მთავარი,სიახლეები

პარიზის კატაკომბები – ეპიდემიით გარდაცვლილთა ძვლების ლაბირინთი

14.04.2020 • 4156
პარიზის კატაკომბები – ეპიდემიით გარდაცვლილთა ძვლების ლაბირინთი

პარიზის მიწისქვეშა კატაკომბები 20 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული – საკანალიზაციო ქსელსა და მეტროზე კიდევ უფრო ღრმად მიწაში. კატაკომბების ლაბირინთი შემზარავი, საშიში, მაგრამ ამავე დროს იდუმალი სანახაობაა – აქ XI საუკუნის შემდეგ გარდაცვლილი, 6 მილიონზე მეტი პარიზელის ძვლებია შენახული. თუმცა გარდაცვლილთა თავიდანვე ასე დაკრძალვა არავის განუზრახავს.

კატაკომბების შექმნა XVIII საუკუნის შუა წლების პარიზში დატრიალებულმა ამბავმა განაპირობა. ქალაქს ამ წლებში ცუდი დღეები ედგა. მცხოვრებლებს აღარ დაედგომებოდათ, განსაკუთრებით მათ, ვინც სასაფლაოების სიახლოვეს ცხოვრობდა. აუტანელი სუნი სწორედ სასაფლაოებიდან მოდიოდა, რაც ინფექციების გავრცელების წყაროდ იქცა. მჟავდებოდა რძე და ძმარდებოდა ღვინო.

საქმე ის იყო, რომ ამ დროისთვის ქალაქის სასაფლაოები წარმოუდგენლად იყო გადატვირთული. XVIII საუკუნის შუა წლებში პარიზის ყველაზე დიდ ,,წმინდა უცოდველთა სასაფლაოზე“ 2 მილიონზე მეტი საფლავი იყო. ერთ საფლავში სხვადასხვა სიღრმეზე სხვადასხვა პერიოდის 8, 10 ნეშტი იყო ერთმანეთზე დაკრძალული.

წმინდა უცოდველთა სასაფლაო პარიზში 1750 წელს/წყარო: catacombes.paris.fr

1418 წელს „შავი სიკვდილს“, იგივე ,,ბუბონების ჭირის“ ეპიდემიისგან 50 000 ადამიანი გარდაიცვალა – მათ ერთდროულად კრძალავდნენ სასაფლაოზე, ამას დაემატა 1572 წელს ბართლომეს ღამის ათასობით მსხვერპლიც.

ქალაქში დატრიალებულ სიმყრალეს ვერაფერს უხერხებდნენ და გადაწყვიტეს სასაფლაოები დაეკეტათ, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სამღვდელოება. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1763 წელს პარიზის პარლამენტმა ქალაქის ციხესიმაგრის შემოგარენში მიცვალებულთა დაკრძალვა აკრძალა. გადაწყდა გაეთავისუფლებინათ ქალაქის სასაფლაოები საუკუნოვანი ნეშტებისგან და ძვლები XV საუკუნის  შემდეგ მიტოვებულ მიწისქვეშა კარიერებში გადაეტანათ.

ლუდოვიკო XVI-მ 1777 წელს პარიზის კარიერების გენერალური ინსპექციაც კი შექმნა და ინსპექტორად შარლ აქსელ გიომო დანიშნა. მას დაევალა ქალაქის სასაფლაოების დაცლისა და ნეშტების კარიერში გადატანის პროცესზე გაეწია ზედამხედველობა.

15 თვის განმავლობაში უწყვეტად ეზიდებოდნენ ბადრაგები ძვლებს, ძირითადად ღამით. დეზინფექციას უკეთებდნენ და მიწისქვეშა კარიერში ალაგებდნენ.

პირველად 1785-1787 წლებში ქალაქის ყველაზე დიდი, ,,წმინდა უცოდველთა“ სასაფლაო დაცალეს.

საფლავების გათავისუფლება და ძვლების კარიერებში ჩატანის პროცესი გაგრძელდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგაც 1814 წლამდე. გაათავისუფლეს სენტ-ესტაშის, სენტ-ნიკოლა-დე-შამპის და ბერნარდინების მონასტრის დიდი სასაფლაოები, პროცესი განახლდა ლუი ფილიპეს დროსაც, 1840 წელს და 1859-დან 1860 წლამდე.

შედეგად პარიზში 17 დიდი სასაფლაო და 300 საკულტო ადგილი გათავისუფლდა.

1786 წლიდან ძვლების მიწისქვეშა ლაბირინთს კატაკომბები დაერქვა, რომის კატაკომბების ანალოგიით.

კატაკომბები 1861 წელს, ფელიქს ნადარის ფოტო/წყარო: catacombes.paris.fr

XIX საუკუნის დასაწყისამდე კატაკომბებში ჩასვლა მხოლოდ დიდებულებს შეეძლოთ, ცნობილია, რომ ნაპოლეონი სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ათვალიერებინებდა კატაკომბებს ხშირად.

დიდებულები პარიზის კატაკომბებში/წყარო: catacombes.paris.fr

დღეს ეს ადგილი ყველასთვის ღიაა და წელიწადში 550 000 ვიზიტორი ჰყავს.

სანამ მიწისქვეშა საძვალეს ფართო საზოგადოებისთვის გახსნიდნენ, როგორც სანახაობას 1809 წელს, მის დეკორატიულ-კომპოზიციურ მხარეზე ზრუნვა ინსპექტორ ერიკ დე ტიურის მიაბარეს, მან თავიდანვე ისე წარმოიდგინა კატაკომბები, როგორც დღემდეა შემორჩენილი – ლაბირინთებში ჩალაგებული ძვლების მონუმენტური მოზაიკა.

საძვალეს მიწისქვეშ 11 000 კვადრატული მეტრი უკავია და ყველაზე დიდი კატაკომბია მსოფლიოში, დამთვალიერებლებისთვის ღიაა 1, 7 კილომეტრიანი ლაბირინთი, რაც კატაკომბების მხოლოდ 0,5%-ია.

ცნობილი ფრანგებისგან აქ დაკრძალულნი არიან: მაქსიმილიან რობესპიერი, ანტუან ლორან ლავუაზიე, შარლ პერო, ბლეზ პასკალი, ფრანსუა რაბლე და სხვები.

კატაკომბები/წყარო:catacombes.paris.fr

გადაბეჭდვის წესი


ასევე: