მთავარი,სიახლეები

თერმოსკრინინგი 3700 პირს ჩაუტარდა, საეჭვოა 17 შემთხვევა – ქობულეთის კლასტერი

13.04.2020
თერმოსკრინინგი 3700 პირს ჩაუტარდა, საეჭვოა 17 შემთხვევა – ქობულეთის კლასტერი

„ბოლო ორ დღეში ქობულეთში თერმოსკრინინგი 3700-მდე ადამიანს ჩაუტარდა. გამოვლინდა  17 საეჭვო შემთხვევა. 10 პირისგან აიღეს ნიმუში და ხვალისთვის გვეცოდინება მათი პასუხი,“ – განაცხადა დღეს, 13 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

13 აპრილის საღამოს 21:00 საათის მონაცემებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 25 პირს უკვე დაუდგინდა კორონავირუსი. ინფიცირებულთაგან ორი ბავშვია – ერთი რვა თვის და ერთიც ათ წლამდე.

„ამ 25 პირის ირგვლივ მოძიებულია ყველა პირველი და მეორე რიგის კონტაქტები, რომელთა რაოდენობამ ჯამში მიაღწია 355-ს. ყველა კონტაქტირებულ პირზე დამყარებულია მკაცრი თვითიზოლაციისა და ზედამხედველობის რეჟიმი. ამ 355-დან დაახლოებით 180 პირს ჩატარებული აქვს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, საიდანაც ეს რაოდენობა [ინფიცირების დადასტურებული 25 შემთხვევა] უკვე არის დაფიქსირებული. დარჩენილი შემთხვევები ყველა პროტოკოლის დაცვით მომდევნო დღეებში გაიტესტება და მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პასუხიც გვეცოდინება,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მინისტრის  მოადგილის თქმით, კარანტინის რეჟიმში მოქცეულ სოფლებში აქტიური თერმოსკრინინგი მიდის. გარდა თერმოსკრინინგისა, აგროვებენ ყველა მოქალაქის შესახებ ინფორმაციას. ბოლო ორი კვირის მანძილზე ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის რესპირაციული ჩივილები. მოქალაქეები, რომელთაც საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდებათ, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადავლენ. ყველა მათგანს ჩაუტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

12 აპრილის შემდეგ ქობულეთის 7 სოფელი სრულ კარანტინშია მოქცეული. ჩაკეტილია სოფლები: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. შვიდივე სოფელში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

13 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 272 პირია ინფიცირებული.

____

ამავე თემაზე:

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: