29 მაისიდან ბათუმში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მიაწოდა ჟურნალისტებს.
მერის თქმით, ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სარგებლობისას აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება და ავტოსაშუალებებმა უნდა იმოძრაონ ღია ფანჯრებით, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება.
“არის მთელი რიგი პირობები, რომელიც უნდა იყოს დაცული როგორც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ასევე გადამყვანი ორგანიზაციების და ავტოსაშუალებების მფლობელების მხრიდან, ვინაიდან შევძლოთ მაქსიმალურად იმ ეფექტის შენარჩუნება, რაც გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში. აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა, ასევე აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა. ეს ეხება ამ ეტაპზე მიკროავტობუსებს და არ ეხება ავტობუსებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგზავრები მუნიციპალურ ავტობუსებში იქნება მიჯრით,” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
მერის განცხადებით, მძღოლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარით.
„ეს განსაკუთრებით ეხება მიკროავტობუსებს, ვინაიდან არამხოლოდ მძღოლების მოხმარებისთვის არის ეს განკუთვნილი, არამედ მგზავრების მოთხოვნაში უნდა შეძლონ მიწოდება ასეთი ხსნარების, რათა მგზავრებმა შეძლონ ხელის დამუშავება. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, იქ განთავსებულია სადეზინფექციო დისპენსერები და მგზავრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ისინი,“ – თქვა ლაშა კომახიძემ.
ლაშა კომახიძემ მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს და ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორს დაავალა, რომ ტრანსპორტით მგზავრობისას დასაცავი წესების ჩამონათვალი როგორც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, ისე გაჩერებებზე გამოაკრან.
მერის თქმით, აუცილებელია როგორც ავტობუსებს, ისე მიკროავტობუსებს ყოველდღე ჩაუტარდეს დეზინფექცია. ასევე, მძღოლებმა ყოველდღიურად უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და ეს სპეციალურ ჟურნალში აღირიცხოს.
წესების დაცვის შესრულებაზე მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.






