მთავარი,სიახლეები

„ბათომი“ ბულვარში ამბასადორისთვის მიწის გადაცემაზე – „ისინი მიდიან დანაშაულზე“ 

28.05.2020 • 1906
„ბათომი“ ბულვარში ამბასადორისთვის მიწის გადაცემაზე – „ისინი მიდიან დანაშაულზე“ 

დღეს, 28 მაისს, ბათუმის საკრებულოში ბიუროს „10-წამიანი სხდომა“ გაიმართა. სხდომაზე, სადაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმისთვის“ მიწის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, ბიუროზე არც საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და არც მოქალაქეებს მისცეს კითხვების დასმის უფლება. „საკრებულოს თავმჯდომარე შემოვიდა, იკითხა, – შეკითხვა ხომ არ გაქვთო. მაშინვე ადგა, ჩაიდო ჯიბეში გასაღები თუ ტელეფონი და დარბაზიც დაიშალა. აშკარაა, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებული და უბრალოდ, გაგვექცნენ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი.

შოთა გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 10-წამიანი ბიუროს სხდომის გამართვის და დარბაზიდან გაქცევის პროცესი ვიდეოზეც აქვს გადაღებული. „როცა კითხვა დასვა, „შეკითხვა ხომ არ  გაქვთო“, ბუნებრივია, ვიფიქრეთ, რომ საკრებულოს წევრებს მიმართავდა.

ჯერ მინდოდა მომესმინა, რა ხდებოდა ბიუროზე, იმსჯელებდნენ თუ არა მიწის გადაცემის საკითხზე და შემდეგ მეთქვა საკრებულოს წევრებისა და თავმჯდომარისთვის, რომ არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა, რადგან მზადდება ბულვარის კონსერვაციის პროექტი, რომელშიც საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან და, შესაბამისად, „ამბასადორ ბათუმისთვის“ ბულვარში მიწის გადაცემა იმ გეგმაში ვერანაირად ვერ მოთავსდება, რადგან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. თუმცა, ამის თქმის საშუალება ბიუროზე არ მომეცა“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი თქმით, „ამბასადორ ბათუმისთვის“ ბულვარში მიწის გადაცემა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „თან იმ გარემოში და ინსტიტუციაში, რომელიც ბევრჯერ გვყავს შემჩნეული, თუ რა მავნებლურ პოლიტიკას ატარებს ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ“, – ამბობს გუჯაბიძე.

საკრებულოში ბიუროს სხდომას საზოგადოება „ბათომიდან“ ირმა ზოიძეც ესწრებოდა, რომელიც ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრცაა. თუმცა ბიუროზე კითხვის დასმის უფლება, თავმჯდომარემ არც მას მისცა. „დასწრება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვიფიქრეთ, უფრო გაფართოებულად იმსჯელებდა საკრებულო ბიუროზე. ჩვენი მიზანი იყო, დღის წესრიგში არ შეეტანათ მიწის გადაცემის საკითხი, თუმცა დემონსტრაციულად არ მოგვცეს ბიუროზე კითხვის დასმის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ განცხადებაც გვქონდა შეტანილი და იცოდნენ, რომ კითხვების დასმას ვაპირებდით“, – ამბობს ირმა ზოიძე.

„შვიდი ადამიანი რომ ზის ბიუროზე, კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეს, რატომ ზის. ხომ შეიძლება ეკითხათ, რატომ ვიყავით. ეს არის დემონსტრაციული იგნორირება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ ვარჩენთ, ჩვენი, საზოგადოების დაქირავებულები არიან და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოქმედებდნენ“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

მის პოზიციას ირმა ზოიძეც იზიარებს: „დღეს მოხდა იმის დეკლარირება, რომ  საკრებულოს საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს. ამიტომ საკრებულოს სხდომაზე მისვლას აზრი აღარ აქვს. ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თვითმმართველობის ინსტიტუტი მოშლილია.

თვითმმარველობის არსი არის საზოგადოების ჩართულობა მისთვის აქტუალურ საკითხებში, დღეს კი თვითმმართველობამ უარი თქვა არათუ შინაარსის განხილვაზე, საერთოდ, საზოგადოებასთან დიალოგზე“, – ამბობს ირმა ზოიძე.

საზოგადოება „ბათომი“ ხვალ საკრებულოს სხდომამდე ან მის პარალელურად აპირებს სწორედ ამ განცხადების გაკეთებას. ხვალ ბათუმის საკრებულო კენჭს უყრის ბულვარში მიწის ნაკვეთის გადაცემას „ამბასადორისთვის“. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ თქვა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

შოთა გუჯაბიძის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება გარიგებულია „ამბასადორ ბათუმთან“.

„ხელისუფლებას არ აინტერსებს იმ ხალხის აზრი, ვისაც უნდა ემსახუროს. ეჭვი გვაქვს, რომ არცთუ ისე კარგი მიზნით აპირებს მიწის გადაცემას, რადგან თუ იმ მიწაზე რაიმე აშენდება, ეს ყველა ვარიანტში წინააღმდეგობაში მოვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმასთან, რომელიც ოქტომბერში უნდა დაიდოს. ბულვარის კონსერვაციის გეგმა აუცილებლად იტყვის, რომ არ შეიძლებოდა იქ მშენებლობა, შემდეგ კი უნდა დადგეს აღსრულების საკითხი ხომ? გამოდის, ხელისუფლება პირდაპირ მიდის დანაშაულზე“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდაც სურს, მერიისგან დამატებით ითხოვს 341 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობსაც, თუმცა უცნობია, რის მოწყობას აპირებს ამ მიწაზე.

თანხმობის შემთხვევაში კი, კომპანია ამ ტერიტორიას 15 წლის ვადით, უზურფრუქტის წესით ითხოვს. ის მერიას ჰპირდება, რომ 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

ამავე თემაზე:

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზიის კადრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: