ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა 10 დღით იმოქმედებს.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ 4 ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი.

მაგალითად, შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ბათუმში მცხოვრები პირი [რომელიც რეგისტრირებულია ბათუმში] თავისუფლად შემოვა ბათუმში, თუმცა, ქალაქს ვეღარ დატოვებს მანამ, ვიდრე ეს შეზღუდვა იმოქმედებს. ამასთან, ბათუმში მცხოვრები პირი თუ იმყოფება, ვთქვათ, თბილისში, რუსთავში ან ქუთაისში, ის ამ ქალაქებიდან გამოსვლას შეძლებს.

ასევე, პირი, რომელიც სხვაგანაა რეგისტრირებული და შეზღუდვის ამოქმედების დროს, მაგალითად, იმყოფება ბათუმში, ის ბათუმს თავისუფლად დატოვებს ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში.

შეზღუდვა არ ეხება ასევე:

[checklist]

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

[/checklist]

შეზღუდვის პერიოდში „რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“, – განაცხადა გუშინ პრემიერმა.

ცხელია ხაზის ნომერია: 144

საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი და სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, რის გამოც ამ პერიოდში ნებისმიერი გადაადგილება ისედაც აკრძალულია.

12 აპრილიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა და 7 სოფელი ჩაიკეტა.

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 300 შემთხვევა.

ამ თემაზე:

თუ დღეს არ დავიცავთ ყველა წესს, მაისში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

მთავარი ფოტო: ბლოკპოსტი ბათუმის შემოსასვლელში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს – მინისტრი

15 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ საწოლების რაოდენობა და, ასევე, სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა, მისივე თქმით, 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად და პრობლემა არის შეზღუდული რაოდენობის სამედიცინო პერსონალში.

„რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე.

აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი.

ჩვენ დღეისათვის საქართველოში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავიცავდით ევროპის რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, ჩვენ მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ თავიანთი ადამიანური რესურსი გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დღიურ რეჟიმში შეუძლიათ მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა კოვიდინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელთაც ასევე ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა.

ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს. არც ინფექციონისტებით არ ვართ ჩვენ განებივრებული და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.

როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და იყო ძალიან ფრთხილი,“ – განაცხადა ტიკარაძემ TV იმედზე, გადაცემა „ღია ეთერში“.

97 წლის ქალი, რომელიც Covid19-ს გადაურჩა, საავადმყოფოდან ტაშით გააცილეს

97 წლის ბრაზილიელი ჯინა დალ კოლეტო კორონავირუსის სიმპტომებით პირველ აპრილს მიიყვანეს საავადმყოფოში. იგი რეანიმაციაში მოათავსეს და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ხანდაზმულებში Covid-19 ხშირად მძიმედ მიმდინარეობს და 97 წლის ქალის გადარჩენის იმედი ალბათ ბევრს არ ჰქონდა, თუმცა 12 აპრილს 97 წლის ჯინამ სან პაულოს საავადმყოფო ექიმებისა და ექთნების აპლოდისმენტების ფონზე დატოვა, იგი გამოჯანმრთელდა  და ბრაზილიის ყველაზე ხანდაზმული პაციენტი გახდა, რომელიც Covid-19-ს გადაურჩა.

ჯინა დალ კოლეტო ბრაზილიის საპორტო ქალაქ სანტოსში ცხოვრობს. უყვარს სეირნობა, მაღაზიებში სიარული და საჭმლის მომზადება. მას ექვსი შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს – წერს მედია.

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის 24 232 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 378 პაციენტი გარდაიცვალა, 3 046 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის 300 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში – ბოლო მონაცემები

15 აპრილის [01:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 300 შემთხვევა.  დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი ოთხით გაიზარდა.

ინფიცირებული 300 პირიდან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 462

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად

წყარო: BBC 

__________

კოვიდ-19 არსებითად განსხვავებულად მოქმედებს ქალებსა და კაცებზე და არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ. რატომ აქვს გენდერს ამხელა მნიშვნელობა ვირუსისთვის, რომელიც არადისკრიმინაციულად აინფიცირებს ადამიანებს?

ავტობუსის მძღოლებიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრებით დამთავრებული, სხვადასხვა ცხოვრების მქონე ადამიანები სერიოზულად ავადდებიან კოვიდ-19-ით, ამიტომაც ხაზს უსვამენ, რომ ეს დაავადება დისკრიმინაციული არ არის.

თუმცა ვირუსს მკაფიოდ განსხვავებული გავლენა აქვს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფზე.

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი განსხვავება გენდერში გამოიხატება. კოვიდ-19-ის გავლენა კაცებსა და ქალებზე მხოლოდ დაავადების განსხვავებულობაში არ გამოიხატება – იგი გრძელვადიანად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

  • ავადმყოფობის განსხვავებები

ერთი არსებითი განსხვავება, რაც უკვე გამოვლინდა, არის ქალებსა და კაცებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი.

აშშ-ში, მაგალითად, ქალებზე ორჯერ მეტი კაცი კვდება კოვიდ-19-ისგან. დასავლეთ ევროპაში გარდაცვლილთა 69% ასევე კაცია. მსგავსი მაჩვენებელია ჩინეთსა და სხვა ქვეყნებშიც.

მკვლევართა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ანა პურდი ხელმძღვანელობს, ითვლის გენდერულ სხვაობებს სხვადასხვა ქვეყანაში და ცდილობს მეტი გაარკვიოს, რატომაა ასეთი სხვაობები.

ჯერჯერობით მიზეზი კვლავ უცნობია.

ერთ-ერთი თეორიაა, რომ ქალების იმუნური პასუხი ვირუსისადმი უფრო ძლიერია, როგორც ამას ფილიპ გოულდერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი აცხადებს. „ზოგადად ცხოვრების მანძილზე იმუნური პასუხი ვაქცინებსა და ინფექციებზე ქალებში უფრო აგრესიულია, ვიდრე მამაკაცებში“, – ამბობს იგი.

ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი მხოლოდ ერთი, ეს კი კორონავირუსისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „კერძოდ, ცილა, რომლითაც კორონავირუსი იგრძნობა, X ქრომოსომით არის კოდირებული. შედეგად, ცილა ორმაგი დოზით გამოიყოფა ქალების იმუნურ უჯრედებში, კაცებთან შედარებით და შესაბამისად, იმუნური პასუხი ქალებში გაძლიერებულია,“ – ამბობს გოულდერი.

კიდევ ერთი განსხვავების განმაპირობებელი გარემოებაა გენდერზე დაფუძნებული ცხოვრებისეული არჩევანი.

„სქესებს შორის მნიშვნელოვანი ქცევითი განსხვავებებია, მაგალითად, მოწევა, რომელიც გავლენას ახდენს თანმდევ გულის, ფილტვების დაავადებებსა და კიბოზე“, – აცხადებს გოულდერი. „ამას უდიდესი გავლენა აქვს ისეთი ინფექციების შედეგებზე, როგორიცაა კორონავირუსი“.

„სქესის მაჩვენებლები მწეველთა შორის განსაკუთრებით მკაფიოა რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში, სადაც კაცების 50% ეწევა, ქალების კი – მხოლოდ 5%“.

თუმცა პანდემიის ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულება არაა იმის დასადგენად, განსხვავებები ბიოლოგიური სხვაობის დამსახურებაა თუ ქცევითის – ან ორივეს ერთობლივი მოქმედების.

  • ფინანსური პრობლემები

არსებობს მტკიცებულებები, რომ ქალებსა და კაცებზე ვირუსის განსხვავებული გავლენა სხვა მხრივაც ვლინდება.

მიჩელ ტერტილტი გერმანიაში მანჰეიმის უნივერსიტეტის ეკონომისტია და კოლეგებთან ერთად მუშაობს პანდემიის გავლენის კვლევაზე კაც და ქალ დასაქმებულებზე აშშ-ში. კარანტინმა უკვე გამოიწვია ფართომასშტაბიანი უმუშევრობა და ბევრი ქვეყნის ეკონომიკას ასევე ემუქრება რეცესია.

თუმცა უმუშევრობა თანასწორად არ მოქმედებს, რაც კონკრეტული ეკონომიკურ გარემოებებზეა დამოკიდებული. „ეს ტიპური რეცესიისგან განსხვავებული და უჩვეულოა“, – ამბობს ტერტილტი.

აშშ-ში 1.4 მილიონი ადამიანი დარჩა უმუშევარი მარტის თვეში, ეს 1975 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ქალები უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე კაცები. ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი 0.9%-ით გაიზარდა, კაცების კი – 0.7%-ით.

მიმდინარე კრიზისი უჩვეულოა იმითაც, რომ რეცესიაში, როგორც წესი, კაცებზე უარყოფითი გავლენა მეტია, ვიდრე ქალებზე უმუშევრობის მხრივ. ეს იმის გამოა, რომ მამაკაცები უფრო მეტად მუშაობენ ისეთი ტიპის ინდუსტრიებში, რაც ეკონომიკურ ციკლშია ჩართული – მაგალითად, მშენებლობა და წარმოება. ქალები კი პირიქით, ასეთი ციკლისგან განსხვავებულ, ისეთ სექტორებში უფრო მეტნი არიან, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.

თუმცა ამჯერად ბევრ ფაქტორს აქვს ფართო გავლენა ადამიანების სამსახურზე.

ერთი ასეთი ფაქტორია, თუ რამდენად „კრიტიკული“ ან „არსებითია“ დასაქმებულის როლი. ტერტილტის ჯგუფმა დააჯგუფა დასაქმებულები ჯანდაცვაში, ტრანსპორტირების სექტორში, დაცვის მომსახურებებში (როგორიცაა პოლიცია), სოფლის მეურნეობაში, თევზაობაში, სატყეო მეურნეობაში და შეკეთების მომსახურებებში, როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასაქმებულები“

ამ კლასიფიკაციის მიხედვით, კრიტიკულ სფეროებში დასაქმებულია ქალების 17%, ხოლო მამაკაცების – 24%.

მეორე დიდი ფაქტორია, რამდენად შეუძლიათ ადამიანებს დისტანციურად ტელეკომუნიკაციის საშუალებით მუშაობა. ტერტილტმა და მისმა კოლეგებმა დააჯგუფეს სამუშაოები იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაძლებელია დისტანციურად მათი შესრულება – ბიზნეს ანალიტიკოსი, მაგალითად, შეძლებს დისტანციურად მუშაობას, თუმცა ბარმენი – ვერ.

ტერტილტმა აღმოაჩინა, რომ კაცების მიერ დაკავებული პოზიციები უფრო მეტად სრულდება დისტანციურად, ვიდრე ქალების მიერ. ეს არის 28% – კაცების შემთხვევაში, ხოლო 22% – ქალებისათვის.

„ამ შედეგებით ცოტა გაკვირვებული ვიყავი“ – განაცხადა ტერტილტმა. „ველოდი, რომ მეტი ქალი იქნებოდა ისეთ პოზიციებზე, სადაც დისტანციურად მუშაობა შესაძლებელი იქნებოდა, მაგალითად, საჯარო სამსახურში, საოფისე სამსახურებში და ა.შ. თუმცა, თუ დავუფიქრდებით, ლოგიკურია – ბევრი ქალი მუშაობს რესტორნებში, მოგზაურობის ინდუსტრიაში. გლობალურადაც, რესტორნები და ბარები დაიკეტა, მოგზაურობაც ძალიან შეზღუდულია“.

დიდი ბრიტანეთის ფისკალური კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც მსგავსი სურათი დახატა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, დაბალი ანაზღაურების მქონე, ახალგაზრდა, შრომითი კლასის წარმომადგენელი ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“,-  ამბობს ნატაშა მუდჰარი, The World We Want-ის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისადმი მიმართული ორგანიზაციის აღმასრულებელი და დამფუძნებელი.

გენდერული ანაზღაურების სხვაობა ამ უთანასწორობის შემადგენელია – ქალები მხოლოდ სამსახურებს კი არ კარგავენ უფრო მეტად, ისინი უფრო ნაკლებ ფულსაც გამოიმუშავებენ.

„ყოველ ერთ ფუნტზე, რომელიც კრიზისის დროს მამაკაცს შეუძლია საჭიროებებზე დახარჯოს, ქალს შეუძლია მხოლოდ 0.82 ფუნტის დახარჯვა,“ –  ამბობს მუდჰარი.

აშშ-ში ანაზღაურების სხვაობა მსგავსია, ქალები მამაკაცების ანაზღაურების 85%-ს გამოიმუშავებენ. ავსტრალიაში – 86%-ს, ინდოეთში კი – 75%-ს.

კიდევ უფრო ცუდია სურათი ზოგიერთი რასის ან ეთნიკური წარმომავლობის ქალებისთვის, მაგალითად, აშშ-ში შავკანიანი ქალები თეთრკანიანი ქალების ანაზღაურების მხოლოდ 21%-ს იღებენ.

მარტოხელა მშობლებზე გავლენა კიდევ უფრო მძიმეა. ტერტილტის კვლევის გამოთვლებით 20 მილიონი მარტოხელა მშობელია აშშ-ში, რომელთა სამი მეოთხედი ქალია.

„დაფიქრდით – ისინი ვერ შეძლებენ მუშაობას“ – აცხადებს ტერტილტი, „თუნდაც ექთანი ან ექიმი იყოს მარტოხელა დედა, თუნდაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მუშაობდეს – მას სახლში ბავშვი ჰყავს და სავარაუდოდ, მარტო ვერ დატოვებს“.

თუნდაც მარტოხელა მშობლებს ჰქონდეთ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა სამსახურიდან, პატარა ბავშვის ყოლის შემთხვევაში ისინი ვერ მოახერხებენ მუშაობას, რადგან ბავშვებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. „განსაკუთრებით მარტოხელა დედებისთვის, სხვა გამოსავალი არ არსებობს,“ –  ამბობს ტერტილტი, „ისინი ვერ დაიქირავებენ ძიძას, ან სთხოვენ მეზობელს, ან ბებიას დახმარებას. ისინი დიდწილად კარგავენ სამსახურებს“.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ქვეყნებში, სადაც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ფასიანი შვებულების სქემა მოქმედებს [დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ], ასეთ მშობლებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ეს შვებულება, თუ ისინი მანამდე დატოვებენ სამსახურს, სანამ შვებულების უფლებას მოიპოვებდნენ. მათ ასევე არ მიეცემათ უმუშევრობის მხარდაჭერა, თუ სამსახური თავად დათმეს.

  • უთანასწორობის გამოვლენა

„ყველა ეპიდემიას გენდერული გავლენა აქვს,“ – აცხადებს კლერ უენჰამი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესორი. „პრობლემა ისაა, რომ ამაზე არავინ საუბრობდა და პოლიტიკის შემქმნელებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ“.

უენჰამმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ზიკას და ებოლას აფეთქებების გავლენები ქალებსა და კაცებზე და ახლა იკვლევენ კოვიდ-19-ს.

ერთი თანმდევი მოვლენა, რაც ებოლას ეპიდემიას სიერა ლეონეში ჰქონდა, იყო დედათა გარდაცვალების დრამატული მატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ დედათა ჯანდაცვის მომსახურებები პანდემიის დროს არსებითია და ყველა ქალს „აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი სერვისი მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მის შემდეგ“. თუმცა ეს ყოველთვის არ ხორციელდება.

ქალების ჯანდაცვის სხვა მომსახურებებიც ზარალდება, თუ ხელისუფლებები მათ არსებით მომსახურებებად არ ჩათვლიან. მაგალითად – კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა. ოჯახის დაგეგმვის ორგანიზაცია Marie Stopes-ის გათვლით 9.5 მილიონი ქალი და გოგონა მსოფლიოს მასშტაბით დაკარგავს Marie Stopes-ის კონტრაცეპტივებსა და აბორტის მომსახურებებზე წვდომას 2020 წელს პანდემიის გამო.

ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებიც საგრძნობლად გაიზარდა პანდემიის შედეგად. საფრანგეთში კარანტინის პირველივე კვირაში შემთხვევები ერთი მესამედით გაიზარდა, ავსტრალიაში შემთხვევათა 75%-იანი მატებაა, ლიბანში კი გაორმაგებულია. მართალია, ოჯახში ძალადობა კაცებზეც და ქალებზეც მოქმედებს, თუმცა ქალებზე არაპროპორციულად მაღალია ეს გავლენა. მაგალითად, აშშ-ში ქალები ორჯერ მეტად ხდებიან ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლი და 14-ჯერ მეტად ხდებიან გაუპატიურების მსხვერპლები.

„ვიცით, რომ ოჯახში ძალადობა ძირითადად სახლში ხდება“, – აცხადებს უენჰამი. „როდესაც ადამიანებს სახლში სტრესულ პერიოდში გამოკეტავ, როდესაც მათ არ აქვთ ფული და არ შეუძლიათ სამსახურში წასვლა, მაღალი დონის მეცნიერება არაა საჭირო, რომ მიხვდე, ოჯახში ძალადობის ზრდა რის გამო ხდება“.

სურათი ამ მომენტისთვის უდავოდ არასასიამოვნოა – და ორივე სქესისთვის სხვადასხვა სახით.

მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის, გარდაცვალების რისკი დიდია. ქალებისთვის კი, რომლებიც სავარაუდოდ ამ ვირუსისგან მეტად გამოჯანმრთელდებიან, სხვა ტიპის ნეგატიური გავლენებია, რაც წლების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს.

ამ არასასიამოვნო რეალობაში ტერტილტის კვლევამ ორი ნათელი წერტილი დაგვანახა გენდერულ უთანასწორობაში.

პირველი არის სამუშაოს მოქნილობა.

„მილიონობით ბიზნესი დღითიდღე ცვლის სახლიდან მუშაობის სქემებს და ერგება სიტუაციას,“ – აცხადებს ტერტილტი. აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში მარტში ინტერნეტსაშუალებებით კომუნიკაცია 200%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით. „არის მოსაზრება, რომ ეს ნაწილობრივ ნორმად იქცევა და მომავალში ოჯახისა და კარიერის შეთავსება უფრო მარტივი გახდება. ქალები ბიზესკულტურისა და სამუშაო გარემოს მოქნილობით მეტად იხეირებენ, რადგან ისტორიულად ისინი არიან ძირითადი ბავშვის მომვლელები,“ – ამბობს იგი.

მეორე დადებითი გავლენა პატარაა, თუმცა დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილზე მოქმედებს. ტერტილტის კვლევა დააკვირდა ჰეტეროსექსუალ წყვილებსაც, რომელთა 8-12% კარანტინის გამო გენდერის საპირისპირო როლებში გადავიდა. „წარმოიდგინეთ წყვილი, სადაც ქალი წინა ხაზზე მომუშავე ექიმია, კაცი კი საოფისე სამსახურში მუშაობს, რომელიც დისტანციურად შესრულებადია. ასეთ წყვილში კაცი იქცევა ბავშვის ძირითად მომვლელად. ქალი საავადმყოფოშია, კაცი კი სახლიდან მუშაობს და ბავშვებსაც უვლის.“ იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის მოვლა შემთხვევათა 60%-ში ქალს უწევს, ტერტილტს მიაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები საგრძნობი ცვლილებების მომტანი იქნება.

ასეთ ცვლილებას გრძელვადიანი ეფექტების მოხდენა შეუძლია. გერმანიასა და შვედეთში დანერგილმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ მამათა დეკრეტული შვებულება ზრდის მათ ჩართულობას ბავშვთა აღზრდაში მომდევნო წლებშიც კი.

„შესაბამისად, ვიტყოდი, რომ თუნდაც კარანტინი ერთი ან ორი თვე გაგრძელდეს, შედეგები უფრო გრძელვადიანი იქნება,“-  ამბობს ტერტილტი, „თუ შედეგები დიდხანს გაგრძელდება, გავლენებიც უფრო დიდი იქნება“.

კორონავირუსის მსგავსი ჯანდაცვის კრიზისი ხაზს უსვამს და წინ წამოწევს ყველა ტიპის უთანასწორობას და გენდერი არ არის ერთადერთი.

„ყველაფერი ეს კავშირშია სხვა უთანასწორობებთანაც“ – აცხადებს უენჰამი.

აშშ-ში, მაგალითად, ქალაქებში, სადაც დიდი აფრო-ამერიკული საზოგადოებაა, ეპიდემიის ბევრად მძიმე შედეგებია. თუმცა ეს ხაზს უსვამს ახალ კორონავირუსამდე არსებულს საკითხებსაც. რასასთან დაკავშირებული სტრუქტურული უთანასწორობები მჭიდრო კავშირშია ჯანდაცვის ძირეულ სხვაობებთან. მაგალითად, ჩიკაგოს შავკანიანი მცხოვრებლები ჩვეულებრივ 9 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე მათი თეთრკანიანი მეზობლები.

კოვიდ-19-თან დაკავშირებული მტკიცებულებები ცხადად აჩვენებს, რომ თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები უფრო მეტად კვდებიან ახალი ვირუსისგან. აშშ-ში კი თანმდევი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადება, არაპროპორციულად მეტად ახასიათებს აფრო-ამერიკელებს.

ვირუსი დისკრიმინაციას არ ახდენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილი ერთნაირი რისკის ქვეშაა.

სიტუაცია პირიქითაც კია, – ვირუსი როგორც არასდროს, ისე გვიჩვენებს ჯანდაცვის უთანასწორობებს უფრო მკაფიოდ და ცხადად.

______________________________

ქვეყნდება მცირე შემოკლებით. 

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ„ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის.

რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით აჭარაში – Covid-19

აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წელს აღარ განხორციელდება. პროგრამისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5,8 მილიონი ლარი კი ბათუმის სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობას მოხმარდება.

ეს პროგრამა გულისხმობდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, რაც მოიცავდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებით; ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობას და სხვა.

წელს სარეკლამო კამპანია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს უნდა ეწარმოებინა აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბელარუსში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სომხეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ფინეთსა და ყაზახეთში.

„ქვეყნის შიგნით რეგიონის რეკლამირებისთვის რაც არის თანხა ბიუჯეტში, იმას არ ვეხებით, ვინაიდან ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და არის შანსი, რომ მცირე/შიდა ტურიზმის კუთხით დავგეგმოთ თვის ბოლომდე პროგრამები და განვახორციელოთ“ – გვითხრეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

რაც შეეხება ტურისტული სერვისის გაუმჯობესების პროგრამებს, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკვე მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი და შესაბამისი ტრენინგები ტურიზმის სექტორის  [სასტუმროები, რესტორნები და სხვ.] წარმომადგენლებისთვის ჩატარდება ონლაინ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას მთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება-განვითარებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებითაც.

„მაგალითად, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად უკვე მიმდინარეობს პროექტირება. ჩატარდება გეოლოგიური კვლევა, ეკოლოგიურ და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში რა როგორ არის საჭირო, ეს დასკვნა დაიდება და დაიგეგმება სამუშაოები“ – განაცხადეს დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის 2020 წლის ბიუჯეტით 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აქედან: ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის – 1,1 მილიონი, აჭარის ტურისტული მარკეტინგისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე – 5,9 მილიონი, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის – 2,6 მილიონი ლარი.

საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა:

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 2 265 318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა.

2020 წლის იანვარსა და თებერვალში კი, 1 099 610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

აჭარაში კი, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 169 910 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 13 პროცენტით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

____________________________

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, ჩაკეტილია საქართველოს საზღვრები [21 მარტიდან] უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ მუშაობენ დიდი და მცირე სასტუმროები [ბევრ სასტუმროში საკარანტინო ზონაა მოწყობილი], დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები.

დღეს, 14 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მიმართავს პრეზიდენტს, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდეს.

რას სთავაზობს სახელმწიფო ტურისტულ ბიზნესს:

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება.

შეღავათი გულისხმობს 4 თვის ვადით, 2020 წლის 1 ნოემბრამდე, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროებს კი, რომლებსაც აქვთ ბანკის სესხი და ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა პროცენტი გადაიხადონ, სახელმწიფო დაუფინანსებს სესხზე დარიცხული პროცენტის 80 პროცენტს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტს – უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.

მეწარმემ, რომელსაც მცირე, საშუალო ან საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს, კომერციულ ბანკში, საიდანაც სესხი აქვს აღებული, 2020 წლის 1-ელი  აპრილიდან 2020 წლის 1-ელი მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა წარადგინოს განცხადება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

საქართველოს ელჩი თურქეთში ქართველი მეზღვაურების დაბრუნებაზე

ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც თურქულ გემებზე მუშაობენ, საქართველოში ჩამოსასვლელად თურქეთის მხრიდან საგანგებო ნებართვა სჭირდებათ – ამის შესახებ დღეს, 14 აპრილს, „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა გიორგი ჯანჯღავამ, საქართველოს ელჩმა თურქეთში.

„ჩვენი მეზღვაურები ხშირად მუშაობენ თურქულ გემებზე და შეზღუდვების დაწყების პირველივე დღეებიდან აკრძალული იყო თურქული და უცხოური გემებიდან მეზღვაურების მიღება, ამიტომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ჩვენ საზღვაო ადმინისტრაციასთან ერთად ვმუშაობთ, ვახდენთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირებას და სხვა უწყებების, რომ დართონ ნება, 14 დღე იყონ მეზღვაურები კარანტინში და შემდეგ გამოემგზავრონ სამშობლოში“ – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩო თურქეთში რამდენიმე ათეული ასეთი შემთხვევის შესახებ არის ინფორმირებული:

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ სამი-ოთხი მეზღვაური გამოვამგზავრეთ სამსუნიდან, ახლა ველით 14-დღიანი კარანტინის გავლას და ნებართვებს შესაბამისი უწყებებიდან, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში“.

ამ თემაზე: 

თურქეთის 31 ქალაქში 2 დღით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ – მათ შორის, სტამბოლში

 

 

ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილება და საქართველოს მზაობა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კონკრეტული პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში წიწიბურა, მსხვილად დაღერღილი ხორბალი; ბრინჯი და სხვა პროდუქცია ვერ შემოვა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, შეიქმნება თუ არა დეფიციტი ამ პროდუქტებზე და მუშაობს თუ არა მთავრობა იმპორტიორებთან ალტერნატიული ქვეყნების მოძიებაზე?

რა მოხდა?

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გარკვეული საკვები პროდუქტების ექსპორტი აიკრძალა. ევრაზიული კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. აღნიშნული ქვეყნებიდან იკრძალება შემდეგი სახის პროდუქციის გაყიდვა საზღვარგარეთ:

  • ბრინჯი;
  • ხახვი;
  • ნიორი;
  • წიწიბურა და წიწიბურისგან დამზადებული პროდუქცია;
  • ჭვავი;
  • მსხვილად დაღერღილი ხორბალი;
  • მზესუმზირის მარცვლები;
  • შვრია და ა.შ.

ამ დროის მონაცემებით, აკრძალვა 2020 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს, თუმცა ევრაზიული კავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შესაძლოა, დამატებითი ზომებიც მიიღოს.

“ქვეყანაში ორთვიანი მარაგი გვაქვს”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს რომ ევრაზიული კავშირის ამ გადაწყვეტილების შესახებ დაახლოებით ორი კვირის წინ იცოდნენ.

ხორბლის ნაწილში ხანიშვილი ამტკიცებს, რომ აკრძალვა შეეხო მხოლოდ დაღერღილ ხორბალს და არა სასურსათოს, რასაც საქართველოში პურის ფქვილად იყენებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  ხორბალს რუსეთიდან იმპორტში მეორე ადგილი უკავია ნავთობისა და ნავთოპროდუქტების შემდეგ. საქართველოში 2019 წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების 430 000 ტონა მარცვლეული სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა და მთლიანი იმპორტის 87 % შეადგინა.

“ხორბალზე სხვა რეგულაცია ვრცელდება, რასაც კვოტირების სისტემას ეძახიან. ხორბლის შემთხვევაში კვოტა 5 მლნ ტონაა. შედარებისთვის გასულ წელს, როცა არანაირი პრობლემა არ იყო, სულ შავი ზღვის რეგიონში 4.5 მლნ ტონა ხორბალი გაიყიდა, ანუ რუსეთის მხრიდან რაოდენობრივი კვოტა არსებობს, თუმცა ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია.”

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ ჩამონათვალში სხვადასხვა პროდუქტზე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებზე (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წილი, ხანიშვილის თქმით, (დაახლოებით 80%-იანი) ამ ქვეყნებიდან წიწიბურაზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წიწიბურის მარაგების 80% სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოდიოდა. ხანიშვილი გვეუბნება, რომ წიწიბურის შემოტანა ევროპისა და აზიის ქვყნებიდან იგეგმება.

“სამინისტრო ქვეყანაში განხორციელებულ იმპორტზე ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას. ასევე გვაქვს სასურსათო მარაგებზე კონტროლიც. საშუალოდ ქვეყანაში ორთვიანი მარაგი გვაქვს, ანუ იმპორტი რომ შევაჩეროთ ქვეყანაში, ორი თვის სასურსათო მარაგია. ბუნებრივია, სურსათზე ასეთი კონტროლი ადრე არ გვქონია და მხოლოდ ხორბალს ვაკონტროლებდით და ვიცოდით, რომ ოთხთვიანი გარდამავალი ნაშთი მუდმივად გვქონდა. სხვა პროდუქციას თავად კერძო ბიზნესი აკონტროლებდა. ვიცით, რომ მარაგები ეს იქნება, შაქარი, ზეთი წიწიბურა თუ სხვა, ქვეყანაში არის.”

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, ხანიშვილი პასუხობს:

“ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს, თუმცა მათი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თავად იმ ქვეყნებზე, რომლებიც თვლიან, რომ უფრო მეტი სასურსათო მარაგები უნდა დაიტოვონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ მგონია რელევანტური იყოს. მთავრია, რომ ჩვენ ალტერნატივები გვაქვს.”

რაც შეეხება ფასს, გიორგი განიშვილი აცხადებს, რომ ზოგადად მსოფლიოში სურსათზე ფასები მცირდება და შესაძლოა უფრო იაფიც იყოს [ევროპიდან და აზიიდან შემოტანა], თუმცა ფასის ნაწილზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ასევე გვახსენებს მთავრობის დადგენილებას 9 პროდუქტთან დაკავშირებით, სადაც სახელმწიფომ დაასუბსიდირა ეს პროდუქცია, რათა მათზე მარტის დასაწყისში მოქმედი ფასები შენარჩუნებულიყო. “ამ შემთხვევაშიც თუ საჭირო გახდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ღონისძიება გატარდება”, – ამბობს ის.

მოლოდინი “რუსეთის არაორდინალურ ქცევაზე”

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზე დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმითვე, რადგან საქმე რუსეთის არასტაბილურ ბაზარს ეხებოდა, დაახლოებით ორი კვირის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი იმპორტიორების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც ალტერნატიულ ბაზრების მოძიებისა და მარაგების შექმნის საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყეს.

“რუსეთის არაორდინალური ქცევიდან გამომდინარე, რადგანაც მასზე დამოკიდებულები ვიყავით, [ექსპორტის აკრძალვა] ყველაზე ცუდ ვარიანტად განვიხილეთ. მათი ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ნამდვილად არ გვქონდა ინფორმაცია. ანუ რადგან ძირითადი ტვირთები რუსეთიდან შემოდიოდა, ვთქვათ, ხვალ აღარ მოენდომებინა ექსპორტი, მერე რა უნდა გვექნა.  ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს და ათვისებული გვაქვს ისეთი ბაზრები, როგორებიცაა ჩინეთი, პოლონეთი. ასე რომ, რომელიმე პროდუქციაზე დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორებიცაა წიწიბურა, შაქარი, მაკარონი, ბრინჯი და სხვა. ანუ პრობლემის შექმნის საფრთხე არ არსებობს”, – ამბობს ჭყონია.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ევრაზიული კავშირის მიერ გამოქვეყნებული პროდუქციის რა მარაგები არსებობს ქვეყანაში, ჭყონია გვპასუხობს: “მარაგები არსებობს… თუ პანიკური შესყიდვა არ იქნება, პროდუქციის დეფიციტი არ იქნება… ზუსტად მარაგებს ასე ზეპირად ვერ ვიტყვი, მაგრამ პანიკური შესყიდვა თუ არ მოხდა, რაც პირველ შემთხვევაში იყო, მარაგები ყოველთვის გვაქვს,”

ივა ჭყონია განმარტავს, რომ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის თვითღირებულებაზე ლოჯისტიკური ხარჯები აისახება, თუმცა ამატებს, რომ პროდუქციის დეფიციტს “ეს ჯობია”.

“15 კონტეინერი წიწიბურა მოგვაქვს ჩინეთიდან”

სადისტრიბუციო კომპანია “ალფა” ქვეყანაში საკვები პროდუქციის იმპორტს 2010 წლიდან ახორციელებს. კომპანია საქართველოში შემოაქვს ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა და სხვა. როგორც კომპანიის დირექტორი გურამ ბროძელი ნეტგაზეთს ეუბნება,  რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის მოლოდინი ჰქონდათ ამიტომ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. “ალფას” შემთხვევაში ეს ჩინეთი აღმოჩნდა, საიდანაც კომპანიას დაახლოებით 300 ტონა წიწიბურა  შემოაქვს, რომელიც ქვეყანაში დაახლოებით ერთ თვეში იქნება. როგორც გურამ ბროძელი ამბობს, რადგან საქართველო თვეში დაახლოებით 200 ტონა წიწიბურას მოიხმარს, ეს ორი თვის მარაგია. მისივე თქმით, ქვეყანაში დეფიციტი შესაძლოა მაქსიმუმ 1.5 თვე შეიქმნას, სანამ ეს ტვირთი საქართველოში შემოვა.

“ჩვენ ვშიშობდით, რომ შესაძლოა პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა მომხდარიყო [რუსეთიდან] და ალტერნატივას ვეძებდით, რომელიც ვიპოვეთ კიდეც. ჩინეთიდან 15 კონტეინერი წიწიბურა მოგვაქვს. არიან სხვა კომპანიებიც. ანუ, ჯამში, დაახლოებით 500 ტონა წიწიბურა მოდის, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით ორი თვის მარაგია. ერთი თვე ან თვენახევარი დასჭირდება ჩამოტანას… ეს უკვე პორტებზეა დამოკიდებული… ახლა ძალიან ჭირს, რადგან გადატვირთულია პორტები, ამიტომ ზუსტი დროს თქმა რთულია. რაც შეეხება ფასს, თუ რაღაც ბრენდირებული და ზედმეტად გაპიარებული რამ არ არის, სამ ლარს არ გადააჭარბებს”, – აცხადებს ის.

ევრაზიული კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

ამავე თემაზე

თუ დღეს არ დავიცავთ ყველა წესს, მაისში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

„თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს, 14 აპრილს.

მან თავის მიმართვაში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას:

„გთხოვთ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, შევიკავოთ თავი კიდევ ბევრი სხვა ტრადიციული და რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებისგან. იცით, რომ ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია.

კვირას იქნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში. იცით, რომ ბევრი კითხვა შემოდის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღინიშნოს. არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და აღიარებული ინსტიტუცია.

…ეს ორი კვირა, ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენთაგანი ამ ორი კვირის განმავლობაში,  როგორ თავს ავარიდებთ დიდ თავშეყრებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიაში თუ სასაფლაოზე.

კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ის ოქროს შუალედი და კონსესუსი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების.

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, როგორც პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი ამ ეტაპზე, და რაც მთავარია – ექიმი, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პარიზის კატაკომბები – ეპიდემიით გარდაცვლილთა ძვლების ლაბირინთი

პარიზის მიწისქვეშა კატაკომბები 20 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული – საკანალიზაციო ქსელსა და მეტროზე კიდევ უფრო ღრმად მიწაში. კატაკომბების ლაბირინთი შემზარავი, საშიში, მაგრამ ამავე დროს იდუმალი სანახაობაა – აქ XI საუკუნის შემდეგ გარდაცვლილი, 6 მილიონზე მეტი პარიზელის ძვლებია შენახული. თუმცა გარდაცვლილთა თავიდანვე ასე დაკრძალვა არავის განუზრახავს.

კატაკომბების შექმნა XVIII საუკუნის შუა წლების პარიზში დატრიალებულმა ამბავმა განაპირობა. ქალაქს ამ წლებში ცუდი დღეები ედგა. მცხოვრებლებს აღარ დაედგომებოდათ, განსაკუთრებით მათ, ვინც სასაფლაოების სიახლოვეს ცხოვრობდა. აუტანელი სუნი სწორედ სასაფლაოებიდან მოდიოდა, რაც ინფექციების გავრცელების წყაროდ იქცა. მჟავდებოდა რძე და ძმარდებოდა ღვინო.

საქმე ის იყო, რომ ამ დროისთვის ქალაქის სასაფლაოები წარმოუდგენლად იყო გადატვირთული. XVIII საუკუნის შუა წლებში პარიზის ყველაზე დიდ ,,წმინდა უცოდველთა სასაფლაოზე“ 2 მილიონზე მეტი საფლავი იყო. ერთ საფლავში სხვადასხვა სიღრმეზე სხვადასხვა პერიოდის 8, 10 ნეშტი იყო ერთმანეთზე დაკრძალული.

წმინდა უცოდველთა სასაფლაო პარიზში 1750 წელს/წყარო: catacombes.paris.fr

1418 წელს „შავი სიკვდილს“, იგივე ,,ბუბონების ჭირის“ ეპიდემიისგან 50 000 ადამიანი გარდაიცვალა – მათ ერთდროულად კრძალავდნენ სასაფლაოზე, ამას დაემატა 1572 წელს ბართლომეს ღამის ათასობით მსხვერპლიც.

ქალაქში დატრიალებულ სიმყრალეს ვერაფერს უხერხებდნენ და გადაწყვიტეს სასაფლაოები დაეკეტათ, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სამღვდელოება. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1763 წელს პარიზის პარლამენტმა ქალაქის ციხესიმაგრის შემოგარენში მიცვალებულთა დაკრძალვა აკრძალა. გადაწყდა გაეთავისუფლებინათ ქალაქის სასაფლაოები საუკუნოვანი ნეშტებისგან და ძვლები XV საუკუნის  შემდეგ მიტოვებულ მიწისქვეშა კარიერებში გადაეტანათ.

ლუდოვიკო XVI-მ 1777 წელს პარიზის კარიერების გენერალური ინსპექციაც კი შექმნა და ინსპექტორად შარლ აქსელ გიომო დანიშნა. მას დაევალა ქალაქის სასაფლაოების დაცლისა და ნეშტების კარიერში გადატანის პროცესზე გაეწია ზედამხედველობა.

15 თვის განმავლობაში უწყვეტად ეზიდებოდნენ ბადრაგები ძვლებს, ძირითადად ღამით. დეზინფექციას უკეთებდნენ და მიწისქვეშა კარიერში ალაგებდნენ.

პირველად 1785-1787 წლებში ქალაქის ყველაზე დიდი, ,,წმინდა უცოდველთა“ სასაფლაო დაცალეს.

საფლავების გათავისუფლება და ძვლების კარიერებში ჩატანის პროცესი გაგრძელდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგაც 1814 წლამდე. გაათავისუფლეს სენტ-ესტაშის, სენტ-ნიკოლა-დე-შამპის და ბერნარდინების მონასტრის დიდი სასაფლაოები, პროცესი განახლდა ლუი ფილიპეს დროსაც, 1840 წელს და 1859-დან 1860 წლამდე.

შედეგად პარიზში 17 დიდი სასაფლაო და 300 საკულტო ადგილი გათავისუფლდა.

1786 წლიდან ძვლების მიწისქვეშა ლაბირინთს კატაკომბები დაერქვა, რომის კატაკომბების ანალოგიით.

კატაკომბები 1861 წელს, ფელიქს ნადარის ფოტო/წყარო: catacombes.paris.fr

XIX საუკუნის დასაწყისამდე კატაკომბებში ჩასვლა მხოლოდ დიდებულებს შეეძლოთ, ცნობილია, რომ ნაპოლეონი სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ათვალიერებინებდა კატაკომბებს ხშირად.

დიდებულები პარიზის კატაკომბებში/წყარო: catacombes.paris.fr

დღეს ეს ადგილი ყველასთვის ღიაა და წელიწადში 550 000 ვიზიტორი ჰყავს.

სანამ მიწისქვეშა საძვალეს ფართო საზოგადოებისთვის გახსნიდნენ, როგორც სანახაობას 1809 წელს, მის დეკორატიულ-კომპოზიციურ მხარეზე ზრუნვა ინსპექტორ ერიკ დე ტიურის მიაბარეს, მან თავიდანვე ისე წარმოიდგინა კატაკომბები, როგორც დღემდეა შემორჩენილი – ლაბირინთებში ჩალაგებული ძვლების მონუმენტური მოზაიკა.

საძვალეს მიწისქვეშ 11 000 კვადრატული მეტრი უკავია და ყველაზე დიდი კატაკომბია მსოფლიოში, დამთვალიერებლებისთვის ღიაა 1, 7 კილომეტრიანი ლაბირინთი, რაც კატაკომბების მხოლოდ 0,5%-ია.

ცნობილი ფრანგებისგან აქ დაკრძალულნი არიან: მაქსიმილიან რობესპიერი, ანტუან ლორან ლავუაზიე, შარლ პერო, ბლეზ პასკალი, ფრანსუა რაბლე და სხვები.

კატაკომბები/წყარო:catacombes.paris.fr

ვაქცინის გარეშე ვირუსის გავრცელების სრული შეჩერება არ გამოვა – ჯანმო

Covid-19-ის მასიური გავრცელების სრულად შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა.

„უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემა სრულად შეწყდეს” –  თქვა ტედროს გებრეისუსმა.

ის ამ განცხადებით გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას, მოხსნან ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული აკრძალვები.

„ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს იმაზე, თუ როდის მოხსნიან ამ შეზღუდვებს; სხვები განიხილავენ საკითხს, საერთოდ აამუშაონ თუ არა ეს აკრძალვები და როდის. ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებით და გადაწყვეტილება მივიღოთ იქედან გამომდინარე, რა ცოდნაც უკვე გვაქვს ვირუსზე“ – თქვა მან.

დღეს, 14 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს. ამავე ბრიფინგზე გახარიამ სხვა გამკაცრებულ ზომებზეც ისაუბრა, მათ შორის იმაზე, რომ 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 15 აპრილიდან, საღამოს 9 საათის შემდეგ შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება, ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 121,726 -ია. გამოჯანმრთელდა 3 მილიონამდე ადამიანი.

ცხრა მთას იქით, ამერიკაში

ავტორი: ტატო ცეცხლაძე, ფილადელფია, აშშ

ბავშვობაში როცა ცუდ ამბავს გავიგებდი, მე, როგორც ჩემი ახლობლები, ვამბობდით – “ცხრა მთას იქით”. ეს ნიშნავდა, ჩვენგან შორს, იქ, სადღაც შორს. სწორედ ასე, ცხრა მთას იქეთ გაჩნდა კორონავურუსი. ჯერ კიდევ 15 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე და, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ბოლო სამუშაო დღეს, სამსახურში ვსვამდით. მხიარული და პოზიტიური გარემო იყო. მაშინ მომაკვდინებელ ვირუსს ჯერ კიდევ კორონა ერქვა (მერე გახდა კოვიდ 19).

16 მარტს, მანამ, სანამ ამერიკაში საერთო კარანტინი გამოცხადდებოდა, ქალაქმა ფილადელფიამ თავისი ავტონომიის ფარგლებში გამოაცხადა, რომ დახურა კვებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი. 16 მარტს, ბახუსზე გავიგე, რომ გაურკვეველი ვადით უმუშევარი დავრჩი. ბინის, კომუნალურების, საკრედიტო ბარათების და ა.შ. გადასახადებზე იმ წუთას არ მიფიქრია. იმდენად მწყუროდა დასვენება, რომ მეგონა ის 2-3 კვირა მშვენიერი საშუალება იყო ფიზიკურ-მორალურად დამესვენა და ამერიკა უკეთ გამეცნო.

რამდენიმე დღეში ტრანსპორტი შეიზღუდა, აბსოლუტურად ყველაფერი დაიხურა სასურსათო მაღაზიების, გადაუდებელი აუცილებლობის მარკეტების (ჩემდა გასაკვირად ზოომაღაზიები გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება), ბენზინგასამართი სადგურების და აფთიაქების გარდა. ვერც ამერიკას გაიცნობ, რადგან ვერსად წახვალ, ვერც გაისეირნებ და ვერც ვერავის შეხვდები. ასე აღმოვჩნდი ჩაკეტილ ბინაში. მერე ჩემი კლასტერი (საქართველოში ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ) შევქმენი.

სოფო და გიორგი ქუთაისიდან არიან და ჩემს გვერდით კორპუსში ცხოვრობენ. მე მათთან გადავდიოდი, ისინი ჩემთან და სხვა პირებთან მხოლოდ ონლაინ კონტაქტი გვქონდა. მაღაზიებშიც სურსათის საყიდლად ერთად დავდიოდით. საბითუმო მაღაზიებში ამერიკელს მარტივად გამოარჩევ სხვისგან. ის ყოველთვის იცავს 6-ფიტიან დისტანციას, გელოდება, როდის შეარჩევ პროდუქციას და შენს მერე მოუახლოვდება დახლს, თუნდაც გასწრება უნდოდეს ან ეჩქარებოდეს, ცდილობს ძალიან არ მოგიახლოვდეს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხი კი, თითქოს უკვდავები, პირში ჩაგიძვრებიან, ვითომ მეორე დღეს სამსახურში გარბოდნენ, თავზე გადაგახტებიან და…. განსაკუთრებით რუსები და უკრაინელები. ეს „კლასტერი“ რისკზონაშია.

მოკლედ, ჩვენ ვყიდულობდით პროდუქტს და ერთად ვამზადებდით, ან ცალ-ცალკე და მერე ერთმანეთთან გადაგვქონდა. ასე დაიწყო ქართული კლასტერული ჭამა-სმა, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა. ხშირად ვსვამდით სამშობლოს სადღეგრძელოს და ვნატრობდით – ნეტა ამ დროს ოჯახთან, ახლობლებთან გვამყოფა და რა კორონა ან რის კორონაო.

ვოცნებობთ, მაგრამ რეალურად უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ჩვენ აქ ოცნებებით, გეგმებით, მიზნებით ჩამოვედით და ასე უცებ ვერ დავტოვებთ ყველაფერს. აქ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და არც ესაა სამყაროს დასასრული. ოჯახთან გვინდა, მაგრამ ოჯახში ჯიბეგამოფხეკილი და დაჩაჩანაკებული ჩასვლა – არა. არავინ იცის რეალურად რისი გადატანა გვიწევს აქ, მაგრამ სხვებისთვის “ამერიკაშია რა უჭირს ცხოვრება გვაქვს”. განა ის, რომ დიდად გვაღელვებს ასეთების ნათქვამი, არა! მაგრამ ახლა ვერ დავბრუნდებით. ბევრი სამართლებრივი, თუმცა უსამართლო მიზეზების გამო.

დეპრესია უფრო ადრე მოგვკლავს თუ კორონა?

უმუშევრობის რომელიღაცა დღეს სახლში ნივთების განლაგება არ მომეწონა და გადავაადგილე. მეორე დღეს ისევ შევცვალე და ასე მანამ ვათრიე ავეჯი, სანამ არ დავაზიანე.

დღე და ღამე აირია. ღამით საქართველოში ვესაუბრებოდი მეგობარ-ნათესავებს, დღისით მეძინა ან ვჭამდი, წონა +13 ნიშნულით შეიცვალა. შტატის და ქალაქის მიერ შემოღებული შეზღუდვები გახანგრძლივდა. საქართველოსთან ხშირი კავშირის გამო გაიზარდა მონატრების შეგრძნება, რაც მანამ არ იყო, რადგან ისე რობოტულად მუშაობ, რომ გრძნობების დრო არ გრჩება. დაიწყო უძილობა, სუნთქვის უკმარისობა, გულის აჩქარება და ყველა სიმპტომი, რაც ახასიათებს დეპრესიას.

ამერიკა მგონი მსოფლიოში ყველაზე დეპრესიული ქვეყანაა. მათ არ ჰქონიათ 90-იანი წლები და არ იციან, რომ შეიძლება კვირეები და თვეები რესტორანში არ წახვიდე, ან შეიძლება ლამფის შუქზე ისწავლო გაკვეთილი, არ იციან, რომ შეიძლება სახლიდან გახვიდე და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდე. არ იციან, რომ შეიძლება საჭმელი არ გქონდეს და მოხარშულ კარტოფილზე იყო რამდენიმე კვირა.
არ ჰქონიათ და არ იციან. ჩვენ კი შევარდნაძემ გამოგვაწრთო.

ამ ფიქრებში გართულს საქართველოდან გირეკავენ და გეუბნებიან – “ბიჭო, ამერიკაში ხარ, როგორ ვერ უნდა მოიფიქრო ისეთი რამე, ფული რომ გააკეთო? ფუ რა! შენ ამერიკაში უნდა იყო და მე საქართველოში?”
ეს სტანდარტული შეხედულებაა. ყველას ჰგონია (მეც მეგონა აქ ჩამოსვლამდე), რომ თუკი ამერიკაში მოხვდები, იქ შეგიძლია “იმენა აიწყო ცხოვრება” – შენი გამჭრიახობით შეძლო ფულის შოვნა. ჰოლივუდური ფილმების გავლენაა, რაც რეალობასთან მიახლოებულიც არაა. ოღონდ აქ ჩამოსვლამდე ვერავინ ხვდება, რომ 3-მილიონიან ქვეყანაში სხვა ამბავია, მაგრამ 400-მილიონიან ქვეყანაში ისეთ ტვინებთან გიწევს კონკურენცია… აბსოლუტურად სხვა გალაქტიკას ეთამაშები.

რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკას უფრო ის კი არ ემუქრება, რომ კოვიდ 19 დააზარალებს, არამედ მისი შედეგები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამერიკელები მიუჩვევლები არიან ჩაკეტილობას. გარდა ამისა, დიდია სტრესი და მთელი სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ არ გაიზარდოს თვითმკვლელობების რაოდენობა.

რამდენიმეკვირიანი ან თვიანი თვითიზოლაციის შემდეგ არავინ იცის რა შედეგი დადგება.

მედია და კოვიდ 19

ამ ფონზე უყურებ მთავარ არხს, იმედს, რუსთავი 2-ს, პირველს, ფორმულას და… ამ არხებზე ხანდახან რომ ვუყურებ ამერიკის შესახებ ინფორმაციას და ამავდროულად ვუყურებ აქაურ არხებს მგონია, რომ… მოკლედ, როგორც ჟურნალისტს, არ მინდა ვინმეს მიმართ ცუდის თქმა გამომივიდეს.

ქართველი ჟურნალისტები გარბიან ეპიცენტრებში და ცდილობენ სავარაუდო დაავადებულთან ჩაწერონ ინტერვიუ ან მინიმუმ ოჯახის წევრთან. თითქოს უკვდავი და ვირუსისგან ისევე დაცულები არიან, როგორც გერმანული მოდელი გამოხატვის თავისუფლების შესახებ გვეუბნება. ერთი არხი ჩაწერს ექიმთან ინტერვიუს და მეორე ცდილობს აჯობოს, ამიტომ ლამისაა კარანტინის ზონაში შეიჭრას. ამერიკული მედია კი ცდილობს, სახლიდან ჩაერთოს – საძინებლიდან ან სასტუმრო ოთახიდან (ე.წ. ლივინგ რუმიდან). ყველას მოუწოდებს, რომ დარჩეს სახლში და ამის მაგალითს თავად იძლევა.

ქართველი ჟურნალისტები ერთმანეთთან ჩახუტებულები დებენ ფოტოებს – ნიღაბი და ხელთათმანი სიმბოლურად უკეთიათ. ნიღაბი და ხელთათმანი სულაც არ გიცავს ვირუსისგან, უფრო ზუსტად, გიცავს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ 100%-ით დაზღვეული ხარ. ამას როცა ჟურნალისტი ვერ ან არ ხვდება, ვერ მისცემს მაგალითს საზოგადოებას და არც საზოგადოება დაუჯერებს ასეთ ჟურნალისტს, როცა ეტყვის “დარჩი სახლში”.

ფრონტის წინა ხაზზე

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არჩევანი არც ისე დიდია. მე დეპრესიას და სახლში ყოფნას  ფრონტის წინა ხაზზე გასვლა ვარჩიე. განა გმირობის სტატუსი მინდა? არა! ამისი ამბიცია არ მაქვს. პირადი რეალიზების და ცხოვრების რიტმის შეგრძნების გამო სუპერმარკეტში მოლარედ გავედი. ეს არის ტრაგედია უგმიროდ.

გმირობაზე გამახსენდა – საქართველოში რამდენიმე ექიმი გმირად აქციეს. ისინი მართლა დიდებულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამერიკაში ასე არაა. არც გმირია და არც ანტიგმირი. ნუ მხოლოდ პრეზიდენტისთვის არის ანტიგმირი ჩინეთი. აქ არავინ გეტყვის – “მადლობა, მე სახლში ვარ და შენ მუშაობ ჩემთვის” და არც შენ დაამადლი – “დარჩი სახლში, მე ვმუშაობ შენთვის!”.

ამ რთული ვითარებაში როცა მუშაობ, ვერ გრძნობ, როგორ გადის დღეები და კვირეები, ვერ გრძნობ და არც გაქვს დრო შეამოწმო, რამდენი ადამიანი დაიღუპა შენს ქვეყანაში ან რამდენი დაავადდა. როცა ვერ ხედავ ციფრებს, ნაკლებად ფიქრობ დაავადებაზე. ყოველდღიური რუტინა გიქმნის განწყობას, თითქოს ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ რეალურად ძველებურად ვერასოდეს იქნება.

ამ დროს შემოდის მარკეტში რუსი ან უკრაინელი ბებია, იღებს წიწიბურას, თევზის კონსერვს და ისეთ რამეს, თითქოს ბუნკერში გასამაგრებლად ემზადება. გაფაციცებით უყურებს სალაროსთან ტაბლოს და ვაი თუ არ დაემთხვა ფასი მის მოლოდინს. მაშინ იწყება –  ყაჩაღებო, ხალს ყვლეფთ, იქ სხვა ფასი ეწერა, თქვენ სულ უნდა გადაგამოწმოთ, თორემ იტყუებით, მენეჯერს დამიძახეთ და ა.შ. შენ ამ დროს იღიმები… იღიმები, მაგრამ მერე გახსენდება, რომ იღიმები პირბადის შიგნით… განა გწყინს, რომ გეჩხუბება? არა! პირიქით. გაბადრული უღიმი, უღიმი და ეს ნიღაბი, რომელიც მალავს ამ ემოციას, გიშლის ხელსა და ნერვებს ერთდროულად. გინდა მოიხსნა და გადააგდო, მაგრამ… მაგრამ ყველას პირზე ბოქლომივით ადევს ნიღაბი და ხვდები, რომ ძველებურად აღარასოდეს იქნება. როგორც ვიყავით, ისე ვერასდროს ვიქნებით – ერთ დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძებთ. ახალ რეალობაში, მაგრამ არავინ იცის, როგორი იქნება ეს რეალობა.

„გააცოცხლე დედა ენა“- განათლების სამინისტროს კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

„ქართული მარტო ენაა? – ქართული ქართველთ რწმენაა!“

დღეს დედა ენის დღეა!

42 წლის წინ, საბჭოურმა მმართველობამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა და სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა. კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებაზე 1978 წლის 14 აპრილს უნდა ემსჯელათ.

საბჭოთა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას თბილისსა და ბათუმში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის ორგანიზატორები სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ.

მაშინ ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული ფუნდამენტი – ქართული ენა, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი. შეძლო და აიძულა საბჭოთა მმართველობა შეეცვალა პოზიცია.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გილოცავთ დედა ენის დღეს!

«გააცოცხლე დედა ენა» – ამ სახელწოდებით სამინისტრო, სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსს.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან ფერწერული ნახატი, დაწერონ ჩანახატი ან ლექსი, შექმნან ანიმაციური ფილმი, მხატვრულად წაიკითხონ და ჩაწერონ ლექსი ან მოთხრობა, ნორჩმა კალიგრაფისტებმა უნდა შეასრულონ კალიგრაფიული ნამუშევრები და ა.შ.

მონაწილეებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა შეუძლიათ 14 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: administracia@moecs.ge

გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლენს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია.

გისურვებთ წარმატებებს!

დარჩი სახლში, წაიკითხე წიგნები – “საბას” ორიგინალური განცხადება თბილისის ქუჩებში

ამ უჩვეულო ფორმით საბა საზოგადეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ორიგინალური განცხადება დღეს, 14 აპრილს თბილისის ცენტრში გამოჩნდა.

ელექტრონული წიგნების პლატფორმა საბა 6000-ზე მეტ წიგნზე წვდომას უფასოდ გვთავაზობს და ამგვარად სახლში დარჩენის დამატებით სტიმულს უქმნის მოსახლეობას. აპში წარმოდგენილია როგორც ელექტრონული, ისე ხმოვანი წიგნები.

ელექტრონული წიგნების ბიბლოთეკით სარგებლობა შესაძლებელია ყველასთვის SABA reader მობაილ აპლიკაციის გამოყენებით. 

Android – https://tiny.cc/gh5sbz

iOS – https://tiny.cc/8n5sbz

შემოგვიერთდით ჯგუფში:  https://bit.ly/3bd6AMw 

არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]

„შუახევი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი.

10 აპრილს „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი. კაშხლის კედლის ნაწილი  სველია და რამდენიმე ადგილას წყალი გამოდის. ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომელიც „ბათუმელებმა“ გადაიღო, ჩანს კაშხლის დაზიანებული მონაკვეთი.

52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავის გასწვრივ მდებარეობს. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998 000 მ3-ია, ზედაპირის ფართობი კი 152 500 მ2-ია.

არის თუ არა უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? არის თუ არა წყლის ეს ფილტრაცია დასაშვები მსგავსი ტიპის ბეტონის გრავიტაციული კაშხლების მდგრადობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის?  –  ეს არის ის საკითხი, რომლითაც “ბათუმელები” დაინტერესდა.

დიდაჭარის კაშხალზე დაფიქსირებული დაზიანებების ფოტომასალა კომენტარისათვის „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტს გადავუგზავნეთ.

“ყველა დიდი ბეტონის ნაგებობა კონკრეტული თანმიმდევრობით შენდება და ცალკეული სექციებისგან შედგება, რომელსაც მშენებლობის შესახსრება ეწოდება. ტემპერატურული ცვლილებების გამო, ბეტონის სხვადასხვა ნაწილების გაფართოებისა და შეკუმშვის დროს ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის აღმოფხვრაც ხდება კონკრეტული სამუშაოების ჩატარების შედეგად, (ე.წ. ბეტონის შესხურება) სტანდარტული პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში. შესაბამისი სამუშაო შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალსაცავის შევსების შემდეგ და ჩვენს შემთხვევაში, ვინაიდან შევსებულია წყალსაცავი, ეს სამუშაო ამ ეტაპზე მიმდინარეობს. კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს,” –  მოგვწერეს პასუხად “აჭარისწყალი ჯორჯიას” მენეჯმენტიდან.

არის თუ არა მდგრადი დიდაჭარის კაშხალი და უქმნის თუ არა საფრთხეს მოსახლეობას? – ეს იყო  კიდევ ერთი კითხვა, რაც „ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტს გაუგზავნა.

„დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და სტაბილურია და ქართული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დაპროექტებული. კაშხალი 2017 წლის დასაწყისში აშენდა და მას შემდეგ ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ოპერირებს. კაშხალი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“, –  მოგვწერეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.

„შუახევი ჰესის“ ოპერირების დაწყებას პრობლემები მოჰყვა ორ სოფელში – გორხანაულსა და მახალაკიძეებში. რეაბილიტირებული გვირაბების წყლით შევსების შემდეგ მოიმატა გრუნტის წყლების დონეებმა.

კერძოდ, მიწა წყლით იჟღინთება სოფელ გორხანაულში. ეს პრობლემა სოფელში 2017 წლის ზაფხულში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ჰესმა დაიწყო ოპერირება. სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჰესის რეაბილიტაცია მიდიოდა,  მიწიდან წყალი აღარ ამოსულა. ახლა, 2020 წლის აპრილში კი, ისევ ამოდის.

წყალი ამოდის მიწიდან სოფელ მახალაკიძეებშიც. სწორედ ამ სოფელში გადის გვირაბი, რომლითაც მდინარე ჩირუხისწყლიდან წყალი დიდაჭარის წყალსაცავში ხვდება.

შეისწავლეთ თუ არა, რატომ გამოდის წყალი ამ სოფლებში და არის თუ არა უსაფრთხო გარემო იქ მაცხოვრებელთათვის? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“  მენეჯმენტს დაუსვა.

„სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ჩვენ გვირაბების ავსების დროს ვახორციელებთ მონიტორინგს და ვამოწმებთ, ხომ არ ხდება სადმე წყლის გაჟონვა. კომპანიამ უკვე გამოიკვლია გორხანაულის მოთხოვნა და გადაჭრა საკითხი. რაც შეეხება სოფელ მახალაკიძეებში წლის გაჟონვის საკითხს, ამის თაობაზე საჩივარი არ შემოსულა კომპანიაში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ საკითხზე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს,“ –  მოგვწერეს კომპანიიდან პასუხად.

„შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. 2017 წელს ჰესი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნიდან ორ თვეში, აგვისტოში, ჰესზე ავარია მოხდა. 37 კმ-იანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იყო ყველაზე დიდი ავარია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში.

„შუახევი ჰესის“ რეაბილიტაცია ორი წელს გაგრძელდა და მასზე 100 მილიონი დაიხარჯა.

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს -გახარია

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“-განაცხადა დღეს 14 აპრილს გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დიდი ალბათობით მთავრობას მოუწევს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით.

„ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ეხლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, როცა კომპრომისები საკმაოდ მძიმე და რისკის შემცველია. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან რომელიც იქნება.

არ არის მარტივი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ 1-2 დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა წინასწარ ადამიანებს გავაფრთხილებთ. სასაფლაოები მუნიპალური საკუთრებებია, მაგრამ დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით“-ამბობს გახარია.

ქრისტიანებს სასაფლაობზე გასვლის ტრადიცია აქვთ აღდგომის მეორე დღეს, მსგავსი ტრადიცია აქვთ მუსლიმებსაც.  ჟურნალისტის კითხვაზე, ცოტახანში იწყება მუსლიმების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დღესასწაული რამადანი და იმ შემთხვევაში, თუკი მათაც გაუჩნდებათ პარასკევის ლოცვაზე გასვლის სურვილი, როგორი იქნება ამ შემთხვევაში მთავრობის პოზიცია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს არ ეზღუდებათ მსახურებებზე სიარული? –  გიორგი გახარია ამბობს, რომ  „მიდგომა ყველასთან იქნება ერთნაირი“. თუმცა დასძენს, რომ მას იმედი აქვს „მოქალაქეების გონიერების და სიბრძნის“.

ამავე თემაზე:

10 დღით ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება – გახარია

 

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე.

პრეზიდენტის დეკრეტით ამჯერად საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული.

„ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე,“- განაცხადა დღეს, 14 აპრილს, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

ამ თემაზე:

10 დღით ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება – გახარია

10 დღით ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ 15 აპრილის 21:00 საათიდან, 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

„ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე,“- განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ასევე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ:

„ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.“

ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის

ნონა სამ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს. სოციალური პრობლემების გარდა, ნონას მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ყოველთვიურად მინიმუმ 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება. ნონას, მეუღლის გარდა, ერთი შვილიც შშმ ჰყავს. ხუთსულიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ნონას [მის ვინაობას არ ვასახელებთ] თქმით, უკვე მეათე დღეა თავის მეუღლეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვეღარ აძლევს. მისი თქმით, რადგან ბინის ქირას მთავრობა უხდის, წამალთან დაკავშირებით „ერიდება მათი შეწუხება“.

„ჩემს მეუღლეს მეოთხე ხარისხის ჟანგბადის უკმარისობა აქვს და მუდმივად აპარატზეა მიერთებული. გარდა ამისა, ყოველთვიურად 500 ლარის მედიკამენტები სჭირდება. ძალიან ძვირიანი წამლებია, თუმცა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამ თვეში 495 ლარის წამალი მაქვს შესაძენი.

მეუღლეს და ერთ შვილს პენსია აქვთ, საკვებს კი მუნიციპალური სასადილოდან ვიღებთ. რადგან წამლებისთვის ფული არ მყოფნიდა, ხუთი წლის თანხა წინასწარ მაქვს გამოტანილი, ამიტომ  როცა პენსია ირიცხება, ნაწილს ბანკი იტოვებს.

დამიგროვდა ვალები, რადგან წამლის გამო სესხს ვიღებდი. ყველაზე მეტად წამლის თანხის შეგროვება მიჭირს. ვთხოვე დახმარებას აჭარის მთავრობას“, – გვეუბნება ნონა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების პროგრამაც ამოწურა.

„წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად პატარა ქოხში ვცხოვრობდით, რომელიც ჩვენ თვითონ ავაგეთ. მიწა სხვისი საკუთრება იყო და მისი დატოვება მოგვიხდა. იქვე ახლოს რკინის ვაგონი ვიქირავეთ 100 ლარად, თუმცა ქირის გადახდა გვიჭირდა, ის ვაგონიც წვიმამ დააზიანა და წყალი ჩამოვიდა. მეუღლეს ისედაც სუნთქვის პრობლემა აქვს და იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო.  ბევრჯერ ვთხოვე ხან მერიას, ხან ვის და ბოლოს ნაქირავებ ბინაში გადმოვედით საცხოვრებლად, ბინის ქირას ბათუმის მერია გვიხდის “.

ნონა ამბობს, რომ სამუშაოს მოძიებას ვერ ახერხებს. „ადრე ჩაიზე სამუშაოდ მივდიოდი თურქეთში, მაგრამ ვირუსები დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა. ვერც თბილისში წავიყვანე მეუღლე, ათი დღე ღუდუშაურში უნდა ემკურნალა. ჟანგბადის აპარატიც გასასწორებელია და ესეც თბილისში უნდა გაკეთდეს. ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული“.

ნონა ამბობს, რომ ოჯახისთვის ყველაზე მძიმე პრობლემად ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა რჩება.

6 მოძღვარი არის თვითიზოლაციაში – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 6 სასულიერო პირი, რომლებიც მსახურობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელთან ერთად, არიან თვითიზოლაციაში.

„ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც არის დისტაციასთან დაკავშირებული. საღამოს მერე მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი“.

ჯაღმაიძის ინფორმაციით, ინფიცირებულმა მღვდელმა მეორე დღესაც ჩაატარა მსახურება, მაგრამ ცარიელ ტაძარში.

„დეზინფექცია თუ ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული [ტაძარში], დეზინფექცია დღეს-ხვალ უნდა ჩატარდეს. შემდგომში სხვა მოძღვარი მსახურებას შეასრულებს და აღდგომის დღესასწაულზე იქნება იქ წირვა“, – უთხრა ახლახან ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, ასევე, თვითიზოლაციაშია საპატრიარქოს დაცვის ორი წევრი, ანუ ის პირები, ვინც ინფიცირებულ დაცვის წევრთან ერთად ასრულებდა მოვალეობას.

შსს: ქურდული სამყაროს მხარდასაჭერად პირს 10 000 ლარი გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ.

დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ მ.ხ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ. ქ., ვ. ბ. და ზ. მ. საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გ.კ-სთვის და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ.

ბრალდებულებმა დაზარალებულ მოქალაქეს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, 18 000 ლარის გადახდა „დააკისრეს“.

ბრალდებულებმა სისტემატიური ზეწოლისა და ქურდული გარჩევის გზით დაზარალებულ მოქალაქეს – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად 10 000 ლარი გამოსძალეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

ისრაელში იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა და საცხოვრებელი ადგილის დატოვება

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს ისრაელში დამატებითი შეზღუდვების გამო.

დღეს, 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები:

  • ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
  • ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
  • იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნებისა სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.

ასევე, ძალაში რჩება წინა შეზღუდვები, რომელიც, განახლებული სახით, 31 მარტს შევიდა ძალაში ისრაელში.

ისრაელში იკრძალება 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება საზოგადოებრივ სივრცეში (გარდა ოჯახის წევრებისა, რომლებიც ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ ფართობში); ჯგუფური ლოცვები; დაკრძალვის ცერემონიალზე 20-ზე მეტი ადამიანის დასწრება; სადღესასწაულო ღონისძიებაზე 10-ზე მეტი ადამიანის დასწრება; დასაშვებია ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ ღია სივრცეში, მონაწილეთა შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით.

ასევე, ყოველდღიურად, სამსახურში წასვლამდე, ყველა მოქალაქეს მოეთხოვება გაიზომოს ტემპერატურა და შეავსოს დეკლარაცია, რომ მას არ აქვს დაავადების სიმპტომები (ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა, ხველა, ქოშინი). დასაქმებულს მოეთხოვება შევსებული დეკლარაცია, მიმდინარე თარიღით, გადასცეს დამსაქმებელს; დასაქმებულს, რომლებიც მუშაობენ კომპანიის ოფისის გარეთ, შეეძლებათ გააკეთონ ზეპირი მოხსენება; სამუშაო ადგილებზე, სადაც შეუძლებელია თანამშრომლებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება, დამქირავებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები; საერთო ხმარების ინვენტარი საფუძვლიანად უნდა იყოს დეზინფექცირებული; ყველა თანამშრომელს მოეთხოვება დაიცვან პირადი ჰიგიენის მკაცრი წესები, პირველ რიგში – ხელების დაბანა; ოფისებსა და საწარმოებში უნდა დაწესდეს ლიფტის გამოყენების შეზღუდვა – 2-ზე მეტ ადამიანზე; მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების ოფისებში, მომხმარებელთა მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მკაფიო მოთხოვნების შესაბამისად.

14 აპრილის მონაცემებით, ისრაელში Covid-19-ის 11 868 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2000 პაციენტი.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABIR SULTAN

რატომ დაიხურა ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა

ბობოყვათის სამჯერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილემ“ მუშაობა შეაჩერა. კომპანიის ფინანსური დირექტორი, გია ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას მკერავებში კორონავირუსის დადასტურების შესახებ.

„ეს არ არის სიმართლე… ორი თანამშრომელი ნამდვილად გადაიყვანეს შემოწმებაზე, მაგრამ მათ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ. ფაბრიკა შეჩერდა იმიტომ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო იქ მკერავები თითქმის არ დადიოდნენ. მუშაობას აგრძელებს თამარის დასახლებაში მდებარე ფაბრიკა, ჩვენ ისევ ვამზადებთ პირბადეებს,“ – გვითხრა გია ლომინაძემ.

„აჭარა ტექსტილეს“ ინფორმაციით, ამ ფაბრიკამ უკვე მილიონზე მეტი პირბადე დამზადდა უფასოდ. კომპანიას ნედლეული ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციის დახმარებით.

12 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 1971 წელს დაბადებული მოქალაქე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. დაკავებული პირი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჯანმო: COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს მორიგ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1.

“როგორც აქამდე ვთქვით, ეს ახალი ვირუსია და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც პირველია. ჩვენ ყველა უწყვეტად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც უახლეს ხელმისაწვდომ ცნობებს ეფუძნება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია ვირუსზე, რაც ვიცით და ვიმოქმედოთ მხოლოდ ამის შესაბამისად. მტკიცებულებები რამდენიმე ქვეყნიდან გვაძლევს მკვეთრ სურათს ამ ვირუსის, იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა, როგორ შევაჩეროთ და როგორ ვებრძოლოთ”, – ამბობს ტედროს გებრეისუსი. – “ჩვენ ვიცით, რომ COVID 19 სწრაფად ვრცელდება და ვიცით, რომ ის არის მომაკვდინებელი – 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელი და საშიში, ვიდრე გრიპის პანდემია 2009 წელს”.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ COVID 19 ძალიან სწრაფად იკრებს სიჩქარეს და ამაზე ბევრად ნელი ტემპით იკლებს: “სხვა სიტყვებით გზა კლებისკენ გაცილებით უფრო ნელია, ვიდრე გზა მატებისკენ, ზევით”.

ტედროს გებრეისუსის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები ქვეყნებმა უნდა მოხსნან ნელა და კონტროლის ქვეშ, – “ეს არ უდნა მოხდეს ერთდროულად”.

მან თქვა, რომ კონტროლის მიზნით გატარებული ზომები შეიძლება მოიხსნას იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში ტარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი ღონისძიებები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფიცირებულის კონტაქტების დროული და სწორი გამოკვლევა.

ესპანეთი, იტალია და აშშ კარანტინს ამსუბუქებს – მსოფლიო ჯანმო მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებს

„კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ორი ქვეყანა – იტალია და ესპანეთი კარანტინის წესების შედარებით შემსუბუქებას გეგმავს. იტალიაში ნელ-ნელა იხსნება მაღაზიები, ესპანეთში კი ქარხნების ნაწილი უკვე ამუშავდა”, – წერს BBC.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ქვეყნების ხელისუფლებებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, მადრიდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ევროკავშირი.

ავსტრიაში სამშაბათიდან უნდა გაიხსნას ათასობით მაღაზია. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კარანტინის წესები უცვლელია. მაკრონმა გუშინ, 13 აპრილს, კარანტინი ერთი თვით, 11 მაისამდე გადაავადა. პანდემიის პიკს ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ არ გადაუვლია, გერმანია განხილვის პროცესშია, შეამსუბუქებს თუ არა საკარანტინო რეჟიმის ზოგ წესს.

დონალდ ტრამპი გამოვიდა განცხადებით, რომ უახლოეს მომავალში უნდა მოიხსნას კარანტინი შტატებში და ეს შესაძლებელია, რადგან ,,აშშ-ს პრეზიდენტის ძალაუფლება აბსოლუტურია“.

კანონის თანახმად, აშშ-ში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შტატების გუბერნატორებს აქვთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის განცხადება თეთრ სახლსა და შტატების ხელისუფლებას შორის კონფლიქტს გააღვივებს.

თუმცა აშშ-ში ათმა შტატმა უკვე თავად განაცხადა უარი კარანტინის მკაცრ ზომებზე, მათ შორის, ნიუ-იორკმა, კალიფორნიამ, ორეგანომ და ვაშინგტონმა.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის 106 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა.

პოლიციამ ბოლო 24 საათში საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 63 მოქალაქე დააჯარიმა.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ქობულეთში თერმოსკრინინგით გამოვლინდა 17 საეჭვო შემთხვევა – ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 14 აპრილს, ცხელების კლინიკიდან კორონავირუსის კვლევაზე კიდევ შევა 15 ახალი ნიმუში, რომლის შედეგები დღეს საღამოს იქნება ცნობილი.

„როგორც ვიცით, ქობულეთის კლასტერიდან გუშინ დაემატა 5 დადასტურებული შემთხვევა, ერთი იყო იმპორტირებული, აქედან გამომდინარე, კლინიკაში უკვე 27 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. მათგან ორის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშულო სიმძიმის,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერიდან ჯამში 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ამასთან, არსებობს 370 კონტაქტირებული პირი, რომელიც მოიცავს როგორც პირველი, ასევე მეორე რიგის კონტაქტებს. ნიჟარაძის თქმით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.

„ამ 370-დან 200 პირი უკვე არის დიაგნოსტირებული და ქობულეთის 25 შემთხვევა ამათგან არის გამოვლენილი ჯამურად.

მასიური თერმოსკრინინგის შედეგად, 3 700 ადამიანიდან გამოვლინდა 17 საყურადღებო შემთხვევა, რომელთაგანაც 3-ის კვლევის ნიმუში უკვე აღებულია, დანარჩენი კვლევის ნიმუშები დღეს იქნება აღებული,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გადაჰყავთ ინფიცირებული ბავშვები თბილისში სამკურნალოდ, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს არის ოჯახის, მშობლების გადაწყვეტილება, „რადგან ცენტრალურ დონეზე უფრო არსებობს პრაქტიკული გამოცდილება ამ შემთხვევების მართვის,“- ამბობს ნინო ნიჟარაძე.  მისივე თქმით, თბილისში გადაყვანილი ბავშვის მდგომარეობა ტრანსპორტირების დროს  მსუბუქი იყო.

3,9 მილიონ ლარს გადაუხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროებს, რომლებიც საკარანტინედაა მოწყობილი

ბათუმში სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, თანხას აჭარის ბიუჯეტიდანაც გადაუხდიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 17 სასტუმროსთან ხელშეკრულება ჯამში 3 903 200 ლარზე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულებების მიხედვით, სასტუმროებში საკარანტინო ზონა დაახლოებით 40 დღის განმავლობაში მოეწყობა [6 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში].

მომსახურება ითვალისწინებს სასტუმროებში მოქალაქეთა განთავსებას, კვებას და შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას.

სასტუმროებს თანხას, ფაქტობრივად, მიწოდებული მომსახურების შესაბამისად გადაუხდიან.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა სასტუმროებთან ხელშეკრულებები დამატებით კიდევ გაფორმდეს.

შენიშვნა: დღეს, 14 აპრილს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს 20 სასტუმროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესათანხმებლად მიმართა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4 066 039 ლარია.

_______________

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში [მათ შორის აჭარაში] მდებარე  88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები საკარანტინო ზონების მოწყობაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც აქვს გაფორმებული, ჯამში 25 975 674 ლარზე.

ბათუმის სასტუმროებიდან იმ მოქალაქეების სახლებში გადაყვანას, რომლებსაც საკარანტინო 14-დღიანი ვადა ამოეწურათ, ბათუმის მერია უზრუნველყოფს. ამ პირთა ტრანსპორტირებისთვის მერიას ხელშეკრულებები 188 500 ლარზე აქვს გაფორმებული კერძო კომპანიასთან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ცალკე ფონდის შექმნას არ გეგმავს და COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებებისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაზოგილი თანხა [წარმომადგენლობითი და სამივლინებო თანხები, როგორც მთავრობის აპარატის, ასევე სამინისტროების], დარჩება ამ საგანგებო ბიუჯეტში.

ამ მიზნით დაგეგმილია გარკვეული პროექტების დაფინანსების შემცირებაც.

საგანგებო ბიუჯეტში აისახება ის ფინანსები, რაც აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ან დაიხარჯება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

14 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 434. 

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

ბათუმში, პუშკინისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ისტორიულ სახლებს ანგრევენ. ბანერზე გამოკრული ნებართვის მიხედვით, აქ  შპს „გმ გრუპი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, 2020 წლის 24 თებერვალს გაუცია. აქ მშენებელი 11 ოჯახის საკუთრების ათვისებას გეგმავს.

უკვე შემოფარგლულ ტერიტორიაზე გამოკრული არ არის ახალი პროექტის რენდერი, „ვერ მოვასწარით“ – გვითხრეს კომპანიაში. მათივე თქმით, აქ 8-სართულიან საცხოვრებელ სახლს ააშენებენ. რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია 718 კვადრატული მეტრია.

კომპანიაში გვითხრეს, ასევე, რომ დემონტაჟის პროცესი კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო გააჩერეს. თუმცა მისი განახლების ნებართვის თხოვნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს უკვე მიმართეს და პასუხს ელიან.

ბათუმი, პუშკინისა და ასათიანის ქუჩების კვეთა

ისტორიული სახლები დაანგრიეს ფარნავაზ მეფის 98-102-ში. აქ მრავალბინიანი სახლის მშენებლობა შპს „თბილისიმოლი ელიტს“ უკვე დაწყებული აქვს. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 24 დეკემბრით თარიღდება. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, აქ სამშენებლო ტერიტორიაზე მუშები დაგვხვდნენ. კითხვაზე, გაქვთ თუ არა მშენებლობის ნებართვა? – მათ გვიპასუხეს: „ალბათ, გვაქვს“. შემდეგ გვითხრეს, რომ უფროსები ადგილზე არ არიან, ამიტომაც სხვა კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემენ.

 

ამ ადგილს მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან მეორე სკოლის შენობა ესაზღვრება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

მეზობლად მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, კარანტინის პერიოდში, დაანგრიეს რამდენიმე სახლი ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე. ადგილზე განთავსებული არ არის საინფორმაციო დაფა, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ აქ 14-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნებართვაა გაცემული. მშენებლობას შპს „სმარტ ჰაუსი“ გეგმავს.

დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა – სულ 296

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკური მონაცემები განახლდა.

14 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 296 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 24-ით გაიზარდა.

ინფიცირებული 296 პირიდან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4834 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 434. 

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსული დაავადებით, COVID-19-ით, რომელიც SARS-CoV-2-ის მიერაა გამოწვეული, მსოფლიოს მასშტაბით დაავადების 2 მილიონ შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 119 483 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 448 665.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/443017/

 

“ივანიშვილს შეუძლია მოთოკოს ილია მეორე” – დავით ბერძენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც მისი უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების გამო შეუძლია მოთოკოს ილია მეორე და მოთოკავს კიდეც. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მივიღეთ, მიაღებინა მის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპატრიარქოს შემოტევაც გააჩერა. მას ახლაც შეუძლია იგივე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ეს კრიტიკული ვითარება აწყობს,“ –  განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ის, რომ ხელისუფლება უსუსურია, ფაქტია და ნათლად ჩანს. თუმცა პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე საპატრიარქოსაც ეკისრება.

„მაინცადამაინც სასულიერო პირები უნდა დაიხოცონ, რომ მიხვდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, საეროც და საეკლესიოც, მორწმუნეც, არამორწმუნეც, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, რომ ვითარება არის ძალიან მძიმე? მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე.  კაცობრიობის უდიდესი, მთავარი მონაპოვარი, მთავარი ღირებულება არის ადამიანი.

ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა, ეს არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფალთა, საზოგადოების და სხვადასხვა კონფესიის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ყველა მართლმადიდებლის გადაწყვეტილება, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქის, რომელიც მარტო სტატუსით კი არ არის უფრო მაღლა, ვიდრე საქართველოს პატრიარქი. არამედ მისი თეოლოგიური ცოდნით, მისი პრინციპულობით, უკრაინის ეკლესიასთან დამოკიდებულებით.

საქართველოში 30 წელია შეზრდილია ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთში. სულ ერთია რომელი ხელისუფლებაა, შევარდნაძისაა, სააკაშვილისაა თუ ივანიშვილის. ეკლესია ცდილობს, რომ იყოს მომავალ ხელისუფლებასთანაც შეზრდილი. პარტნიორულ-კონკურენციულ რეჟიმში, რომ როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქნება, იქ ხელისუფლებას მისი ძალა აჩვენოს. ვის ხარჯზე? ცოცხალი ადამიანების ხარჯზე. სახიფათო არის ეს ქმედება.

პოსტსაბჭოთა საქართველოს ორი მმართველი ჰყავს, ორი ინსტიტუცია მართავს – ხელისუფლება და საპატრიარქო.

ხელისუფლება რომ არის სუსტი, უსუსური, ეს ფაქტია. ეს ცუდია და სამარცხვინოც კი არის. საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთი ენის მოჩლექით საუბარი. ხელისუფლება რომ სუსტია, ეს სულაც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ილია მეორეს და საპატრიარქოს. პირიქით, ხელისუფლება მსხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში.

ჩვენ გვეუბნებიან, მაგრები ვართ, კარგი ექიმები გვყავს. ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ პიკამდე არ მივსულვართ. ჩვენ მივიღებთ საპატრიარქოს კლასტერებს, ამას ველოდებით?

პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, მაგრამ ასევე პასუხისმგებელია ამ პრობლემის შემქმნელი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიარქი, საქართველოს საპატრიარქო.

ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს, ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს, რომელიც საერთოდ აორთქლდა და სამარცხვინოა ეს. ერთადერთი ხელისუფალია მთელს მსოფლიოში, რომელიც დამალულია და ხალხს არ ეჩვენება. გახარიას ივანიშვილისგან ცალკე წნეხი აქვს, ილია მეორესგან ცალკე წნეხი აქვს და არის ძალიან მძიმე დღეში. უსუსურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და  მთავრობაში ერთი კაცი არ აღმოჩნდა, საჯაროდ რომ ამოიღოს ხმა,“- თქვა დავით ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

დავით ბერძენიშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთონ.

გადაიდო თუ არა გეგმიურ ოპერაციებთან ერთად აბორტები – განმარტება

ქვეყანაში COVID19-ის პრევენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების გამო გეგმიური ოპერაციები 4 თვით გადაიდო. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  24 მარტს გააკეთა.

ტიკარაძემ განმარტა, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გეგმიურ ოპერაციებს და  არ შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს. თუმცა საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, შედის თუ არა, მაგალითად, აბორტი გეგმიური ოპერაციების ჩამონათვალში.

ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე განმარტავს, რომ აბორტი არ მიიჩნევა გეგმიურ ოპერაციად და შესაბამისად,  COVID19-ის პრევენციის გამო გადადებული გეგმიური პროცედურების ჩამონათვალში არ შედის.

ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ აბორტის თავიდან ასაცილებლად გარდა კალენდარული მეთოდისა, არსებობს სხვადასხვა სახის კონტრაცეპციის მეთოდი, მათ შორის, ბარიერული, მექანიკური, ორალური (აბი)…, ასევე, პოსტკოიტალური ანუ ჩასახვის შემდგომ 72 საათის განმავლობაში მისაღები პრეპარატი.

აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას.
12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად, კომისიური წესით.

აბორტის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პაციენტის გზამკვლევი იხილეთ აქ, კონტრაცეპციის მეთოდებზე – აქ.

 

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 13 აპრილს, საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 11 მაისამდე გადაავადა და ქვეყნის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ვირუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელია ბოლომდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც არ გვქონდა საკმარისი აღჭურვილობა  – ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები… არ გვქონდა იმდენი ნიღაბი, რამდენიც გვინდოდა, რომ დაგვერიგებინა მედპერსონალისთვის. პრობლემები იდენტიფიცირებულია და ხელისუფლება, ადგილობრივი ორგანიზაციები, მობილიზებულია, რომ ვაწარმოოთ საჭირო პროდუქცია. ვაცნობიერებ, რომ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოვჩნდით. ჩვენმა საწარმოებმა და დასაქმებულებმა მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედეს და მომავალი სამი კვირის განმავლობაში პირბადეების წარმოებას 5 ჯერ გავზრდით, გვექნება რეანიმაციებისთვის საჭირო 10 000 ახალი რესპირატორი.

ბევრი რამ ველზე ვისწავლეთ ვირუსთან ბრძოლის პროცესში. ბევრი გადაწყვეტილებაც ამ პირობებში მივიღეთ. ჩვენ ეს ყველაფერი გვემახსოვრება, როგორც უდიდესი ძალა მომავლისთვის.

ბევრი კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, მესაუბრა თქვენთან იმაზე, თუ რა გველის შემდეგ კვირებსა და თვეებში. სამედიცინო სისტემა დიდი წნეხის ქვეშაა და ეპიდემია ჯერ ისევ არ იხევს უკან. შესაბამისად, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და უნდა დავიცვათ წესები. ამ წესების დაცვა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდება საფრანგეთში. ამის მიზანი ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების შეჩერებაა. იზოლაციის გაგრძელებით ჩვენ დავეხმარებით რეანიმაციებს, რომ გაუთავისუფლდეთ საწოლები. დავეხმარებით მედპერსონალს აღიდგინონ ძალები. ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ახლა სჭირდებათ, შეძლონ მივიდნენ ექიმებამდე და იმკურნალონ, რადგან მკვლელი მხოლოდ ვირუსი არ არის მათთვის. სახელმწიფოსა და კომპანიების მხრიდან გაგრძელდება შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემა, მათთვის, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა,“ – ამბობს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 11 მაისის შემდეგ ქვეყანაში ეტაპობრივად გაიხსნება სკოლები, კოლეჯები და ბაღები, მაგრამ არა უმაღლესი სასწავლებლები. უნივერსიტეტების გახსნა, მისი თქმით, ზაფხულამდე არ იგეგმება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები კვლავ დაკეტილი იქნება. ბარები, რესტორნები, სასტუმროები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები და მუზეუმები. არ გაიმართება არც დაგეგმილი ფესტივალები მინიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდე.

11 მაისიდან სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს გაუკეთებენ საფრანგეთში ტესტირებას და ხელმისაწვდომი იქნება პირბადეები საფრანგეთის ყველა მოქალაქისთვის. მომდევნო კვირაში კი ყოველდღიურად გაიზრდება ეტაპობრივად ტესტების რაოდენობა ქვეყანაში.

პრეზიდენტის თქმით, დახმარება გაეწევათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ამოქმედდება კონკრეტული გეგმები ტურიზმის, სასტუმროს, კვების მრეწველობასა და კულტურის სფეროში დასაქმებულებისთვის, ვისაც არსებულმა მდგომარეობამ ზარალი მიაყენა. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებიან ბავშვიანი, შეჭირვებული ოჯახები – მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ხელისუფლება კონკრეტული გეგმის შემუშავების პროცესშია.

საფრანგეთში ჯამში ახალი კორონავირუსის 98 076 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 14 967 ადამიანი, მათ შორის 574 ბოლო 24 საათის განმავლობაში.

თურქეთის 31 ქალაქში 2 დღით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ – მათ შორის, სტამბოლში

17 აპრილის 24 საათიდან 19 აპრილის 24 საათამდე თურქეთის 31 ქალაქში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

დაჯარიმდება პირი, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილება.

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვებთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები, უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობებს შემდეგ ქალაქებში:

[checklist]

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  • იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

[/checklist]

13 აპრილის მდგომარეობით, თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით 61 049 ადამიანია ინფიცირებული. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 456 ტესტი ჩატარდა. აქედან 4 093 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თურქეთში კორონავირუსისგან 3957 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაცვლილია  1296 ადამიანი.

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA

თერმოსკრინინგი 3700 პირს ჩაუტარდა, საეჭვოა 17 შემთხვევა – ქობულეთის კლასტერი

„ბოლო ორ დღეში ქობულეთში თერმოსკრინინგი 3700-მდე ადამიანს ჩაუტარდა. გამოვლინდა  17 საეჭვო შემთხვევა. 10 პირისგან აიღეს ნიმუში და ხვალისთვის გვეცოდინება მათი პასუხი,“ – განაცხადა დღეს, 13 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

13 აპრილის საღამოს 21:00 საათის მონაცემებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 25 პირს უკვე დაუდგინდა კორონავირუსი. ინფიცირებულთაგან ორი ბავშვია – ერთი რვა თვის და ერთიც ათ წლამდე.

„ამ 25 პირის ირგვლივ მოძიებულია ყველა პირველი და მეორე რიგის კონტაქტები, რომელთა რაოდენობამ ჯამში მიაღწია 355-ს. ყველა კონტაქტირებულ პირზე დამყარებულია მკაცრი თვითიზოლაციისა და ზედამხედველობის რეჟიმი. ამ 355-დან დაახლოებით 180 პირს ჩატარებული აქვს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, საიდანაც ეს რაოდენობა [ინფიცირების დადასტურებული 25 შემთხვევა] უკვე არის დაფიქსირებული. დარჩენილი შემთხვევები ყველა პროტოკოლის დაცვით მომდევნო დღეებში გაიტესტება და მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პასუხიც გვეცოდინება,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მინისტრის  მოადგილის თქმით, კარანტინის რეჟიმში მოქცეულ სოფლებში აქტიური თერმოსკრინინგი მიდის. გარდა თერმოსკრინინგისა, აგროვებენ ყველა მოქალაქის შესახებ ინფორმაციას. ბოლო ორი კვირის მანძილზე ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის რესპირაციული ჩივილები. მოქალაქეები, რომელთაც საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდებათ, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადავლენ. ყველა მათგანს ჩაუტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

12 აპრილის შემდეგ ქობულეთის 7 სოფელი სრულ კარანტინშია მოქცეული. ჩაკეტილია სოფლები: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. შვიდივე სოფელში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

13 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 272 პირია ინფიცირებული.

____

ამავე თემაზე:

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

Exit mobile version