როგორ იმუშავებენ კლინიკები, რესტორნები, ოფისები ზაფხულში კონდიციონერების გარეშე?

როგორ შეიძლება უმკურნალონ პაციენტებს კლინიკებში, სადაც ზაფხულში არ იქნება კონდენციონერი, ან როგორ იმუშავებენ, მაგალითად, რესტორნები სიგრილის გარეშე? – შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არც მთავრობას აქვს და არც ორგანიზაციებს, რომლებსაც კონდიციონერების გამოყენება შესაძლოა აუკრძალონ. გუშინ, 28 მაისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება პანდემიის დროს საშიშია.

„ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჰაერს შიგნით ატრიალებენ, სამწუხაროდ, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული ყველა მონაცემით არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდენციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, რომელიც გრილდება და თუ მას არ აქვს სისტემები, რომლებსაც გარეთ გააქვს ჰაერი … ასეთი არ არის აბსოლუტური უმრავლესობა იმ კონდიციონერებისა, რომელსაც საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ჰქვია – მათი გამოყენება საშიშია,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს კონდიცირების სხვა სისტემებიც, ისეთი, როგორიც თვითმფრინავებში და ლაბორატორიებშია. იმნაძე ყვება, რომ ასეთ სისტემებს ე.წ. ჰეპაფილტრები აქვს – ფილტრები, რომლებიც ვირუსებს აკავებს. ჩვეულებრივ კონდიციონერებში კი მტვრის დასაჭერი ფილტრებია, რომლებიც ვირუსებს ვერ აჩერებენ.

დაჯარიმდებით თუ არა კონდიციონერის გამოყენების დროს, ან რამდენ ხანს შესაძლოა გაგრძელდეს ეს აკრძალვა? – მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე – 144-ზე გვიპასუხეს, რომ კონკრეტული სამართლებრივი აქტი ჯერ მიღებული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე „გაგვარკვევდენ სხვა დეტალებში“. 15 05-ზე სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი მხოლოდ ის თქვეს, რომ „ჯარიმები ამ კუთხით ჯერ არ არსებობს“.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, კონდიციონერებზე შეზღუდვის, ან აკრძალვის ასამოქმედებლად ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილება უნდა შეიტანოს  ბრძანებაში – „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“.

კონდიციონერების აკრძალვის, ან შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აქვთ. თუმცა უწყების პრესცენტრში განმარტეს, რომ კლინიკებში ცენტრალიზებულია ვენტილაციის სისტემა და მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ შენობაში იყენებენ კონდიციონერებს, რეანიმაციის გარდა, სადაც ასევე საერთო ვენტილაციის სისტემაა.

„ჯერ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. არ ვიცით ზუსტად, რა იქნება მოთხოვნა,“ – გვიპასუხა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ.

„ჩვენს კლინიკაში ცენტრალიზებული კონდიცირების სისტემაა და არა მგონია, შეგვეხოს ეს შეზღუდვა… ცალკე კონდიციონერები გვიდგას მხოლოდ მისაღებში და რამდენიმე ოთახში, სადაც პაციენტები არ არიან. იქ როგორმე გავუძლებთ,“ – გვითხრა კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ლევან ანთაძემ. ამ კლინიკაში მკურნალობდნენ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები.

ვინაიდან ამ დრომდე არ დაზუსტებულა ტექნიკური მონაცემი იმაზე, თუ რა ტიპის კონდენციონერი შესაძლოა იყოს დასაშვები, მოლოდინებზე საუბარი უჭირთ კაფეებსა და რესტორნებში. „თავისთავად ვერ ვიმუშავებთ ზაფხულში, თუკი კონდიციონერი არ გვექნება“, – გვითხრეს აქ. იმ რესტორნებში კი, სადაც ცენტრალიზებული გაგრილების სისტემა აქვთ, სჯერათ, რომ მათ შეზღუდვებს არავინ დაუწესებს.

„ჯერ დეტალები უცნობია, იმედია, 8 ივნისამდე გაირკვევა… ჩვენ გვაქვს ცენტრალიზებული სისტემა, რაც მთლიანობაში 90 ათას დოლარამდე დაგვიჯდა. იმედი მაქვს, ამ სისტემის გამორთვას არ მოგვთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ტერასას გამოყენება შეგვეძლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რესტორან „ბერნის“ მენეჯერმა, როლანდ დევაძემ.

რა დაუჯდება რომელიმე ორგანიზაციის, ან, მაგალითად, რესტორნის მენეჯერს ჰეპაფილტრებიანი კონდიციონერის შეძენა? – ჩვენ სამ მაღაზიაში დავრეკეთ, სადაც კონდიციონერებს ყიდიან, თუმცა არცერთ მათგანში მსგავსი კონდიციონერი არ აქვთ და ვერც ის გვითხრეს, მოვახერხებდით თუ ვერა მსგავსი კონდიციონერის შეძენას სადმე.

ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მინდა, ძალიან გავამკაცრო ამ ნაწილში კონტროლი

უნებართვოდ დაშენება, აშენება ან მიშენება ბათუმში კვლავაც აქტუალურია. არჩევის დღიდან ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ მშენებლებში გააქრობდა განცდას: „მაინც შეგვრჩება“. მისივე განმარტებით, ამის მისაღწევად ჯერ ზედამხედველობის სამსახური დაუქვემდებარა არქიტექტურას, შემდეგ კი, „მეტი კონტროლისთვის“, მუნიციპალური ინსპექცია შექმნა, ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად გაზარდა ადამიანური რესურსები და ბიუჯეტი. თუმცა შედეგი მაინც არ დადგა, ბათუმში ისევ გვხვდება უნებართვო მშენებლობები. რატომ? – ამ თემაზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა 28 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში.

  • ცოტა ხნის წინ მუნიციპალური ინსპექცია შექმენით, თუმცა უნებართვოდ მაინც აშენებენ, რაც მერიის და პირადად თქვენს მიმართ უკმაყოფილებას, მწვავე კრიტიკის იწვევს. როგორია თქვენი პასუხი?

ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც ჩემი მოსვლის დღიდან იდგა ქალაქში და დღის წესრიგში დგას დღესაც. რა თქმა უნდა, ამაზე თვალს ვერავინ ვერ და არც დახუჭავს. ყოველდღიურად მიდის ფიქრი და მუშაობა იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ამ მიმართულებით, ჩვენ გავაკეთეთ მერიაში პასუხისმგებლობების რესტრუქტურიზაცია.

პირველი მცდელობა იყო ის, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური დავუქვემდებარეთ არქიტექტურის სამსახურს, რათა მომხდარიყო უკეთესი კოორდინაცია. გვქონდა მაგალითები იმისა, რომ ადრინდელი კოორდინაცია იწვევდა მნიშვნელოვანი ორი და სამი დღის გაქცევას. მშენებლის კეთილსინდისიერებაზე ბევრია დამოკიდებული, ყველა ცდილობს მოასწროს ფაქტის ჩადენა. ამ შემთხვევაში ყველა დგება დარტყმის ქვეშ, დაწყებული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლიდან, დამთავრებული ხელმძღვანელ პირამდე, ვინაიდან ჩნდება კითხვები. არავინ იცის, ვერავინ ვერ ხედავს რა სამუშაოები მიდის რეალურად, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი და როდესაც არ ჩანს სამუშაოების ნაწილი და უბრალოდ გამოჩნდება დარღვევის ფაქტი, ადამიანები სვამენ კითხვებს. ჩვენ ვპასუხობთ, მაგრამ ეს პასუხები საკმარისი არ არის. ამიტომაც პირველი მცდელობა იყო ის, რომ გაგვეკეთებინა  ეს დაქვემდებარება და შეგვეხედა, რამდენად გამოასწორებდა სიტუაცია.

  • თქვენ ამბობთ, რომ ფაქტები შემცირდა, რომ მკვეთრად ჩანს დარღვევა და არ ჩანს ის, რასაც აკეთებთ, ანუ შედეგი. როგორ უნდა დავინახო, მაგალითად, მე, ეს შედეგი, როცა არ ვიცით, რამდენი დარღვევა გამოავლინეთ, სად, როგორ, რამდენით შემცირდა და ასე შემდეგ.

პირველ რიგში გიყვებით იმას, რა გავაკეთე როგორც მენეჯერმა, რომ ეს ფაქტები შემემცირებინა. გავაკეთე ის, რომ სტრუქტურული ცვლილების შედეგად, უფრო ეფექტური გავხადე კოორდინაცია სამსახურებს შორის, რომელთა პირდაპირ ურთიერთკავშირი განაპირობებს სწორ მონიტორინგს. ამან რაოდენობრივად შედეგი მოგვცა, მაგრამ არ აღმოუფხვრია პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ყოველთვის მიდიოდა ფიქრი ამ სიტუაციის გაუმჯობესებაზე, სწორედ მუნიციპალური ინსპექციის შექმნა იყო პასუხი.

ვფიქრობ, საქალაქო ინსპექციის შექმნა არის სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გავაძლიერეთ თითოეული მიმართულება რაოდენობრივადაც, ქალაქი იგივე ზედამხედველობის ნაწილში იმავე რაოდენობის თანამშრომლებით აგრძელებდა მუშაობას, რა რაოდენობის თანამშრომლებითაც ის მუშაობდა, მაგალითად, 2007 წელში, როდესაც ჩვენ გვაქვს 3-ჯერ უფრო დიდი ქალაქი. ძალიან რთულია ხუთი კაცით აკეთო 15 კაცის საქმე – სად რესურსი არ იყო, სად ტექნიკა არ იყო საკმარისი. დავსხედით, გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ სამსახური, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ელემენტარულად სამუშაო პირობები არა აქვთ. ამ თვის დასაწყისში უკვე შევლენ ახალ სამუშაო გარემოში.

რაც შეეხება იმას, რა ექნებათ განსხვავებული წინა ყოფისგან, როგორც ვთქვი, ექნებათ ადამიანური რესურსი, გაძლიერებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს ჩანასახში ბევრ რაღაცაზე გავაკეთოთ რეაგირება, რაზეც ადრე ვერ ვაკეთებდით.  

კორონას გამო, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გაჩერებული ვიყავით, მაგრამ ახლა ვანახლებთ დაკონტრაქტებას კომპანიებთან, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მოგვამარაგებენ, სანამ საკუთარს ვიყიდით, რომ  დარღვევის ფაქტები ჩანასახშივე აღმოვფხვრათ.

  • ამ პერიოდით ხომ ისარგებლებდნენ ისინი, რომლებიც ელიან სათანადო მომენტს დაშენება-მიშენებისთვის? 

ისარგებლეს და თქვენი საშუალებით გაშუქდა კიდეც. მათ შორის ერთი, მერვე სართულზე დაშენება, დაშლილია და მეორესთან მიმდინარეობს ასევე მუშაობა დაშენების დემონტაჟზე. ვგულისხმობ შპს „ძმების სახლს“ – სამწუხაროდ, ისარგებლეს  და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ ვუკავშირებ იმას, რომ მუნიციპალური ინსპექცია გადართული იყო კორონასთან ბრძოლაზე. საპატრულოს და ინსპექციის დახმარებით ვუმკლავდებოდით იმ გამოწვევებს, რასაც კორონასთან ბრძოლა ითხოვდა ჩვენგან: წარმოიდგინეთ, ათასობით ობიექტის მონიტორინგი, შემოწმება, შეზღუდვები სასაფლაოებთან დაკავშირებით, რაშიც 24-საათიან რეჟიმში იყვნენ ჩართული.

  • თქვენი აზრით, სწორი იყო მშენებლების ასე უკონტროლოდ მიტოვება?

ამ შეკითხვის დასმა ასეთ კონტექსტში მე მიმაჩნია… ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოეხსნათ ვალდებულება ზედამხედველობაზე. უბრალოდ, ჩვენ, დაწყებული რიგითი მოქალაქიდან, დასრულებული რიგითი წევრით, ყველა ორიენტირებული ვიყავით იმაზე, რაც ეხებოდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვას. ის, რომ აჭარა და ბათუმი არის მწვანე ზონა, ამაში სხვასთან ერთად მუნიციპალური ინსპექციის სამსახურსაც აქვს კონტრიბუცია და დავუკარგოთ მას ეს  – არ შეიძლება. ამით მე არ ვამართლებ იმას, რომ რაღაც უკანონო მშენებლობა გამოგვეპარა. მე  არ ვამბობ იმას, რომ ეს ფაქტი მეორესთან პირდაპირ კავშირშია, ამითი არ ხდება იმის გაკეთება, რომ იცით რა, პასუხისმგებლობისგან თავს ვითავისუფლებთ, არა. პასუხიმგებლობა რჩება ჩვენთან, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც სწორედ არქიტექტურული ზედამხედველობის კუთხით იყო ძალიან მკაცრი მითითებები გაცემული. მითითებები მაქვს მიცემული მუნიციპალურ ინსპექციაზე, სადაც მე მათ მადლობა გადავუხადე კორონავირუსის დროს გაწეული სამუშაოსთვის, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვთხოვე რეაგირება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც ყოფილა ან აწი იქნება ამის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება ადამიანების სამუშაოზე მიბმული.

მე ამ ორგანიზაციის შექმნით ავიღე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი ამ ეტაპზე წლიური ბიუჯეტი და ეს პასუხიმგებლობა არ ამიღია იმისთვის, რომ ყველაფერი დარჩეს იგივე მოცემულობაში, რაც იყო მანამდე. დამრღვევი ყოველთვის იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი რეაგირება გაქვს ამაზე და რამდენად ეფექტური ხარ ამ დამრღვევებთან ბრძოლაში.

თუ კი რეაგირება იქნება დროული, სრულ შესაბამისობაში კანონთან და თუკი ეს არის გულით გაკეთებული, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობისა… როცა ვამბობ გულით გაკეთებაზე, იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის შეიძლება პირადი მონდომებით უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე ამას კანონი და სამსახური გავალდებულებს, მაშინ ხარ ეფექტური. ამაზე მე მაქვს ძალიან სერიოზული მოთხოვნები დაყენებული ჩემი თანამშრომლების მიმართ.

ის, რომ ჩვენ დავაკომპლექტეთ მუნიციპალური ინსპექციის მენეჯმენტის ნაწილი ადამიანებით, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის, იმ მიზნით გაკეთდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვუცხადოთ ბრძოლა დამრღვევებს და მენეჯმენტის ნაწილშიც გვყავდეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება. ამას აღიქვამენ დანაშაულად, პოლიციის გადმოსახედით და არა უბრალოდ ადმინისტრაციული გადმოსახედით. გვინდა და მინდა, რომ ძალიან გავამკაცროთ ამ ნაწილში კონტროლი. მართალია ჯერ ვერ დაიქოქა ეს ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაიქოქება და შედეგებსაც დადებს.

მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემი თანამშრომლების რეპუტაციას, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ჩემი თანამშრომლების რეპუტაციის შელახვა და არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმე არასათანადო დამოკიდებულებით ეპყრობა საკუთარ [საქმეს] და ეს ჰპოვებს შედეგებზე ასახვას. თუ ასეთი რამ იქნება, ყველამ იცის, რომ ამაზე აგებს პასუხს.

ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, დღეის, 30 მაისის მონაცემებით,  ბათუმში 426 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია.

სამინისტროს მონაცემებით, დღეს ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სამინისტროს ცნობით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 12 477 პირს.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს, მათგან 2 გარდაიცვალა, დანარჩენები კი გამოჯანმრთელდნენ. ამჟამად აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის.

საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია ბათუმის მერის შესაძლო იმპიჩმენტზე 

„ადრეც გვქონდა ჩვენ მერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი, უბრალოდ ამას  საკმარისი ხმები სჭირდება,  ამიტომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ხმები გვეყოფა თუ არა. ორ-სამ დღეში შევხედავთ. მათი პოზიციაც გვაინტერესებს, ვინც ამბასადორის საკითხს მხარი არ დაუჭირა, ანუ ჩვენი ოთხი ხმა არ ჰყოფნის“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

29 მაისს,  საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი ბათუმისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას – კომპანია ამ ნაკვეთის მიმდებარედ ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს. სწორედ ამ კომპანიისთვის ბულვარის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს განიხილავდა  ბათუმის საკრებულო, როდესაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს SMS -ით მისწერა, არ ამოეღო „ამბასადორი“ საკრებულოს განსახილველი საკითხებიდან. აღნიშნული SMS-ის მიღების ფაქტი TV 25-ის ოპერატორმა გადაიღო.

სწორედ ამ შემთხვევას განიხილავს შესაძლო კორუფციის კიდევ ერთ დადასტურებად საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია.

ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე საკითხის კენჭისყრამდე ითხოვდა ამ საკითხთან მიმართებაში საკრებულოს წევრები მხოლოდ ხელის აწევით არ შემოფარგლულიყვნენ და გაეკეთებინათ განმარტებები, თუ რატომ უჭერდნენ მხარს ან ეწინააღმდეგებოდნენ  ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემას, თუმცა ასე არ მოხდა.

მირდატ ქამადაძის განმარტებით, ფრაქცია განიხილავს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რაც მერის იმპიჩმენტის დაწყებას ითვალისწინებს, მათ შორის, შესაძლოა, ფრაქციამ ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმების ოცი პროცენტის შეგროვებაც დაიწყოს.

„რადიოში მქონდა ჩართვა, სადაც მერმა განაცხადა, რომ დიახ, მას შეატყობინეს მერიის თანამშრომლებმა, რომ უმრავლესობის წევრი ითხოვდა საკითხის ამოღებას. მერმა თქვა, რომ უმრავლესობის წევრებისგან ამის მოთხოვნა მისთვის იყო მოულოდნელი და ამიტომ გაგზავნილი შეტყობინება  ჩემი მხრიდან რეკომენდაცია იყო და დარბაზში რომ ვყოფილიყავი, ამავე შინაარსის მოწოდებას გავაჟღერებდიო. ბუნებრივია, სხვას რას იტყოდა, ჩავერიე უხეშადო, ხომ არ იტყოდა. თუ საჯარო განცხადებები კეთდება პოლიტიკაში, მერს შეეძლო ამის შესახებ პოსტი გამოექვეყნებინა, ან საჯარო განცხადება გაეკეთებინა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც კონსპირაციულად წერ სხდომის მიმდინარეობისას თავმჯდომარეს, ცალსახაა, რომ მერი ცდილობს ზეწოლას, ეს დადასტურებულად პირველი შემთხვევაა, მაგრამ ზოგადად  პირველი შემთხვევა არ არის“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ოპოზიციის ფრაქციაში ვარაუდობენ, რომ თავად მერმაც მიიღო მკაცრი შეტყობინება საკითხის შესაძლო ჩავარდნასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დავალება საკრებულოს თავმჯდომარესთან სულიკო თებიძესთან გადააგზავნა:

„მას შემდეგ რაც გაჟღერდა საკითხის ამოღებაზე დიმა ჭეიშვილისგან და ჩემგან, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მერმაც მკაცრი შეტყობინება მიიღო მთავრობისგან.  ჩვენ ვართ ფარული ჩანაწერების მომსწრე, სადაც მერი დეველოპერულ კომპანიას პასუხობს, რომ მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებში ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მას ეუბნება, იქნებ თბილისში ნახო გამოსავალიო. რამდენად სწორად ითხოვდა დეველოპერი ნებართვას, მე  ამ შინაარსში არ შევდივარ – მერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ან ისეთი ან ასეთი. ის ეუბნებოდა თბილისში მოძებნე გზაო, ეს არის მისი სიტყვები, რომელიც გასაჯაროვდა და მას არ უარყვია“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ოპოზიციის ფრაქციაში კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ გავლენებზეც გაამახვილეს ყურადღება:

„დიდი ალბათობით ამ კომპანიას ჰყავს ლობისტი მთავრობაში  და ბუნებრივია, როგორც კი ეს საკითხი გაჟღერდა, მე დარწმუნებული ვარ, მერმაც მიიღო მკაცრი ზარი. მან თქვა, ამ დროისთვის [როცა „ამბასადორის“ საკითხი განიხილებოდა საკრებულოში] მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდიო, შეიძლება იქვე უთხრეს პირდაპირ, დროზე მოაგვარე საკითხი და რას ქვია დღის წესრიგიდან ამოღებაო. მერმაც მესიჯი გამოუგზავნა თავმჯდომარეს და დავალება მისცა სულიკო თებიძეს,  რადგან მისი პოლიტიკური წონა არის ნული. წარმოიდგინეთ, სულიკო თებიძე, როგორი ზეწოლის ქვეშ იყო, სხდომაზე პირდაპირ მერი კარნახობდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომ კითხვები დასვეს, პასუხის გაცემასაც არ აპირებდა, ისე გადაწყვიტა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად.

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

 

ხელვაჩაურში 900-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ხელვაჩაურში, შარაბიძებისა და ზანაქიძების უბანში დაახლოებით 900 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლის თქმით, მიზეზი ავარიაა,  რომელიც გზის ინფრასტრუქტურაზე მომუშავე კომპანიამ გამოიწვია:

„დაზიანდა მილი, რომელიც უკვე აღვადგინეთ. ხვალ დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა დაიწყება“ – გვითხრეს კომპანიაში.

 

შიმშილის ხმები – „გთხოვთ დაგვეხმარეთ“ [პოდკასტი]

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „ბათუმელები“ ფეისბუქზე ათობით წერილს იღებს დახმარების თხოვნით. მოქალაქეები, ძირითადად ქალები, ითხოვენ საკვებით დახმარებას და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში გვწერენ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან.

წერილების შინაარსი თითქმის იდენტურია: „საკვები არ გვაქვს, ბავშვები მშიერი გვყავს, გთხოვთ, დაგვეხმარეთ“.

“ბათუმელები” თხუთმეტამდე მათგანას დაუკავშირდა. ბევრმა უარი თქვა თავისი გასაჭირის „საქვეყნოდ საუბარზე“, ნაწილი დაგვთანხმდა. გთავაზობთ პოდკასტებს, იმ მოქალაქეების ხმებს, რომლებიც პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მთავრობის დახმარებას კი მათთან ჯერ არ მიუღწევია.

„შვილს გეფიცები, პურის ქვაბი მაქვს ცარიელი, გუშინ მოვზილე ბოლო პურის ფქვილი. ქობულეთის მერს დავურეკე, ლეღვაში ვცხოვრობ და მითხრა, ჩაგსვამთ დახმარებების სიაშიო. მაგრამ ის არ გაუთვალისწინებია, რომ მე გუშინ მოვზილე ბოლოს პური.

„გრეჩიხა“ რაც მომიტანეს ორი თვის წინ, ის კიდევ მაქვს, იმიტომ, რომ ბავშვს არ უყვარს და არ ჭამს. ჩემი მაცივარი ცარიელია. თქვენ თვითონაც რომ მოხვიდეთ და ნახოთ, ნახავთ როგორ სიტუაციაში ვარ“.

Ლელა Ქადიძე by Batumelebi/Netgazeti

 

„ვცხოვრობ ქირით. საშუალება არ მაქვს. ნახევარჯერ მშიერი ვარ, ზოგჯერ მეზობელი მეხმარება, არანაირი შემოსავალი არ მაქვს. სოციალური ახლა დამენიშნა. ავიღე, მაგრამ ბავშვს პამპერსი ვუყიდე და ერთი-ორი დღის საჭმელი. დანარჩენი ვალები მქონდა და დავარიგე. სახლში ვარ გამომწყვდეული.

არ მინდა სადმე გავიდე, რომ ბავშვებმა რამე არ დაინახონ და თვალი არ წაუვიდეთ. დღეს შავი ლობიო მაქვს საჭმელად. პური ნისიად გამომაქვს.

პატარა ძუძუზე მყავს, მაგრამ ძუძუ არ ყოფნის“.

Თეონა Ბერიძე by Batumelebi/Netgazeti

„ვცხოვრობ ოცნების დასახლებაში სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. პატარა ორი თვის მყავს. სოციალური შეგვიჩერდა. განცხადება დავწერე, 20 მაისს ველოდებოდი სოციალურს, მაგრამ არ დამერიცხა.

ვართ სასადილოს ბენეფიციარი. ერთი თვის წინ რომ საკვები დაგვირიგეს, იმის იმედად ვიყავი დარჩენილი.

ბავშვისთვის პამპერსი მაქვს საყიდელი. ძუძუზე მყავს, მაგრამ არ ყოფნის და დამატებით საკვები მჭირდება. არანაირი შემოსავალი არ მაქვს. სოციალურის იმედით მეზობელს ვესესხე ფული, ახლა ისიც არ ვიცი როგორ გავისტუმრო, რადგან არ დამერიცხა არც ამ თვეში“.

Ზინაიდა Კოიძე by Batumelebi/Netgazeti

დღის ბოლოს, როცა უკვე სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, ზინაიდამ მოგვწერა, რომ დღეს მისმა ქმარმა ერთჯერადი სამუშაო იპოვა – ტვირთი დაცალა, რაშიც 40 ლარი გადაუხადეს. 40 ლარად ოჯახმა ფქვილი, „დროჟი“, პამპერსი და ყავა იყიდა.

“ჩვენთვის დიდ რამეს ნიშნავდა დღევანდელი მისი წასვლა  ამდენი ხნის შემდეგ პირველად შემოიტანა რაღაც. მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა ეს სიხარული,” – გვწერს ზინაიდა კოიძე.

„ორი შვილი მყავს, მესამეზე ფეხმძიმედ ვარ. ახლა სახლში მხოლოდ ერთი კილო ბრინჯი, მაკარონი და ერთი ცალი ზეთი მაქვს. ქმარი უმუშევარი მყავს ამ კორონას გამო, მეც ხანდახან დალაგებებზე დავდიოდი და ახლა ვეღარ ვმუშაობ“.

Სოფო Მორთულაძე by Batumelebi/Netgazeti

 

არასდროს არავისთვის არაფერი არ მითხოვია, სულ ვმუშაობდი. ვმუშაობდი საოჯახო სასტუმროში მზარეულად, კორონავირუსის გამო დავრჩი უმუშევარი. ჩემი მეუღლე სასტუმროში მუშაობდა, ისიც დაიკეტა. მყავს ორი შვილი…

დედაჩემის პენსია მაქვს ახლა მხოლოდ შემოსავალი.

Მარინე Მეფარიშვილი by Batumelebi/Netgazeti

ეს მხოლოდ რამდენიმე ხმაა.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც „ბათუმელებს“ დახმარების თხოვნით მომართავენ, გაცილებით მეტია. ზოგ მათგანზე „ბათუმელებმა“ უკვე მოამზადა სტატია, უფრო მეტი კი უარს გვეუბნება ჩაწერასა და საკუთარი ვინაობის გამხელაზე. ისინი ამბობენ, რომ რცხვენიათ სიღარიბის, რცხვენიათ სთხოვონ დახმარება სხვა ადამიანებს.

ნაწყვეტი ერთ-ერთი წერილიდან, რომლის ავტორი, როგორც თავად გვეუბნება, 50 წლის ქალია. მის სახელსა და გვარს, მისივე თხოვნით, არ ვაქვეყნებთ:

„ძალიან მრცხვენია ამდენს რომ გაწუხებთ, მაგრამ რა ვქნა, უკიდურეს გაჭირვებაში ვიმყოფები, ვარ მარტოხელა, თვითდასაქმებული. ძალიან გთხოვთ პროდუქტით დამეხმაროთ. …თურქეთის საზღვარი რომ გაიხსნას, არ შეგაწუხებდით, რაც დანაზოგი მქონდა, ამომეწურა, აღარაფერი შემრჩა“

სქრინი 50 წლის ქალის წერილიდან

ყველა ასეთი წერილის შემდეგ „ბათუმელები“ აზუსტებს წერილის ავტორის მისამართს, ტელეფონის ნომერს და აჭარის მთავრობას უგზავნის, თუმცა პრობლემა ამით არ გვარდება. წერილის ავტორები ყოველ დღეს გვწერენ კითხვებით: „როდის იქნება დახმარება?“ „ხომ დამეხმარებით?“ „როდის დამეხმარებით?“

„როდის დამეხმარებით? სამშაბათს მომწერეთ ხომ არ მოგიტანეს დახმარებაო. და არ მოუტანიათ ჯერ“. 

ნაწყვეტი კიდევ ერთი წერილიდან:

„ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, დღეს არავის არა აქვს, ყველას თავისი გასაჭირი აქვს. დღეს ჭინჭარი მოვზილე, დილით მოვიარე მიდამო და ის გავაკეთე… ეს პერიოდია ძალიან მიჭირს და ვითხოვდი დახმარებას. რას ვიზამთ, არავის არ აქვს დღეს და მესმის მათიც, რა გაეწყობა“

სქრინი წერილიდან

დღეს, 29 მაისს, „ბათუმელებმა“ ბოლო წერილი დახმარებაზე ერთ-ერთი რესპონდენტისგან მიიღო, რომლის ხმაც დღეს ჩავიწერეთ.

„უკაცრავად, ინტერვიუ რომ გამომართვით და ფოტოც მოგეცით, ეხლა როდის დამეხმარებით. …იმედია დამეხმარებით“. 
სქრინი წერილიდან

აქტივისტი აჭარის ტელევიზიის წინ გაშლილ კარავში გაათენებს

ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“  ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობს. მისი მოთხოვნაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომა. მილორავა ამბობს, რომ საკითხი დღის წესრიგში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ უნდა დააყენოს.

ალექსანდრე მილორავას თქმით, გიორგი კოხრეიძემ ტელევიზიას ჩამოაშორა კრიტიკული და თავისუფალი სიტყვის დამცველი ჟურნალისტები, ამიტომაც იგი და მისი ორგანიზაცია ითხოვს ტელევიზიის დირექტორის გადადგომას.

აქტივისტს ტელევიზიის წინ კარავი აქვს გაშლილი და ღამის გათენებას ამ კარავში გეგმავს. ამ დროისთვის მასთან ერთად არიან ორგანიზაციის სხვა წევრებიც.

აქცია აჭარის ტელევიზიასთან

ამ დრომდე მილორავას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებიდან მხოლოდ თამილა დოლიძე გაესაუბრა და გაეცნო მის მოთხოვნებს.

ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას გამოიყენებს მანამ, ვიდრე მის მოთხოვნას მრჩეველთა საბჭო დღის წესრიგში არ დააყენებს და გიორგი კოხრეიძეს არ გადააყენებენ.

როგორ დაეხმარნენ ქართველი სტუდენტები ავსტრიაში ერთმანეთს

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილი კორონავირუსის პანდემიისას უმუშევარი დარჩა. სტუდენტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, ნაწილი კი ავსტრიაში დარჩა.

ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა და მათ შორის ქართველმა სტუდენტებმა, რომლებმაც შეინარჩუნეს სამსახური, უმუშევრად დარჩენილებისთვის რამდენიმე დღეში შეაგროვეს 1945 ევრო. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავადაც დაკარგეს სამსახური, მაგრამ დანაზოგი გაუნაწილეს სხვებს და ასე გამოხატეს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

იყვნენ ისეთი სტუდენტებიც პანდემიის დასაწყისშივე რომ დაბრუნდნენ საქართველოში და კარანტინიდან  გვირიცხავდნენ თანხას ავსტრიაში დარჩენილებისთვის. სოლიდარობის განცდას თანხის რაოდენობა არ განსაზღვრავს, აქ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ერთმანეთი არ დატოვეს, ეს  ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო“, – ამბობს ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სალომე სალაძე, რომელიც უმუშევრად დარჩენილი სტუდენტების დახმარების ინიციატორი იყო, სალომე თავადაც ვენის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია. შეგროვილი თანხით ვენაში, ზალცბურგში, გრაცსა და ლინცში მცხოვრებ 31 სტუდენტს დაეხმარნენ.

სტუდენტებმა 22 სტუდენტს გადაურიცხეს თანხა პროდუქტისთვის, 8 მათგანს სტუდენტური დაზღვევის გადახდა სჭირდებოდა, რადგან ამის გარეშე ჯანმრთელობის მცირე პრობლემის შემთხვევაშიც კი ისინი ექიმთან ვიზიტს ვერ შეძლებდნენ. ერთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტს ბინის ქირის ნაწილი გადაუხადეს.

„საქართველოს მთავრობის და ქართული „სპარის” მოლაპარაკების შედეგად, საქართველოდან საელჩოში გამოგზავნეს „სპარის” 30-ევროიანი ბარათები და მსურველმა სტუდენტებმა საელჩოდან აიღეს ეს შეთავაზება. ქართველი სტუდენტების უმრავლესობამ ავსტრიაში სამსახური დაკარგა და თუნდაც ასეთ აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს სალომე.

სალომე სალაძე, ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ავსტრიაში მოქმედი კანონის მიხედვით, დასაქმებულს სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ყოველთვიურად ხელფასის 60%-ს უხდიან, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთსა და იმავე ადგილზე სულ მცირე ნახევარი წელი მაინც მუშაობდეთ. ქართველი სტუდენტები კი იშვიათად მუშაობენ ხანგრძლივად ერთ სამსახურში, ნაწილი არალეგალურადაა დასაქმებული და, შესაბამისად, სახელმწიფოს ფულადი კომპენსაცია უმუშევრობისთვის მათ არ შეხებიათ.

როგორც სალომე სალაძე გვეუბნება, პანდემიის პირობებში უსახსროდ დარჩენილ სტუდენტებს ავსტრიაში უნივერსიტეტებმა შესთავაზეს ერთჯერადი დახმარება – 750 ევრო, თანხით ეხმარებოდა უმუშევრად დარჩენილებს, ასევე, „წითელი ჯვარიც“.

სალომე სალაძის თქმით, უცხოელმა სტუდენტებმა შეიტანეს განაცხადი ავსტრიის განათლების სამინისტროში წელს სწავლის გადასახადის გაუქმების თხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა, თუმცა უნივერსიტეტებმა სტუდენტებს ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, სწავლის გადასახადი 30 აპრილიდან 30 ივნისამდე გადაუვადეს.

ქართველი სტუდენტები ავსტრიაში/ ფოტო: ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ფეისბუქგვერდიდან

„ჩემი დაკვირვებით, აქ დაზარალებული ქართველი სტუდენტები ავსტრიის სხვადასხვა ორგანიზაციიდან უფრო იღებდნენ დახმარებას, ვიდრე საქართველოსგან. უცხოეთში უსახსროდ დარჩენილი სტუდენტებისთვის, როგორც ვიცი, ფულადი დახმარება საქართველოს სახელმწიფოს არ შეუთავაზებია.

გასაგებია, რომ ყველანი უცებ აღმოვჩნდით პანდემიის გაურკვეველ პირობებში და დახმარება ყველას ვერ გაწვდებოდა: ადგილზევე, საქართველოშიც ვერ იღებს ყველა ამ ტიპის კომპენსაციას, თუმცა კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თანამემამულეებზე, თუნდაც ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. „თანამემამულის“ ცნება, რომელიც 2017 წელს გაჩნდა კონსტიტუციაში, სწორედ ამას გულისხმობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს შენი მოქალაქე, მასზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ის უფრო პასუხისმგებელია შენზე, ვიდრე მიმღები ქვეყანა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი არია. ქართული სახელმწიფო ფინანსურად არ დახმარებია ქართველ სტუდენტებს, მაგრამ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები მორალურად და ფინანსურადაც ბევრ სტუდენტს დაეხმარნენ საკუთარი, პირადი სახსრებით, 24 საათის განმავლობაში მზად იყვნენ ცხელ ხაზზე მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ“- ამბობს ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი.

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები ავსტრიის პარლამენტში

მთავარ ფოტოზე: ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები/ფოტო: ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ფეისბუქგვერდიდან

აჭარის გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ახორციელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

ამჯერად ხელვაჩაურში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ახალსოფელში 1,320 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ცხაურები და კიუვეტები მოეწყო. პროექტის ღირებულება 173 000 ლარია.  გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელში მცხოვრებ ოთხასამდე ოჯახს გადაადგილება გაუმარტივდება. ასევე რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ სკოლისა და ბაგა-ბაღის მოსწავლეები.

ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ჯიბინაური-ბროლაძეების გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალგამტარი მილები და ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ სამანქანო ხიდს.

აღნიშნული გზა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზედა ახალშენისა და განახლების ადმინისტრაციულ ერთეულებს დაუკავშირდება და უმოკლესი შემოვლითი გზის ფუნქციას შეასრულებს. რეაბილიტირებული გზით 300 ოჯახი ისარგებლებს.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდება.

სოფელ ქობულეთი-სკურდას ხეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო 4463 კვ.მ ასფალტობეტონის ორფენიანი საფარი და 1035 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 797 000 ლარია.

2017 წელს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის გარკვეული ნაწილი წაიღო. სწორედ, აღნიშნული გზა აღდგა სრულად.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელში მცხოვრები 70 ოჯახი ახალი გზით ისარგებლებს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში, შიდა სასოფლო მნიშველობის გზების ბეტონირების სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში სამივე მუნიციპალიტეტისთვის 4 299 000 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხრა ათას კუბ ბეტონს დააგებენ, ხელვაჩაურში – ექვსი ათასს, ხოლო ხულოში – ათი ათას ხუთასი კუბი ბეტნის დაგებაა დაგეგმილი.

ჩემზე მარტო მამაჩემი ახდენდა გავლენას – სულიკო თებიძე ბათუმის მერისგან მიღებულ SMS-ზე

„ბათუმის მერის SMS, მისი აქტიურობა – „არ მოიღო ამბასადორი“, თქვენ, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს, არ გიჩენთ კითხვებს, რომ  შესაძლოა მერი გარიგებული იყოს კომპანიასთან, ლობირებდეს მის ინტერესებს რაღაცის სანაცვლოდ?“ – ეს კითხვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მას შემდეგ დავუსვით, როცა გავრცელდა კადრი, სადაც ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე  საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომაზე წერს, არ ამოიღოს „ამბასადორი ბათუმისთვის“ ნაკვეთის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ჭორებია და ჭორებზე ვერ ილაპარაკებს. შესაძლო გარიგებასა და კორუფციაზე მერისთვისაც გვინდოდა გვეკითხა, თუმცა მან გვითხრა, რომ „ამ საკითხზე მეტ სიღრმეებში არ შევა“.

  • ბატონო სულიკო, „ამბასადორი ბათუმი“ ფინანსურად ძლიერი, გავლენიანი კომპანიაა. ამ კომპანიამ მიიღო ოთხი სართულის მშენებლობის ნებართვა ბულვარში, მაგრამ საძირკველი 15 სართულისთვის მოამზადა. ამჯერად მერმა მოითხოვა, მისთვის ბულვარში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი არ ამოგეღოთ დღის წესრიგიდან. ხომ არ აჩენს ეს კითხვებს კომპანიასთან შესაძლო გარიგებაზე?

ეჭვების ნიადაგზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ეჭვებია უკვე და რა დასკვნები უნდა დავაფიქსირო, რა ვიცი, ვის რა ეჭვები აქვს. მე რამდენადაც ვიცი, მაქვს გადაწყვეტილება მიღებულია და ობიექტზე არაა ლაპარაკი, საუბარია მის გვერდით მდებარე ნაკვეთზე. მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს, გადაწყვეტილება მიღებულია უკვე.

  • ბატონო სულიკო, მერი ხშირად ცდილობს გავლენა მოახდინოს საკრებულოს გადაწყვეტილებებზე?

თქვენ იცით, როგორ მიცხოვრია მთელი ცხოვრება, მიცნობთ? – ჩემზე მარტო ცხონებული მამაჩემი ახდენდა ზეგავლენას, სხვა არავინ. მერე რაა რომ მომწერა, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კონსულტაციას მუდმივად გავდივართ.

  • თქვენ ხომ საკითხი უკვე განხილული, პოზიცია ჩამოყალიბებული გქონდათ, დაამტკიცებდით ამ საკითხს თუ არა. რატომ მოგწერათ მერმა არ ამოგეღოთ საკითხი?

მერი როცა სხდომაზეა და საკითხი ისმება კონკრეტული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებაზე, მერი მის პოზიციას ასაბუთებს, ამიტომ და ამიტომ არ ამოიღოთო. ეს პოზიცია თუ დააფიქსირა კიდევ ერთხელ, მაგაში რას ხედავთ ცუდს. ეს ერთი გუნდია. თქვენ შეგეშალათ, ჩემზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ყოფილა შემთხვევა, რომ საკითხი ამოგვიღია და მერიის პოზიციას არ დავთანხმებულვართ. ჯერ ერთი, ეს პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა, სასამართლოში რომ წავიდე რა უნდა ქნათ. მერე რაა რომ სხდომაა, შეიძლება მეუღლემ უნდა მომწეროს რამე, ამიტომ უნდა გამისაჯაროვოთ?

  • მაგრამ ეს არ იყო მეუღლის, ეს იყო საჯარო პირის, ბათუმის მერის შეტყობინება.

გაიარეთ აბა კონსულტაცია იურისტებთან, არაა სწორი. მე აქ მაქვს ჩემი პირადი ბლოკნოტი, მოდით მაშინ ხვალ და წაგაკითხებთ. ეს იგივეა.

  • ბატონო სულიკო, საკრებულო მაკონტროლებელი ორგანოა და დიდი ხანია არის პრეტენზია მის მიმართ, რომ მხოლოდ ეთანხმება მერიის გადაწყვეტილებებს და ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს.

არ ვარ ნოტარიუსი.

_____

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში 15 სართულის აშენების უფლება მოითხოვა. მას ამ სიმაღლის შენობის აშენებაზე, ჯერჯერობით, აჭარაში სააგენტოს ძეგლების საბჭომ უარი უთხრა, თუმცა კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა და ითხოვს, რომ ბათუმის ბულვარის ცენტრი [ტერიტორია, სადაც ის აშენებს], ბათუმის ბულვარის საზღვრებიდან ამოიღონ.

 

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

 

თერმომეტრიანი გიდები და მძღოლები – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ტუროპერატორებს

ჯანდაცვის სამინისტრომ ტურისტული ოპერატორებისა და გიდებისთვის კორონავირუსის პირობებში მოქმედების რამდენიმე პუნქტიანი რეკომენდაციები  გამოსცა.

რეკომენდაციები ეხებათ: ტურისტულ კომპანიებს, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორებს, გიდებსა და მძღოლებს.

რეკომენდაციების მიხედვით:

  • ტურში წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტებს უნდა ჩაუტარდეთ თერმოსქრინინგი, ანუ გაიზომონ სიცხე, რისი მონაცემებიც უნდა ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
  • ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
  • სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
  • ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
  • მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
  • ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება; ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
  • რეგულარულად უნდა განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
  • ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
  • ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გიდის ვალდებულებები:

  • გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოთ ნიღაბი;
  • ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;
  • ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის.
  • თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;
  • დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;
  • თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

შენიშვნა: თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.
გამონაკლისი: 12 წლამდე ასაკის მოზარდის მოთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
დასაშვებია დადგენილზე მცირე მანძილზე.

ახალგაცემული რეკომენდციებით განისაზღრა ასევე სხვადასხვა ტიპის ტურისტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ადამიანების სხვადასხვა რაოდენობა და განთავსების თავისებურებები.

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

„ეს შემთხვევა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი…“ –  ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შესასწავლია, რის გამო მისწერა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, ბათუმის მერმა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“.

დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა დათანხმდა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი ბათუმისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომლითაც მიმდინარე მშენებლობა კიდევ უფრო გაფართოვდება – კომპანია აქ ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და პროექტის მიხედვით მის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს. სწორედ ამ კომპანიისთვის ბულვარის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს განიხილავდა დღეს ბათუმის საკრებულო, როდესაც ბათუმის მერმა მისწერა საკრებულოს თავმჯდომარეს, – „არ ამოიღოთ“.

სულხან სალაძე განმარტავს, რომ კანონში უნდობლობის გამოცხადების საფუძველი დაკონკრეტებული არ არის, პროცედურის დაწყება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მას საკრებულოს საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს, ან ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20 პროცენტი მოითხოვს ამას. მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3. მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.

„ჩემი აზრით, არსებობს უნდობლობის გამოცხადების საფუძველი და ეს პროცედურა უნდა დაიწყოს… შესაძლოა, ეს იყოს მერის პირადი ინტერესი და უკავშირდებოდეს კორუფციას, ან სხვა არაფორმალურ შეთანხმებას, რომ კომპანია აუცილებლად მიიღებს ნებართვას… შესაძლოა, ეს ყოფილიყო, ასე ვთქვათ, „ჯიგრულ პონტში“, როგორც ბოლო დღეებში ამას ეძახიან და გამოდის, რომ საკრებულო აქ არაფერს წარმოადგენდეს და არის ორგანო, რომელსაც ნებისმიერ დროს შესაძლოა მერმა მიწეროს, დაავალოს და უთხრას ის, რის გაკეთებაც მას სურს. აქ რა ტიპის ინტერესია, ეს უნდა გაირკვეს აუცილებლად“, – ამბობს საია-ს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე.

ვინ უნდა შეისწავლოს, რა ინტერესის გამო მისწერა sms ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს და რატომ არ გააპროტესტა საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა სულიკო თებიძემ, როცა მან მერს მხოლოდ ეს უპასუხა: „ოკ“? – სულხან სალაძე თვლის, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება.

„ასევე საკრებულოს წევრებმა უნდა მიმართონ კითხვებით მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს იმის გასაგებად, თუ რა მოხდა, სხვა დროსაც ყოფილა თუ არა და ასე შემდეგ… თუ ამ შესწავლის შედეგად გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, უნდა დაიწყოს გამოძიება,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე.

„ბათუმელებთან“ ლაშა კომახიძემ ამ შემთხვევის შემდეგ თქვა, რომ მან კონსულტაციის გამო მისწერა sms საკრებულოს თავმჯდომარეს.

„მერის საქმე არ არის ეს, რომ რჩევები მისცეს საკრებულოს თავმჯდომარეს: რა იქნება დღის წესრიგში და რა – არა, ეს აბსურდია. თუ საკრებულოს სჭირდება რჩევა, რომელი საკითხები იყოს, რომელი არ უნდა იყოს, საკრებულოს თავად შეუძლია მასთან კონსულტაცია გაიაროს. სხდომამდე უამრავი პროცედურაა, როცა თანხმდება საკითხები, საკრებულო ხომ ხელაღებით ნებისმიერ საკითხს არ იხილავს სხდომაზე?“ – კითხულობს საია-ს ხელმძღვანელი.

ის, რაც დღეს ბათუმის საკრებულოში მოხდა, სულხან სალაძისთვის აჩვენებს იმას, რომ თვითმმართველობა ამ ქვეყანაში მოჩვენებითია.

„მოჩვენებითია ბათუმის შემთხვევაშიც კი… მე ვფიქრობ, არც ლაშა კომახიძის დონეზე წყდება მსგავსი საკითხები და უფრო ზევით წყდება და ისინი ჩართულები არიან ამ პროცესში, თორემ შეუძლებელია ასე მარტივად პასუხობდეს მსგავს შეტყობინებას საკრებულოს თავმჯდომარე – „ოკ“ და დამთავრდა,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ სულხან სალაძემ.

მერის განმარტება საკუთარ SMS-ზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონში გადაიღეს

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში 15 სართულის აშენების უფლება მოითხოვა. მას ამ სიმაღლის შენობის აშენებაზე, ჯერჯერობით, აჭარაში სააგენტოს ძეგლების საბჭომ უარი უთხრა, თუმცა კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა და ითხოვს, რომ ბათუმის ბულვარის ცენტრი [ტერიტორია, სადაც ის აშენებს], ბათუმის ბულვარის საზღვრებიდან ამოიღონ.

დღეს სწორედ ამ კომპანიას აღნაგობის უფლებით მისცეს დამატებით მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში. შესაბამისად, ბათუმის მერის სმს და საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის დასტური – „ოკ“, ბევრ კითხვას აჩენს.

რას ნიშნავს მერის შეტყობინება და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი? – ეს ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ვკითხეთ. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

  • ბატონო ლაშა, რას ნიშნავდა ეს მესიჯი თქვენი მხრიდან. იმას ხომ არა, რომ მერი ხშირად ერევა და გავლენა აქვს საკრებულოს გადაწყვეტილებებზე? 

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მესმის სურვილი მედიასაშუალებების, რომ არსებული სიტუაციიდან შექმნან რაღაც სკანდალი, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საკონსულტაციო მესიჯი, იმასთან დაკავშირებით… კი ბატონო  ვადასტურებ, რომ მივწერე, ვინაიდან არ ვესწრებოდი სხდომას. რომ ვყოფილიყავი სხდომაზე მე ვიტყოდი, ბატონებო არ ამოიღოთ ეს საკითხი-მეთქი, იგივეს ვიტყოდი და თავმჯდომარესაც მივმართავდი და ამაზე მეტი მაქ არაფერი არ წერია. ვინაიდან, მერია აყენებდა საკითხს, რომ თუკი არ გრძელდება იჯარა, ამ შემთხვევაში ორი მესამედის ღირებულების, აღნაგობის თანახმად, უნდა მოხდეს დაფარვა და შემდეგ დაუყონებლივ გადმოვიდეს ქონება მერიის საკუთრებაში. ამ ობიექტზე მილიონზე მეტი არის დახარჯული, უნდა გადაიხადოს მერიამ და ამის შემდეგ მერიის საკუთრებაში გადმოვიდოდა ეს ობიექტი. ან იყო მეორე არჩევანი, რომელიც კომპანიის შემოთავაზება იყო და რომელსაც ეყარა კენჭი, რომ მიგვეცა უფლება 15 წლიანი იჯარით, რის შემდეგადაც საჩუქრად გადმოსდიოდა ქალაქს ეს ობიექტი და გადმოუვა. ამ გადაწყვეტილების შედეგად დაიზოგება ორი მესამედი ღირებულების, რომელსაც მერია აღარ გადაიხდის.

ასე, რომ მაქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩემი sms ეს არის საკონსულტაციო, ვინაიდან დადგა საკითხი მათ შორის უმრავლესობის წევრის მხრიდან მისი დღის წესრიგიდან ამოღებაზე. ჩემი პოზიცია იყო, რომ არ ამოეღო „ამბასადორი“ ამ საკითხებიდან.

  • საკრებულოს თავმჯდომარეს და მთლიანად საკრებულოს საკითხი ისედაც უნდა ჰქონოდა შესასწავლი და გაანალიზებული, რადგან გაიარა კომისიები, ბიურო და საკითხი სხდომაზე გავიდა. ამ ფონზე თქვენი sms დირექტივასავით არ ჟღერდა? მით უმეტეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი იყო – „ოკ“?

ვერანაირად ვერ დავადასტურებ მაგას, თქვენ თუ იცნობთ სულიკო თებიძეს და მის განვლილ გზას, მასზე ზეგავლენის მოხდენას ასეთი sms -ით მით უმეტეს, ამისათვის სხვა ფორმებიც არსებობს, სისულელე არის მსგავსი რაღაცის გაფიქრება. მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე sms – ის საშუალებით სულიკოს მე მივწერე ჩემი პოზიცია, მაგრამ ამით როგორ შეიძლებოდა დეპუტატებზე გავლენის მოხდენა? – უბრალოდ, ეს იყო საკუნსულტაციო sms და ასეთი კონსულტაციები ჩვენ მუდმივად გვაქვს. ალბათ გახსოვთ და იცით, რომ ერთი პარტიის წევრები ვართ, ერთი გუნდის წევრები და უმრავლესობის ფორმატში ერთიანად გამოვდივართ, მაგრამ ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ის, რომ უმრავლესობის წევრმა დააყენა საკითხი ამოღებაზე, ჩემი საკონსულტაციო sms იყო ჩემი პოზიცია, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმევ მე რომ ვყოფილიყავი საკრებულოს სხდომაზე მე ვიტყოდი იგივე ფრაზას ხმამაღლა. რადგანაც sms – ის სახით იყო, ეს უნდა ახლა ვიღაცას…  მე რომ სხდომაზე ვყოფილიყავი, იგივე ფაზას ვეტყოდი ხმამაღლა სულიკოსაც და ნებისმიერ დეპუტატსაც.  მესმის, რომ კარგი ლუკმა ჩაუვარდა დასატრიალებლად ზოგიერთ მედიას, მაგრამ თუ უფრო ჩაუღრმავდებით და შეეცდებით შინაარსობრივად დაინახოთ, თავის პლუს-მინუსით, დაინახავთ, რომ ამაში არაფერი სკანდალური არ არის.

  • გამორიცხავთ, რომ ეს თქვენი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდეს? 

ჩემთვის ეს სასაცილოა ახლა რასაც ლაპარაკობთ, სერიოზულად არ აღვიქვამ. ასე რომ, ვფიქრობ საზოგადოება ბრმა არ არის, ძალიან ადვილი მისახვედრია, ამის უკან კონკრეტული საკითხი, რომლითაც დავიწყე განმარტება და შედარება, ამოღება არამოღების საკითხებს შორის, თვითონ sms-ის ფორმაზე გითხარით საკონსულტაციოა. ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრები იმპიჩმენტის მოწყობის შეთავაზებით, უკვე აღარც მახსოვს რა საკითხზე იყვნენ, ანუ არცერთ მცდელობას ხელიდან არ უშვებენ და ახლა ესეც, რომ მოინდომონ, ეჭვიც არ შემეპარება, რომ მოინდომებენ ამის გაკეთებას, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აზრს, იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ მოატყუებ.

  • სწორედ საზოგადოებას ჰქონდა დღეს პრეტენზია, რომ არ ჩართეთ ამ საკითხის განხილვის პროცესში, ვგულისხმობ…

ამ თემაზე აღარ ვაპირებ მეტ სიღრმეში შესვლას, მგონი ყველა კითხვაზე გიპასუხეთ.

____

ამავე თემაზე:

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად. დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია TV 25-მა გადაიღო კადრი, როგორ მიიღო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ SMS შეტყობინებით მითითება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან „ამბასადორი ბათუმის“ შესახებ.

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“ – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერის, ლაშა კომახიძისგანაა შემოსული.

სულიკო თებიძემ მერს იქვე მისწერა – „ოკ“.

შპს „ამბასადორი ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში ბათუმის მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვდა. კომპანიის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი და მიმართვა მოჰყვა. ორგანიზაციებმა მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს, ამოეღო აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან, სანამ მიმდინარეობს მუშაობა ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რადგან ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული ქონების მრავალწლიან სარგებლობაში გადაცემა ინვესტიციის განხორციელების პირობით შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს გენგეგმასთან.

მიუხედავად მიმართვისა, საკრებულოს უმრავლესობამ „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემაზე მერს თანხმობა მისცა – 11 ხმით 5-ის წინააღმდეგ. ნაკვეთის გადაცემის შემდეგ შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში კიდევ უფრო გაფართოვდება.

„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცეს

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ საკითხის გადადებას, იმ მიზნით, რომ მომავალში მის განხილვაში თავადაც ჩაერთვებოდნენ, ბათუმის საკრებულომ საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა ისიც, რომ ნაკვეთზე, რომელსაც კომპანია ითხოვს, მას უკვე აშენებული აქვს ორსართულიანი კაფე, მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც შუშითაა შეფუთული. „ამბასადორი ბათუმმა“ ეს კონსტრუქცია ყოფილ მოიჯარესთან შეთანხმებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს თანხმობით ააშენა.

კომპანია მერიას ჰპირდება, რომ ამ ტერიტორიაზე 700 000 აშშ დოლარს კიდევ დახარჯავს. შესაბამისად, სხდომაზე მისულ აქტივისტებს აინტერესებდათ, მაშინ, როცა კონსტრუქცია უკვე აშენებულია, რაში აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას. ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი დღეს ვერც აქტივისტებმა მოისმინეს და ვერც საკრებულოს ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვამ ბევრჯერ გაიჟღერა.

„შენობა არ არის დასრულებული და უნდა დასრულდეს“ – ასეთი იყო მერიის წარმომადგენლის, დავით კოპინაძის პასუხი, რომელმაც დღეს საკითხი სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგინა.

მსგავს გადაწყვეტილებებს საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობის  სრული მხარდაჭერით იღებს. დღეს კი უმრავლესობის წევრი დიმიტრი ჭეიშვილი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც განხილვის გადადება მოითხოვა.

„საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ სურს ჩართვა განხილვაში და ამის საშუალება არ მიეცათ, ამიტომაც იქნებ გადავდოთ საკითხი და მივცეთ საშუალება ჩაერთონ“, – ასეთი იყო მისი პოზიცია. იგივე აზრი ჰქონდა მმართველი გუნდიდან ნატალია ძიძიგურსაც, თუმცა მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, როცა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება კენჭისყრაზე დააყენეს.

საბოლოოდ საკრებულოს უმრავლესობამ „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემაზე მერს თანხმობა მისცა – 11 ხმით 5-ის წინააღმდეგ. ნაკვეთის გადაცემის შემდეგ შპს „ამბასადორი ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ უფრო გაფართოვდება.

კომპანიამ დღეს ბათუმის მერიისგან 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობი და მასზე დამაგრებულ შენობა მიიღო უზურფრუქტის წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქონება ბათუმის მერიის საკუთრებაში დარჩება, კომპანიას კი მისი მართვის უფლება ექნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. კომპანიამ სასურველ ვადად 15 წელი დაასახელა.

გარდა ამისა, კომპანია იტოვებს უფლებას ვადის დასრულებისას მოითხოვოს სარგებლობის ხელშეკრულების გაგრძელება არანაკლებ შვიდი წლით, მოთხოვნის დროისათვის არსებული საიჯარო ღირებულების [სარგებლობის საფასურის] გათვალისწინებით.

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

 

 

„ხოფის ბაზრობა“ ბათუმში 2 ივნისს გაიხსნება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი [ე.წ. ხოფის ბაზრობა] სრულად 2 ივნისიდან გაიხსნება. ბაზრობაზე ამ დრომდე მხოლოდ სურსათის სექციები მუშაობს, რომლებსაც მუშაობა არც საგანგებო მდგომარეობის დროს შეუჩერებიათ.

„1-ლი ივნისი თვის პირველი ორშაბათია და ბაზრობა დაკეტილი იქნება სანიტარული დღის გამო. მომდევნო დღიდან კი ბაზრობა გაიხსნება და ყველა სექცია იმუშავებს,“ – გვითხრეს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში.

ბათუმში პირველ ივნისს გაიხსნება:

  • ბაზრობა ფალავანდიშვილის ქუჩაზე [წერეთლისა და პუშკინის ქუჩებს შორის; ყოფილი 23-ე [ახლა მე-11] საჯარო სკოლის მიმდებარედ];
  • ბაზრობა პუშკინის ქუჩაზე [ყოფილი უნივერსამის შენობაში].

ბაზრობებს მოუწევთ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

„პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 27 მაისს განაცხადა:

„ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს“ – გახარია

შიმშილობა დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობის, „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს.

„მოვითხოვთ, ბორდმა [აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ] დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, გადააყენოს ის და სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ „ბათუმელებთან“. მან აღნიშნა, რომ იგი ამ მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

აჭარის ტელევიზიის შენობასთან ამჟამად საპატრულო პოლიციაც იმყოფება.

„ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“, აქცია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ 26 მაისსაც გამართა ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით. 

ამავე თემაზე: 

აქცია აჭარის ტელევიზიასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

პირველი ივნისიდან თურქეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს

პირველი ივნისიდან თურქეთი ამსუბუქებს კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს – აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, გაიხსნება კაფეები, რესტორნები, პარკები, სპორტული დარბაზები.

ამის შესახებ, როიტერსის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 28 მაისს განაცხადა.

თურქეთში ასევე გაიხსნება მუზეუმები და პლაჟები მოქალაქეებისთვის.

თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე პირებისთვის თურქეთში კვლავ რჩება ძალაში.

______________

ფოტო: ევროპის პრესსაგენტო. EPA/ERDEM SAHIN

ამ თემაზე:

თურქეთის 15 ქალაქში მოქალაქეებს 2 დღით ეკრძალებათ სახლიდან გასვლა

ქალებს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, აჭარის მთავრობა არ დაეხმარება

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევრად დარჩნენ, ფინანსურად არ დაეხმარებიან.

„ფულად კომპენსაციებზე მუშაობს ცენტრალური მთავრობა და, როგორც ვიცით, 1200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა მოქალაქეებზე, ვინც სამუშაო დაკარგა“, – ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

საქართველოს მთავრობის აღნიშნული ინიციატივა არ ეხება თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მთავრობა 6 თვით 200-ლარიან ფინანსურ კომპენსაციას მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევს, ვინც დამსაქმებლისგან ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა პანდემიამდე.

თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს კი მსგავსი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, მათზე ეს ინიციატივა ვერ გავრცელდება.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში სამუშაოდ ყველაზე ბევრი ადამიანი ბათუმიდან გადადის, „ბათუმელებმა“ მინისტრს ჰკითხა, ხომ არ გაითვალისწინებს აჭარის მთავრობა ამ გარემოებას და შეიმუშავებს თუ არა ამ კონკრეტული სეგმენტისთვის დახმარების პროგრამას? ჯაბა ფუტკარაძე ამბობს: „აჭარაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს ჩვენ 6 თვით გადავუვადეთ პირგასამტეხლოების გადახდა, ასევე საიჯარო და სხვა გადასახადები სწორედ იმიტომ, რომ მათ დამატებით შექმნან სამუშაო ადგილები.

ეს ადამიანები შეიძლება დასაქმდნენ ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორში, კერძოდ სამშენებლო სფეროში, ასევე ივნისიდან აჭარა მზადაა მიიღოს როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტები და შესაძლოა დასაქმდნენ ტურიზმის სფეროშიც“, – ამბობს ის. თუმცა, კითხვაზე, რა პროცენტი შეიძლება დასაქმდეს ამ სეგმენტიდან ტურისტულ თუ სამშენებლო ბიზნესში, მინისტრს ამაზე კონკრეტულად არ უპასუხია.

თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევრად დარჩენილ ასობით მოქალაქის დახმარებას არც ბათუმის მერია აპირებს. პრესსამსახურის განმარტებით, მერიას არ აქვს შესაბამისი პროგრამა, რომელიც უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრი

მერიის წინ უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია  გამართეს. აქციის მონაწილეები ქალები იყვნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი რამდენიმე წელია თურქეთში მუშაობენ და ასე არჩენენ ოჯახს, თუმცა პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

მათი თქმით, მთავრობა ვალდებულია მათზეც იზრუნოს და როგორც თვითდასაქმებული პირებისთვის აპირებს 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემას ექვსი თვის განმავლობაში, მსგავსი პროგრამის ფარგლებში, მათაც გადაუხადონ უმუშევრობის კომპენსაცია.

თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამდე, სარფის საბაჟოს დღეში ასობით ადამიანი კვეთდა, მათი უმრავლესობა ქალია. ისინი ძირითადად საზღვართან ახლოს მდებარე კაფე-ბარებსა და მაღაზიებში მუშაობდნენ.

ამავე თემაზე:

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

პატიმრობით დაისჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა ახალი 343​1 მუხლი, რომლის მიხედვითაც,

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.

ცვლილების მიხედვით:

[checklist]

  • აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
  • ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას.
  • ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

[/checklist]

სისხლის სამართლის კოდექსით, ფიზიკური პირისთვის „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“.

იურიდიული პირისათვის კი „ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას“.

ამასთან, „ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად“.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/310130/

კომპანია: „ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვაზე“

პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს ღამით წყლის მიწოდება ბათუმში სამ ქუჩაზე შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, 30 მაისს ღამის 00:00 საათიდან 30 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმოამრაგება შეუწყდება:

  • ჯავახიშვილის ქუჩას და ლერმონტოვის ქუჩას ბაგრატიონის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე;
  • ორბელიანის ქუჩას, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე.

„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“.

მეთორმეტეკლასელებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

გამოცდაზე დარეგისტრირება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან იწყება, რომელიც 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24  ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.

ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნოს განცხადებები  თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ  დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბაროს რესურსცენტრის წარმომადგენელს.

რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.

რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

თურქეთის 15 ქალაქში მოქალაქეებს 2 დღით ეკრძალებათ სახლიდან გასვლა

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 29 მაისის 24 საათიდან 31 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

აკრძალვა ძალაშია თურქეთის შემდეგ ქალაქებში:

ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.

პირველი ივნისიდან კი თურქეთი ამსუბუქებს კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს – აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, გაიხსნება კაფეები, რესტორნები, პარკები, სპორტული დარბაზები.

თურქეთში ასევე გაიხსნება მუზეუმები და პლაჟები მოქალაქეებისთვის, თუმცა თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე პირებისთვის კვლავ რჩება ძალაში.

Covid19-ით თურქეთში ინფიცირებულია 160 979 ადამიანი, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 124 369 პირი, გარდაიცვალა – 4 461.

________________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

ბათუმში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეს, 29 მაისს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა – მუნიციპალურმა ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულოა. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ფანჯრები ღია უნდა უნდა იყოს მოძრაობისას, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება.

  • მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
  • მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით.
  • დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა შეივსოს მუნიციპალური ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერები.
  • მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი ლენტით.
  • ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდეთ თერმოსკრინინგი და დაურიგდეთ პირბადეები.
  • ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.
  • როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს, ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.

ხვალიდან ბათუმში მიკროვატობუსების მოძრაობაც აღდგება – ლაშა კომახიძე

„ბათომი“ ბულვარში ამბასადორისთვის მიწის გადაცემაზე – „ისინი მიდიან დანაშაულზე“ 

დღეს, 28 მაისს, ბათუმის საკრებულოში ბიუროს „10-წამიანი სხდომა“ გაიმართა. სხდომაზე, სადაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმისთვის“ მიწის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, ბიუროზე არც საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და არც მოქალაქეებს მისცეს კითხვების დასმის უფლება. „საკრებულოს თავმჯდომარე შემოვიდა, იკითხა, – შეკითხვა ხომ არ გაქვთო. მაშინვე ადგა, ჩაიდო ჯიბეში გასაღები თუ ტელეფონი და დარბაზიც დაიშალა. აშკარაა, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებული და უბრალოდ, გაგვექცნენ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი.

შოთა გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 10-წამიანი ბიუროს სხდომის გამართვის და დარბაზიდან გაქცევის პროცესი ვიდეოზეც აქვს გადაღებული. „როცა კითხვა დასვა, „შეკითხვა ხომ არ  გაქვთო“, ბუნებრივია, ვიფიქრეთ, რომ საკრებულოს წევრებს მიმართავდა.

ჯერ მინდოდა მომესმინა, რა ხდებოდა ბიუროზე, იმსჯელებდნენ თუ არა მიწის გადაცემის საკითხზე და შემდეგ მეთქვა საკრებულოს წევრებისა და თავმჯდომარისთვის, რომ არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა, რადგან მზადდება ბულვარის კონსერვაციის პროექტი, რომელშიც საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან და, შესაბამისად, „ამბასადორ ბათუმისთვის“ ბულვარში მიწის გადაცემა იმ გეგმაში ვერანაირად ვერ მოთავსდება, რადგან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. თუმცა, ამის თქმის საშუალება ბიუროზე არ მომეცა“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი თქმით, „ამბასადორ ბათუმისთვის“ ბულვარში მიწის გადაცემა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „თან იმ გარემოში და ინსტიტუციაში, რომელიც ბევრჯერ გვყავს შემჩნეული, თუ რა მავნებლურ პოლიტიკას ატარებს ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ“, – ამბობს გუჯაბიძე.

საკრებულოში ბიუროს სხდომას საზოგადოება „ბათომიდან“ ირმა ზოიძეც ესწრებოდა, რომელიც ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრცაა. თუმცა ბიუროზე კითხვის დასმის უფლება, თავმჯდომარემ არც მას მისცა. „დასწრება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვიფიქრეთ, უფრო გაფართოებულად იმსჯელებდა საკრებულო ბიუროზე. ჩვენი მიზანი იყო, დღის წესრიგში არ შეეტანათ მიწის გადაცემის საკითხი, თუმცა დემონსტრაციულად არ მოგვცეს ბიუროზე კითხვის დასმის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ განცხადებაც გვქონდა შეტანილი და იცოდნენ, რომ კითხვების დასმას ვაპირებდით“, – ამბობს ირმა ზოიძე.

„შვიდი ადამიანი რომ ზის ბიუროზე, კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეს, რატომ ზის. ხომ შეიძლება ეკითხათ, რატომ ვიყავით. ეს არის დემონსტრაციული იგნორირება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ ვარჩენთ, ჩვენი, საზოგადოების დაქირავებულები არიან და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოქმედებდნენ“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

მის პოზიციას ირმა ზოიძეც იზიარებს: „დღეს მოხდა იმის დეკლარირება, რომ  საკრებულოს საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს. ამიტომ საკრებულოს სხდომაზე მისვლას აზრი აღარ აქვს. ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თვითმმართველობის ინსტიტუტი მოშლილია.

თვითმმარველობის არსი არის საზოგადოების ჩართულობა მისთვის აქტუალურ საკითხებში, დღეს კი თვითმმართველობამ უარი თქვა არათუ შინაარსის განხილვაზე, საერთოდ, საზოგადოებასთან დიალოგზე“, – ამბობს ირმა ზოიძე.

საზოგადოება „ბათომი“ ხვალ საკრებულოს სხდომამდე ან მის პარალელურად აპირებს სწორედ ამ განცხადების გაკეთებას. ხვალ ბათუმის საკრებულო კენჭს უყრის ბულვარში მიწის ნაკვეთის გადაცემას „ამბასადორისთვის“. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ თქვა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

შოთა გუჯაბიძის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება გარიგებულია „ამბასადორ ბათუმთან“.

„ხელისუფლებას არ აინტერსებს იმ ხალხის აზრი, ვისაც უნდა ემსახუროს. ეჭვი გვაქვს, რომ არცთუ ისე კარგი მიზნით აპირებს მიწის გადაცემას, რადგან თუ იმ მიწაზე რაიმე აშენდება, ეს ყველა ვარიანტში წინააღმდეგობაში მოვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმასთან, რომელიც ოქტომბერში უნდა დაიდოს. ბულვარის კონსერვაციის გეგმა აუცილებლად იტყვის, რომ არ შეიძლებოდა იქ მშენებლობა, შემდეგ კი უნდა დადგეს აღსრულების საკითხი ხომ? გამოდის, ხელისუფლება პირდაპირ მიდის დანაშაულზე“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდაც სურს, მერიისგან დამატებით ითხოვს 341 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობსაც, თუმცა უცნობია, რის მოწყობას აპირებს ამ მიწაზე.

თანხმობის შემთხვევაში კი, კომპანია ამ ტერიტორიას 15 წლის ვადით, უზურფრუქტის წესით ითხოვს. ის მერიას ჰპირდება, რომ 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

ამავე თემაზე:

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზიის კადრი

„დააჯარიმეს სასწრაფოს დასახვედრად გამოსული კაცი“ – ვინ ასაჩივრებს 3 000-ლარიან ჯარიმას

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ანუ 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები არ იყვნენ ვალდებული ჯარიმა გადაეხადათ. დაჯარიმებულებს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთი თვე აქვთ იმისთვის, რომ ჯარიმა გადაიხადონ. გასაჩივრება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჯარიმა უკვე გადახდილი აქვთ.

დაჯარიმებულების ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებს, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ასაჩივრებს საგანგებოს დროს გამოწერილ ჯარიმებს. 22 მაისის მონაცემებით, 23,9 მილიონ ლარს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დროს გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ.

„რამდენიმე აბსურდული შემთხვევა იყო, რაზეც ჩვენ მოქალაქეებს სარჩელი შევუდგინეთ,“ – გვიყვება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, შორენა ლოლაძე. – „მაგალითად, ძმების დაჯარიმება საკარანტინო სივრცეში იმის გამო, რომ პოლიციელებს თანხმობის წერილზე არ მოუწერეს ხელი. მათ სურვილი ჰქონდათ და საშუალებაც, რომ ყოფილიყვნენ იზოლაციაში. მოითხოვეს იზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ მაინც დატოვეს საკარანტინო სივრცეში, სადაც სპეციალურ ფორმას ავსებენ ადამიანები, რომ თანახმა არიან დაიცვან კარანტინის პირობები. ძმებმა ამ ფორმას არ მოაწერეს ხელი და პოლიციამ ისნი 3 – 3 ათასი ლარით დააჯარიმა,“ – იხსენებს იურისტი.

საია-ს იურისტის, შორენა ლოლაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 10-მდე სარჩელია მომზადებული თბილისში, მათ შორის, იმ შემთხვევაზე, როცა მეზობლის ყვირილზე მეზობელმა სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახა.

„სასწრაფოს პოლიციაც მოჰყვა, რომელმაც ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად გამოსული მეზობელი დააჯარიმა… ასევე დააჯარიმეს 3 ათასი ლარით კაცი, რომელსაც კომენდანტის საათის დროს დედასთან მიჰქონდა მედიკამენტები. მას აქვს მტკიცებულება, რომ რეკავდა 144-ზე, ასევე 112-ზე, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლო. დააჯარიმეს მეუღლეებიც, რომლებიც ავტომანქანაში გვერდიგვერდ ისხდნენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საია-ს იურისტმა, შორენა ლოლაძემ.

ოცამდე სარჩელი მოუმზადეს მოქალაქეებს საია-ს აჭარის ფილიალშიც. ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ჯარიმები ძირითადად ეხებოდა კომენდანტის საათის დარღვევას, ასევე, ავტომანქანით გადაადგილების წესებს საგანგებო მდგომარეობის დროს, 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

_____

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებისაკენ ვერავის მოუწოდებს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება დამღუპველი იყოს.

უნდა იყოს თუ არა ჩართული კონდიციონერი ოფისებსა და მაღაზიებში – იმნაძის პასუხი

უნდა იყოს თუ არა ზაფხულში ოფისებში, ბანკებსა და მაღაზიებში ჩართული კონდიცირება? – ამ კითხვით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს მიმართეს.

„ის კონდიციონერები, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც შიგნით ჰაერს ატრიალებენ, სამწუხაროდ მათი გამოყენება ჯერჯერობით, ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი.

ამიტომ თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, რომელიც გრილდება და იქ სისტემებია, რომელსაც გააქვს ჰაერი დახურული სივრციდან [ასეთი არ არის, საწუხაროდ, აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ჰქვია], მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ სიცხე იქნება ზაფხულში და გაგვიჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მოქალაქეთა კითხვებს ფეისბუქზე, პირდაპირ ჩართვაში პასუხობენ.

ტრამპი სოცქსელების პლატფორმებს მკაცრი რეგულაციებით ან გაუქმებით ემუქრება

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი სოციალური ქსელებისთვის სპეციალურ განკარგულებას მოაწერს ხელს. გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც მან სოციალური ქსელები კონსერვატორთა ხმების ჩახშობაში დაადანაშაულა.

სოციალურ ქსელებსა და ტრამპს შორის გაუგებრობამ თავი მას შემდეგ იჩინა, რაც ტვიტერმა საკუთარ გვერდს ფაქტების გადამოწმების ფუნქცია – fact-check-ი დაამატა.

განკარგულების დეტალები უცნობია და ჯერ არ დაკონკრეტებულა, რეგულირების რა წესებს შეიმუშავებს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალური ქსელებისთვის. თეთრ სახლს მედიისთვის ჯერ არ მიუწოდებია ინფორმაცია, თუ რა დარეგულირდება პრეზიდენტის ახალი განკარგულებით, რომელიც მომდევნო კვირის ხუთშაბათს უნდა გაფორმდეს.

ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ელექტრონული ფოსტით საარჩევნო ბიულეტენების დაგზავნა იქნება მხოლოდ თაღლითობა და მეტი არაფერი, რის შემდეგაც პრეზიდენტის პოსტს ტვიტერმა ახალი ფუნქციის, ფაქტ-ჩექის საშუალებით ავტომატურად მიანიჭა დაუსაბუთებელი ინფორმაციის სტატუსი.

ამის შემდეგ, ოთხშაბათს, 27 მაისს ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებს „მკაცრი რეგულაციებით“ ან „დახურვით“ დაემუქრა.

ტრამპმა ტვიტერის საშუალებით სოცქსელში საკუთარ 80 მილიონ გამომწერს აცნობა, რომ სოცქსელების პლატფორმზე მიჩქმალულია „კონსერვატორების“ ხმა, რასაც ის არ დაუშვებს, მომდევნო ტვიტში კი აღნიშნა, რომ ტვიტერი სრულად ახშობს სიტყვის თავისუფლებას.

ტვიტერის დირექტორი, ჯეკ დორსი პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მისი პლატფორმა მთელ მსოფლიოში მიანიჭებს არჩევნების შესახებ პოსტებს არასწორი ან სადაო შინაარსის მქონე ინფორმაციის სტატუსს.

გუშინ, 27 მაისს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან სოციალური ქსელების ცენზურა არასწორი იქნება.

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა.

30 პირი გუშინ, 27 მაისს, ბათუმში დააკავეს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული ახლობლების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთაგან 9 წუხელვე გაათავისუფლეს ხელწერილით.

მოსამართლე როინ კახაძემ რამდენიმე დღით გადადო ბრალდებულ რეზო წულუკიძის მამის საქმის განხილვა. მოსამართლემ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ირაკლი ჭელიძის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა.

„გადაწყვეტილი აქვთ, ფინანსურად შეგვზღუდონ. ჩვენ ჯარიმებით ვერ შეგვაშინებენ, გავაგრძელებთ მაქსიმალურად მშვიდობიანად პროტესტს,“ – უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო განხილვის შემდეგ ფირუზ წულუკიძემ. ის ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმაა. მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს პოლიციელებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯერ უცნობია, როდის ან რა ფორმით გაგრძელდება საპროტესტო აქცია.

ბრალდებულების ახლობლები მიიჩნევენ,  ისინი უკანონოდ დააკავეს, რადგან, მათივე თქმით, 7 მაისს, ჩხუბის დროს დაკავებული 2 პირი მხოლოდ თავს იცავდა, ხოლო ვინც მათ სცემა და დანით დაჭრა, დაკავებულები არ არიან.

ჟურნალისტებმა ფირუზ წულუკიძეს ჰკითხეს პოლიტიკურ კავშირებზე, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობასთან“. ფირუზ წულუკიძეს კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უპირისპირდება და დეტალებს სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე მოჰყვება.

„…გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენს ხალხზე გამოგვეცხადებინა მხარდაჭერა, მათ არ აწყობდათ, რომ ჩვენ ეს სახელი მოგვეხვეჭა… ამ ხელისუფლებას სჭირდება დაჩაჩანაკებული, გაჭირვებული საზოგადოება… ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხელისუფლება არ იყოს ამ ქვეყანაში“ , – აღნიშნა ფირუზ წულუკიძემ.

რა უფრო მოგწონთ, მუშაობა სახლში თუ ოფისში? [გამოკითხვა]

კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელ მსოფლიოში აიძულა ადამიანები ემუშავათ სახლიდან, სამსახურში წასვლის გარეშე.

პანდემიის დროს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გვითხართ თქვენი აზრი – სახლიდან გირჩევნიათ მუშაობა, თუ ოფისიდან? შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი პასუხი.


რა უფრო მოგწონთ, მუშაობა სახლში თუ ოფისში?

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები პანდემიის დროს – ონლაინკვლევა საქართველოში

ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იწყებენ კვლევას COVID19-ის პანდემიის სტრესის ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კვლევაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს. კვლევა ტარდება ონლაინ და გამოკითხვის ხანგრძლივობა 15 წუთია.

ფონდის დირექტორი, ნინო მახაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მსგავს ფორმატში კვლევა პირველად ტარდება საქართველოში, ამიტომ  მასში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მიღებული მონაცემების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები მოსახლეობის ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

„ვიცით, რომ COVID19-თან დაკავშირებული კრიზისი მაღალი რისკია ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით უკვე არსებობს ჩინური კვლევები, სინგაპურსა და იტალიაში დაიდო უკვე და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს კვლევა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში.

მაგალითად, იკვლევენ სამედიცინო პერსონალს, კარანტინში მყოფი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ა.შ. ვიცით, რომ საკმაოდ დიდია პანდემიის ტვირთი, რის გამოც გაზრდილია დეპრესია, შფოთვა, პოსტრავმატული სტრესული აშლილობა და ა.შ. ეს იქნება ზოგადი პოპულაციის კვლევა ონლაინფორმატში, ფაქტობრივად უნიკალური კვლევაა, პირველია და ვნახოთ როგორ წარიმართება,“ – ამბობს ნინო მახაშვილი.

მისი თქმით, კვლევის ფოკუსი მთელი მოსახლეობაა, თუმცა აქცენტი კეთდება მოწყვლად ჯგუფებზე. მაგალითად, მოხუცები, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები, ასევე ის პირები, ვინც პანდემიის დროს წინა ხაზზე მუშაობდნენ.

ნინო მახაშვილის თქმით, ამ ადამიანებთან წვდომის სტრატეგია არის სხვადასხვა.

„რეალურად, ეს იქნება ორრაუნდიანი კვლევა, პირველი რაუნდი დაიწყება მაისის ბოლოს და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, მეორე კი, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში დამთავრდება. პირველი რაუნდია საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორი სიტუაცია ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ და როგორი ვითარდება დინამიკაში“ – ამბობს ნინო მახაშვილი.

კითხვაზე, როგორ აპირებენ, ვთქვათ, მოხუცების ან იმ მოწყვლადი ჯგუფების გამოკითხვას, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ნინო მახაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ იმ აქტივისტების რესურსს,  რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მუშაობენ და ამავე სფეროში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებსაც წვდომა აქვთ მოწყვლად ჯგუფებთან.

ნინო მახაშვილის თქმით, საქართველო ამ კვლევით ერთვება პანევროპულ კვლევაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (გერმანია, ხორვატია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი). „კვლევის გარკვეული ნაწილები ემთხვევა ერთმანეთს, რომ შემდეგ, სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარების საშუალება გვქონდეს,“- ამბობს ნინო  მახაშვილი.

კვლევაში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე.

როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას

ქობულეთი-ბათუმის ხაზზე მოძრავი კერძო მიკროავტობუსები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ, რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ეს ავტობუსები როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით, 29 მაისიდან იმოძრავებს.

„29 მაისიდან ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებშიც [შემდეგ უკვე კერძო კომპანიების მიკროავტობუსებშიც] აკრძალული იქნება პირბადის გარეშე ასვლა, ტრანსპორტში გამორთული უნდა იყოს კონდიციონერი, არავინ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით და დაცული უნდა იყოს ყველა რეკომენდაცია, რაც ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით არის გაცემული. მუნიციპალურ ავტობუსებში დამონტაჟებულია ხელის სადეზინფექციო დისპენსერები“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

29 მაისიდან ბათუმში, როგორც მუნიციპალური ავტობუსების, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება და ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა უნდა იყოს მოძრაობის დროს, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში 8 ივნისიდან აღდგება.

შესაბამისად, 8 ივნისიდან განაახლებენ მოძრაობას მიკროავტობუსები ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის.

„იაფი სახლის“ პროგრამა შემდეგი კვირიდან განახლდება – ლაშა კომახიძე

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით განაცხადების მიღება-გადარჩევის პროცესი განახლდება, პროგრამა კოვიდ 19-ის გამო იყო შეჩერებული.  შემდეგი კვირის დასაწყისში მერია ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ახალ ინფორმაციას გააჟღერებს, ამის შესახებ ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა.

ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, პროგრამის ფარგლებში მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს.

პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიამ ორი ხუთსართულიანი კორპუსი უკვე ააშენა. ორივე სახლში 20-20 ბინაა. კორპუსების აშენებაზე 2,3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

„იაფი სახლის“ ფარგლებში კიდევ ორი კორპუსის აშენება იგეგმება.

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – დაკავებულია 30 მოქალაქე

მოსამართლე როინ კახიძემ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი ადამიანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, კიდევ ორის პროცესი კი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით გადაიდო. გუშინ, 27 მაისს, ბათუმში აქციაზე სულ 30 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, აქედან 9 გუშინ გაათავისუფლეს ხელწერილით.

მოსამართლეს ჯერ არ განუხილავს იმ ბრალდებულების ოჯახის წევრების საქმე, რის გამოც გაიმართა ეს საპროტესტო აქცია. ერთ-ერთი ბრალდებულის, რეზო წულუკიძის და-ძმა ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით. ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო ბრალდებულის მამა დავით წულუკიძეც, რომლის საქმის განხილვაც ასევე გადაიდო.

საპროტესტო აქციებს ხულიგნობის მუხლით დაკავებული – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერად  მართავენ ბათუმში. ბრალდებულების ახლობლები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან წინასწარ პატიმრობაში, რადგან ჩხუბის დროს, რისთვისაც ისინი 7 მაისს დააკავეს, მხოლოდ თავს იცავდნენ, ის პირები კი, რომლებმაც ამ ჩხუბის დროს დანა გამოიყენეს, დაკავებული არ არიან.

სასამართლო სხდომებს დაინტერესებული პირები ვერ ესწრებიან, რადგან პანდემიის გამო სასამართლოში სხდომებზე დასწრება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

რატომ გაიმართა აქცია ბათუმში – დაკავებულების ახლობლების და შს სამინისტროს ვერსიები

საკონსტიუციოს მოსამართლე წარადგინოს არა უზენაესის თავმჯდომარემ, არამედ პლენუმმა – საია  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა.

წინადადების მიხედვით: საკონსტიუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს პლენუმს უნდა წარედგინოს კენჭსყრამდე 10 დღით ადრე. კანდიდატის დასახელების უფლება უნდა მიენიჭოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს (ეს უფლება ახლა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს). საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა დამსწრეთა 2/3-იდან სიით შემადგენლობის 2/3-მდე უნდა გაიზარდოს. 

___________

ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

Exit mobile version