მრავალსართულიანი მშენებლობები ბათუმის ბულვართან იმ ადგილებზეა დაგეგმილი, სადაც მიწის ქვეშ სანიაღვრე არხები გადის. ერთი ლერმონტოვის ქუჩის არხია, რომელიც წვიმის წყალს ლერმონტოვისა და მისი მიმდებარე ქუჩებიდან კრებს, ხოლო მეორეა ნურის ტბის არხი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ხომ არ უქმნის პრობლემას დაგეგმილ თუ მიმდინარე პროექტებს აღნიშნული არხები და ამის გამო ხომ არ იგეგმება მათი რეკონსტრუქცია. ამ არხების, განსაკუთრებით ლერმონტოვის ქუჩის არხის, ფუნქციონირებას კი ქალაქისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, წვიმის დროს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვის თავიდან ასაცილებლად.
ბათუმში მთელი რიგი ადგილები, მათ შორის ლერმონტოვის ქუჩის სიახლოვეს, გუშინ, 22 ნოემბერსაც დაიტბორა.
„ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციებზე რაიმე სახის ტექნიკური, სარეაბილიტაციო ან/და საპროექტო სამუშაოები“, – მოგვწერა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“.
ნურის ტბასა და ბულვარს შორის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის. აქ ნაკვეთები კერძო კომპანიებს აჭარის მთავრობამ პირობებით მიჰყიდა. დელფინარიუმის მიმდებარედ, სადაც სანიაღვრე არხები გადის, ნაკვეთები ორი კომპანიის საკუთრებაშია: შპს „ვესტინვესტი“ [რომელიც დღეს „ორბი ჯგუფის“ შვილობილია] და შპს „ალიანს ფრივილიჯი“ [„ალიანსი“].
„ალიანს ფრივილიჯი“, რუსთაველის ქუჩაზე, 54-სართულიან და 172 მეტრი სიმაღლის მრავლფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მის გვერდით კი ნაკვეთი „ვესტინვესტის“ საკუთრებაშია, სადაც ეს კომპანია ასევე სასტუმრო კომპლექსს ააშენებს.
სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აღნიშნულ კომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ, მათი პროექტების განხორციელებას რა პრობლემებს უქმნის [ან უქმნის თუ არა საერთოდ] მიწისქვეშა კომუნიკაციები.
ამ ნაკვეთებსა და ბულვარს შორის კიდევ ერთი სანიაღვრე – ნინოშვილის არხი გადის, რომელიც ზღვას არდაგანის ტბასთან უერთდება. ნინოშვილის არხი ბულვარის ველობილიკის პარალელურად გადის. ამ არხის გამართულად ფუნქციონირებისთვის კი მნიშვნელოვანია იმ სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც ტბასთან უნდა აშენდეს. სადგურის მშენებლობა დაწყებულია და ის გეგმის მიხედვით 2020 წელში უნდა დასრულდეს.
ნურის ტბიდან გამავალი არხი ადრე ზღვას უერთდებოდა, თუმცა შემდეგ ამ არხს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს და დღეს, როგორს „ბათუმის წყალში“ გვეუბნებიან, ეს არხი ნინოშვილის სანიაღვრე არხს უერთდება. ნურის ტბის არხი რკინაბეტონის კონსტრუქციაა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ტბისთვის.
ნურის ტბაში ადრე წყალი სანიაღვრე არხებიდანაც ჩადიოდა, თუმცა ქალაქის მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ეს წყლები არა ტბაში, არამედ უკვე ლერმონტოვის ქუჩის არხში იყრის თავს. ლერმონტოვის არხიდან კი წყალი ზღვაში ღიად ჩაედინება, თუმცა, მანამდე ეს არხი ნინოშვილის არხსაც კვეთს.
„ლერმონტოვის არხი და ნინოშვილის არხი ერთმანეთს უკავშირდება ყოველგვარი სპეციალური ფარების გარეშე. სიმაღლეების მიხედვით კი ისეა კონსტრუქცია, რომ ლერმონტოვის არხიდან შესაძლოა წყალი გადავიდეს ნინოშვილის არხში, თუმცა, პირიქით, რაღაც მნიშვნელოვანი თუ არ მოხდა, წყალი ლერმონტოვის არხში ვერ გადმოვა“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.
„ნურის ტბის არხი კერძო საკუთრების ქვშ ექცევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არხის ოპერირების დროს რაიმე სახის პრობლემები იქმნება“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“. რომელი ნაკვეთის ქვეშ გადის ზუსტად ლერმონტოვის არხი დელფინარიუმიდან ზღვამდე, „ბათუმის წყალში“ ვერ დაგვიკონკრეტეს. მათგან მოწოდებული სიტუაციური ნახაზისა და საკადასტრო რუკის შედარებით კი ირკვევა, რომ ლერმონტოვის არხის ნაწილიც კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გადის.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის რაღაც ნაწილი შესაძლოა გადიოდეს კერძო საკუთრებაში. ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა, როცა სანიაღვრე არხი გადის კერძო საკუთრებაში. ქალაქში ბევრ ადგილზე გადის სხვის საკუთრებაში სანიაღვრე არხი მიწის ქვეშ, მაგრამ ეს ამ სისტემების ოპერირებას ხელს არ უშლის. ზოგადად, თუ რაიმე დაგეგმილი ან მიმდინარე სამუშაოები ეხება მიწისქვეშა სისტემას, მშენებელი მიმართავს ქალაქის მერიას და ხდება საკითხის ერთობლივად განხილვა. დელფინარიუმთან კი, რომელიმე არხის ჩაკეტვა-გაუქმება გამორიცხულია“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.
აღნიშნულ ნაკვეთებიდან ერთ-ერთი ნაკვეთის ქვეშ ასევე გადის მილი, რომლითაც ბათუმის დელფინარიუმი ზღვის წყლით მარაგდება. დელფინარიუმში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაგეგმილი მშენებლობების გამო მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.