მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ცხრა მთას იქით, ამერიკაში

14.04.2020
ცხრა მთას იქით, ამერიკაში

ავტორი: ტატო ცეცხლაძე, ფილადელფია, აშშ

ბავშვობაში როცა ცუდ ამბავს გავიგებდი, მე, როგორც ჩემი ახლობლები, ვამბობდით – “ცხრა მთას იქით”. ეს ნიშნავდა, ჩვენგან შორს, იქ, სადღაც შორს. სწორედ ასე, ცხრა მთას იქეთ გაჩნდა კორონავურუსი. ჯერ კიდევ 15 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე და, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ბოლო სამუშაო დღეს, სამსახურში ვსვამდით. მხიარული და პოზიტიური გარემო იყო. მაშინ მომაკვდინებელ ვირუსს ჯერ კიდევ კორონა ერქვა (მერე გახდა კოვიდ 19).

16 მარტს, მანამ, სანამ ამერიკაში საერთო კარანტინი გამოცხადდებოდა, ქალაქმა ფილადელფიამ თავისი ავტონომიის ფარგლებში გამოაცხადა, რომ დახურა კვებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი. 16 მარტს, ბახუსზე გავიგე, რომ გაურკვეველი ვადით უმუშევარი დავრჩი. ბინის, კომუნალურების, საკრედიტო ბარათების და ა.შ. გადასახადებზე იმ წუთას არ მიფიქრია. იმდენად მწყუროდა დასვენება, რომ მეგონა ის 2-3 კვირა მშვენიერი საშუალება იყო ფიზიკურ-მორალურად დამესვენა და ამერიკა უკეთ გამეცნო.

რამდენიმე დღეში ტრანსპორტი შეიზღუდა, აბსოლუტურად ყველაფერი დაიხურა სასურსათო მაღაზიების, გადაუდებელი აუცილებლობის მარკეტების (ჩემდა გასაკვირად ზოომაღაზიები გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება), ბენზინგასამართი სადგურების და აფთიაქების გარდა. ვერც ამერიკას გაიცნობ, რადგან ვერსად წახვალ, ვერც გაისეირნებ და ვერც ვერავის შეხვდები. ასე აღმოვჩნდი ჩაკეტილ ბინაში. მერე ჩემი კლასტერი (საქართველოში ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ) შევქმენი.

სოფო და გიორგი ქუთაისიდან არიან და ჩემს გვერდით კორპუსში ცხოვრობენ. მე მათთან გადავდიოდი, ისინი ჩემთან და სხვა პირებთან მხოლოდ ონლაინ კონტაქტი გვქონდა. მაღაზიებშიც სურსათის საყიდლად ერთად დავდიოდით. საბითუმო მაღაზიებში ამერიკელს მარტივად გამოარჩევ სხვისგან. ის ყოველთვის იცავს 6-ფიტიან დისტანციას, გელოდება, როდის შეარჩევ პროდუქციას და შენს მერე მოუახლოვდება დახლს, თუნდაც გასწრება უნდოდეს ან ეჩქარებოდეს, ცდილობს ძალიან არ მოგიახლოვდეს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხი კი, თითქოს უკვდავები, პირში ჩაგიძვრებიან, ვითომ მეორე დღეს სამსახურში გარბოდნენ, თავზე გადაგახტებიან და…. განსაკუთრებით რუსები და უკრაინელები. ეს „კლასტერი“ რისკზონაშია.

მოკლედ, ჩვენ ვყიდულობდით პროდუქტს და ერთად ვამზადებდით, ან ცალ-ცალკე და მერე ერთმანეთთან გადაგვქონდა. ასე დაიწყო ქართული კლასტერული ჭამა-სმა, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა. ხშირად ვსვამდით სამშობლოს სადღეგრძელოს და ვნატრობდით – ნეტა ამ დროს ოჯახთან, ახლობლებთან გვამყოფა და რა კორონა ან რის კორონაო.

ვოცნებობთ, მაგრამ რეალურად უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ჩვენ აქ ოცნებებით, გეგმებით, მიზნებით ჩამოვედით და ასე უცებ ვერ დავტოვებთ ყველაფერს. აქ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და არც ესაა სამყაროს დასასრული. ოჯახთან გვინდა, მაგრამ ოჯახში ჯიბეგამოფხეკილი და დაჩაჩანაკებული ჩასვლა – არა. არავინ იცის რეალურად რისი გადატანა გვიწევს აქ, მაგრამ სხვებისთვის “ამერიკაშია რა უჭირს ცხოვრება გვაქვს”. განა ის, რომ დიდად გვაღელვებს ასეთების ნათქვამი, არა! მაგრამ ახლა ვერ დავბრუნდებით. ბევრი სამართლებრივი, თუმცა უსამართლო მიზეზების გამო.

დეპრესია უფრო ადრე მოგვკლავს თუ კორონა?

უმუშევრობის რომელიღაცა დღეს სახლში ნივთების განლაგება არ მომეწონა და გადავაადგილე. მეორე დღეს ისევ შევცვალე და ასე მანამ ვათრიე ავეჯი, სანამ არ დავაზიანე.

დღე და ღამე აირია. ღამით საქართველოში ვესაუბრებოდი მეგობარ-ნათესავებს, დღისით მეძინა ან ვჭამდი, წონა +13 ნიშნულით შეიცვალა. შტატის და ქალაქის მიერ შემოღებული შეზღუდვები გახანგრძლივდა. საქართველოსთან ხშირი კავშირის გამო გაიზარდა მონატრების შეგრძნება, რაც მანამ არ იყო, რადგან ისე რობოტულად მუშაობ, რომ გრძნობების დრო არ გრჩება. დაიწყო უძილობა, სუნთქვის უკმარისობა, გულის აჩქარება და ყველა სიმპტომი, რაც ახასიათებს დეპრესიას.

ამერიკა მგონი მსოფლიოში ყველაზე დეპრესიული ქვეყანაა. მათ არ ჰქონიათ 90-იანი წლები და არ იციან, რომ შეიძლება კვირეები და თვეები რესტორანში არ წახვიდე, ან შეიძლება ლამფის შუქზე ისწავლო გაკვეთილი, არ იციან, რომ შეიძლება სახლიდან გახვიდე და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდე. არ იციან, რომ შეიძლება საჭმელი არ გქონდეს და მოხარშულ კარტოფილზე იყო რამდენიმე კვირა.
არ ჰქონიათ და არ იციან. ჩვენ კი შევარდნაძემ გამოგვაწრთო.

ამ ფიქრებში გართულს საქართველოდან გირეკავენ და გეუბნებიან – “ბიჭო, ამერიკაში ხარ, როგორ ვერ უნდა მოიფიქრო ისეთი რამე, ფული რომ გააკეთო? ფუ რა! შენ ამერიკაში უნდა იყო და მე საქართველოში?”
ეს სტანდარტული შეხედულებაა. ყველას ჰგონია (მეც მეგონა აქ ჩამოსვლამდე), რომ თუკი ამერიკაში მოხვდები, იქ შეგიძლია “იმენა აიწყო ცხოვრება” – შენი გამჭრიახობით შეძლო ფულის შოვნა. ჰოლივუდური ფილმების გავლენაა, რაც რეალობასთან მიახლოებულიც არაა. ოღონდ აქ ჩამოსვლამდე ვერავინ ხვდება, რომ 3-მილიონიან ქვეყანაში სხვა ამბავია, მაგრამ 400-მილიონიან ქვეყანაში ისეთ ტვინებთან გიწევს კონკურენცია… აბსოლუტურად სხვა გალაქტიკას ეთამაშები.

რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკას უფრო ის კი არ ემუქრება, რომ კოვიდ 19 დააზარალებს, არამედ მისი შედეგები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამერიკელები მიუჩვევლები არიან ჩაკეტილობას. გარდა ამისა, დიდია სტრესი და მთელი სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ არ გაიზარდოს თვითმკვლელობების რაოდენობა.

რამდენიმეკვირიანი ან თვიანი თვითიზოლაციის შემდეგ არავინ იცის რა შედეგი დადგება.

მედია და კოვიდ 19

ამ ფონზე უყურებ მთავარ არხს, იმედს, რუსთავი 2-ს, პირველს, ფორმულას და… ამ არხებზე ხანდახან რომ ვუყურებ ამერიკის შესახებ ინფორმაციას და ამავდროულად ვუყურებ აქაურ არხებს მგონია, რომ… მოკლედ, როგორც ჟურნალისტს, არ მინდა ვინმეს მიმართ ცუდის თქმა გამომივიდეს.

ქართველი ჟურნალისტები გარბიან ეპიცენტრებში და ცდილობენ სავარაუდო დაავადებულთან ჩაწერონ ინტერვიუ ან მინიმუმ ოჯახის წევრთან. თითქოს უკვდავი და ვირუსისგან ისევე დაცულები არიან, როგორც გერმანული მოდელი გამოხატვის თავისუფლების შესახებ გვეუბნება. ერთი არხი ჩაწერს ექიმთან ინტერვიუს და მეორე ცდილობს აჯობოს, ამიტომ ლამისაა კარანტინის ზონაში შეიჭრას. ამერიკული მედია კი ცდილობს, სახლიდან ჩაერთოს – საძინებლიდან ან სასტუმრო ოთახიდან (ე.წ. ლივინგ რუმიდან). ყველას მოუწოდებს, რომ დარჩეს სახლში და ამის მაგალითს თავად იძლევა.

ქართველი ჟურნალისტები ერთმანეთთან ჩახუტებულები დებენ ფოტოებს – ნიღაბი და ხელთათმანი სიმბოლურად უკეთიათ. ნიღაბი და ხელთათმანი სულაც არ გიცავს ვირუსისგან, უფრო ზუსტად, გიცავს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ 100%-ით დაზღვეული ხარ. ამას როცა ჟურნალისტი ვერ ან არ ხვდება, ვერ მისცემს მაგალითს საზოგადოებას და არც საზოგადოება დაუჯერებს ასეთ ჟურნალისტს, როცა ეტყვის “დარჩი სახლში”.

ფრონტის წინა ხაზზე

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არჩევანი არც ისე დიდია. მე დეპრესიას და სახლში ყოფნას  ფრონტის წინა ხაზზე გასვლა ვარჩიე. განა გმირობის სტატუსი მინდა? არა! ამისი ამბიცია არ მაქვს. პირადი რეალიზების და ცხოვრების რიტმის შეგრძნების გამო სუპერმარკეტში მოლარედ გავედი. ეს არის ტრაგედია უგმიროდ.

გმირობაზე გამახსენდა – საქართველოში რამდენიმე ექიმი გმირად აქციეს. ისინი მართლა დიდებულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამერიკაში ასე არაა. არც გმირია და არც ანტიგმირი. ნუ მხოლოდ პრეზიდენტისთვის არის ანტიგმირი ჩინეთი. აქ არავინ გეტყვის – “მადლობა, მე სახლში ვარ და შენ მუშაობ ჩემთვის” და არც შენ დაამადლი – “დარჩი სახლში, მე ვმუშაობ შენთვის!”.

ამ რთული ვითარებაში როცა მუშაობ, ვერ გრძნობ, როგორ გადის დღეები და კვირეები, ვერ გრძნობ და არც გაქვს დრო შეამოწმო, რამდენი ადამიანი დაიღუპა შენს ქვეყანაში ან რამდენი დაავადდა. როცა ვერ ხედავ ციფრებს, ნაკლებად ფიქრობ დაავადებაზე. ყოველდღიური რუტინა გიქმნის განწყობას, თითქოს ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ რეალურად ძველებურად ვერასოდეს იქნება.

ამ დროს შემოდის მარკეტში რუსი ან უკრაინელი ბებია, იღებს წიწიბურას, თევზის კონსერვს და ისეთ რამეს, თითქოს ბუნკერში გასამაგრებლად ემზადება. გაფაციცებით უყურებს სალაროსთან ტაბლოს და ვაი თუ არ დაემთხვა ფასი მის მოლოდინს. მაშინ იწყება –  ყაჩაღებო, ხალს ყვლეფთ, იქ სხვა ფასი ეწერა, თქვენ სულ უნდა გადაგამოწმოთ, თორემ იტყუებით, მენეჯერს დამიძახეთ და ა.შ. შენ ამ დროს იღიმები… იღიმები, მაგრამ მერე გახსენდება, რომ იღიმები პირბადის შიგნით… განა გწყინს, რომ გეჩხუბება? არა! პირიქით. გაბადრული უღიმი, უღიმი და ეს ნიღაბი, რომელიც მალავს ამ ემოციას, გიშლის ხელსა და ნერვებს ერთდროულად. გინდა მოიხსნა და გადააგდო, მაგრამ… მაგრამ ყველას პირზე ბოქლომივით ადევს ნიღაბი და ხვდები, რომ ძველებურად აღარასოდეს იქნება. როგორც ვიყავით, ისე ვერასდროს ვიქნებით – ერთ დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძებთ. ახალ რეალობაში, მაგრამ არავინ იცის, როგორი იქნება ეს რეალობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: