მთავარი,სიახლეები

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდა

13.04.2020
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 13 აპრილს, საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 11 მაისამდე გადაავადა და ქვეყნის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ვირუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელია ბოლომდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც არ გვქონდა საკმარისი აღჭურვილობა  – ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები… არ გვქონდა იმდენი ნიღაბი, რამდენიც გვინდოდა, რომ დაგვერიგებინა მედპერსონალისთვის. პრობლემები იდენტიფიცირებულია და ხელისუფლება, ადგილობრივი ორგანიზაციები, მობილიზებულია, რომ ვაწარმოოთ საჭირო პროდუქცია. ვაცნობიერებ, რომ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოვჩნდით. ჩვენმა საწარმოებმა და დასაქმებულებმა მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედეს და მომავალი სამი კვირის განმავლობაში პირბადეების წარმოებას 5 ჯერ გავზრდით, გვექნება რეანიმაციებისთვის საჭირო 10 000 ახალი რესპირატორი.

ბევრი რამ ველზე ვისწავლეთ ვირუსთან ბრძოლის პროცესში. ბევრი გადაწყვეტილებაც ამ პირობებში მივიღეთ. ჩვენ ეს ყველაფერი გვემახსოვრება, როგორც უდიდესი ძალა მომავლისთვის.

ბევრი კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, მესაუბრა თქვენთან იმაზე, თუ რა გველის შემდეგ კვირებსა და თვეებში. სამედიცინო სისტემა დიდი წნეხის ქვეშაა და ეპიდემია ჯერ ისევ არ იხევს უკან. შესაბამისად, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და უნდა დავიცვათ წესები. ამ წესების დაცვა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდება საფრანგეთში. ამის მიზანი ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების შეჩერებაა. იზოლაციის გაგრძელებით ჩვენ დავეხმარებით რეანიმაციებს, რომ გაუთავისუფლდეთ საწოლები. დავეხმარებით მედპერსონალს აღიდგინონ ძალები. ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ახლა სჭირდებათ, შეძლონ მივიდნენ ექიმებამდე და იმკურნალონ, რადგან მკვლელი მხოლოდ ვირუსი არ არის მათთვის. სახელმწიფოსა და კომპანიების მხრიდან გაგრძელდება შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემა, მათთვის, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა,“ – ამბობს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 11 მაისის შემდეგ ქვეყანაში ეტაპობრივად გაიხსნება სკოლები, კოლეჯები და ბაღები, მაგრამ არა უმაღლესი სასწავლებლები. უნივერსიტეტების გახსნა, მისი თქმით, ზაფხულამდე არ იგეგმება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები კვლავ დაკეტილი იქნება. ბარები, რესტორნები, სასტუმროები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები და მუზეუმები. არ გაიმართება არც დაგეგმილი ფესტივალები მინიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდე.

11 მაისიდან სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს გაუკეთებენ საფრანგეთში ტესტირებას და ხელმისაწვდომი იქნება პირბადეები საფრანგეთის ყველა მოქალაქისთვის. მომდევნო კვირაში კი ყოველდღიურად გაიზრდება ეტაპობრივად ტესტების რაოდენობა ქვეყანაში.

პრეზიდენტის თქმით, დახმარება გაეწევათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ამოქმედდება კონკრეტული გეგმები ტურიზმის, სასტუმროს, კვების მრეწველობასა და კულტურის სფეროში დასაქმებულებისთვის, ვისაც არსებულმა მდგომარეობამ ზარალი მიაყენა. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებიან ბავშვიანი, შეჭირვებული ოჯახები – მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ხელისუფლება კონკრეტული გეგმის შემუშავების პროცესშია.

საფრანგეთში ჯამში ახალი კორონავირუსის 98 076 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 14 967 ადამიანი, მათ შორის 574 ბოლო 24 საათის განმავლობაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: