მთავარი,სიახლეები

რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად

15.04.2020 • 2826
რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად

წყარო: BBC 

__________

კოვიდ-19 არსებითად განსხვავებულად მოქმედებს ქალებსა და კაცებზე და არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ. რატომ აქვს გენდერს ამხელა მნიშვნელობა ვირუსისთვის, რომელიც არადისკრიმინაციულად აინფიცირებს ადამიანებს?

ავტობუსის მძღოლებიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრებით დამთავრებული, სხვადასხვა ცხოვრების მქონე ადამიანები სერიოზულად ავადდებიან კოვიდ-19-ით, ამიტომაც ხაზს უსვამენ, რომ ეს დაავადება დისკრიმინაციული არ არის.

თუმცა ვირუსს მკაფიოდ განსხვავებული გავლენა აქვს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფზე.

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი განსხვავება გენდერში გამოიხატება. კოვიდ-19-ის გავლენა კაცებსა და ქალებზე მხოლოდ დაავადების განსხვავებულობაში არ გამოიხატება – იგი გრძელვადიანად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

  • ავადმყოფობის განსხვავებები

ერთი არსებითი განსხვავება, რაც უკვე გამოვლინდა, არის ქალებსა და კაცებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი.

აშშ-ში, მაგალითად, ქალებზე ორჯერ მეტი კაცი კვდება კოვიდ-19-ისგან. დასავლეთ ევროპაში გარდაცვლილთა 69% ასევე კაცია. მსგავსი მაჩვენებელია ჩინეთსა და სხვა ქვეყნებშიც.

მკვლევართა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ანა პურდი ხელმძღვანელობს, ითვლის გენდერულ სხვაობებს სხვადასხვა ქვეყანაში და ცდილობს მეტი გაარკვიოს, რატომაა ასეთი სხვაობები.

ჯერჯერობით მიზეზი კვლავ უცნობია.

ერთ-ერთი თეორიაა, რომ ქალების იმუნური პასუხი ვირუსისადმი უფრო ძლიერია, როგორც ამას ფილიპ გოულდერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი აცხადებს. „ზოგადად ცხოვრების მანძილზე იმუნური პასუხი ვაქცინებსა და ინფექციებზე ქალებში უფრო აგრესიულია, ვიდრე მამაკაცებში“, – ამბობს იგი.

ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი მხოლოდ ერთი, ეს კი კორონავირუსისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „კერძოდ, ცილა, რომლითაც კორონავირუსი იგრძნობა, X ქრომოსომით არის კოდირებული. შედეგად, ცილა ორმაგი დოზით გამოიყოფა ქალების იმუნურ უჯრედებში, კაცებთან შედარებით და შესაბამისად, იმუნური პასუხი ქალებში გაძლიერებულია,“ – ამბობს გოულდერი.

კიდევ ერთი განსხვავების განმაპირობებელი გარემოებაა გენდერზე დაფუძნებული ცხოვრებისეული არჩევანი.

„სქესებს შორის მნიშვნელოვანი ქცევითი განსხვავებებია, მაგალითად, მოწევა, რომელიც გავლენას ახდენს თანმდევ გულის, ფილტვების დაავადებებსა და კიბოზე“, – აცხადებს გოულდერი. „ამას უდიდესი გავლენა აქვს ისეთი ინფექციების შედეგებზე, როგორიცაა კორონავირუსი“.

„სქესის მაჩვენებლები მწეველთა შორის განსაკუთრებით მკაფიოა რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში, სადაც კაცების 50% ეწევა, ქალების კი – მხოლოდ 5%“.

თუმცა პანდემიის ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულება არაა იმის დასადგენად, განსხვავებები ბიოლოგიური სხვაობის დამსახურებაა თუ ქცევითის – ან ორივეს ერთობლივი მოქმედების.

  • ფინანსური პრობლემები

არსებობს მტკიცებულებები, რომ ქალებსა და კაცებზე ვირუსის განსხვავებული გავლენა სხვა მხრივაც ვლინდება.

მიჩელ ტერტილტი გერმანიაში მანჰეიმის უნივერსიტეტის ეკონომისტია და კოლეგებთან ერთად მუშაობს პანდემიის გავლენის კვლევაზე კაც და ქალ დასაქმებულებზე აშშ-ში. კარანტინმა უკვე გამოიწვია ფართომასშტაბიანი უმუშევრობა და ბევრი ქვეყნის ეკონომიკას ასევე ემუქრება რეცესია.

თუმცა უმუშევრობა თანასწორად არ მოქმედებს, რაც კონკრეტული ეკონომიკურ გარემოებებზეა დამოკიდებული. „ეს ტიპური რეცესიისგან განსხვავებული და უჩვეულოა“, – ამბობს ტერტილტი.

აშშ-ში 1.4 მილიონი ადამიანი დარჩა უმუშევარი მარტის თვეში, ეს 1975 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ქალები უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე კაცები. ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი 0.9%-ით გაიზარდა, კაცების კი – 0.7%-ით.

მიმდინარე კრიზისი უჩვეულოა იმითაც, რომ რეცესიაში, როგორც წესი, კაცებზე უარყოფითი გავლენა მეტია, ვიდრე ქალებზე უმუშევრობის მხრივ. ეს იმის გამოა, რომ მამაკაცები უფრო მეტად მუშაობენ ისეთი ტიპის ინდუსტრიებში, რაც ეკონომიკურ ციკლშია ჩართული – მაგალითად, მშენებლობა და წარმოება. ქალები კი პირიქით, ასეთი ციკლისგან განსხვავებულ, ისეთ სექტორებში უფრო მეტნი არიან, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.

თუმცა ამჯერად ბევრ ფაქტორს აქვს ფართო გავლენა ადამიანების სამსახურზე.

ერთი ასეთი ფაქტორია, თუ რამდენად „კრიტიკული“ ან „არსებითია“ დასაქმებულის როლი. ტერტილტის ჯგუფმა დააჯგუფა დასაქმებულები ჯანდაცვაში, ტრანსპორტირების სექტორში, დაცვის მომსახურებებში (როგორიცაა პოლიცია), სოფლის მეურნეობაში, თევზაობაში, სატყეო მეურნეობაში და შეკეთების მომსახურებებში, როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასაქმებულები“

ამ კლასიფიკაციის მიხედვით, კრიტიკულ სფეროებში დასაქმებულია ქალების 17%, ხოლო მამაკაცების – 24%.

მეორე დიდი ფაქტორია, რამდენად შეუძლიათ ადამიანებს დისტანციურად ტელეკომუნიკაციის საშუალებით მუშაობა. ტერტილტმა და მისმა კოლეგებმა დააჯგუფეს სამუშაოები იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაძლებელია დისტანციურად მათი შესრულება – ბიზნეს ანალიტიკოსი, მაგალითად, შეძლებს დისტანციურად მუშაობას, თუმცა ბარმენი – ვერ.

ტერტილტმა აღმოაჩინა, რომ კაცების მიერ დაკავებული პოზიციები უფრო მეტად სრულდება დისტანციურად, ვიდრე ქალების მიერ. ეს არის 28% – კაცების შემთხვევაში, ხოლო 22% – ქალებისათვის.

„ამ შედეგებით ცოტა გაკვირვებული ვიყავი“ – განაცხადა ტერტილტმა. „ველოდი, რომ მეტი ქალი იქნებოდა ისეთ პოზიციებზე, სადაც დისტანციურად მუშაობა შესაძლებელი იქნებოდა, მაგალითად, საჯარო სამსახურში, საოფისე სამსახურებში და ა.შ. თუმცა, თუ დავუფიქრდებით, ლოგიკურია – ბევრი ქალი მუშაობს რესტორნებში, მოგზაურობის ინდუსტრიაში. გლობალურადაც, რესტორნები და ბარები დაიკეტა, მოგზაურობაც ძალიან შეზღუდულია“.

დიდი ბრიტანეთის ფისკალური კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც მსგავსი სურათი დახატა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, დაბალი ანაზღაურების მქონე, ახალგაზრდა, შრომითი კლასის წარმომადგენელი ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“,-  ამბობს ნატაშა მუდჰარი, The World We Want-ის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისადმი მიმართული ორგანიზაციის აღმასრულებელი და დამფუძნებელი.

გენდერული ანაზღაურების სხვაობა ამ უთანასწორობის შემადგენელია – ქალები მხოლოდ სამსახურებს კი არ კარგავენ უფრო მეტად, ისინი უფრო ნაკლებ ფულსაც გამოიმუშავებენ.

„ყოველ ერთ ფუნტზე, რომელიც კრიზისის დროს მამაკაცს შეუძლია საჭიროებებზე დახარჯოს, ქალს შეუძლია მხოლოდ 0.82 ფუნტის დახარჯვა,“ –  ამბობს მუდჰარი.

აშშ-ში ანაზღაურების სხვაობა მსგავსია, ქალები მამაკაცების ანაზღაურების 85%-ს გამოიმუშავებენ. ავსტრალიაში – 86%-ს, ინდოეთში კი – 75%-ს.

კიდევ უფრო ცუდია სურათი ზოგიერთი რასის ან ეთნიკური წარმომავლობის ქალებისთვის, მაგალითად, აშშ-ში შავკანიანი ქალები თეთრკანიანი ქალების ანაზღაურების მხოლოდ 21%-ს იღებენ.

მარტოხელა მშობლებზე გავლენა კიდევ უფრო მძიმეა. ტერტილტის კვლევის გამოთვლებით 20 მილიონი მარტოხელა მშობელია აშშ-ში, რომელთა სამი მეოთხედი ქალია.

„დაფიქრდით – ისინი ვერ შეძლებენ მუშაობას“ – აცხადებს ტერტილტი, „თუნდაც ექთანი ან ექიმი იყოს მარტოხელა დედა, თუნდაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მუშაობდეს – მას სახლში ბავშვი ჰყავს და სავარაუდოდ, მარტო ვერ დატოვებს“.

თუნდაც მარტოხელა მშობლებს ჰქონდეთ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა სამსახურიდან, პატარა ბავშვის ყოლის შემთხვევაში ისინი ვერ მოახერხებენ მუშაობას, რადგან ბავშვებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. „განსაკუთრებით მარტოხელა დედებისთვის, სხვა გამოსავალი არ არსებობს,“ –  ამბობს ტერტილტი, „ისინი ვერ დაიქირავებენ ძიძას, ან სთხოვენ მეზობელს, ან ბებიას დახმარებას. ისინი დიდწილად კარგავენ სამსახურებს“.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ქვეყნებში, სადაც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ფასიანი შვებულების სქემა მოქმედებს [დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ], ასეთ მშობლებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ეს შვებულება, თუ ისინი მანამდე დატოვებენ სამსახურს, სანამ შვებულების უფლებას მოიპოვებდნენ. მათ ასევე არ მიეცემათ უმუშევრობის მხარდაჭერა, თუ სამსახური თავად დათმეს.

  • უთანასწორობის გამოვლენა

„ყველა ეპიდემიას გენდერული გავლენა აქვს,“ – აცხადებს კლერ უენჰამი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესორი. „პრობლემა ისაა, რომ ამაზე არავინ საუბრობდა და პოლიტიკის შემქმნელებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ“.

უენჰამმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ზიკას და ებოლას აფეთქებების გავლენები ქალებსა და კაცებზე და ახლა იკვლევენ კოვიდ-19-ს.

ერთი თანმდევი მოვლენა, რაც ებოლას ეპიდემიას სიერა ლეონეში ჰქონდა, იყო დედათა გარდაცვალების დრამატული მატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ დედათა ჯანდაცვის მომსახურებები პანდემიის დროს არსებითია და ყველა ქალს „აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი სერვისი მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მის შემდეგ“. თუმცა ეს ყოველთვის არ ხორციელდება.

ქალების ჯანდაცვის სხვა მომსახურებებიც ზარალდება, თუ ხელისუფლებები მათ არსებით მომსახურებებად არ ჩათვლიან. მაგალითად – კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა. ოჯახის დაგეგმვის ორგანიზაცია Marie Stopes-ის გათვლით 9.5 მილიონი ქალი და გოგონა მსოფლიოს მასშტაბით დაკარგავს Marie Stopes-ის კონტრაცეპტივებსა და აბორტის მომსახურებებზე წვდომას 2020 წელს პანდემიის გამო.

ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებიც საგრძნობლად გაიზარდა პანდემიის შედეგად. საფრანგეთში კარანტინის პირველივე კვირაში შემთხვევები ერთი მესამედით გაიზარდა, ავსტრალიაში შემთხვევათა 75%-იანი მატებაა, ლიბანში კი გაორმაგებულია. მართალია, ოჯახში ძალადობა კაცებზეც და ქალებზეც მოქმედებს, თუმცა ქალებზე არაპროპორციულად მაღალია ეს გავლენა. მაგალითად, აშშ-ში ქალები ორჯერ მეტად ხდებიან ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლი და 14-ჯერ მეტად ხდებიან გაუპატიურების მსხვერპლები.

„ვიცით, რომ ოჯახში ძალადობა ძირითადად სახლში ხდება“, – აცხადებს უენჰამი. „როდესაც ადამიანებს სახლში სტრესულ პერიოდში გამოკეტავ, როდესაც მათ არ აქვთ ფული და არ შეუძლიათ სამსახურში წასვლა, მაღალი დონის მეცნიერება არაა საჭირო, რომ მიხვდე, ოჯახში ძალადობის ზრდა რის გამო ხდება“.

სურათი ამ მომენტისთვის უდავოდ არასასიამოვნოა – და ორივე სქესისთვის სხვადასხვა სახით.

მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის, გარდაცვალების რისკი დიდია. ქალებისთვის კი, რომლებიც სავარაუდოდ ამ ვირუსისგან მეტად გამოჯანმრთელდებიან, სხვა ტიპის ნეგატიური გავლენებია, რაც წლების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს.

ამ არასასიამოვნო რეალობაში ტერტილტის კვლევამ ორი ნათელი წერტილი დაგვანახა გენდერულ უთანასწორობაში.

პირველი არის სამუშაოს მოქნილობა.

„მილიონობით ბიზნესი დღითიდღე ცვლის სახლიდან მუშაობის სქემებს და ერგება სიტუაციას,“ – აცხადებს ტერტილტი. აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში მარტში ინტერნეტსაშუალებებით კომუნიკაცია 200%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით. „არის მოსაზრება, რომ ეს ნაწილობრივ ნორმად იქცევა და მომავალში ოჯახისა და კარიერის შეთავსება უფრო მარტივი გახდება. ქალები ბიზესკულტურისა და სამუშაო გარემოს მოქნილობით მეტად იხეირებენ, რადგან ისტორიულად ისინი არიან ძირითადი ბავშვის მომვლელები,“ – ამბობს იგი.

მეორე დადებითი გავლენა პატარაა, თუმცა დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილზე მოქმედებს. ტერტილტის კვლევა დააკვირდა ჰეტეროსექსუალ წყვილებსაც, რომელთა 8-12% კარანტინის გამო გენდერის საპირისპირო როლებში გადავიდა. „წარმოიდგინეთ წყვილი, სადაც ქალი წინა ხაზზე მომუშავე ექიმია, კაცი კი საოფისე სამსახურში მუშაობს, რომელიც დისტანციურად შესრულებადია. ასეთ წყვილში კაცი იქცევა ბავშვის ძირითად მომვლელად. ქალი საავადმყოფოშია, კაცი კი სახლიდან მუშაობს და ბავშვებსაც უვლის.“ იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის მოვლა შემთხვევათა 60%-ში ქალს უწევს, ტერტილტს მიაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები საგრძნობი ცვლილებების მომტანი იქნება.

ასეთ ცვლილებას გრძელვადიანი ეფექტების მოხდენა შეუძლია. გერმანიასა და შვედეთში დანერგილმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ მამათა დეკრეტული შვებულება ზრდის მათ ჩართულობას ბავშვთა აღზრდაში მომდევნო წლებშიც კი.

„შესაბამისად, ვიტყოდი, რომ თუნდაც კარანტინი ერთი ან ორი თვე გაგრძელდეს, შედეგები უფრო გრძელვადიანი იქნება,“-  ამბობს ტერტილტი, „თუ შედეგები დიდხანს გაგრძელდება, გავლენებიც უფრო დიდი იქნება“.

კორონავირუსის მსგავსი ჯანდაცვის კრიზისი ხაზს უსვამს და წინ წამოწევს ყველა ტიპის უთანასწორობას და გენდერი არ არის ერთადერთი.

„ყველაფერი ეს კავშირშია სხვა უთანასწორობებთანაც“ – აცხადებს უენჰამი.

აშშ-ში, მაგალითად, ქალაქებში, სადაც დიდი აფრო-ამერიკული საზოგადოებაა, ეპიდემიის ბევრად მძიმე შედეგებია. თუმცა ეს ხაზს უსვამს ახალ კორონავირუსამდე არსებულს საკითხებსაც. რასასთან დაკავშირებული სტრუქტურული უთანასწორობები მჭიდრო კავშირშია ჯანდაცვის ძირეულ სხვაობებთან. მაგალითად, ჩიკაგოს შავკანიანი მცხოვრებლები ჩვეულებრივ 9 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე მათი თეთრკანიანი მეზობლები.

კოვიდ-19-თან დაკავშირებული მტკიცებულებები ცხადად აჩვენებს, რომ თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები უფრო მეტად კვდებიან ახალი ვირუსისგან. აშშ-ში კი თანმდევი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადება, არაპროპორციულად მეტად ახასიათებს აფრო-ამერიკელებს.

ვირუსი დისკრიმინაციას არ ახდენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილი ერთნაირი რისკის ქვეშაა.

სიტუაცია პირიქითაც კია, – ვირუსი როგორც არასდროს, ისე გვიჩვენებს ჯანდაცვის უთანასწორობებს უფრო მკაფიოდ და ცხადად.

______________________________

ქვეყნდება მცირე შემოკლებით. 

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ„ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: