რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ.

მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაის-გაენათის (გელათის) ეპარქია  სიდიდითა და მნიშვნელობით ქვეყანაში მეორეა, მის იქ დანიშვნად საგანგაშოდ მიიჩნევს.

რა თქვა მიტროპოლიტმა იოანემ?

10 ნოემბერს, ბაგრატის ტაძრის გარეთ, ადგილობრივ მედიასაშუალება „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში მიტროპოლიტმა იოანემ თქვა:

„ილია ჭავჭავაძე აწამეს?.. თუ? ვინ მოკლა? იცით, ვინ მოკლა? უშიშროების სამსხურს მიმართეთ. მათ ფილმი გააკეთეს, გამოიძიეს. სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს. და დაკვეთა იყო ევროპიდან.

იმიტომ, რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელ იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოჰყვა ამ სიაში… სოციალ-დემოკრატებმა [მოკლეს]… და ეს იდეები საიდან მოდის, ეგ კარგად იცით“.

ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 30 აგვისტოს (ახალი სტილით) მოკლეს სოფელ წიწამურთან. გამოძიება მალევე დაიწყო მეფის რუსეთის საიდუმლო პოლიციამ („ოხრანკამ“), თუმცა როგორც ამ გამოძიების შედეგებს, ასევე, საბჭოთა პერიოდის გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ისტორიკოსები სკეპტიკურად უყურებენ.

იმ ფილმშიც, რაზეც გამრეკელი მიუთითებს, — რომელიც არა უშიშროებამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიღო 2014 წელს, — მიმოხილულია დაახლობით ასწლიან პერიოდში განვითარებული სხვადასხვა, განსხვავებული ვერსია.

მიუხედავად იმისა, რომ სადავო და ბოლომდე დაუმტკიცებელი სხვადასხვა ვერსია არსებობს მკვლელობის შესახებ, არც ფილმში და, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, არც სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურაში, გაკვრითაც კი არ არის ნახსენები „დაკვეთა ევროპიდან“.

მეტიც, ფილმის ბოლოსკენ, მკვლელობის მონაწილეები არა მენშევიკებთან, არამედ სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკების ფრთასთან არიან დაკავშირებული.

სხვადასხვა ვერსია

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას „XX საუკუნის ჯერჯერობით უპასუხო გამოცანას“ უწოდებს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში მოკლედ მიმოიხილავს იმ ვერსიებს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს:

„არსებობს უამრავი ვერსია. ჯერ იყო ცარისტული რუსეთის [„ოხრანკის“] გამოძიება და ვერსია, რომლის შემდეგაც დააპატიმრეს და დასაჯეს მკვლელობის მონაწილე რამდენიმე პირი, როდესაც პირდაპირ გამოცხადდა, რომ ეს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩადენილი დანაშაული. არადა, კონტექსტი ასეთი იყო: რევოლუციური მოძრაობა ებრძვის ცარიზმს, ცდილობს მის დამხობას და რეჟიმი იყენებს ამას მტრის კომპრომატიზაციისთვის.

ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

დროთა განმავლობაში ეს საკითხი უკანა პლანზე იყო გადაწეული. 40-იანი წლების დამდეგს რეჟიმმა ჩათვალა, რომ ილიას მკვლელობას ახალი დასაბუთება უნდა მიეცეს და შემოიტანა გიგლა ბერბიჭაშვილის ვერსია, რომ ეს იყო ცარისტული რეჟიმის, ოხრანკის მიერ ორგანიზებული მკვლელობა.

1980-იანი წლების ბოლომდე ამას ალტერნატივად მხოლოდ ფოლკლოლური ვერსიები შეხვდა — იმ ნაწილმა, რომელიც სკეპტიკურად და მტრულად იყო განწყობილი ოფიციალური იდეოლოგიისა და ისტორიოგრაფიის მიმართ, დაიწყო ლეგენდის შეთხზვა, რომ ეს უკავშირდებოდა ბოლშევიკებს და ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე პირადად მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში;

1990-იანი წლების შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში აირია და დღემდე, თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ახლოსაც კი ვერავინ მივიდა ამ საქმის გარკვევასთან“.

თუმცა, როგორც ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, მაინც გაურკვეველი რჩება, რატომ ჩაიდინეს ეს მკვლელობა: „ილიას მკვლელობა რჩება სამეცნიერო, ისტორიულ და, გარკვეულწილად, კრიმინალისტურ გამოცანად“.

„ევროპისგან დაკვეთილი მკვლელობა“?

რას ამბობენ ისტორიკოსები ილიას მკვლელობის „ევროპასთან“ დაკავშირებაზე? ან რომელ „ევროპას“ გულისხმობს გამრეკელი 1907 წლის რეალობაში, არსებობდა კი დღევანდელივით, შედარებით ერთიანი სივრცე პირველ მსოფლიო ომამდე 7 წლით ადრე?

კიდევ ერთი ისტორიკოსი, ირაკლი ირემაძე იოანე გამრეკელის ამ ნათქვამზე ამბობს, რომ არც კი ღირს მეცნიერულ დისკუსიაში შესვლა: „ევროპელების ხელი რუსეთში განვითარებულ ტერორისტულ აქტებში აბსურდულია, არსად არაფრით არ იკვეთება“.

ირაკლი ირემაძე

პირველ რიგში, ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ ამ განცხადებით [20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოჰყვა ამ სიაში] იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეებს გაუთანაბრა.

1800-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცარისტული რეჟიმის არაერთი წარმომადგენელი მართლაც გახდა „ტერორისტული შეტევების“ სამიზნე, თუმცა ჭავჭავაძის მათ გვერდში დაყენება ყველანაირად გაუმართლებელია, ამბობენ ისინი.

ირაკლი ხვადაგიანი განმარტავს: „სხვადასხვა დროს „ნაროდნიკები“ [ხალხოსნები – პოლიტიკური მოძრაობა], ესერები [სოციალისტ-რევოლუციონერები] და ანარქისტები, ზოგჯერ სოციალ-დემოკრატიული პარტიაც — და განსაკუთრებით ბოლშევიკური ფრაქცია — მიმართავდნენ ტერორს, ოღონდ მეფის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

ილია ჭავჭავაძე

„ანუ მათი სამიზნეები იყვნენ სადამსჯელო ოპერაციების მეთაურები, ჟანდარმერიის ოფიცრები, პოლიციის ჩინოსნები, შინაგან საქმეთა მინისტრები, რომლებიც თვითონ ახორციელებდნენ ტერორს. ანუ ეს იყო „ტერორი ტერორს“. გამრეკელის ნარატივით კი, ილია ჭავჭავაძეც ისეთი პიროვნებების გვერდით დგას, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი, ალიხანოვ-ავარკსი, ჟანდარმერიის ოფიცრები და ა.შ.“, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.

ამ ტერორის ევროპასთან რაიმე სახის კავშირზე საუბარს მეორე ისტორიკოსი, ირაკლი ირემაძე აბსურდულს უწოდებს და იმავეს გვეუბნება, რასაც ხვადაგიანი: „ეს ტერორი, რაც რუსეთში ხორციელდებოდა, იყო წმინდად ხალხოსნური მემკვიდრეობა, XIX საუკუნის 60-70-იანი წლებში ჯერ დეკაბრისტების, შემდეგ ხალხოსნების [იგივე „ნაროდნიკების“] მოქმედებებისა“.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: „იმის თქმა, თითქოს ევროპა იდგა სოციალ-დემოკრატების [მენშევიკების] უკან, ცოტა არ იყოს, ირონიულია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემთხვევაში. ევროპა მართლაც იყო მათი სამიზნე, ეს მოძრაობა ევროპისკენ იყო მიმართული, იქაურ სოციალ-დემოკრატიულ იდეებს ეფუძნებოდა, იქითკენ ჰქონდა მიზიდულობის ცენტრი და არა რუსულ სოციალიზმთან. მაგრამ გამრეკელს ძალიან ღრმად მოუვიდა შესვლა და ასეთი წარმოუდგენელი ფორმულა დააყენა: თითქოს სოციალ-დემოკრატებმა იმპერიის არსებობის პერიოდში ევროპის დავალებით ამდენი სახელმწიფო მოღვაწე მოკლეს იმიტომ, რომ ევროპა ებრძოდა რუსეთს და უნდოდა მისი გადაგვარება და დასუსტება“…

მაშ, რატომ ამბობს ამას გამრეკელი?

ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება: „ისტორიული დისკუსიის გამართვა სასაცილოა, რამდენადაც ეს ფორმულა, რაც გამრეკელმა წარმოადგინა, ზუსტად ისევე აბსურდულია, ვინმემ რომ უცხოპლანეტელების ელემენტი შემოიტანოს ამ საქმეში“. არც თვითონ იოანე გამრეკელის მიერ დასახელებულ ფილმში, რომელიც 2014 წელს გადაიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, არ არის ნახსენები ან რაიმე სახით მინიშნებულიც კი მკვლელობის კავშირი „ევროპასთან“.

თუკი იოანე გამრეკელის ნათქვამი არც ისტორიული აკურატულობით ხასიათდება და არც რაიმე კავშირი აქვს რეალურ ისტორიულ წარსულთან, რის გამო შეიძლება ამას ამბობდეს? ხვადაგიანის თანახმად, ეს ნათქვამი „შეიძლება შევაფასო მხოლოდ თანამედროვე საინფორმაციო ომისა და რუსული პროპაგანდის განზომილებაში“:

„ეს ცხადზე ცხადი ფორმულაა, იქიდან გამომდინარე, რასაც ეყრდნობა რუსული პროპაგანდა და რბილი ძალა: იღებს გარკვეულ სახე-სიმბოლოებს და ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძე არის წმინდანის რანგში აყვანილი ხელშეუხებელი სიმბოლო, რომელიც უკავშირდება რელიგიურობას, რწმენას, და იყენებს იმ ძველ სტერეოტიპებს, მისი მვკელლობის თითქოს სოციალ-დემოკრატებთან კავშირს, და ამას ამატებს ევროპის კომპონენტს — რომელიც არის მთავარი „საფრთხობელა“ და „დესტრუქციული ძალა“, რომელიც ცდილობს, გარყვნას და წაართვას რუსულ სამყაროს მისი სიწმინდეები“, — ამბობს ხვადაგიანი.

ისტორიის გამრეკელისეული ხედვა

როდესაც იოანე გამრეკელი ოფიციალურად დანიშნეს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, არაერთმა თეოლოგმა გაიხსენა მის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული წერილი, „საქართველოს გზა“, რომელშიც იგი წერს:

    • „რუსეთი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი ევროპაში გავრცელებული ათეიზმისა და სოციალ-დემოკრატიული იდეებისა. ევროპამ და ამერიკამ დააფინანსეს ჯერ რევოლუცია და მერე სამოქალაქო ომი რუსეთში“.
    • „სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გააანალიზა, რაში იყო საქმე. საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს“…

  • „ჩვენ გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით — რუსეთით, და გვიკიჟინებენ, რომ „რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ“… ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის იმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს“.
  • ევროპაზე მისეულ მსჯელობაში ჰომოფობიასაც გადააწყდებით: „ევროპული ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და ანტიქრისტიანულს. ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის მცდელობა“…
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

თეოლოგ ლადო წითლიძეს მიტროპოლიტი იაონე „ერთმნიშვნელოვნად პრორუსულ ფიგურად“ მიაჩნია, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული წერილის შინაარსის გამო და „ნეტგაზეთთან“ საუბარში მანიპულაციურსა და კატასტროფულს უწოდებს XIX საუკუნეში მომხდარი მოვლენების მიტროპოლიტისეულ ინტერპრეტაციას.

[toggle title=”იოანე გამრეკელი”]

საპატრიარქოს ვებგვერდის თანახმად, 73 წლის მიტროპოლიტის ბიოგრაფიის მოკლე შეჯამება ასეთია: დაიბადა თბილისში, ისტორიკოსის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ თბილისის პოლიტექნიკურ, შემდეგ კი ნოვოჩერკასის (ქალაქი როსტოვში) გეოლოგიის ინსტიტუტებში გეოლოგია ისწავლა და კარიერაც ამავე სფეროში გააგრძელა 1985 წლამდე.

37 წლის ასაკში სიონის ტაძრის სტიქაროსანი გამხდარა, 2 წელიწადში კი მცხეთის სასულიერო სემინარიაში გადასულა სასწავლებლად. იქ სწავლის დასრულებამდე, 41 წლის ასაკში, დიაკვნად აკურთხეს, აქედან ერთ წელიწადში კი უკვე მღვდელი გახდა.

1989 წელს, როდესაც თბილისში მძიმე მოვლენები ვითარდება, ის უკვე სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერი (ხელმძღვანელი) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. ამავე წყაროს ცნობით, 9 აპრილის დილა — როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები დაარბიეს და დახოცეს — მან ილია II-სთან ერთად გაატარა მთავრობის სასახლესთან.

[ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ეპიზოდია ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში: 9 აპრილს მან ანტისაბჭოთა დემონსტრაციას განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, [დარბევის] საშიშროება რეალური იყო და მოუწოდა, „ქაშვეთის ეკლესიაში შესულიყვნენ“. თვითონ უარყოფს, რომ ეს დაშლისკენ მოწოდება იყო, თუმცა არაერთი დღემდე ასე აღიქვამს ამ განცხადებას].

შემდეგ პერიოდში, 1995 წელს, იოანე გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა. ამავე პერიოდიდან გამოსცემდა რელიგიურ ჟურნალს, კითხულობდა ლექციებს სემინარიაში. ბერად 2008 წელს აღიკვეცა. საინტერესოა, რომ ეპისკოპოსად აქედან სულ რაღაც სამ დღეში აკურთხეს. მთავარეპისკოპოსის ტიტული 2010 წელს მიანიჭეს, ხოლო კიდევ უფრო მაღალი იერარქია — მიტროპოლიტობა — 2011 წელს. [/toggle]

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: „მეფისდროინდელი რუსეთის სიკეთედ წარმოჩენა და იმის უარყოფა და დამალვა, როგორ ხდებოდა ქართული საეკლესიო სიძველეების, წერილობითი წყაროების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება-განადგურება, ისტორიული არტეფაქტების ქურდობა და გატაცება, ეკლესიაში კონკრეტული სასულიერო პირების დევნა, ქართული ენის შევიწროება, საგანმანათლებლო და კულტურული მუშაობის, საღვთისმეტყველო მიმართულების ჩაკვლა, არის ზუსტად პროპაგანდისტული დღის წესრიგი. თუ ამას ვინმე სიკეთედ წარმოაჩენს, გასაგებია, რომ დღესაც ასე ხედავს საკუთარ ადგილს — იმპერიულ განზომილებაში“.

კიდევ ერთმა თეოლოგმა, ლადო ნარსიამ კი „ნეტგაზეთს“ უთხრა: „წერილში კარგად ჩანს, როგორ ხედავს ეს ადამიანი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს და რა ორბიტაზე წარმოუდგენია მომავალი“.

წაიკითხეთ ასევე:

https://netgazeti.ge/news/402781/

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან.

სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება 250-მდე ადამიანი.

გახარიას თქმით, პროფესიული სასწავლებელი ფოთში, ისტორიულ შენობაში განთავსდება, სადაც ადრე ჰიდრომელიაციური ტექნიკუმი ფუნქციონირებდა. შენობა დღეს სარემონტოა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

„მალე გამოცხადდება ტენდერი და შენობა აღდგება. ახალი ფილიალის გახსნა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მიიღონ მაღალი დონის, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპეციალობა.

ჩვენი ეკონომიკის ყველა დიდი პრობლემა არის სამუშაო ადგილები, ამიტომ მთავრობის ამოცანაა, ხელი შუწყოს ბიზნესს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.  ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც შემდეგ ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან. აი, ეს დისბალანსი უნდა გავასწოროთ. ამისთვის კი საზღვაო აკადემია არის ერთ-ერთი ყველა წარმატებული მაგალითი“ – განაცხადა გახარიამ სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ახალი ლაბორატორია ექნებათ

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ დღეს სხვადასხვა სპეციალობის ქართველი მეზღვაურების 50 პროცენტი უცხოურ გემებზეა დასაქმებული, და ისინი „ეხმარიან ოჯახებს და თავიანთ ქვეყანას“.

გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში

ქობულეთში თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა

ქობულეთში, 7 დეკემბერს, თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, თევზსაჭერმა გემმა დახმარება 7 დეკემბერს, 01:50 საათზე ითხოვა. სააგენტოს ცნობით, გემს კორპუსის დაზიანების გამო შესდიოდა ზღვის წყალი, რის გამოც ჩაიძირა.

„თევზსაჭერ გემზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა „ვიქტორიამ“ უსაფრთხოდ გადაიყვანა ფოთის საზღვაო ნავსადგურში“- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

სააგენტოს განმარტებით, ინციდენტზე დაწყებულია მოკვლევა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, იყო თუ არა გემი თევზით დატვირთული.

5 წლის ბიჭმა მისი შვილად აყვანის სასამართლო პროცესზე საბავშვო ბაღის მთელი ჯგუფი დაპატიჟა

5 დეკემბერს, აშშ-ში, მიჩიგანში, უჩვეულო სასამართლო სხდომა შედგა. პატარა ბიჭმა, 5 წლის მაიკლმა, საბავშვო ბაღის მთელი ჯგუფი დაპატიჟა სასამართლოში, რათა მეგობრები მისი შვილად აყვანის ოფიციალურ სასამართლო სხდომას დასწრებოდნენ.

ფოტოზე, რომელიც კენტის სასამართლომ გამოაქვეყნა, ჩანს მაიკლი თავისი მშობლების გვერდით, მათ უკან კი ბავშვები ქაღალდის გულებით.

სასამართლო მოსმენის დროს, ბავშვებსაც მიეცათ საშუალება, ეთქვათ, თუ რატომ მოვიდნენ სასამართლოში.

„მაიკლი ჩემი მეგობარი“ – თქვა სტივენმა.

„მე მქვია ლილი და მე მიყვარს მაიკლი“ – უთხრა მოსამართლეს პატარა გოგონამ, რომელსაც კისერზე საშობაო მოსართავი ეკეთა.

სასამართლო დარბაზში ტაში დაუკრეს მას შემდეგ, რაც გაისმა სასამართლო ჩაქუჩის ხმა, იმის დასტურად, რომ მაიკლი მისმა მშობლებმა ოფიციალურ აიყვანეს შვილად.

მაიკლის ისტორიამ უმალვე მიიქცია მედიის ყურადღება.

„მაიკლის შესახებ ამბავი ფეისბუქზე 12 მილიონმა ადამიანმა ნახა. შესაძლოა, მაიკლისა და მისი ისტორიის მიმართ ყურადღება გვაჩვენებს, რომ ის, რაც გვაერთიანებს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ის, რაც გვყოფს. ჩვენ ეს გაკვეთილი გვასწავლა ხუთი წლის ბიჭმა, რომელსაც არასდროს უცდია სწავლება. მან მხოლოდ მოგვცა საშუალება სიყვარულის მოწმეები ვყოფილიყავით. მადლობა მაიკლ“ – ვკითხულობთ კენტის სასამართლოს ფეისბუქგვერდზე.

ფოტო: FB

 

ფოტო: FB

________

წყარო: BBC

პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. მას  „საზღვრის კვეთას” ედავებიან. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„წადი!“ – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში სტვენით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება.

13 საათზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მივიდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საზღვაო აკადემიის წინ მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დახვდნენ პლაკატებით.

პრემიერს ბათუმში „ალტერნატივას“ აქტივისტები პლაკატებით დახვდნენ

ისმოდა შეძახილები: „წადი! „მონა!“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა პრემიერის ავტომანქანას მიახლოებოდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც.

გახარიას საზღვაო აკადემიის წინ, აქციით დახვდნენ

გიორგი გახარია აკადემიის ჭიშკართან, აქტივისტების წინ რამდენიმე წუთით შეჩერდა, თუმცა საპროტესტო შეძახილების შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. პრემიერთან ერთად აკადემიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა.

დღეს გახარია ბათუმის მშენებარე სტადიონს დაათვალიერებს, შემდეგ კი ბათუმის ნავსადგურში წავა.

გიორგი გახარია ბათუმში

სპორტსმენმა პირველი ოქროს მედალი 50 წლის ასაკში მოიპოვა

სინგაპურის წყალქვეშა ჰოკეის გუნდის წევრმა, 50 წლის კრისტინა ტემმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სპორტულ შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს პირველი ოქროს მედალია სპორტსმენისთვის, რომელმაც კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო.

პირველად კრისტინა სინგაპურის ნაკრებში 1881 წელს გამოვიდა და ვერცხლის მედალი მიიღო ცურვაში, სპორტული დებიუტიდან 38 წლის შემდეგ კი ქალმა წელს ორი ოქროს მედალი დაიმსახურა.

კრისტინამ სპორტულ კარიერა წლების წინ შეწყვიტა, თუმცა 2015 წელს, 51 წლის ასაკში მან გადაწყვიტა სპორტში დაბრუნებულიყო.

კრისტინა ტემი გაჩერებას არ აპირებს. 2021 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშები ვიეტნამში გაიმართება და ოქროსმედალოსანი სპორტსმენი ვარჯიშს გააგრძელებს.

„ვვარჯიშობ, იმიტომ რომ მიყვარს შეჯიბრი, მიყვარს პროცესი, როცა მნიშვნელოვან დროს იხარჯები ბოლომდე.

რას ვეტყოდი 12 წლის ასაკში საკუთარ თავს? ვეტყოდი – გჯეროდეს საკუთარი თავის.  საკუთარი თავის რწმენაზე მნიშვნელოვანი თითქმის არაფერია“ – უთხრა კრისტინამ „ბიბისის“. 

__________

წყარო: bbc.com

საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხებზე – აქცია ტერაბანკისგან

იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი, რომელიც იპოთეკურ სესხს ტერაბანკში აიღებს ან იგივე პროდუქტით სხვა ბანკიდან გადმოპორტირდება, დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებს.

კერძოდ, სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი — 9,99%, ეფექტური კი — 11,91%-ია. აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.

„ეს მართლაც მიმზიდველი შეთავაზებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იპოთეკური სესხის აღება უნდათ. ვფიქრობთ, აქცის ხელსაყრელი პირობებით ბევრი მომხმარებელი ისარგებლებს“, – აცხადებენ ტერაბანკში.

აქცია ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ვრცელდება. სესხის მიზნობრიობა უძრავი ქონების შეძენა, რემონტი ან მშენებლობაა. მასში ჩართვა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებსაც იპოთეკური სესხის აღება ან უკეთესი პირობებით სხვა ბანკიდან პორტირება სურთ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში

„ასეთი დამოკიდებულება აზარალებს, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას და მის იმიჯს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საზოგადოებაში,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მას ვკითხეთ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების პერიოდულ კრიტიკაზე და იმაზე, თუ რამდენად ჰგავს ეს ტაქტიკა პუტინის მეთოდს, რომელმაც რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ გაძევება ან გაჩუმება შეძლო.

სახალხო დამცველს და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე „თავდასხმა“ აგონებთ რუსეთს, თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ ის, რაც გამოვიდა რუსეთში, ვერ გამოვა საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის რიტორიკამ NGO-ების წინააღმდეგ რუსეთი გაახსენა IRI-ის პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს. ის „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას – „დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“. მან ასეთი რამ თქვა:

„მსგავსი კამპანიები, ძირითადად, კრემლიდანაა წამოსული იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან… როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება“.

როგორ მოიქცა პუტინი?

IRI – ის პრეზიდენტის ეს შეფასება არაა პირველი, როცა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ან ანალიტიკოსებს უთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მესამე სექტორთან ბრძოლის სტრატეგიით რუსეთს ემსგავსება. თუმცა, რუსეთში ბოლო წლებია ვლადიმერ პუტინი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აკრიტიკებს – იქ არასასურველი არასამთავრობოები გააჩუმეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა პუტინმა 2012 წელს დაიწყო. მაშინ მიიღეს კანონი „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ. სამოქალაქო სექტორის შეზღუდვისთვის დაწყებული კამპანია 2015 წელს მოიყვანა კრემლმა სისრულეში, როცა კიდევ ერთი კანონს მოაწერა ხელი პუტინმა – „უცხო ქვეყნის ფონდებიდან მიღებული დაფინანსების შესახებ.“ იმ დროისთვის რუსეთში მოქმედი 150 ორგანიზაცია უკვე 87-მდე იყო შემცირებული. 2015 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციებს აეკრძალათ საქმიანობა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კი, რუსეთის პროკურატურას უფლება მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაჩეროს.

იმ პერიოდში კრემლისთვის „არასასურველი” ორგანიზაციების სიაში მოხვდა “ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო ფონდი”, “National Endowment for Democracy” (NED), “Freedom House”, „მაკარტურის ფონდი” და „აღმოსავლეთ ევროპული დემოკრატიული ცენტრი”. ასევე სამი უკრაინული და ორი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია.

ვიდრე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ პუტინი ბრძოლას დაასრულებდა, ისიც ივანიშვილის მსგავსად ხშირად ახსენებდა მესამე სექტორს და მუდმივად უცხოურ დაფინანსებიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მისი 2014 წელს ნათქვამი აღმოჩნდა: „დასავლეთი შესაძლოა იყენებდეს არასამთავრობოებს რუსეთში არეულობის მოსაწყობად“.

საკანონმდებლო ცვლილებების დროს გამოცემა „როიტერი“ პუტინის ამ ციტატით იწყებდა სტატიას:

„რუსეთის კანონმდებლობა გვაძლევს პირობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ თავისუფლად და გამჭვირვალედ, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით არასდროს თანახმა, რომ მათ ჰქონდეთ დესტრუქციული მიზნები“.

რუსეთის პუტინი იღებს კანონს არასასურველი არასამთავრობოების წინააღმდეგ“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-მ 2015 წელს.

2013 წელს ვეტერანი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა წერდა:

„…მას შემდეგ, რაც დაიმორჩილა ბიზნესი, სასამართლო ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც არჩევნების ჩატარების ტექნოლოგია აითვისა ისე, რომ მისი შედეგები წინასწარ იყოს ცნობილი, ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის იმ ბოლო ყლორტებისთვისაც მოიცალა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს – კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მით უფრო, რომ იგი ბოლო ხანს მეტისმეტად გააქტიურდა, რაც ხელისუფლებას ძალიან აწუხებს“.

Open Democracy -ს 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „პუტინი არასამთავრობოების წინააღმდეგ“, წერია:

„რამდენად შორს წავა კრემლი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლაში, დიდი კითხვაა. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის შედარება არა მხოლოდ ბელორუსთან, არამედ ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან.“

Amnesty International -ი,  2016 წლის ნოემბერი:

„…სავსებით ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო კრიტიკულად ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ზრდის შეფერხება და მისი შეცვლა სამთავრობო პოლიტიკის მიზანმიმართულ, დამოკიდებულ მომხრეებად.“

რას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი? 

პუტინის მსგავსად, ივანიშვილიც ირჩევს პუტინის სტრატეგიას – არასამთავრობოებზე თავდასხმას. თუმცა პუტინისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები არასამთავრობოებს ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს აბრალებენ.

2016 წლის სექტემბერი, „ნეტგაზეთი“, ბიძინა ივანიშვილი:

რომელი მესამე სექტორი? ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ, ბოდიში და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და იბრალებს… ისეთ ნიშაში შევიდნენ, რომ ასეთი აგრესიულები ნაციონალური მოძრაობის წევრებიც არ არიან ძალიან ხშირად. რომელმა თქვა, კონკრეტულად მითხარი და გამოჩნდება [ახალგაზრდა იურისტები, საერთაშორისო გამჭვირვალობა]. გიგაური იქნებოდა, ალბათ. პაგონებიანმა გიგაურმა, ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო პაგონები. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც…“

2015 წლის იანვარი: „აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები – ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან”.

ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობოების კრიტიკაში სხვებიც აყვნენ, მაგალითად, ირაკლი კობახიძე:

“არის ასეთი ტერმინი გონგო (GONNGO), რაც ნიშნავს სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას Governmental NGO. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არსებობდეს მთავრობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე პირდაპირ იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან და მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები წააგეს, ეს გონგოები გახდნენ ოპონგოები, ანუ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2019 წლის მარტში, როცა იგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილმაც 2018 წლის ოქტომბერში, მაშინ იგი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო:

„ალბათ, საჭიროა, როცა არასამთავრობოები ეხმაურებიან კამპანიას, ჯერ ერთი, როცა სიძულვილის სიტყვებია ქალზე ნათქვამი, რომ ის, ვინც იცავს ქალთა უფლებებს, ამაზე რეაქცია გააკეთოს და ეს რეაქცია არ გამიგია. მეორე მხრივ, მგონი, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და არის გაკეთებული, ეს კრიტიკა არ არის, ეს არის პირდაპირ ცილისწამება, როცა ამას არ აქვს საფუძველი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.ი. რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო,“ – უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 2018 წლის ოქტომბერში, როცა იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, პრაქტიკულად, პოლიტიკურ პარტიად არის ქცეული და „ნაციონალებთან“ თუ „ევროსაქებთან“ ერთად მათი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს,“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2019 წლის აპრილში „პირველი არხისთვის“ მიცემულ კომენტარში.

„ნაციონალების ლობირებაში“ დაადანაშაულა მესამე სექტორი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. გასაღების კანონპროექტის განხილვის დროს. მაშინ და ახლაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო, რომ ფარულ მოსმენაზე „გასაღები“ სუს-ს, ან სუს-ზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციას არ ჰქონოდა. კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობოებს მაშინ პრემიერმა „ქვეყნის იმიჯის შელახვაშიც“ დასდო ბრალი.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკული შეფასებები ერთგვარად ახალისებს ულტრანაციონალისტურ ძალებს, რომლებიც უკვე ღიად გამოდიან არასამთავრობოების დახურვის, გაძევების თუ უცხოეთიდან „ფულის შემოსვლის აკრძალვის“ ინიციატივით. ამ მხრივ ყველაზე აქტიური კი მაინც „ქართული მარშია“.

არასამთავრობოები: როცა ხელისუფლება ასე იქცევა, ჩვენ გვახსენდება რუსეთი, ჩინეთი

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ასე უყურებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც, ზოგადად, შორდებიან დემოკრატიას,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მას ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები აგონებს რუსეთს, ჩინეთს, ბელორუსს და იმ ქვეყნებს, სადაც პოლიტიკური კრიზისის დროს „არასამთავრობოებს თავს ესხმიან“.

„არა მგონია, ასე ეფიქრათ, რომ მოდი, რუსეთში ასე ქნეს და ჩვენც ასე ვქნათ. ეს ხდება ბუნებრივად, როცა სახელმწიფო ხელისუფლებები, ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე დემოკრატია. ამ პროცესში ისინი უყურებენ, ვინ შეიძლება იყოს საფრთხის მომტანი: პოლიტიკოსი, მედია, არასამთავრობო. ბუნებრივად გადის ხელისუფლება ამ პროცესს, რომ გაანეიტრალოს საფრთხეები,“ – ასე ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე პერიოდულ თავდასხმის მოტივაციას გიორგი მშვენიერაძე.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელია და ახლა მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი. ანა ყურადღებას ამახვილებს ისტორიულ მოცემულობაზე: „რუსეთს არ სურს ძლიერი დემოკრატია მეზობელ ქვეყანაში“, – ამბობს ის.

„ნათელია, რომ რუსეთს სურს, არ შედგეს საქართველო, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ეს ინტერესი მიემართება ყველაფერს, მათ შორის, ინსტიტუციებს. მათ არ სურთ საქართველოში არც ძლიერი მესამე სექტორი, არც ჯარი ან მართლმსაჯულება. პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც მენტალურად ისევ იქ არის, რუსეთში. თვითონ სადაც უნდა იქ იყოს, მაგრამ სურს, რომ ჩვენც იქ დაგვაბრუნოს,“ – გვიყვება ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა, თქვა ივანიშვილზე:.

„შემაშფოთებელია, რადგან ასეთი მკაფიო შეფასება ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს საგარეო კურსზე. რეალურად კი გვეუბნება ხელისუფლება, რომ ევროპულია, მაგრამ შეუძლებელია შიდა პოლიტიკისგან გამიჯნული იყოს საგარეო კურსი. შეუძლებელია ამბობდე, რომ ხარ ევროპელი და არ იცავდე ადამიანის უფლებებს, არ გინდოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა… IRI არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და მის აზრს ითვალისწინებენ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. მან თქვა პრაქტიკულად, რომ ასეთი მიდგომების ხელისუფლება არ არის დემოკრატიულ ქვეყნებში და ასეთი ქვეყნის ადგილი არის რუსეთის და ჩინეთის გვერდით“.

გია ვოლსკი არასამთავრობოებზე: „ეს არის მბრძანებლური ტონი“

„თვითონ ეს მიდგომაა ისეთი, ესე იგი, თუკი ვინმე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს შეეხო ან გააკრიტიკა, ისეთი რეაქცია აქვთ, გეგონება, რომ ესაა საბოლოო ინსტანცია და თუ არ გაითვალისწინებ, რაღაც დამნაშავე ხარ და შენი პოლიტიკა და რიტორიკა რუსულია. მე მგონი, პირიქით, ეს არის ცოტა არ იყოს მბრძანებლური და დემაგოგური ტონი, რომელიც აირჩია არასამთავრობო სექტორმა. მათ ნამდვილად არ ემუქრებათ დახურვა და საერთოდ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა ჩვენს ქვეყანაში,“ – გვითხრა გია ვოლსკიმ. პარლამენტარი მმართველი პარტიიდან ვერ ხედავს მსგავსებას პუტინის მიდგომებთან, რომელიც არასამთავრობოებს ჯერ აკრიტიკებდა, შემდეგ კი, მათი აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო.

ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების პათოსს გია ვოლსკიც იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას იმეორებს. პარლამენტის წევრმა ვერ დაგვისაბუთა, რატომ არ შეიძლება ემთხვეოდეს რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციის პოზიცია პოლიტიკური პარტიის შეხედულებას, ან პირიქით.

„გაღიზიანებული ნუ მელაპარაკებით, ტენდენციური ხართ უკვე, ტონზე გეტყობათ… მე შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარბებენ თავის ფუნქცია-მოვალეობებს, იჭრებიან პოლიტიკაში და რაც მთავარია, არ არიან ობიექტურები… ჩემი შეხედულება ასეთია. მაგალითად, როცა „გამჭვირვალობა საქართველო“ რაღაც დასკვნას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდი. მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკის გამეორება სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, საკმაოდ სიტყვა-სიტყვით ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას და ეს გამოიხატება არაობიექტურობაში…“ – აღნიშნავს გია ვოლსკი.

პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარალელის გავლება არასწორია, რადგან საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ მოსაზრებას გამოხატავს სამოქალაქო სექტორზე და არავის სურს სამოქალაქო სექტორის დასუსტება.

„შეზღუდვა კი არა, როცა თქვენი მსგავსი, აქტიური დამცველები ჰყავს არასამთავრობო სექტორს, თუნდაც პოლიტიზებულს… საჭიროა არასამთავრობო სექტორი. გადახედეთ, რეალურად რა ხდება ევროპაში, შეერთებულ შტატებში, იქაც არ ეთანხმებიან ყველაფერში მედიასაშუალებებს და მესამე სექტორს. ჩვენ იმიტომ ვართ თავისუფლები, რომ ჩვენ-ჩვენი პოზიციები გვაქვს. მე, შესაძლოა, თქვენს სარედაქციო პოლიტიკას არ ვეთანხმები, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დამირეკოთ და არ ეცადოთ, რაღაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენოთ თქვენი კითხვებით. მით უმეტეს, რომ ვერ ჩამაყენებთ,“ – გვიპასუხა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის წევრს „საქართველოს კონსტიტუციაში“ ჩახედვისკენ მოუწოდებს „ლელოს“ სპიკერი და საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი.

„შემთხვევით არ წერია იქ ადამიანის უფლებებზე… როცა რაღაც სიმართლეა და ამ სიმართლეს სხვა აქტორი გაიმეორებს, ეს ვერ გადაკეთდება ტყუილად იმის გამო, რომ შენ ეს არ მოგწონს. ეს ადამიანები მუდმივად დაკავებული არიან ეჭვიანობით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. ჩვენ გვახსოვს 2015 წელს როგორ დააანონსა ივანიშვილმა ფილმი არასამთავრობოების წინააღმდეგ… არ სჯერათ, რომ შესაძლოა, მართლაც ვიღაც გულწრფელად იდგეს ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე“.

„ეს არის არასწორი მოლოდინის გაჩენა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომ თითქოს არასამთავრობოები მოწყვეტილი უნდა იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, მშვიდად იყვნენ, წყნარად და წერონ ანგარიშები…“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი.

როგორ აისახება ხელისუფლების კრიტიკა არასამთავრობოებზე? 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან პერიოდული შეტევა არასამთავრობო სექტორზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან ურთიერთობაზე, რაც მესამე სექტორს კონკრეტული მიზნების მისაღწევად სჭირდება.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ ძლიერი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი, რომელიც მუშაობს ბევრი მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის, ანტიკორფუციული მიმართულებებით. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მათ ვერ დაასუსტებს, თუმცა იმოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ურთიერთობაზე. მათ აქვთ არაერთი პროექტი, რომლითაც ისინი ეხმარებიან სხვადასხვა ინსტიტუციას და აძლევენ ექსპერტულ დახმარებას. როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს ესმით ასეთი კრიტიკა არასამთავრობოების მიმართ, ეს აისახება ამ თანამშრომლობაზე,“ – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.

„ივანიშვილის და სხვების განცხადებების მიზანია, რომ მათი მხარდამჭერები წაეკიდონ სამოქალაქო ორგანიზაციებს, დაპირისპირების კერები გააჩინონ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად იბრძვიან დემოკრატიისთვის. ხელისუფლების ეს ტაქტიკა დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ, ზოგადად, დემოკრატიულ პროცესს ქვეყანაში,“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

რამდენად  შეიძლება საქართველოში მოხდეს იგივე, რაც მოხდა რუსეთში?

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: „ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად განსხვავდება რუსეთისგან. შესაბამისად, ნაკლებად ველოდები, რომ ხელისუფლება შეძლებს, რაც უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს, იმ მეთოდებით ოპერირებას, რითაც მოქმედებდა რუსეთის ხელისუფლება… ეს ვერ გამოვა, რადგან არ ვართ რუსეთი და ჩვენთან გაცილებით ძლიერი დემოკრატიაა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“.

გიორგი მშვენიერაძეც ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთი არ არის და ქვეყანაში გაცილებით ძლიერია სამოქალაქო სექტორი. იგი იხსენებს წარსულსაც და მიანიშნებს ხელისუფლებას, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ 140 წლის წინ ჩამოყალიბდა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მეფის რუსეთმაც ვერ მოუგო.

„არა მგონია, ხელისუფლებას წარმატების იმედი ჰქონდეს ამ ბრძოლაში… ხელისუფლება ვერ იჯერებს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან…. მათი გაჩერება შესაძლებელი იქნება, თუ მოკლავენ ან ციხეში ჩასვამენ. ეს ძალიან გაუჭირდება ივანიშვილს.

ჩვენთან ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 140 წლის წინ, ჭავჭავაძის, გოგებაშვილის და ყიფიანის დროს, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არსებობდა, მათ დასავლური ღირებულებები შემოჰქონდათ საზოგადოებაში. ამიტომაც, ამ ბრძოლას ხელისუფლებისთვის ეფექტი არც მეფის რუსეთში ჰქონდა,“ – დასძინა გიორგი მშვენიერაძემ.

_____

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/412038/

პენსიონერს მოპარული მანქანა გამოძიებამ 3 წელი არ დაუბრუნა – ის პროკურატურას უჩივის

ქობულეთში მცხოვრები გურამ სვანიძე პროკურატურას სასამართლოში უჩივის და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გურამ სვანიძე პენსიონერია და ამბობს, რომ უმუშევარი არ დარჩებოდა, პროკურატურას სამი წელი რომ არ გაეჩერებინა მისი ავტომანქანა პოლიციის ეზოში.

შემთხვევა 2015 წლის სექტემბერში მოხდა – გურამ სვანიძეს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანა მოჰპარეს. იმავე დღეს პოლიციელებმა ავტომანქანა იპოვეს და ამ საქმეზე ლ.გ.-ც დააკავეს. პროკურატურამ გურამ სვანიძე დაზარალებულად ცნო, თუმცა ნივთმტკიცებად ამოღებული ავტომანქანა „ფორდ მონდეო“ თითქმის სამი წლის შემდეგ – 2018 წლის მაისში დაუბრუნა.

„გახსოვთ, ალბათ, როგორი ყინვა და თოვლი იყო იმ წლებში… ჩემი ავტომანქანა პოლიციის ეზოში, ღია ცის ქვეშ იყო გაჩერებული ტყუილუბრალოდ,“ – გვიყვება გურამ სვანიძე. – „მანქანა როცა დამიბრუნეს, აღარაფრად ვარგოდა, ოთხივე საბურავი გამოვუცვალე, სარემონტოა ახლაც, შესაღები… პროკურორი ადილარ წირღვავა იყო. ვკითხულობდი, რა თქმა უნდა, რატომ არ მაძლევთ ჩემს მანქანას, როდის მიბრუნებთ-მეთქი, მაგრამ ზოგადად ამბობდნენ, გამოძიებას ასე სჭირდებაო. საბოლოოდ, დაკავებული ვინც იყო, გაათავისუფლეს, გაამართლეს, რა მოხდა, არ ვიცი…“ – ამბობს გურამ სვანიძე.

ავტომანქანის ქურდობაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2018 წლის დეკემბერში დასრულდა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე – მაისში დაუბრუნეს დაზარალებულს საკუთარი ავტომანქანა.

თუკი ავტომანქანას გამოძიება გურამ სვანიძეს დროულად დაუბრუნებდა, ის მინიმუმ კიდევ 15 თვე იმუშავებდა ერთ-ერთ კომპანიაში მძღოლად, სადაც მას შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 15 თვე იყო დარჩენილი. მოქალაქე ახლა პროკურატურას 9 375 ლარს სთხოვს. ეს ის თანხაა, რასაც გურამ სვანიძე ხელფასის სახით აიღებდა ავტომანქანის მოპარვიდან 15 თვეში. თვეში მისი ხელფასი 625 ლარი იყო.

„სასამართლოში წარმოდგენილია ამ კომპანიის პოზიცია, სადაც ვმუშაობდი, რომ ხელშეკრულება შემიწყვიტეს, რადგან მანქანა აღარ მქონდა. ხელშეკრულება რომ ამოიწურებოდა, მერე არ ვიცით, რა მოხდებოდაო… შესაბამისად, მე ვითხოვ არა სამი წლის შრომის ანაზღაურებას, არამედ 15 თვის,“ – დასძენს გურამ სვანიძე.

მოქალაქეს სარჩელი„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოუმზადა. იურისტი ილონა დიასამიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია პროკურატურის კონკრეტული დასაბუთება – რა საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა სამი წელი ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ავტომანქანაზე.

პროკურატურამ სასამართლოში უკვე გააგზავნა შესაგებელი, სადაც წერია, რომ მოქალაქის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი ხანდაზმულია. პროკურატურა ხაზს უსვამს იმას, რომ მოქალაქემ იცოდა, ავტომანქანა პროკურატურამ სამი წლის წინ რომ წაიყვანა. შესაგებელში არ არის ახსნილი, რატომ არ დაუბრუნა დაზარალებულს გამოძიებამ ავტომანქანა.

„სარჩელი ხანდაზმული არ არის,“ – მიიჩნევს ილონა დიასამიძე, საია-ს იურისტი. მისი განმარტებით, მოსარჩელე ელოდება განაჩენს და თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა, დაზარალებული მსჯავრდებულს მოსთხოვდა ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი მიიღო.

„გარდა ამისა, მოსარჩელემ იცოდა, რომ პროკურატურას სჭირდებოდა ეს ავტომანქანა ნივთმტკიცებად თავისივე საქმისთვის, მაგრამ არ არის დაცული გონივრული ვადა. პროკურატურა უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკუთარ ვალდებულებას,“ – შენიშნავს იურისტი. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში ავტომანქანა არ იყო სადავო და მოკლე დროში შეიძლებოდა ნივთმტკიცების საექსპერტო შეფასება.

„მე ადვოკატი აქამდე არ მყოლია… პროკურატურაში მეუბნებოდნენ, დაზარალებული ხარ და ჩვენ გიცავთო,“ – გვითხრა მოქალაქე გურამ სვანიძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა საქმის პროკურორთან დაკავშირება, თუმცა ადილარ წირღვავამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. კითხვა დავუსვით პროკურატურის პრესცენტრსაც – ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

პროკურატურის წინააღმდეგ საქმის განხილვას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე რამდენიმე დღეში დაიწყებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე „ბათუმელებთან“ შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა „როგორც ჩანს,  ამ მოთხოვნების შესაბამისად ვერ ვასწავლით“. კვლევის მიხედვით, 15 წლის მოსწავლეების შეფასება კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუარესებულია ბოლო სამ წელიწადში. თუმცა გორგოძე ამბობს, რომ დაბალი შედეგების მიუხედავად, მათემატიკის ქულები მაინც გაუმჯობესებულია.

  • ქალბატონო სოფიო, თქვენი აზრით რამ განაპირობა ბოლო სამ წელიწადში შეფასების გაუარესება?

რატომ მივიღეთ ასეთი დაბალი შეფასება, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან საერთაშორისო კვლევაა და დეტალურად ვერ აანალიზებს ერთეული ქვეყნის ინფორმაციას. ჩვენ მოგვცემენ ამ ბაზებს და შევეცდებით მეტი ანალიზი გავაკეთოთ და გამოვცეთ ეროვნული ანგარიში, სადაც უფრო ჩაშლილი იქნება ყველაფერი. ამისთვის გვაქვს სადღაც ორი თვე. შემდეგ გვინდა გავიაროთ ეს საკითხი სამინისტროსთანაც და ფოკუსჯგუფებიც ჩავატაროთ, რომ უფრო მეტად გამოვკვეთოთ მიზეზები.

ამის გარეშე რთულია იმის შეფასება, რამ გამოწვია სამი წლის განმავლობაში დაღმასვლა. გრძელვადიან პერსპექტივას უნდა შევხედოთ.

2016 წლის კვლევაში რადგან უფრო მაღალი იყო შეფასების ქულა, იმ პერიოდში შეიძლება ეს ეფექტი გამოიწვია სოციალურმა პროგრამებმა, მაგალითად, ავტობუსი დაენიშნა ასამდე სკოლას, მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოები დაურიგდათ და ა.შ. სხვა მხრივ, რაიმე არსებითი ცვლილება არ ყოფილა, რომ ვთქვათ, რას შეიძლება მოეხდინა შედეგზე გავლენა.

საერთო დონეზე რომ შეხედო, ამ კვლევის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების შეფასებაც ცოტათი ქვემოთ არის ჩამოსული, ანუ ტენდენცია არის ასეთი, მაგრამ ჩვენ იმ ქვეყნებზე ცუდი შედეგი გვაქვს და ეს არ არის სახარბიელო.

  • ეროვნულ დონეზე არ ხდებოდა კვლევა, რომ მიზეზები უფრო ადრე გამხდარიყო თვალნათელი?

ეროვნულ შეფასებებსაც ვაკეთებთ, მაგალითად, 2018 წელს მათემატიკის შეფასება გაკეთდა და იქაც ჩანს, რომ მდგომარეობა იყო სავალალო. თუმცა მათემატიკის შედეგი 19 ქულით გაუმჯობესებულია ათი წლის წინანდელ შედეგთან შედარებით. კითხვაში კი 6-ქულიანი გაუმჯობესება გვაქვს, თუმცა მაინც ძალიან გვიჭირს.

  • საერთო ჯამური ქულა მაშინ რატომ არის დაბალი?

ალბათ იმიტომ, რომ ქართულ შეფასებაში შესულია ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების დონე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სკოლებში და როგორც ვიცით, აქ არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, მაგალითად, აზერბაიჯანმა კვლევაში მხოლოდ ბაქო შეიყვანა და ამიტომ გვისწრებს ქულებში. ასე ჩვენც რომ მხოლოდ თბილისი შეგვეყვანა, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით დავდეთ მონაცემი და, რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობების მონაცემებიც აისახა საერთო ქულებზე.

  • ეროვნული და PISA-ს კვლევის შედეგები ემთხვეოდა ერთმანეთს?

კი, ემთხვეოდა, არ იყო დიდი აცდენა, ამიტომ ეს შედეგი არ ყოფილა ჩვენთვის სიურპრიზი. ის, რასაც საერთაშორისო კვლევა ამოწმებს, გათვალისწინებულია „ახალი სკოლის მოდელში“. თუ ეს პროექტი ისე განხორციელდა, როგორც გათვალისწინებულია, შედეგიც უნდა იყოს ბევრად უკეთესი.

  • ანუ რასაც აქამდე ვასწავლიდით, აცდენილია საერთაშორისო მოთხოვნებთან?

მოთხოვნებს თუ შევხედავთ, ჩვენი კურიკულუმი აცდენილი არ არის, ნამდვილად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც PISA იკვლევს – მაღალი სააზროვნო უნარები და ა.შ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მთლად ვერ მივყვებით ამ სტანდარტს. მდგომარეობის გაუმჯობესებას, წესით, ხელი უნდა შეუწყოს სახელმძღვანელოების გადახალისებამ, მასწავლებლების გადამზადებამ და ახალი კადრების შემოსვლამ სკოლაში, რადგან სწავლა-სწავლების პროცესში ახალი მიდგომები უნდა შემოვიდეს.

  • 15 წლის ბავშვს რომ წაკითხულის გააზრება უჭირს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაწყებით საფეხურზეც ცუდი მდგომარეობა გვაქვს? 

კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევის (PIRS) მიხედვით, რომელიც მე-4 კლასელებში წაკითხულის გააზრებას იკვლევდა, დაბალი, მაგრამ არც თუ ისე საგანგაშო შედეგი გვქონდა, ამიტომ, 15 წლის მოზარდებში რატომ გვაქვს ბევრად დაბალი შედეგი, ზუსტად ვერ გეტყვით.

ეს ალბათ დამოკიდებულია ისევ მასწავლებლებსა და სახელმძღვანელოებზე, იმაზე, რა მოტივაციას ვაძლევთ მოსწავლეებს. უფრო მეტია სამუშაო დასაბუთებაზე, მსჯელობაზე, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნის სწავლებაზე, შეგვიძლია ვისაუბროთ გამოსაშვები გამოცდების ეფექტზეც. კი, ვთანხმდებით იმაზე, რომ იმ ტიპის გამოცდები არ იყო ეფექტური, რაც გვქონდა სკოლებში, მაგრამ ბოლო კლასებში მაინც პრობლემაა ის, რომ ბავშვები ნაკლებად სწავლობენ, თუ რაიმე ტიპის გამოცდა არ აქვთ.

თუმცა ის გამოცდები, რაც გვქონდა, შინაარსობრივად ისე იყო აწყობილი, რომ ბავშვს ნაკლებად სთხოვდა იმ უნარებს, რასაც PISA იკვლევს. ჩვენ კურიკულუმით ბავშვს ვეუბნებით, რომ უნდა შეეძლოს მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, უნდა ჰქონდეს ანალიზის უნარი, მეორე მხრივ, კი მისგან არ ვითხოვდით ამ ყველაფერს. ამიტომ გვქონდა ეს შედეგები.

ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ გაუმჯობესდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლება, ბიჭების მოტივაციაა ასევე ასამაღლებელი, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭები გოგონებს 38 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ათი წლის წინ ეს განსხვავება იყო 60 ქულა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა ხშირი ცვლილებები, არამედ რასაც ვაკეთებთ, იმის ეტაპობრივი ანალიზი, რომ ხარვეზები, გამოვლენის შემთხვევაში, დროულად იყოს აღმოფხვრილი. აუცილებელია სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა.

ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობ სახელოსნოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო“ ძვ. წ. აღ. X-VIII საუკუნეების ძეგლია.

ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე 8 ობიექტს.

ჩაისუბანი მდინარე ჩაქვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე მდებარეობს და ქალაქ ქობულეთიდან 17 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლის ადრინდელი სახელებია შუა ჩაქვა და დიდი ჯამე. ადამიანს აქ ჯერ კიდევ ახალ ქვის ხანაში უცხოვრია. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი.

„ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო“ / ძვ. წ. აღ. X-VIII საუკუნეები

 

 

84 სასწრაფოსა და რეანომობილს სახელმწიფო 8 მილიონ ლარად იყიდის – ტენდერი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების ავტომანქანების [მათ შორის რეანომობილების] შეძენაზე 4 ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო 84 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ჯამში 7 997 024 ლარია გათვალისწინებული.

84 ავტომანქანიდან 20 – სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების უნდა იყოს, ხოლო 64 – სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების [მათ შორის 19 – ე.წ. „რეანომობილი“].

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერებით, სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების ავტომანქანებს საქართველოს თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები შეიძენენ.

[highlight color=” red”] 2 954 160 ლარით[/highlight] [შესყიდვის სავარაუდო/სატენდერო ღირებულება] დაგეგმილია სამედიცინო დანიშნულების 20 ავტომანქანის ყიდვა, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის. ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ ავტომანქანების რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს 20%-ის ოდენობით. ამ ავტომანქანების ტექნიკური მოთხოვნები ნახეთ ბმულზე.

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2019 წლის 9 დეკემბერს და დასრულდება მეორე დღეს, 11 დეკემბერს.

გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების დასტიკერება. ავტომანქანები უნდა იყოს თეთრი ფერის და ტენდერში გამარჯვებულმა მათი მიწოდება [შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 200 დღის განმავლობაში] უნდა განახორციელოს თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას. ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს მიწოდების ადგილად სხვა ქალაქ(ებ)ი.

[highlight color=” red”] 10 628 010 ლარით[/highlight][სატენდერო თანხა] დაგეგმილია 45 ერთეული სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შესყიდვა. ეს ავტომანქანები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ით.

[highlight color=” red”] 881 064 ლარით[/highlight][სატენდერო თანხა] დაგეგმილია 4 ერთეული სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის [რეანომობილის] შესყიდვა, რომელიც ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი.

[highlight color=” red”] 4 111 800 ლარით[/highlight][სატენდერო თანხა] შესასყიდი 15 ერთეული სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანაც [რეანომობილები] საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანების ეს რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ით.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესაძენად გამოცხადებულ სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება კი გამარჯვებულებმა უნდა განახორციელონ ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან და შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვაზე ტენდერების გამოცხადებას წინ უსწრებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით.

ამ თემაზე:

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

 

პარლამენტის თავმჯდომარე მის მიერ ივანიშვილის გინებაზე – „კარგით, რას ამბობთ“ 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატის მხრიდან გინებას „მკაცრი შეფასებად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ „გამოხატვის ფორმებს ყველა თვითონ ირჩევს“. გურია TV-თან ინტერვიუში არჩილ თალაკვაძეს დეპუტატ დიტო სამხარაძის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილს 3 დეკემბერს უცენზუროდ აგინა.

„დიტო სამხარაძე არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც როცა ოპოზიციაში იყო „ქართული ოცნება“, ქვებით უპირისპირდებოდნენ, პოლიტიკური დევნით უპირისპირდებოდნენ, მას უპირისპირდებოდნენ ფიზიკური ძალით, მას ეს ბრძოლა აქვს გამოვლილი და დღეს ეს ოპოზიციის წევრები, რომლებიც არ ლაპარაკობენ და თქვენ უფრო მეტად იცავთ მათ პოზიციას. ნუ გაუკვირდებათ, რომ დიტო სამხარაძეს აქვს საკმაოდ მკაცრი შეფასებები მათთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„დედის გინება არის მკაცრი შეფასება და ეს ნორმალურია?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა არჩილ თალაკვაძეს.

„ეს არის პოლიტიკა და გამოხატვის ფორმებს ყველა ირჩევს თვითონ, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამაზე იქნება რეაგირება…“ – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს სტამბულის აეროპორტში აგინა სატელეფონო საუბრის დროს.

„კარგით ახლა, სერიოზულ თემებზე გადავიდეთ…“ – უპასუხა კითხვას არჩილ თალაკვაძემ. განმეორებითი კითხვის დასმის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ თქვა: „კარგით ახლა, კარგით, რას ამბობთ. სხვა კითხვები თუ დაგრჩათ“.

ესტონური სკოლები ევროპაში საუკეთესოა – საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა

ესტონეთმა სასკოლო განათლების რეინტინგში პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში და მეხუთე – მსოფლიოში – წერს „ბიბისი“ PISA-ს ახალ რეიტინგზე დაყრდნობით. PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] კვლევას სამ წელიწადში ერთხელ ატარებს და ესტონეთი ამ რეიტინგის გამარჯვებული ევროპის მასშტაბით 2015 წლის შემდეგ მეორედ გახდა.

ესტონურმა სასკოლო განათლებამ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა სამივე კატეგორიაში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ესტონეთში საბჭოთა განათლების სისტემის გარდაქმნის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე დაიწყო, მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდები ესტონეთში უკვე გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა.

„საბჭოთა კავშირის დაშლიდან 28 წლის შემდეგ ესტონური სკოლა უკვე ძალიან შორსაა საბჭოთა მოდელისგან,“ – წერს „ბიბისი“.

ესტონურ სკოლაში დაბალ და საშუალო კლასებში შეფასება სიტყვიერია, დაბალი და მაღალი ქულების ნაცვლად მასწავლებელი სიტყვიერად აფასებს მოსწავლეებს: „კარგია“, „ძალიან კარგია“, „მეტი მუშაობაა საჭირო“ და ა.შ., ქულების სისტემა კი მხოლოდ მაღალ კლასებში გამოიყენება.

ესტონური სკოლის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა ისიც, რომ მოსწავლეები, ინტერესების მიხედვით, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა წრეში.

ესტონეთში სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1513 ევროა, რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასზე მცირედით მაღალია, ხოლო საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასი 1145 ევროა.

PISA-ს მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჩინეთის ქალაქები – პეკინი, შანხაი, ძიანსუ და ჯეძიანი [კვლევა ჩინეთში მხოლოდ ამ ქალაქებში ჩატარდა] 
  2. სინგაპური 
  3. მაკაო [ჩინეთის ავტონომიური ერთეული]
  4. ჰონგ კონგი 
  5. ესტონეთი 
  6. კანადა 
  7. ფინეთი 
  8. ირლანდია 
  9. კორეა 
  10. პოლონეთი

რეიტინგში მოცემულია 79 ქვეყნის მონაცემები. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ესტონეთის შემდეგ, ყველაზე კარგი შედეგი აქვს ლატვიას – 30-ე ადგილი, რუსეთს – 31-ე ადგილი, ლიტვას – 34 ადგილი. რეიტინგში 36-ე ადგილზეა ბელორუსი და 39-ე ადგილზე – უკრაინა.

რეიტინგში მყოფ ყოფილ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი საქართველოს აქვს – 79 ქვეყნის რეიტინგში საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა. Naec.ge-ს თანახმად, საქართველოში ამ კვლევის ფარგლებში შეფასდა 5 572 მოსწავლე და 326 სკოლა.

_______________

ფოტოზე: ტალინი, ესტონეთის დედაქალაქი

 

სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს „ეს უნდა გამოცადო“

კომპანია სილქნეტი მუდმივად ავითარებს ფიქსირებულ და მობილურ ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ახორციელებს. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები მობილური ქსელის მოდერნიზაციისთვის ჩატარდა. სილქნეტი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცააერიქსონიდაჰუავეი“. 

როგორც 2018, ისე 2019 წლის განმავლობაში, უმთავრეს პრიორიტეტად მობილური ქსელის გაუმჯობესება იქცაამ პერიოდში  გაწეული ინვესტიციების მოცულობამ ასობით მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მობილური ქსელის მოდერნიზაციას მოხმარდა.  

სილქნეტმა განახორციელა დასახული მიზანიწლის ბოლოსთვის, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო სრულად დაეფარა  ყველაზე სწრაფი 4.5G ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც არ იყო მეოთხე თაობის ქსელი, მოეხდინა ამ ტექნოლოგიის დანერგვაინტენსიური და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობდა  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მაგისტრალზეც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს  არამარტო ქალაქებსა და რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას შეუფერხებლად მიიღოს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი

სილქნეტმა მობილურ ქსელში უპრეცედენტო ოპტიმიზაციის სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქშიც, მათ შორის მეტროპოლიტენში. ასევე, გააფართოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დანერგილი 4.9G ტექნოლოგიის არეალი, სადაც  მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უსწრაფესი, 1 გიგაბიტ/წამამდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით. ეს ტექნოლოგია 5G-ის წინამორბედია, რითაც  სილქნეტი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. 4.9G სიჩქარე 7-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოში არსებულ, ყველაზე სწრაფ 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს. ეს ქსელი, თავდაპირველად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში: რუსთაველის, მიმდებარე ქუჩების, ვერავაკის და ბაგების ტერიტორიაზე დაინერგა. დღეისათვის  ამ ტექნოლოგიით სარგებლობა თბილისის სხვა უბნებშიც შესაძლებელია.   მომავალ წელსგიგაბიტ ელტეითბილისს სრულად დაფარავს და ყველაზე დიდ ქალაქებსა და დასახლებებში დაინერგება.  

წლის მნიშვნელოვანი პროექტი, სეზონის დადგომამდე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე  და   საზღვაო კურორტებზე ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოები იყო, რამაც განაპირობა მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტისა და უწყვეტი კავშირის მიწოდება დამსვენებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვისზამთრის სეზონის მოახლოებისას, კომპანია ამჟამად სამთო კურორტების  სტუმრებს უსწრაფესი მობილური ინტერნეტით უზრუნველჰყოფს –   გუდაურში, ბაკურიანშისვანეთსა და აჭარაში

ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ ააშენა ქსელი, რომელიც დღეისათვის  ხარისხით და მობილური ინტერნეტის სისწრაფით უალტერნატივოა. მომხმარებელს შეუზღუდავ შესაძლებლობებს უხსნის, უპრეცენდენტო ინოვაციებს  სთავაზობს სატელეკომუნიკაციო ბაზარს.  

სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 4,5G სარეკლამო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 19 ლარად ერთთვიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტს სთავაზობს, რომ განახლებული ქსელი და სიჩქარე თითოეულმა აბონენტმა გამოცადონ. კამპანია სახელითეს უნდა გამოცადო“ 6 დეკემბრიდან დაიწყება.

სილქნეტიყველაფერი კავშირშია!

ერთად ერთის წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

ოპოზიციური პარტიები ბათუმში ახლახან [11:20] ბათუმის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და მსვლელობას აწყობენ აჭარის მთავრობისკენ. მათი დღევანდელი საპროტესტო სლოგანია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად მზადაა და მას მხოლოდ დამტკიცება სჭირდება.

აქციის მონაწილეები ბათუმიდან, ისე როგორც თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, ქუთაისში მიდიან, სადაც დღეს დაგეგმილია ოპოზიციის ერთიანი საპროტესტო აქცია.

აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

ბათუმის „დინამოს“ კაპიტანმა უსინათლო გულშემატკივარს გუნდის ვერცხლის მედალი გადასცა

„დინამო ბათუმის“ კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ 2019 წლის ეროვნულ ლიგაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ზაალ დევაძეს გადასცა, „დინამოს“ უსინათლო, ერთგულ გულშემატკივარს.

„ზაალ დევაძე ყველა საშინაო შეხვედრას დაესწრო და როგორც ამბობს, ვერაფერი დაინახა, თუმცა ყველა ეპიზოდი იგრძნო,“ – აღნიშნულია „დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომასალაში. 

„მინდა მოგილოცოთ ვერცხლის მედალი, ჩვენ, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და უფრო მეტი გვინდა, ჩემპიონობა ბათუმის დინამომ უნდა იზეიმოს. ყველას უღრმესი მადლობა,“ – განაცხადა ზაალ დევაძემ. იგი ბათუმის „დინამოს“ 1979 წლიდან გულშემატკივრობს.

წელს ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

 

,,საქართველოს რკინიგზა“ – მატარებლები ახალი გრაფიკით იმოძრავებენ

მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის. 

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

№802/801 – ყოველდღიური ჩქარი მატარებელი   თბილისი – ბათუმი,  თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა – 13:00 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:00 სთ -ზე;

№804/803 – ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი,  თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა – 22:35 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 12:55 სთ -ზე;

№812/811 – დღეგამოშვებით მსველობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი – ბათუმი,  თბილისიდან გავა 0:45 სთ – ზე, ბათუმში ჩასვლა – 5:55 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 5:55 სთ -ზე. 

№870/869 – ჩქარი ელეტრომატარებელი თბილისი –  ზუგდიდი, თბილისიდან გავა 8:10 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა – 13:35 სთ -ზე; ზუგდიდი – თბილისი, ზუგდიდიდან 18:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:50 სთ -ზე. 

№872/871 – ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი – ფოთი, თბილისიდან გავა 8:30 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა – 13:33 სთ – ზე; ფოთი – თბილისი, ფოთიდან 18:30 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:30 სთ -ზე. 

№874/873 – ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი – ფოთი, თბილისიდან გავა 17:50 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა – 22:56 სთ – ზე; ფოთი – თბილისი, ფოთიდან 8:25 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 13:30 სთ -ზე. 

№12/11 – ჩქარი მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 17:10 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე. 

№18/17 – ჩქარი მატარებელი თბილისი – ქუთაისი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ქუთაისში ჩასვლა – 14:30 სთ – ზე; ქუთაისი – თბილისი, ქუთაისიდან 12:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე. 

№602/601 – სამგზავრო მატარებელი თბილისი – ზუგდიდი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა – 6:15 სთ -ზე; ზუგდიდი – თბილისი, ზუგდიდიდან 22:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ -ზე.

№654/653 – სამგზავრო მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 6:25 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 21:35 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ – ზე. 

შეგახსენებთ, მატარებლების მოძრაობის გრაფიკებში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შევა ძალაში. 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1-6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 დეკემბერს, ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა ე.ბ. ცოლზე მუქარისთვის. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს რომელიმე მოწმის ან დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება არ მოუსმენია.

საქმეში დევს დაზარალებულად ცნობილი ქალის ანუ ბრალდებულის ცოლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალის სასიყვარულო მესიჯები. მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც ჰკითხა: რატომ ანგრევ ოჯახს?

„…ამ საუბრის დროს დედამთილი და უფროსი ქალიშვილი შემოვიდნენ…. ჩემი მეუღლე წამოიწია ჩემკენ და შემაგინა დედის მისამართით, მითხრა: თუ არ გაჩერდები, ეხლავე მოგახრჩობ მაგ მდივანთანო, დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით… მერე მითხრა, გცემ და მოხვალ ჭკუაზეო და კვლავ წამოიწია ჩემკენ… ამ დროს დედამთილი და ჩემი შვილი ჩადგნენ შუაში. მისი გაჩერება შეუძლებელი იყო, არაადეკვატური იყო, ყვიროდა, გაეთრიეთ ყველა სახლიდანო,“ – უთხრა ქალმა გამომძიებლებს.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ასევე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მოსამართლემ სასჯელებს შორის ჯარიმა შეარჩია.

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება,“ – აღნიშნავს მოსამართლე განაჩენში.

ე.ბ.-ს მოსამართლემ 1000 ლარი ჯარიმა 200 ლარით შეუმცირა წინასწარ პატიმრობაში ყოფნისთვის, ვიდრე იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდებოდა.

ქედის მერის თანამშრომელს ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავებიან

ქედის მერიის თანამშრომელს ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ თურმანიძემ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ გამოართვა ქრთამი ორ ნაწილად.

ქედის მერიის თანამშრომელი გუშინ, 5 დეკემბერს, დააკავეს ბათუმში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დაკავებული თბილისში გადაიყვანეს.

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს  და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გორგილაძეზე მაღლივი კორპუსის საკვამლე მილში ცეცხლს აქრობენ

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სახანძრო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ცეცხლი მოედო ერთ-ერთი მაღლივი კორპუსის საკვამლე მილს, რომელიც ჭვარტლით იყო გაჭედილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრეები გორგილაძის ქუჩაზე ცეცხლს აქრობენ

ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ქედის მერიის თანამშრომელი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტს – ტარიელ თურმანიძეს ქრთამის აღებას ედავება.

„არაფერი ვიცი, დამირეკეს, რომ ასე დაუკავებიათ. არ ვიცი, რა საქმეს ეხება,“ – გვითხრა ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ.

დაკავებული უკვე გადაიყვანეს თბილისში, რადგან საქმეს ანტიკორუფციული სამსახური იძიებს. ამ სამსახურში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ დაკავებულს უკვე შეხვდა, თუმცა დაირღვა სამართლებრივი პროცედურა.

„ერთი საათი ველოდი შეხვედრას. კანონის მიხედვით, დაუყონებლივ უნდა შეგვახვედრონ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს… ჯერ საქმის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნავს ზაზა პაპიძე.

სახალხო დამცველი: „კონტრაქციები გამოსავალი არ არის“

„კონტრაქციები გამოსავალი არ არის. ეს უფრო ამძაფრებს და აღვივებს პროცესს. გამოსავალი არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები,“ – განაცხადა დღეს, 5 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმში. იგი დღეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებსა და დირექტორს შეხვდა.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა ისიც, რომ გამოხატვის უფლებით ყველა სარგებლობს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური ისტორია აჩვენებს, რომ კონტრაქციები ხშირად ფიზიკური დაპირისპირებით სრულდება.

„ჩემთვის მიუღებელია ასეთი ფორმებით კონტრაქციების ორგანიზება… ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვაქვს დაძაბული და პოლარიზებული გარემო. ეს შიშები მეც მაქვს,“ – დასძინა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას ბათუმში ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის მიღებას ითვალისწინებს.

„საიდან წამოვიდა ეს თემა, რომ მთლიანად მაჟორიტარულ მოდელზე უნდა გადავიდეთ, არ ვიცი. არც ერთ განხილვაზე, რაც წინ უძღოდა კონსტიტუციურ ცვლილებებს თუ მის შემდეგ პერიოდს, ამაზე საუბარი არ ყოფილა, ამ მოდელის მხარდამჭერი ექსპერტები და არც დეპუტატები არ გვინახავს. ეს რადიკალური ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნებს… სახალხო დამცველსაც მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა არის გამოსავალი. ეს იქნება უფრო სამართლიანი სისტემა, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების პრინციპის დაცვას,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

____

კონტრაქციების თემაზე:

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

როგორ ვისწავლოთ ქიმია, მათემატიკა, ისტორია და სხვა საგნები youtube-ით ქართულ ენაზე

თუ მოსწავლე ხართ, ან აბიტურიენტი, ან სულაც, სკოლაში დიდი ხნის წინ ნასწავლი საგნების ხელახლა შესწავლა გსურთ, იუთუბზე უკვე საკმაოდ ბევრი არხი გთავაზობთ გაკვეთილებს ქართულ ენაზე.

ონლაინგაკვეთილების ხიბლი მისი მოქნილობაა – შეგიძლიათ ცოდნა მიიღოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში და თავად დაგეგმოთ, რა სისწრაფით წახვალთ სწავლების პროცესში წინ – მთავარია იყოთ იქ, სადაც ინტერნეტი ვიდეოკურსების გასახსნელად საკმარისად სწრაფი იქნება.

ვიდეოგაკვეთილების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ამჯერად გთავაზობთ 7 არხს გადაავლოთ თვალი, რომელთა დახმარებითაც ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის, საქართველოს იტორიის, ალგებრის, გეომეტრიისა და ბიოლოგიის საკითხების შესწავლას შეძლებთ.

  • ქიმია

თუ ქიმიის ძირითადი საკითხების შესახებ გსურთ მოისმინოთ, შეგიძლიათ დავით რიჟინაშვილის გაკვეთილებს მოუსმინოთ, რომელიც 24 გაკვეთილისგან შედგება და თითო ვიდეო საშუალოდ 12-წუთიანია.

 

  • მათემატიკა

მათემატიკის საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველი კურსი youtube-ზე შეგიძლიათ „ცვანციკას ონლაინგაკვეთილებზე“ მოისმინოთ. კურსი 200 გაკვეთილისგან შედგება და თითოეული გაკვეთილი საშუალოდ 10-12-წუთიანია.

 

  • ფიზიკა

ფიზიკის საშუალოდ 10-15-წუთიან გაკვეთილებს ფიზიკის მასწავლებლები: ნათია ჯანდაგაშვილი, გიორგი კობახიძე და გელა პატაშური გთავაზობთ. 34-გაკვეთილიანი კურსი ფიზიკის ძირითად საკითხებს შეეხება.

 

  • საქართველოს ისტორია

მასწავლებლები – თეა ტყეშელაშვილი, აპოლონ თაბუაშვილი, გიორგი ენუქიძე და სხვები ისტორიის გაკვეთილებს  youtube-ის სპეციალურ არხზე გვთავაზობენ, სახელწოდებით – „საშინაო სკოლა“. საქართველოს ისტორიის 200 ვიდეოგაკვეთილისგან შემდგარი კურსი მოიცავს ქვეყნის ისტორიის თითქმის ყველა პერიოდს და მიჰყვება სასკოლო პროგრამას მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

 

  • ალგებრა

ალგებრის ონლაინგაკვეთილები 30 ვიდეოსგან შედგება და მას მასწავლებელი თამარ ღუღუნიშვილი გთავაზობთ. კურსი ყველაზე მარტივი ალგებრული საკითხით – ნატურალური და მთელი რიცხვების თემით იწყება და რადიანული ზომის, ტრიგონომეტრიული ფუნქციის შესახებ გაკვეთილით მთავრდება.

 

  • გეომეტრია

გეომეტრიის კურსი 25 ვიდეოსგან შედგება და ამ გაკვეთილებსაც მასწავლებელი, თამარ ღუღუნიშვილი წარმოგიდგენთ. გასათვალისწინებელია, რომ ალგებრისა და გეომეტრიის გაკვეთილები მხოლოდ მოსმენით ბევრს ვერაფერს მოგვცემს და სასურველია ყველაფერი, რასაც მასწავლებლები დაფაზე წერენ, ჩავინიშნოთ, დავიმახსოვროთ, შემდეგ კი მსგავს თემებზე ცალკე მოვძებნოთ ამოცანები თეორიულად მიღებული ცოდნის გასამყარებლად.

 

  • ბიოლოგია

ბიოლოგიის ონლაინგაკვეთილები 200 ვიდეოს მოიცავს, იწყება უჯრედის შემადგენლობის თემით და მთავრდება გენეტიკისა და გენური ინჟინერიის საკითხებით. ვრცელ კურსს რამდენიმე მასწავლებელი წარმოგიდგენთ.

რა თქვეს ომბუდსმენმა და გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ

„მე მას ვუთხარი, რომ ეს არის არაჯანსაღი და აუცილებლად აისახება ტელევიზიის სამომავლო საქმიანობაზე,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი. იგი დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს შეხვდა.

„ფაქტია, რომ არსებობს კონფლიქტური სიტუაცია უფროსსა და იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ქმნიან ნიუსს. მე მას ვუთხარი, რომ რთული იქნება ამ პირობებში მუშაობა ჟურნალისტებისთვის და ასევე, თავად დირექტორისთვის. ჩემი რჩევა იყო, მაქსიმალურად თავი შეიკავოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩართვისგან, თუ როგორი სიუჟეტები უნდა გაკეთდეს და ძირითადი აქცენტი გაკეთდეს საორგანიზაციო და მენეჯმენტის მიმართულებით.

ჩემი რჩევა იყო, თუ ეს ეხება ფინანსურ საკითხებს, მაქსიმალურად ჩართული იყოს აუდიტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური, რომ არა ერთპიროვნულად, არამედ ექსპერტული შეფასება მოხდეს, თუკი ამ მიმართულებით დირექტორს აქვს გარკვეული გეგმები,“ – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, ტელევიზიის დირექტორს აქვს გარკვეული კითხვები ფინანსურ ხელშეკრულებებთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებითაც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ნდობა უნდა აღდგეს დირექტორსა და ჟურნალისტებს შორის და ამ პროცესში ომბუდსმენის მანდატის გათვალისწინებით, თვითონაც ჩაერთვება.

ნინო ლომჯარია და გიორგი კოხრეიძე

„უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენა და გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დიალოგისკენ, ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აისახება გაშუქების ხარისხსა და ეფექტურობაზე… მე ასევე მოვისმინე, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აპირებს ჩართვას. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებსა და დირექტორს შორის დაიწყოს კომუნიკაცია, ამ პროცესში კარგი იქნება ჩართულიყო მედიაექსპერტული ორგანიზაციები. სახალხო დამცველი მზად არის, რომ თავისი მანდატის ფარგლებში, შეასრულოს პოზიტიური როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ავუხსენი მას, რომ აისახება მედიადამოუკიდებლობის ხარისხზე საქართველოში,“ – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი კოხრეიძემაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა. მან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრას გაუსვა ხაზი და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ჟურნალისტებს „უაზრო შიში“ აქვთ.

„ქარტიის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ გარკვეული გეგმა, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, არ ვიცი, საიდან წარმოშობილია უაზრო შიში, არავინ გაკარებიათ, არავინ არაფერს ემუქრებათ…

მე თუ რამე წინადადება მექნება შინაარსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მივმართავ ქარტიას და მოხდება სამუშაო განხილვა, თუ დადასტურდება პრობლემა, ქარტია გასცემს რეკომენდაციას,“ – თქვა გიორგი კოხრეიძემ.

„როგორ აპირებთ ჟურნალისტების ნდობის მოპოვებას?“ – ჰკითხეს ჟურნალისტებმა ტელევიზიის ახალ დირექტორს.

„ერთი დღე გავა, ორი დღე გავა და ადამიანები შემოვლენ კომუნიკაციაში. თუ მათ არ აქვთ დღის წესრიგი, რომ აქ მშვიდობა არ უნდა იყოს, მაშინ ნებისმიერ ადამიანთან მოვახერხებ კომუნიკაციას…. მე, საერთოდ, ვარ ჰუმანური, დამთმობი ადამიანი, ვცდილობ, ადამიანებს შევუწყო ხელი,“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ „მიმდინარეობს მოკვლევა“ არქივის მასალების გაცემაზე, რომლის ნაწილიც გიორგი კოხრეიძის აზრით, ნათია ზოიძის დირექტორობის დროს გააჩუქეს. ნათია ზოიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი კოხრეიძე მას ესაუბრა ამ კადრებზე და დევნით დაემუქრა, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება შეიძლება დაიწყოს.

გიორგი კოხრეიძემ დღეს ისევ გაიმეორა, რომ არა მხოლოდ ნათია ზოიძის, არამედ „სხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი გასწორებაც“ მოხდება. გიორგი კოხრეიძემ რამდენიმე დღის წინაც იგივე თქვა, როცა ამტკიცებდა, რომ ნათია ზოიძე უკანონოდ ერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში. იურისტების შეფასებით კი, ნათია ზოიძე ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას და ეს მაუწყებლის კოდექსთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების გარდა, კიდევ ვისთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მიიჩნევს გიორგი კოხრეიძე უკანონოდ? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ახალარჩეულ დირექტორს.

„რამდენიმეა ასეთი… მე ვარ მოწოდებული გამოსწორებისკენ. მე არ ვარ მოწოდებული ვინმეს დასჯისკენ. ამიტომ არ გვინდა ახლა ეს ზედმეტი კითხვა,“  – გვიპასუხა გიორგი კოხრეიძემ.

_____

ამავე თემაზე:

„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

 

 

სილქნეტი „ვიკინგების“ მეექვსე სეზონის ჩვენებას იწყებს

სკანდინავიური საგას „ვიკინგების“ ფინალური სეზონის პირველი ორი სერიის პრემიერა  SilkTV-ის ეთერით 6 დეკემბერს შედგება.

ყოველ პარასკევს, – 14:00 და 22:00 საათზე – არხი „სილქ უნივერსალი“   მაყურებელს ახალ-ახალ ეპიზოდს შეთავაზებს ქართულ ენაზე.

არხზე სულ ახლახანს დასრულდა მე-5 სეზონის ჩვენება. მომხმარებელს შეეძლო  ყველა სეზონისთვის მიედევნებინა თვალი. სწორედ „სილქ უნივერსალზე“, ქართულ ტელესივრცეში პირველად  შედგა მე-4 და მე-5 სეზონის პრემიერა.  6 დეკემბრიდან კი მაყურებელს 10 ახალი სათავგადასავლო ეპიზოდი ელის.

კინომოყვარულებს კომპანია სილქნეტი  მუდმივად თავაზობს სიახლეებს. მათთვის შექმნილია, როგორც თემატური პაკეტები, კინოკატალოგი Amediateka, ასევე ვიდეოთეკა, სადაც მსოფლიო რეიტინგული კინო პროდუქციაა განთავსებული. სერვისს გადახვევა დაპაუზების ფუნქცია გააჩნია და ასევე HD ხარისხით აწვდის ტელე პროგრამას მომხმარებელს.

არხი “სილქ უნივერსალი”, SilkTV-ის სერვისის გარდა, სხვა საკაბელო ტელევიზიების ქსელით და ციფრული ფორმატითაც  (სიგნალი დეციმეტრული ანტენით და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობით SET –TOP-BOX მაუწყებლობს. ამ არხით გასული „ვიკინგების“ ფინალური სეზონის ნახვა მთელი ქვეყნის მასშტაბით  ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს მხოლოდ ლიცენზირებულ კინო პროდუქციას აწვდის.  კომპანიას მსოფლიო ინდუსტრიებთან გაფორმებული აქვს სპეციალური კონტრაქტები, რაც   მას საშუალებას აძლევს ქვეყნის შიგნით საავტორო, საკუთრების თუ ინტელექტუალურ უფლებები დაიცვას.

სილქნეტი-ყველაფერი კავშირშია!

შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი

შს სამინისტრომ ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანთა მშობლები და ერთი პედაგოგია, რომელიც უწყების განცხადებით, აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით“ – აცხადებენ შსს-ში.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის თქმით, დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისთვის თბილისში 11 პირი დააკავეს, მათ შორის, ბავშვების მშობლები

2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლიდან მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყება, რომელიც ტესტირებას გულისხმობს.

ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).

როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დროს მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

„პლატფორმა დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე, ზოგადად, სკოლის დონეზე“, – ამბობენ გამოცდების ცენტრში.

ახალი პლატფორმის პილოტირება დაიწყება მომავალი წლის გაზაფხულზე.

„პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალ წელსვე იგეგმება მეათეკლასელების ჩართვაც.“

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ახალი პროექტი მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს.

ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს, დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე.

მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართული იყვნენ სასწავლო პროცესში“.

პროექტი საშუალებას მისცემს სკოლებს, შეფასებებისა და მონაცემთა საფუძველზე გააკეთონ ანალიზი, დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია.

რატომ მონაწილეობს ბათუმის მერიის თანამშრომელი ძალადობრივ კონტრაქციებში

ვინ არის გიორგი გიორგაძე, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ წამოწყებულ საპროტესტო აქციებზე ჩნდება და აგრესიულობით გამოირჩევა. აქციაზე ბათუმის მერიის წინ მას არ დაუმალავს, რომ ის მერიის შპს-ს „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია.

გიორგი გიორგაძე მედიის ყურადღების ცენტრში ბოლოს 2 დეკემბერს მოექცა – თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც ჟურნალისტებმა სხვებთან ერთად მისი აგრესიული ქცევა დააფიქსირეს. „ოცნების“ ოფისთან არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესის ჩავარდნას „სირცხვილიას“ წევრები აპროტესტებდნენ. სწორედ ამ დღეს წაიყვანეს სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში იმისათვის, რომ, როგორც თავად აცხადებდნენ, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ კონცერტს დასწრებოდნენ.

„სირცხვილიას“ წევრებმა მაშინ თქვეს, რომ სინამდვილეში რეგიონებიდან სტუდენტები ხელისუფლებამ კონტრაქციის მოსაწყობად ჩაიყვანა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“ იმის გასარკვევად, რის საფუძველზე არ იმყოფებოდა გიორგი გიორგაძე 2 დეკემბერს [ორშაბათს] სამსახურში. ბათუმის მერიის შპს-ში ზეპირსიტყვიერად გვითხრეს, რომ გიორგი გიორგაძე შვებულებაში იმყოფება. მათ შესაბამისი დოკუმენტის მოწოდებაც ვთხოვეთ, თუმცა ამ დრომდე დოკუმენტი, რითაც გიორგი გიორგაძის შვებულებაში ყოფნა დადასტურდებოდა, არ მოუწოდებიათ.

მედიამ გიორგი გიორგაძე დააფიქსირა 28 ნოემბერსაც, ამჯერად ბათუმის მერიასთან. ის მერიასთან საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ანთაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და თანამოაზრეებს შორის აგრესიულობით გამოირჩეოდა.

„თქვენმა გუნდმა მოჭრა ხატებს თავი, გააჩუქა კოდორი, გააუპატიურა პატიმრები და გაანადგურა ქვეყანა – რა უნდა გელაპარაკოთ თქვენ“, – უყვიროდა ის ლევან ანთაძეს.

გიორგი გიორგაძის ძალადობაზე გვითხრა ჯელალ ქიქავამაც. მას 22 ნოემბერს ბათუმის მერიასთან სცემეს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ჯელალ ქიქავამ მოითხოვა, რომ ის სასამართლოში დაეკითხათ, რადგან პოლიციას არ ენდობოდა.

ენმ-ის წევრი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ ის 22 ნოემბერს ბათუმის მერიასთან გამართული აქციის მონაწილე არ ყოფილა. „მერიაში პირად საქმეზე მივედიო“ – გვითხრა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ არაერთი მოწმის თანდასწრებით მას დეპუტატმა და წარსულში ცნობილმა სპორტსმენმა მუხრან ვახტანგაძემ სცემა, თუმცა ის მარტო არ იყო და ამ ცემაში გიორგი გიორგაძე და სხვებიც მონაწილეობდნენ.

ჯელალ ქიქავამ არ იცის, ცემის ფაქტზე დაკითხა თუ არა გიორგი გიორგაძე გამოძიებამ. ამ კითხვით დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

გიორგი გიორგაძე ბათუმის მერიასთან დახვდა საკრებულოს წევრს, ლევან ანთაძეს და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა

გიორგი გიორგაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად განიხილავს ყველას, ვინც 2020 – ში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით ითხოვს და ამ მოთხოვნით აქციებს მართავს. „ ნაცების ადგილი არ არის“ – ამბობს ის აგრესიული ტონით და ყვირილით. აგრესიით გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართაც: „ ერთი სექტა ხართ, პროვოკატორები ხართ ყველა, რამე გიკვირთ?“

გიორგი გიორგაძე თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე. აქ კონტრაქციის მონაწილეები „სირცხვილიას“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მათგანი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი გიორგაძის ფეისბუქგვერდის მიხედვით, ის აჭარის მთავრობასთან დაახლოებული პირია, ხშირად აქვეყნებს თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მას ფოტობი გადაღებული აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთადაც, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილთან და  მთავრობის სხვა წევრებთან.

„ბათუმელები“ გიორგი გიორგაძეს დაუკავშირდა მცირე ინტერვიუს ჩაწერის მიზნით. მან გვთხოვა, რომ კითხვები ფეისბუქით მიგვეწოდებინა, თუმცა ამის შემდეგ აღარ გვიპასუხა. მას პირად ტელეფონის ნომერზეც დავუკავშირდით, რომელსაც თანამშრომელმა უპასუხა [ასე წარმოგვიდგა] და გვითხრა, რომ გიორგი გიორგაძეს ტელეფონი მასთან დარჩა და ამ დროისთვის ის სამსახურში არ იმყოფება. „როცა მოვა, გადავცემ და დაგიკავშირდებათ“, – გვითხრა მან.

ფოტო: გიორგი გიორგაძის ფეისბუქგვერდიდან

________

ამავე თემაზე:

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

 

დღეს ბათუმის სამ ქუჩაზე ღამის 12 საათამდე წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, ავარიული დაზიანების გამო 16 საათიდან ღამის 12 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

[crosslist]

  • შარტავას ქუჩას
  • ფიროსმანის ქუჩას
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩას

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

74 700 ლარი ბიუჯეტიდან – საგრანტო კონკურსი ხელოვანებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს სახელოვნებო სფეროში მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის.

2020 წელს საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტი 74 700 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 34 000 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის – 40 700 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის, მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და ფიზიკურ პირთა ჯგუფებს, ასევე იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ასევე აჭარაში. კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ აჭარის ბიუჯეტის დაფინანსებაზე ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს.

პროექტი უნდა იყოს:

ა) სახელოვნებო ხასიათის: მუსიკალური, თეატრალური, სალიტერატურო, საგამოფენო

ბ) საგანმანათლებლო ხასიათის: ტრენინგი/ვორქშოპი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით

განაცხადების მიღება  დაწყებულია და გაგრძელდება 13 დეკემბრის 15 საათამდე, ხოლო მეორე ეტაპი დაიწყება 10 აპრილს და გაგრძელდება 11 მაისის 15 საათამდე.

კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

ომბუდსმენი ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ: ბორდის ჩამოყალიბების წესი შესაცვლელია

„როდესაც ბორდი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიის მიერ, მის მიერ წარდგენილი პირები, სავარაუდოდ, ატარებენ პარტიისთვის სასურველ პოლიტიკას,“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 5 დეკემბერს, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ. სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების შესასწავლად პირადად ჩამოვიდა ბათუმში და ამჯერად ტელევიზიის ახალ დირექტორს – გიორგი კოხრეიძეს შეხვდება.

გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე პროცესს აქტიურად დააკვირდება, ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს იმასაც, რომ რეკომენდაცია შეიმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებაზე. იგი მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესი შესაცვლელია.

„ეს არის პირველადი დისკუსია. კონკრეტული შეთავაზება ახლა ნამდვილად არ მაქვს, ეს წესი შესაცვლელია… მრჩეველთა საბჭო კანონის საფუძველზე იქმნება იმდაგვარად, რომ იქ გადამწყვეტი ხმა, ანუ უმრავლესობა აქვს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ დანიშნულ წევრებს… ბორდის მიმართ უნდა გაიზარდოს ნდობა და იქ იყვნენ წარდგენილი რეალურად დამოუკიდებელი პირები, უმრავლესობა არ ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილ ადამიანებს,“ – უთხრა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გუშინ, 4 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. ჟურნალისტები შიშობენ, რომ ახალარჩეული დირექტორი ცდილობს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

____

ამავე თემაზე: 4 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქცია

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე

 

ესტონელი მომღერალი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე მღერის [კლიპი]

ესტონელი მომღერალი ეგერტ მილდერი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე სიმღერით წარსდგება. კონკურსი ესტონეთში თებერვალში გაიმართება, ეგერტ მილდერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა 24 კონკურსანტიდან. კონკურსში გამარჯვებული უკვე ესტონეთს წარადგენს ევროვიზიაზე.

Georgia (On My Mind) – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კლიპიც საქართველოშია გადაღებული. მომღერალი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში

„ეს არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს, ძვირფასო საქართველოვ, შენ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ოდესმე, შენი თბილი გულითა და ხასხასა ფერებით. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვაჩვენო შენი მშვენიერება ჩემ შემდეგ მუსიკალურ ვიდეოში,“ – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.

Exit mobile version