ ვითხოვდი, გიორგი მამალაძე გაგვესამართლებინა რჯულის კანონით.

პირადად პატრიარქმა გამოაცხადა ჩემი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება. წინასწარ ნაფიქრი იყო მღვდელმთავარი. სამი წლის წინ როდესაც პირველად უნდოდათ ჩემი ჭყონდიდის ეპარქიიდან გადმოყვანა, როგორც ჩემთვის ცნობილია ქალბატონი მდივან რეფერენტი [შორენა თეთრუაშვილი] თავად სთავაზობდა ჭყონდიდელობას”.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მას პატრიარქისთვის  შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„ღირსების ხარჯზე, მართლმადიდებლობის ხარჯზე…  პატრიარქს ვუთხარი, თქვენ ხართ მამა, რაღაც უპირობო კერპს ქმნიან თქვენგან, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე და მისი სიმართლე, სამშობლო, საქართველო და მერე თქვენ, როგორც მაღალი იერარქი. მაგრამ ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ.

როდესაც დავიწყე ამ თემას შევეხე, პიდარასტიის თემას… არ ვთვლი, რომ ამ ტერმინის გამო უნდა მოვუხადო ბოდიში. ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა ეს არის პიდარასტია. საეკლესიო ტერმინი. ეს არის  ტერმინი, როგორც არის მოხსენიებული. ეს არის ამის შინაარსობრივი მნიშვნელობა. თუ ვინმე ბრკოლდება მე ვითხოვ პატიებას, მაგრამ მე ვარქმევ ყველაფერს თავის სახელს.

პატრიარქმა მითხრა, წავიდე მონასტერში სინანულისთვის, მაგრამ მე ვუთხარი, ვინაიდან თქვენ ღებულობთ უსამართლო გადაწყვეტილებას და არ ხართ გარანტი რჯულის კანონის… თუ მე რჯულის კანონს ვარღვევ, მაშინ მითხარით, მე ვითხოვ ჩემი ბრალდების დამტკიცებას. მომეცით ხვალ დრო 12 საათამდე და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც იტყვიან, ანუ დამტკიცდება ჩემი ბრალდება. ხვდებით. თქვენ არ მაძლევთ ამის საშუალებასთქო“.

მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ ჯერ არ იცის გაასაჩივრებს თუ არა მსოფლიო საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებას.

„უფალს მივენდობი.. მე ვთხოვდი უფალს, რომ მალე დადგეს დღის წესრიგში და ეკლესიის გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდეს. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ეკლესიამ პატრიარქის  ხელმძღვანელობით და წმინდა სინოდმა  დაუშვა საბედისწერო  შეცდომა ჩემთან მიმართებაში და ამ უსამართლობასთან მიმართებაში”.

გახარია თურქეთში ერდოღანს ხვდება – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტს – რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვების შემდეგ პრესისთვის შეხვედრა დაიხურა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს დელეგაციას ერდოღანმა სადილზე უმასპინძლა.

ფოტო:haber.com

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სინოდზე სიტყვა არ თქმულა – მეუფე ნიკოლოზი

დღეს სინოდის სხდომის დასასრულს ზოგიერთმა მიტროპოლიტმა და მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, უმრავლესობამ კი საპატრიარქოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც:

„სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვითხოვოთ მამა გიორგის შეწყალება. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე კი სინოდზე სიტყვა არ თქმულა, რადგან ყველა საკითხის განხილვას სჭირდება დრო და ენერგია.

სამი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, იყო ძალიან შრომატევადი და მძაფრი. სინოდის სხდომის დრო ამოიწურა და ერთი ითქვა, რომ სავარაუდოდ, სინოდის სხდომების რაოდენობა გაიზრდება წლის განმავლობაში. არ ვიცი, წელს ჩატარდება თუ არა, მაგრამ პატრიარქის ინტრონიზაციის, 25 დეკემბრის წინა დღეებში, ყოველთვის ტარდება სინოდის სხდომა,” – განაცხადა მიტროპოლიტმა tv ფორმულა-ს პირდაპირ ეთერში.

ჭყონდიდელი იღუმენია: პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი

“დროა სრულიად საქართველომ გაიგოს რა უბედურებაშია დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი“ – წერს ფეისბუქზე ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარე, მარტვილის წნ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია თამარ გამყრელიძე.

იგი ასევე წერს:

„მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა… ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!“

იღუმენიას პოსტი ფეისბუქზე

პეტრე ცაავამ დღეს, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

სინოდის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა.

„ბათუმელები“ ემიჯნება სასულიერო პირების ჰომოფობიურ განცხადებებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი: სინოდს ჰყავს მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე

პეტრე ცაავამ დღეს, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

სინოდის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა.

პეტრე ცაავამ სინოდის სხდომა პირველმა დატოვა, თუმცა ჯერ უცნობია დასრულდა თუ არა ეს სხდომა.

პეტრე ცაავამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს. აქამდე საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებდა და სიმულაციაზე მიანიშნებდა, რამდენიმე დღის წინ კი რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიიღეს „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, რომლის სრულ შინაარსს, დეკანოზისვე თხოვნით, ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა

თუ გადაწყვიტეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება და ბათუმში ცხოვრობთ, ამას ჯერჯერობით ვერ მოახერხებთ. სააფთიაქო ქსელებში აცხადებენ, რომ ვაქცინა მინიმუმ 15 ნოემბრის შემდეგ შემოვა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელების სათავო ოფისებს იმის გასაგებად, როდის შემოვა სეზონური გრიპის ვაქცინა, მაგალითად, ბათუმის სააფთიაქო ქსელებში, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

სააფთიაქო ქსელ „ავერსში“ გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით უპასუხებენ შეკითხვას – როდის შემოვა ბათუმის ქსელში გრიპის ვაქცინა.

რაც შეეხება „ჯი პი სი“-ის აფთიაქების ქსელს – კომპანიაში გვითხრეს, რომ ვაქცინას ვერც მათ ქსელში შევიძენთ, რადგან „დიდი მოთხოვნა იყო და მარაგი ამოიწურა“. ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნება ვაქცინა ქსელებში, ვერც ამ კომპანიაში გვითხრეს.

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, მედალფას ქსელში, იაშვილის კლინიკაში, ევექსის ქსელში და ა.შ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, როცა აჭარაში საგრძნობლად აცივდა, ვერც ეს კლინიკები სთავაზობენ მოქალაქეებს მსგავს მომსახურებას.

„ამ ეტაპზე ამოწურულია მარაგი, ნოემბრიდან განახლდება, ალბათ უფრო პირველი ნახევრიდან“, – გვითხრეს „ევექსში“.

გასული წლის პრაქტიკის გათვალისწინებით, როცა გრიპი მასობრივად გავრცელდა და H1N1-ს რამდენიმე ადამიანიც ემსხვერპლა, ხომ არ ჰქონია სახელმწიფოს კერძო სექტორთან ვაქცინის დროულად შემოტანის თაობაზე კომუნიკაცია? ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ამ კითხვის პასუხად გვიხსნის:

„თუ ვაქცინა არ არის ფიზიკურად, როგორ შემოიტანს კერძო სექტორი… კარგია, ახლა რომ დაიწყოს ვაქცინაცია, მაგრამ ახლა ყველა ქვეყანა ყიდულობს, შესაბამისად, მწარმოებელს აწყობს ერთიანად გაუშვას დიდ ქვეყნებზე დაკვეთები. ვიცით, რომ მოგვიანებით შემოიტანს კერძო სექტორი. ვიცით, რომ 15 ნოემბრის მერე შემოიტანს, მაგრამ ეს არ არის დაზუსტებული, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული“.

ხომ არ იქნება დაგვიანებული ნოემბრის მეორე ნახევრიდან ამ ვაქცინის გაკეთება? – ხათუნა ზახაშვილის თქმით, „საქართველოში ჯერ გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, გინდაც ცირკულირებდეს, არანაირ ეტაპზე არ არის უკუჩვენება, რომ ჩატარდეს ვაქცინაცია.

მაქსიმუმ ორი კვირა სჭირდება ორგანიზმს ვაქცინის გაკეთებიდან იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად.  უფრო ადრე ვაქცინა ხელმისაწვდომი ფიზიკურად არ იყო, არ არსებობდა, რომ შემოგვეტანა. მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმებულია ივნისში. გრაფიკით ასე დადგინდა – მწარმოებელმა განაცხადა, რომ ამაზე ადრე ვაქცინა არ ექნება, როგორც არის ისე უნდა შემოიტანო. ახლაც ძალიან ეფექტურია ვაქცინაციის ჩატარება“.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რისკჯგუფებისთვის ვაქცინის უფასოდ გაცემას – ხათუნა ზახაშვილის თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინა, მაგალითად, აჭარაში დღეს, 31 ოქტომბერს შემოვა და ბენეფიციარებს მისი მიღება, სავარაუდოდ, ხვალიდან შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინაცია სრულად უსაფრთხოა და რეკომენდებულია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა არსებობენ რისკჯგუფები, ვისთვისაც ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სწორედ მათ გადასცემს ვაქცინას უფასოდ. ესენია:

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი
  • დიალიზზე მყოფი პაციენტები
  • C ჰეპატიტითა და აივ ინფიცირებული პირები
  • სამედიცინო პერსონალი
  • საბავშვო ბაღების პერსონალი
  • სხვა სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფები
  • ორსულები ნებისმიერ ტრიმესტრში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და, შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული.

16 წლამდე შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული ს.ფ. დამნაშავედ ცნო.

სამართალდამცველებმა ს.ფ. 2019 წლის 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს, ს.ფ.-მ მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

როგორი შეიძლება იყოს გომარდული [ფოტო]

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გომარდულის განვითარების პროექტს აქვეყნებს, რომელიც საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მოამზადა.

კვლევის შედეგად კომპანიამ აჭარაში სპორტის განვითარებისთვის სამი ადგილი შეარჩია: გომარდული, ქობულეთი, ბათუმი. პროექტის ფარგლებში გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი შეიქმნა. პროექტი და განვითარების გეგმა ორიენტირებულია 4 სეზონზე.

გომარული. პროექტიდან.

აჭარის მთავრობის ცნობით, სპორტული ტურიზმის განვითარების მიზანი აჭარის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორის – ტურიზმის დივერსიფიკაციაა.

„პროპროჯექტს“ საქმიანობის 54-წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოში 2000-ზე მეტი პროექტის ავტორია, მათ შორის მიუნჰენის პარკისა და სტადიონის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის, მიუნჰენის ბაიერნის ახალგაზრდული აკადემიის სპორტული კომპლექსის, ჰამბურგისა და აბუდაბის სპორტის განვითარების სამოქმედო გეგმის და ა.შ.

ამავე თემაზე: 

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

წელს მოზარდების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 114 პირი ამხილეს

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული – ასეთია სტატისტიკა, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი.

„2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

  • ოჯახის წევრი/მშობელი – 53%
  • დაზარალებული ბავშვი – 8%
  • სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%
  • მანდატურის სამსახური – 6%
  • სკოლა – 4%
  • მეზობელი – 3%
  • ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%
  • არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%
  • სხვა – 18%

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

შსს-ს ცნობით, ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

„მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უხვი ნალექი და ორი მეწყერი აჭარაში – 112-ში ბათუმიდან 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა

30-31 ოქტომბერს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 112-ში 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა – განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ძლიერი წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები.

მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი.

აჭარაში, ასევე, დაფიქსირდა მეწყრის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულნი არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვა.

ბათუმში იწვიმებს, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 31  ოქტომბრის  21 საათიდან 1-ლი ნოემბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 8-13 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7-12 გრადუსი 
  • ღამით: 0-5 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 13-18 დმ  – 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 ნოემბერს მოსალოდნელია  წვიმა,  ზოგან – ძლიერი. მთაში მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.

მომდევნო ორ დღეს კი, 3-4 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“, არჩილ კახაძის ფოტო.

გრანპრის მფლობელ დირექტორს 5 000 ლარი გადაეცემა – ახალი კონკურსი სკოლებისთვის

განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამოცხადდა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა. ასევე, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის.

განათლების კოალიციის ინფორმაციით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში.

კონკურსანტების რეგისტრაცია დღეს, 29 ოქტომბერს, დაიწყო და 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

კოალიციის განცხადებით, კონკურსანტებს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო სამ ეტაპად შეარჩევს. განათლების კოალიციის ცნობით, საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციებს ტექნიკურად შეამოწმებენ, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5 000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი.

სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი.

სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარია. სკოლების შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო საბჭო.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge

სად გაითიშება შუქი ხვალ ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 31 ოქტომბერს, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

კერძოდ, 11-დან 18 საათამდე შუქი გაითიშება პუშკინის, შერიფ ხიმშიაშვილის, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ ელექტროენერგია გაითიშება არა მთლიანად ჩამოთვლილ ქუჩებზე, არამედ გარკვეულ კვეთებსა და ადგილებში და ელექტროენერგია  აბონენტებს, შესაძლოა, დაგეგმილზე მოკლე დროში მიეწოდოთ.

 

ეიფელის სტიპენდია 2020 – მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ეიფელის სტიპენდიაზე 2020 წლისთვის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბერში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას.

ინსტიტუტის ინფორმაციით, ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტრო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:

[checklist]

  • სამართალი
  • ეკონომიკა და მართვა
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის

[/checklist]

დოქტორანტებისათვის:

საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტექნოლოგიები, დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

პროგრამის ფარგლებში სწავლა შესაძლებელია როგორც ფრანგულ, ისე ინგლისურ ენაზე.

 

„ბათუმი ცენტრალი“ სანაპიროზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს

შპს „ბათუმი ცენტრალი“ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილი პროცედურების გავლის მიზნით მერიას მიმართა.

ტერიტორია, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 8526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. 5000 კვადრატულ მეტრზე დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობა სამშენებლოდ გამიზნული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] მომზადებას ითვალისწინებს.

გრგ-ს მომზადებაზე კომპანიას დავალება მერიამ საკრებულოს თანხმობით უნდა მისცეს. მანამდე კი მერია, ასევე, საკრებულოს თანხმობით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას დავალების პირობების განსაზღვრის მიზნით. წარმოების დასაწყებად საკრებულოს თანხმობა მერიამ საკრებულოსგან დღეს, 30 ოქტომბერს მიიღო.

„ბათუმი ცენტრალის“ 45 პროცენტს ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, 55 პროცენტს კი შპს „გზა“ ფლობს, რომლის ასივე პროცენტის მფლობელიც ასევე გიორგი ჭყონიაა.

გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველია, 2016-2017 წლებში მან „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა, სალომე ზურაბიშვილს კი, როგორც „ოცნების“ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე 60 000 ლარი შესწირა.

შპს „გზა“ უკვე წლებია იღებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ელექტრონული შესყიდვების გზით.

სასწრაფოს სპეციალიზებული ავტომანქანები თავშეყრის ადგილებში გამოჩნდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო დახმარების სპეციალიზებული ავტომანქანები იმოძრავებს.

ახალი სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების პარამედიკოსებისთვის, რომლებიც ოპერატიულ რეაგირებას, რთული საგზაო მოძრაობის პირობებში, სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომანქანების მოსვლამდე შეძლებენ.

სპეციალიზებული ავტომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავს ადგილებში განთავსდება, მათ შორის, ბათუმის ბულვარში.

ზუსტად როდის გამოჩნდება სასწრაფო სამედიცინო სპეციალიზებული მანქანები, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, პროექტი დამუშავების პროცესშია და დეტალები დაზუსტებული არ არის.

რატომ დაიტბორა ბათუმი – ზოგიერთი სანიაღვრე არხის შესართავი ხრეშითაა ამოვსებული [ფოტო]

29-30 ოქტომბრის წვიმის გამო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „ღამის განმავლობაში შენობების სარდაფებისა და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა. პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“.

ბათუმში ორი მთავარი სანიაღვრე არხია [„ჯავახიშვილის“ და „ლერმონტოვის“], რომლებიც ჭაობის დასახლების, ასევე, ჭავჭავაძე-ლერმონტოვი-გრიბოედოვის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან წვიმის წყალს კრებს.

ამ სანიაღვრე არხების ნორმალურად ფუნქციონირებას ქალაქისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, წვიმის დროს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვის თავიდან ასაცილებლად.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ეს არხები ფუნქციონირებს, თუმცა წვიმის დროს ქუჩები და სარდაფები მაინც იტბორება.

ლერმონტოვის ქუჩიდან გამომავალი არხი ზღვას დელფინარიუმის პირდაპირ ღიად უერთდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არხის ზღვასთან შესართავი გაწვიმებამდე მთლიანად იყო გადაკეტილი [ხრეშით ამოვსებული] და იქ ნაპირგამაგრების სამუშაოებში ჩართული კომპანიის მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა.

„ბათუმელებმა“ დღეს დილით გადაამოწმა არხის შესართავი, რომელიც ხელოვნურად არის დავიწროებული და იქ ტექნიკა კვლავ გადაადგილდება.

უშლის თუ არა ხელს დავიწროებული შესართავი არხიდან წყლის თავისუფლად გასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მერიას და მერიის შპს „ბათუმის წყალს“ დავუკავშირდით.

 „ლერმონტოვის ქუჩის სანიაღვრე არხი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს და მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები არ აფერხებს არხის სრულფასოვან ექსპლუატაციას“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

„სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, არხში ყველანაირი პირობაა შექმნილი წყლის ნორმალური გადინებისათვის“, – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

ლერმონტოვის ქუჩის სანიაღვრე არხის შესართავი ზღვასთან / 30.10.2019
ლერმონტოვის ქუჩის სანიაღვრე არხის შესართავი ზღვასთან / 30.10.2019

რაც შეეხება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხს, ამორტიზებულია და მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია [შენდება ახალი კოლექტორი]. დღეს არხის შესართავი ზღვასთან [ტალღების ზემოქმედებით] ხრეშითაა ამოვსებული და აღარ იწმინდება.

ეს სანიაღვრე არხი ჯავახიშვილის ქუჩით ჭაობის დასახლებიდან მოდის და გორგილაძის ქუჩის ბოლოდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის გადაკვეთით არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.

„ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი ფუნქციონირებს, სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის გავლით ზღვაში ჩაედინება. ამ ეტაპზე კოლექტორის [არხის] რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, სამუშაოები 2020 წლის II კვარტალში დასრულდება და კოლექტორი ექსპლუატაციაში არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბი სადგურის პარალელურად შევა“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის შესართავი ზღვასთან, რომელიც დღეს ხრეშითაა ამოვსებული / 30.10.2019
ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის შესართავი ზღვასთან, რომელიც დღეს ხრეშითაა ამოვსებული / 30.10.2019

არდაგანის ტბიდან გამოდის წყლის გასასვლელი ღია სანიაღვრე არხი, საიდანაც ჭარბი წყალი ზღვაში ჩაედინება.

ამ არხის გასასვლელთან კი „ბათუმელებმა“ დღეს ნახევრად ჩაძირული ნავი დააფიქსირა, რომელიც ტბიდან წყლის გადინებას აბრკოლებს.

არდაგანის ტბას კი, ჯავახიშვილის არხის გარდა, კიდევ რამდენიმე სანიაღვრე მილიც უერთდება, რომლებიდანაც ტბაში მიმდებარე ტერიტორიებიდან შეკრებილი წვიმის წყალი ჩაედინება.

არდაგანის ტბიდან ზღვაში გამავალი არხი / 30.10.2019
ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარისკენ ხრეშის გადასაქაჩად მოწყობილი მილები და ტუმბო ბათუმის ბულვარში / 30.10.2019
Exit mobile version