29-30 ოქტომბრის წვიმის გამო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „ღამის განმავლობაში შენობების სარდაფებისა და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა. პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“.
ბათუმში ორი მთავარი სანიაღვრე არხია [„ჯავახიშვილის“ და „ლერმონტოვის“], რომლებიც ჭაობის დასახლების, ასევე, ჭავჭავაძე-ლერმონტოვი-გრიბოედოვის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან წვიმის წყალს კრებს.
ამ სანიაღვრე არხების ნორმალურად ფუნქციონირებას ქალაქისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, წვიმის დროს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვის თავიდან ასაცილებლად.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ეს არხები ფუნქციონირებს, თუმცა წვიმის დროს ქუჩები და სარდაფები მაინც იტბორება.
ლერმონტოვის ქუჩიდან გამომავალი არხი ზღვას დელფინარიუმის პირდაპირ ღიად უერთდება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, არხის ზღვასთან შესართავი გაწვიმებამდე მთლიანად იყო გადაკეტილი [ხრეშით ამოვსებული] და იქ ნაპირგამაგრების სამუშაოებში ჩართული კომპანიის მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა.
„ბათუმელებმა“ დღეს დილით გადაამოწმა არხის შესართავი, რომელიც ხელოვნურად არის დავიწროებული და იქ ტექნიკა კვლავ გადაადგილდება.
უშლის თუ არა ხელს დავიწროებული შესართავი არხიდან წყლის თავისუფლად გასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მერიას და მერიის შპს „ბათუმის წყალს“ დავუკავშირდით.
„სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, არხში ყველანაირი პირობაა შექმნილი წყლის ნორმალური გადინებისათვის“, – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.
რაც შეეხება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხს, ამორტიზებულია და მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია [შენდება ახალი კოლექტორი]. დღეს არხის შესართავი ზღვასთან [ტალღების ზემოქმედებით] ხრეშითაა ამოვსებული და აღარ იწმინდება.
ეს სანიაღვრე არხი ჯავახიშვილის ქუჩით ჭაობის დასახლებიდან მოდის და გორგილაძის ქუჩის ბოლოდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის გადაკვეთით არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.
„ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი ფუნქციონირებს, სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის გავლით ზღვაში ჩაედინება. ამ ეტაპზე კოლექტორის [არხის] რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, სამუშაოები 2020 წლის II კვარტალში დასრულდება და კოლექტორი ექსპლუატაციაში არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბი სადგურის პარალელურად შევა“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
არდაგანის ტბიდან გამოდის წყლის გასასვლელი ღია სანიაღვრე არხი, საიდანაც ჭარბი წყალი ზღვაში ჩაედინება.
ამ არხის გასასვლელთან კი „ბათუმელებმა“ დღეს ნახევრად ჩაძირული ნავი დააფიქსირა, რომელიც ტბიდან წყლის გადინებას აბრკოლებს.
არდაგანის ტბას კი, ჯავახიშვილის არხის გარდა, კიდევ რამდენიმე სანიაღვრე მილიც უერთდება, რომლებიდანაც ტბაში მიმდებარე ტერიტორიებიდან შეკრებილი წვიმის წყალი ჩაედინება.