მთავარი,სიახლეები

არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]

14.04.2020
არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]

„შუახევი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი.

10 აპრილს „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი. კაშხლის კედლის ნაწილი  სველია და რამდენიმე ადგილას წყალი გამოდის. ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომელიც „ბათუმელებმა“ გადაიღო, ჩანს კაშხლის დაზიანებული მონაკვეთი.

52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავის გასწვრივ მდებარეობს. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998 000 მ3-ია, ზედაპირის ფართობი კი 152 500 მ2-ია.

არის თუ არა უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? არის თუ არა წყლის ეს ფილტრაცია დასაშვები მსგავსი ტიპის ბეტონის გრავიტაციული კაშხლების მდგრადობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის?  –  ეს არის ის საკითხი, რომლითაც “ბათუმელები” დაინტერესდა.

დიდაჭარის კაშხალზე დაფიქსირებული დაზიანებების ფოტომასალა კომენტარისათვის „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტს გადავუგზავნეთ.

“ყველა დიდი ბეტონის ნაგებობა კონკრეტული თანმიმდევრობით შენდება და ცალკეული სექციებისგან შედგება, რომელსაც მშენებლობის შესახსრება ეწოდება. ტემპერატურული ცვლილებების გამო, ბეტონის სხვადასხვა ნაწილების გაფართოებისა და შეკუმშვის დროს ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის აღმოფხვრაც ხდება კონკრეტული სამუშაოების ჩატარების შედეგად, (ე.წ. ბეტონის შესხურება) სტანდარტული პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში. შესაბამისი სამუშაო შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალსაცავის შევსების შემდეგ და ჩვენს შემთხვევაში, ვინაიდან შევსებულია წყალსაცავი, ეს სამუშაო ამ ეტაპზე მიმდინარეობს. კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს,” –  მოგვწერეს პასუხად “აჭარისწყალი ჯორჯიას” მენეჯმენტიდან.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/247381873109501/

არის თუ არა მდგრადი დიდაჭარის კაშხალი და უქმნის თუ არა საფრთხეს მოსახლეობას? – ეს იყო  კიდევ ერთი კითხვა, რაც „ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტს გაუგზავნა.

„დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და სტაბილურია და ქართული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დაპროექტებული. კაშხალი 2017 წლის დასაწყისში აშენდა და მას შემდეგ ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ოპერირებს. კაშხალი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“, –  მოგვწერეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.

„შუახევი ჰესის“ ოპერირების დაწყებას პრობლემები მოჰყვა ორ სოფელში – გორხანაულსა და მახალაკიძეებში. რეაბილიტირებული გვირაბების წყლით შევსების შემდეგ მოიმატა გრუნტის წყლების დონეებმა.

კერძოდ, მიწა წყლით იჟღინთება სოფელ გორხანაულში. ეს პრობლემა სოფელში 2017 წლის ზაფხულში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ჰესმა დაიწყო ოპერირება. სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჰესის რეაბილიტაცია მიდიოდა,  მიწიდან წყალი აღარ ამოსულა. ახლა, 2020 წლის აპრილში კი, ისევ ამოდის.

წყალი ამოდის მიწიდან სოფელ მახალაკიძეებშიც. სწორედ ამ სოფელში გადის გვირაბი, რომლითაც მდინარე ჩირუხისწყლიდან წყალი დიდაჭარის წყალსაცავში ხვდება.

შეისწავლეთ თუ არა, რატომ გამოდის წყალი ამ სოფლებში და არის თუ არა უსაფრთხო გარემო იქ მაცხოვრებელთათვის? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“  მენეჯმენტს დაუსვა.

„სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ჩვენ გვირაბების ავსების დროს ვახორციელებთ მონიტორინგს და ვამოწმებთ, ხომ არ ხდება სადმე წყლის გაჟონვა. კომპანიამ უკვე გამოიკვლია გორხანაულის მოთხოვნა და გადაჭრა საკითხი. რაც შეეხება სოფელ მახალაკიძეებში წლის გაჟონვის საკითხს, ამის თაობაზე საჩივარი არ შემოსულა კომპანიაში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ საკითხზე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს,“ –  მოგვწერეს კომპანიიდან პასუხად.

„შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. 2017 წელს ჰესი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნიდან ორ თვეში, აგვისტოში, ჰესზე ავარია მოხდა. 37 კმ-იანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იყო ყველაზე დიდი ავარია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში.

„შუახევი ჰესის“ რეაბილიტაცია ორი წელს გაგრძელდა და მასზე 100 მილიონი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: