მთავარი,სიახლეები

“ივანიშვილს შეუძლია მოთოკოს ილია მეორე” – დავით ბერძენიშვილი

14.04.2020 • 2166
“ივანიშვილს შეუძლია მოთოკოს ილია მეორე” – დავით ბერძენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც მისი უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების გამო შეუძლია მოთოკოს ილია მეორე და მოთოკავს კიდეც. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მივიღეთ, მიაღებინა მის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპატრიარქოს შემოტევაც გააჩერა. მას ახლაც შეუძლია იგივე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ეს კრიტიკული ვითარება აწყობს,“ –  განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ის, რომ ხელისუფლება უსუსურია, ფაქტია და ნათლად ჩანს. თუმცა პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე საპატრიარქოსაც ეკისრება.

„მაინცადამაინც სასულიერო პირები უნდა დაიხოცონ, რომ მიხვდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, საეროც და საეკლესიოც, მორწმუნეც, არამორწმუნეც, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, რომ ვითარება არის ძალიან მძიმე? მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე.  კაცობრიობის უდიდესი, მთავარი მონაპოვარი, მთავარი ღირებულება არის ადამიანი.

ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა, ეს არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფალთა, საზოგადოების და სხვადასხვა კონფესიის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ყველა მართლმადიდებლის გადაწყვეტილება, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქის, რომელიც მარტო სტატუსით კი არ არის უფრო მაღლა, ვიდრე საქართველოს პატრიარქი. არამედ მისი თეოლოგიური ცოდნით, მისი პრინციპულობით, უკრაინის ეკლესიასთან დამოკიდებულებით.

საქართველოში 30 წელია შეზრდილია ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთში. სულ ერთია რომელი ხელისუფლებაა, შევარდნაძისაა, სააკაშვილისაა თუ ივანიშვილის. ეკლესია ცდილობს, რომ იყოს მომავალ ხელისუფლებასთანაც შეზრდილი. პარტნიორულ-კონკურენციულ რეჟიმში, რომ როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქნება, იქ ხელისუფლებას მისი ძალა აჩვენოს. ვის ხარჯზე? ცოცხალი ადამიანების ხარჯზე. სახიფათო არის ეს ქმედება.

პოსტსაბჭოთა საქართველოს ორი მმართველი ჰყავს, ორი ინსტიტუცია მართავს – ხელისუფლება და საპატრიარქო.

ხელისუფლება რომ არის სუსტი, უსუსური, ეს ფაქტია. ეს ცუდია და სამარცხვინოც კი არის. საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთი ენის მოჩლექით საუბარი. ხელისუფლება რომ სუსტია, ეს სულაც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ილია მეორეს და საპატრიარქოს. პირიქით, ხელისუფლება მსხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში.

ჩვენ გვეუბნებიან, მაგრები ვართ, კარგი ექიმები გვყავს. ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ პიკამდე არ მივსულვართ. ჩვენ მივიღებთ საპატრიარქოს კლასტერებს, ამას ველოდებით?

პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, მაგრამ ასევე პასუხისმგებელია ამ პრობლემის შემქმნელი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიარქი, საქართველოს საპატრიარქო.

ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს, ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს, რომელიც საერთოდ აორთქლდა და სამარცხვინოა ეს. ერთადერთი ხელისუფალია მთელს მსოფლიოში, რომელიც დამალულია და ხალხს არ ეჩვენება. გახარიას ივანიშვილისგან ცალკე წნეხი აქვს, ილია მეორესგან ცალკე წნეხი აქვს და არის ძალიან მძიმე დღეში. უსუსურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და  მთავრობაში ერთი კაცი არ აღმოჩნდა, საჯაროდ რომ ამოიღოს ხმა,“- თქვა დავით ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

დავით ბერძენიშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: