მთავარი,სიახლეები

„ამბასადორ ბათუმის“ საკითხი არ განიხილოთ – მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარეს

28.05.2020 • 1841
„ამბასადორ ბათუმის“ საკითხი არ განიხილოთ – მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მიმართა მოთხოვნით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგიდან ამოიღოს  შპს „ამბასადორისთვის“ ბულვარის გარკვეული ტერიტორიის მართვაში გადაცემის საკითხი.

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოებას აპირებს, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, სსიპ „ბათუმის ბულვარი“ კი მუშაობს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომელიც უნდა დასრულდეს ამა წლის ოქტომბერში. აღნიშნული გეგმით განისაზღვრება ბათუმის ბულვარის მომავალი განვითარება, მისი ტერიტორიის გამოყენება და დაშვებული სახეობები. არამიზნობრივად და საფრთხის შემცვლელად მიგვაჩნია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული ქონების მრავალწლიან სარგებლობაში გადაცემა ინვესტიციის განხორციელების პირობით, რადგან ნაკვეთის განვითარების საინვესტიციო ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს გენგეგმასთან

ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში ხდებოდა ღია და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვა და მიტაცება. ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესმა აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულს ზღვისპირა პარკს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე გამოვიდა. სწორედ აღნიშნულ პროცესს მოყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რომლისთვისაც ნახევარ მილიონამდე ლარი არის გამოყოფილი აჭარის არ ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ,  აღნიშნული საკითხი ამოიღოთ დღის წესრიგიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვაში საუბარია, ასევე, შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე, რაც გენგეგმაში ცვლილებას ითვალისწინებს. მოთხოვნა დაგეგმილი ხუთი თაუერის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს. კომპანია საცხოვრებელი სახლების ნაცვლად სასტუმროებს ააშენებს.

არსებული შეთანხმების თანახმად კომპანიას ხუთი თაუერი უნდა აეშენებინა. ორ თაუერში სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, ხოლო სამი თაუერის ფუნქცია საცხოვრებელი იქნებოდა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე თაუერს სასტუმროს ფუნქცია ექნება.

„აქვე გვსურს დავაფიქსიროთ საზოგადოების მაღალი ინტერესი დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-4 საკითხისადმი – ,,ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების  გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. „ბათუმის რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება გასაჩივრებულია სასამართლოში და დღემდე გრძელდება საზოგადოების პროტესტი აღნიშნული პროექტის განხორციელების წინააღმდეგ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ საკრებულოს კომისიების, ბიუროს და სხდომის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, დაინტერესებული პირების ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა“ – ვკითხულობთ მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ ნათია აფხაზავა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აზზა გაბუნია, გიორგი ბოლქვაძე  და დავით ხილაძე – ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ წარმომადგენლები, შოთა გუჯაბიძე – „ბათომის“ წარმომადგენელი, თეონა დიასამიძე – ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი – „ბათომის“ თავმჯდომარე,  ნინო ჩხაიძე – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და სალომე ცეცხლაძე – საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“.

საკრებულოს სხდომა ხვალ, 29 მაისს უნდა გაიმართოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: