მთავარი,სიახლეები

ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის

14.04.2020
ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის

ნონა სამ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს. სოციალური პრობლემების გარდა, ნონას მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ყოველთვიურად მინიმუმ 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება. ნონას, მეუღლის გარდა, ერთი შვილიც შშმ ჰყავს. ხუთსულიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ნონას [მის ვინაობას არ ვასახელებთ] თქმით, უკვე მეათე დღეა თავის მეუღლეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვეღარ აძლევს. მისი თქმით, რადგან ბინის ქირას მთავრობა უხდის, წამალთან დაკავშირებით „ერიდება მათი შეწუხება“.

„ჩემს მეუღლეს მეოთხე ხარისხის ჟანგბადის უკმარისობა აქვს და მუდმივად აპარატზეა მიერთებული. გარდა ამისა, ყოველთვიურად 500 ლარის მედიკამენტები სჭირდება. ძალიან ძვირიანი წამლებია, თუმცა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამ თვეში 495 ლარის წამალი მაქვს შესაძენი.

მეუღლეს და ერთ შვილს პენსია აქვთ, საკვებს კი მუნიციპალური სასადილოდან ვიღებთ. რადგან წამლებისთვის ფული არ მყოფნიდა, ხუთი წლის თანხა წინასწარ მაქვს გამოტანილი, ამიტომ  როცა პენსია ირიცხება, ნაწილს ბანკი იტოვებს.

დამიგროვდა ვალები, რადგან წამლის გამო სესხს ვიღებდი. ყველაზე მეტად წამლის თანხის შეგროვება მიჭირს. ვთხოვე დახმარებას აჭარის მთავრობას“, – გვეუბნება ნონა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების პროგრამაც ამოწურა.

„წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად პატარა ქოხში ვცხოვრობდით, რომელიც ჩვენ თვითონ ავაგეთ. მიწა სხვისი საკუთრება იყო და მისი დატოვება მოგვიხდა. იქვე ახლოს რკინის ვაგონი ვიქირავეთ 100 ლარად, თუმცა ქირის გადახდა გვიჭირდა, ის ვაგონიც წვიმამ დააზიანა და წყალი ჩამოვიდა. მეუღლეს ისედაც სუნთქვის პრობლემა აქვს და იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო.  ბევრჯერ ვთხოვე ხან მერიას, ხან ვის და ბოლოს ნაქირავებ ბინაში გადმოვედით საცხოვრებლად, ბინის ქირას ბათუმის მერია გვიხდის “.

ნონა ამბობს, რომ სამუშაოს მოძიებას ვერ ახერხებს. „ადრე ჩაიზე სამუშაოდ მივდიოდი თურქეთში, მაგრამ ვირუსები დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა. ვერც თბილისში წავიყვანე მეუღლე, ათი დღე ღუდუშაურში უნდა ემკურნალა. ჟანგბადის აპარატიც გასასწორებელია და ესეც თბილისში უნდა გაკეთდეს. ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული“.

ნონა ამბობს, რომ ოჯახისთვის ყველაზე მძიმე პრობლემად ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა რჩება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: