მთავარი,სიახლეები

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

12.04.2020 • 3146
„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს სოფლის მაღაზიაში?“ „ვინც ამ სოფლის მცხოვრებია, როგორ დაბრუნდება, როცა სხვა ბლოკ-პოსტებიც უნდა გამოიაროს?“ „ფული რომ განაღდებული არ გვაქვს და მაღაზიაში ბარათით ვერაფერს ვიყიდით, რა უნდა ვქნათ?“ –  კითხულობენ სოფელ ლეღვას მცხოვრებლები. ლეღვა ქობულეთში ერთ-ერთი სოფელია, სადაც დღეს, 12 აპრილს, საკარანტინე ზონა გამოცხადდა. ლეღვაში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს.

„…ბლოკ-პოსტი უკვე მოაწყეს, იქ 20-30 სამხედრო და პოლიციელია ერთად. ვიყავი ჩასული. მანქანები, რაც გამოჩნდნენ, ყველა უკან დააბრუნეს, ხალხი შეშინებულია, არავინ აღარ ჩნდება გარეთ…“ – გვიყვება ქობულეთის სოფელ ლეღვაში მცხოვრები ნიგო ცეზარიშვილი. მისი თქმით, სოფელში უკვე ექიმებიც გამოჩნდნენ და ისინი თერმოსკრინინგს ატარებენ. ნიგოს უთხრეს, რომ ექიმები ყველა ოჯახში მივლენ.

ნიგო ცეზარიშვილი რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კარანტინის ზონად გამოცხადებამ მოიტანა.

„მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ლეღვაში ცხოვრობენ, შეუძლიათ სოფელში დაბრუნება, მაგრამ როგორ? აქ მოსვლამდე გვარას და მუხაესტატებს ბლოკ-პოსტები უნდა გამოიარო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოგეხსენებათ, არ მოძრაობს. ტაქსით თუ წამოვა, როგორ მოვა ბლოკ-პოსტამდე?“ – კითხულობს ნიგო ცეზარიშვილი.

მეორე პრობლემა, რაც დღეს სოფელ ლეღვას ცენტრში მდებარე მაღაზიებს დაეტყო, საკვები პროდუქტია. ადამიანები შიშობენ, რომ საკვები შესაძლოა აღარ შევიდეს და მაღაზიებთან რიგი გაჩნდა.

„აქ სულ ორი მაღაზიაა და კიდევ ერთი ჯიხური…“ – გვიყვება ლეღვას ერთ-ერთი მარკეტის მოვაჭრე, ნაირა ზოიძე,“ – „დღეს მეკითხებოდნენ, ხვალ პური იქნება? საკვებზე კითხულობენ. მე ვერაფერს ვპასუხობ. არ ვიცი, იქნება თუ არა. არ ვიცი, დისტრიბუტორს შემოუშვებენ თუ არა ჩემს მაღაზიამდე… მე აქ დაახლოებით 4-5 დღის საკმარისი პროდუქტი მაქვს, ყველაფერი დახლებზეა და მაცივარში, საწყობში არაფერს ვინახავთ… ყოველდღე დაახლოებით 1500 ლარის პროდუქტს ვიტოვებ დისტრიბუტორისგან“, – გვითხრა მან.

„პრობლემა არის ისიც, რომ ვერც ერთ მაღაზიაში ბარათით ვერ გადაიხდი, სოფელში არც ბანკომატია, რომ ფული გაანაღდო და არც ფეიბოქსი, რომ სესხი დაფარო,“ – დასძენს ნიგო ცეზარიშვილი.

ლეღველები საუბრობენ იმაზეც, რომ სოფლის მაღაზიებში ყველაფერი არ იყიდება, რაც მათ სჭირდებათ, მაგალითად, ქატო საქონლისთვის, რომელსაც აქამდე ოზურგეთში ყიდულობდნენ.

მისვლა-მოსვლა ისედაც აღარ იყო და ახლა სულ აღარა, ყველა სახლში ვართ,“ – ამბობს ლეღვაში მცხოვრები სერგო ართმელაძე. ის მიიჩნევს, რომ კარანტინის გამოცხადება დროული და საჭირო იყო. სერგო ექიმების სტუმრობას ელის – ამ სოფლის ექიმი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადაშიც მუშაობდა  და ახლა მასაც ამოწმებენ კორონავირუსზე.

„… მაგას გარდა, ჩვენს სოფელში 81 წლის ქალს დაუდგინეს დაავადება – ეს და გვარაში მცხოვრები ქალი ერთ პალატაში იყვნენო, ასე ვიცი მე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სერგო ართმელაძემ.

მიეწოდება თუ არა სოფლებს, სადაც კარანტინი გამოცხადდა, საკვები და შესაძლებელია თუ არა სურსათის მაღაზიების საკვები პროდუქტებით მომარაგება? – ამ კითხვით მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ საკითხი ადგილობრივმა მერიამ უნდა მოაგვაროს და საკვების შეტანა მაღაზიამდე არ უნდა იყოს პრობლემა.

რა ფორმით მოხდება საკვები პროდუქტების მიწოდება კონკრეტულ სოფლებამდე, სადაც მიმოსვლა შეზღუდულია – ქობულეთის მერიიდან ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე დღეს გამოცემული დადგენილების მიხედვით ამბობს, რომ საკვებით მომარაგებაზე სახელმწიფო ორგანოები არიან პასუხისმგებელი.

„მსგავსი პრობლემების შექმნის შემთხვევაში, რეაგირება უნდა მოახდინონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. ამ ორგანოებს მიეცათ შესაძლებლობა, დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც საკარანტინე ზონად გამოცხადებულ სოფლებში დაბრუნება სურთ – იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ „ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ პირს მიეცემა ერთჯერადი საშვი, რომლითაც შეძლებს შესვლას და საცხოვრებელ სოფლამდე მისვლას“.

იურისტის თქმით, თუკი ადამიანს საკუთარი ავტომანქანა არ აქვს, ტაქსით გადაადგილებისთვის საშვი მას შსს-ს წარმომადგენლებმა უნდა მისცენ ბლოკ-პოსტზე.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყონ ასეთი მგზავრის გადაყვანა,“ – დასძინა იურისტმა „ბათუმელებთან“.

საკვები პროდუქტის მაღაზია სოფელ ლეღვაში, ნიგო ცეზარიშვილის ფოტო, 12 აპრილი, 2020 წელი.

 

სოფელი ლეღვა, 12 აპრილი, 2020 წელი, ნიგო ცეზარიშვილის ფოტო


მთავარი ფოტო: ბლოკ-პოსტი სოფელ ლეღვასთან, ქობულეთი. ნიგო ცეზარიშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: