ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონის ტენდერები მოიგეს –  TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

„ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე:

  • მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;
  • 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;
  • დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონამდე ლარი მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი“, – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

მაგალითად, კვლევის მიხედვით, „გიგა 2015“ ანზორ ქამადაძემ 2015 წელს დაარეგისტრირა, 100%-ის მფლობელი და დირექტორიც თავად იყო. 2016 წლის 3 ივნისს კომპანიის დირექტორად ანზორ ბოლქვაძის ნათესავი, რომან ბოლქვაძე დაინიშნა (საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით დგინდება, რომ რომან ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძის დედა, სემიე ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები). 2018 წლის 8 იანვარს ანზორ ქამადაძემ კომპანიის 100% რომან ბოლქვაძეს უსასყიდლოდ გადასცა.

რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს „გიგა 2015” აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს. ანზორ ქამადაძის დირექტორობის დროს კომპანიას თუ ერთი ტენდერიდან და ერთი გამარტივებული შესყიდვიდან სულ 52 542 ლარი ჰქონდა მიღებული, რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2016 წლიდან 2020 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით კომპანიის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 73-ჯერ გაიზარდა და მთლიანობაში 3 847 120 ლარი შეადგინა. აქედან, 1 290 493 ლარი (შემოსავლის 33%) უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მიღებული თანხაა. „გიგა 2015“-მა სულ 79 შესყიდვაში მოიგო.

ამასთან, კომპანიამ ჯამში მიღებული თანხის 84% – 3 252 372 ლარი აჭარის საგზაო დეპარტამენტის 69 შესყიდვიდან მიიღო – ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დეპარტამენტში 10 წელია ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე მუშაობს. მეტიც, ის წლების განმავლობაში დეპარტამენტის სატენდერო კომისიის წევრი იყო, მათ შორის იმ შესყიდვების დროს, რომელთა შედეგად ხელშეკრულებები „გიგა 2015”-ს გაუფორმდა. როლანდ ბოლქვაძე დეპარტამენტში მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახურის უფროსი იყო, ამჟამად კი ლოჯისტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს.

„გიგა 2015”-მა 29 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, მათგან 27 შემთხვევაში შემსყიდველი საგზაო დეპარტამენტია, რომლისგანც კომპანიას 21 945 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 14 შესყიდვაში კონკურენტები შემსყიდველებს შპს „გიგა 2015”-ზე დაბალ ფასებს სთავაზობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ ტენდერებში შპს „გიგა 2015”-მა გაიმარჯვა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

ორგანიზაციის კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით:

„ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. დეპუტატის ეკონომიკური საქმიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ ანზორ ბოლქვაძე არ გამოირჩევა აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობით (დეპუტატობის 12 წლის მანძილზე ბოლქვაძემ პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. 5-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო ინიციატივის ავტორი – ერთი დამოუკიდებლად, მეორე კი სხვა დეპუტატებთან ერთად მოამზადა, დანარჩენი 3 წარდგენილი დოკუმენტი აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობის გარემოს დაცვის სამმართველოსა და ბათუმის მერიაში მომზადდა).

ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს, რითაც ათწლეულია სარგებლობს სხვადასხვა მაჟორიტარი – ისინი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობენ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რაც ხშირად სრულდება მათი ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმებითა და მათთან დაკავშირებული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით. საბოლოოდ კი საზოგადოება შედეგად იღებს კორუფციის გაზრდილ რისკებსა და ნაკლოვან საჯარო მმართველობას.

კვლევაში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით მოვუწოდებთ:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „აისის”, “ქედესა” და „გიგა 2015”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

ამ თემაზე:

„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე

ძლიერი ქარიშხალი, სეტყვა და ქარბორბალა სტამბოლში

23 ივნისს სტამბოლის რამდენიმე რაიონში ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. წვიმამ და ქარიშხალმა შეაფერხა მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ადგილას, წვიმას თან ახლდა სეტყვაც.

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ავდარს ემსხვერპლა სირიელი დევნილი.

წვიმამ დატბორა სტამბოლის რამდენიმე უბანი.

ფოტო: dailysabah.com

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, 3 განკურნებული პაციენტი – 24 ივნისის მონაცემები

დღეს, 24 ივნისს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი კი ქოვიდინფიცირებული პაციენტის კონტაქტში მყოფი პირია.

საქართველოს ქოვიდცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა დასტურდება, აქედან 771 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.

_________________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

 

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი დღეს, 24 ივნისს, დილით იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია შუახნის ას კაცი.  მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ, 23 ივნისს, შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს მყინთავები ეძებდნენ.

აჭარაში კომპანიის ხელმძღვანელი დოკუმენტების გაყალბებისთვის დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის ფაქტობრივმა მმართველმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური მიწოდებები, ასევე ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე-ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული 768 775 ლარის ღირებულების 1 338 მ3 მასალა, რითაც მიიღო 106 936 ლარის დღგ-ის უკანონო ჩათვლა.

ბრალდებულმა აღნიშნული უკანონოდ მიღებული ჩათვლა გამოიყენა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 185-ე და 194-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-წლამდე ვადით.

 

მთავარი ფოტო: საგამოძიებო სამსახური

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი. ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიაში 2008 წლიდან მუშაობს.

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საზღვაო აკადემიის ეთიკის კომისია დაახლოებით 7 საათი განიხილავდა ვაჟა ანანიძის საკითხს – მოახდინა თუ არა მან საზღვაო აკადემიის დისკრედიტაცია, ასევე აშანტაჟებს და აბულინგებს თუ არა კონკრეტულ თანამშრომელს, ვისი ნაშრომიც, მისი აზრით, პლაგიატს შეიცავს. კომისია დღეს ისე დაიშალა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ეთიკის კომისიამდე ვაჟა ანანიძეს რამდენიმე წერილით მიუმართავს რექტორისთვის, ასევე ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლისთვის და რეაგირება მოუთხოვია სხვადასხვა პრობლემაზე: პლაგიატზე, აკადემიის სტრუქტურის გამართვაზე, დოქტორანტურაზე… მას შემდეგ, რაც ვაჟა ანანიძეს პასუხი არ მიუღია, მან 5 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართა, 18 მაისს კი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ვაჟა ანანიძე მიიჩნევს, რომ პლაგიატს აკადემიის არაერთი პროფესორის ნამუშევარი შეიცავს და ამ დრომდე აკადემია სპეციალურად არ იყენებს ელექტრონულ პროგრამას, რომელიც ავტომატურად ადგენს პლაგიატის გამოყენების შემთხვევებს.

„მე მივმართე მხოლოდ ორ შემთხვევაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს – რექტორის ირაკლი შარაბიძის სადისერტაციო ნაშრომზე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნინო ყურშუბაძის ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომზე… აკადემიის ადმინისტრაციაში ჩათვალეს, რომ ეს იყო აკადემიის პრესტიჟის დაბლა დაცემა,“ – გვიყვება ვაჟა ანანიძე.

დადგინდა თუ არა პლაგიატი, ჯერ უცნობია – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯერ საჯარო ინფორმაციით პასუხი ვაჟა ანანიძისთვის არ გამოუგზავნია.

ვაჟა ანანიძემ ის კონკრეტული ნამუშევრები გვაჩვენა, რომელსაც იგი პლაგიატად მიიჩნევს. მაგალითად, საზღვაო აკადემიის დღევანდელმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ 2015 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „შავ ზღვაში არსებული გოგირდწყალბადის ამოღების, დამუშავების ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები“. ინტერნეტში ხელმისაწვდომია ასევე მერაბ ჯიბლაძის სამეცნიერო ნაშრომი „შავი ზღვის სიღრმული წყლებიდან გოგირდწყალბადის მიღება და ფიზიკო-ქიმიური ანალიზი“, რომელიც 2014 წელსაა გამოცემული. ორივე სამეცნიერო ნაშრომში იდენტური ტექსტებით აღწერილია კონკრეტული მეთოდი, რომელიც ტექსტის მიხედვით დაპატენტებულია. ორივე ნაშრომის მიხედვით, პატენტის ავტორი თვითონაა, ვინც ამ ნაშრომს წერს.

ვაჟა ანანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მერაბ ჯიბლაძე ირაკლი შარაბიძის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო და ირაკლი შარაბიძე ნაშრომის ბოლოს ასახელებს მერაბ ჯიბლაძის იმ კონკრეტულ ნაშრომს, საიდანაც ტექსტის ნაწილი გამოყენებულია.

„მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი სტანდარტი – იქვე უნდა იყოს ეს აღწერილი, ვისი ტექსტია გამოყენებული და მეორე: როგორ გაიგოს მკითხველმა, როცა ერთსა და იმავე მეთოდზე ორივე ავტორი ერთნაირად წერს: „ჩვენ მიერ მიღებულ პატენტში“? – კითხულობს ვაჟა ანანიძე.

ვაჟა ანანიძემ გვაჩვენა ნინო ყურშუბაძის სამეცნიერო ნაშრომიც, რომელიც მან ლატვიაში საზღვაო აკადემიების კონფერენციაზე 2017 წელს წარადგინა. ნინო ყურშუბაძე საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.

ვაჟა ანანიძის მტკიცებით, ნინო ყურშუბაძის ინგლისურენოვანი ნაშრომი „ROLE of ISO 14001:2015 IN SUSTAINABLE ASSURANCE OF MARPOL CONVENTION REQUIREMENTS“ კონკრეტულ გვერდებზე სიტყვა-სიტყვათ იმეორებს 2013 წელს გორანა ჯელიკ მარელიკის და მერიკა შლისკოვიჩის ნამუშევარს „Sustainable Ship Management“. ნინო ყურშუბაძეს სამეცნიერო ნაშრომის სქოლიოში ეს ავტორი მითითებული არ აქვს.

კონკრეტული აბზაცების გამეორება ამ ტექსტებში ნახა „ბათუმელებმაც“, თუმცა ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, მაგალითად: შესაძლოა, ნინო ყურშუბაძემ სხვა ავტორით ისარგებლა, ვისაც ანალოგიური ტექსტი აქვს და ვინც თავისი ნაშრომის სქოლიოში მიუთითა კიდეც? – ამ და სხვა კითხვების დასმა თავად ნინო ყურშუბაძისთვის გვინდოდა, თუმცა საზღვაო აკადემიის ინტერნეტგვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერი მას დღეს გამორთული ჰქონდა.

ნინო ყურშუბაძესთან, ასევე ირაკლი შარაბიძესთან დაკავშირებაზე, ან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს საზღვაო აკადემიის პრესსამსახურშიც. აქ განმარტეს, რომ ეს საკითხები დახურულ სხდომაზე განიხილება და ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ირაკლი შარაბიძემ.

სხდომა, რომელზეც ვაჟა ანანიძეს აკადემიის დისკრედიტაციას ედავებიან, დღეს დილიდანვე დახურეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა ანანიძე თანახმა იყო, სხდომა მედიაში გაშუქებულიყო, აკადემიის ეთიკის კომისიამ პერსონალური მონაცემების დაფარვის მოტივით სხდომა დახურა, თუმცა დახურა არა სხდომაზე, არამედ მის დაწყებამდე.

სხდომის დახურვა ერთ-ერთი საკითხია, რასაც ანა ბერძენიშვილი აპროტესტებს. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტია და ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს. მისი შეფასება კრიტიკულია და მიიჩნევს, რომ ვაჟა ანანიძეს საზღვაო აკადემიაში დევნიან.

„ეს არის დევნა… ყველა პროცედურა დაარღვიეს, რის დარღვევაც შეიძლებოდა. ყველაზე მთავარი ალბათ იყო ის, რომ ვისაც ვედავებით დარღვევებს, ის იხილავდა ამ საქმეს და არათუ იხილავდა, არამედ კომისიის თავმჯდომარეა“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი შარაბიძეა, საზღვაო აკადემიის რექტორი. იგი დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო დისტანციურად „ზუმის“ საშუალებით ესწრებოდა. რადგან კომისიის თავმჯდომარე სხდომას ფიზიკურად ვერ დაესწრო, სხდომას მისი მოადგილე, მანუჩარ ლორია გაუძღვა.

„აცილება დაკმაყოფილდა ნინო ყურშუბაძის შემთხვევაში, მაგრამ აცილება არ დაკმაყოფილდა ირაკლი შარაბიძის შემთხვევაში, რომელიც თვეების განმავლობაში არ სცემდა პასუხს ვაჟა ანანიძეს, მან აკადემიის ასოცირებული პროფესორის არც ერთ წერილს არ უპასუხა… ის ხან შემოდიოდა სხდომაზე, ხან ითიშებოდა, მერე ისევ ურეკავდნენ და ასე გრძელდებოდა,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი.

იურისტის ანა ბერძენიშვილის შეფასებით, დღევანდელ სხდომაზე საზღვაო აკადემიამ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში გამართული სხდომის კანონით განსაზღვრული ყველა წესი დაარღვია. ის გამოყოფს „მთავარ დარღვევასაც“ – საქმის მასალები, თუ რას ედავებიან კონკრეტულად პროფესორს, არც ვაჟა ანანიძეს აჩვენეს და არც მისი ინტერესების დამცველს.

„არც კომისიის წევრებს ჰქონდათ საქმის მასალები… მათ ჰქონდათ გეგმა, რომ უნდა დაესვათ კითხვები მხოლოდ ვაჟა ანანიძისთვის და დღესვე დაესრულებინათ სხდომა. კომისიამ ჩემ მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დაამაყოფილა,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

საზღვაო აკადემიაში არც ის გვითხრეს, როდის მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ სამართლებრივად შესაძლოა ასოცირებულ პროფესორს შენიშვნა მისცენ, ან გაფრთხილება, ხელფასი ჩამოაკლონ, ან საერთოდ – სამსახურიდანაც გაუშვან.

„კულმინაცია იყო ბოლო ეტაპი, როცა კომისიის წევრებმა გვითხრეს, რომ გადიან სათათბიროდ. ვიკითხე, რა საკითხზე სათათბიროდ გადიხართ-მეთქი და კომისიის იურისტმა მიპასუხა, მტკიცებულებების შესასწავლადო. ეს ირონია და გაუგონარი ამბავია – მტკიცებულებები საჯაროდ უნდა შეისწავლონ,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

____

მთავარი ფოტო: ვაჟა ანანიძე

მწვანე კონცხის ჩაბეტონება – პროცესი დაწყებულია

მწვანე კონცხი ჯერ ისევ მწვანეა, მაგრამ აქ დაწყებული სამშენებლო პროცესების გამო გიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა მას მალე ნაცრისფერი, „ბეტონისფერი“ შეერიოს. პროცესი დაწყებულია.  მწვანე კონცხისა და განსაკუთრებით მახინჯაურის პირველ ზოლში წამოწყებული მშენებლობების სიმაღლის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ორსართულიანი სახლების რაოდენობა, რომლებსაც სახლის წინ ზღვის ხედი ბეტონის კედლებით შეეცვალათ, ან უკვე წამოწყებული მშენებლობის გამო მომავალში შეეცვლებათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ ბოტანიკური ბაღი აკრავს, ქალაქთან ახლოს კარგად გამწვანებულ მთის ფერდობზე არსებული საცხოვრებელი სახლების წინ, ზღვის ხედი ერთ-ერთი განსაკუთრებული ხიბლი იყო ტურისტებისთვის, ამ სახლებში დასვენება რომ გადაეწყვიტათ და არა მხოლოდ მათთვის.

აქ მცხოვრებლებს, რომლებსაც სახლების წინ გამწვანებული სივრცე და ზღვის ხედი ჰქონდათ, ახლა კი ამოშენებული მაღლივი კედლები აქვთ და საცხოვრებელი გარემო მთლიანად შეეცვალათ, ახალი საფიქრალი გაუჩნდათ. თუ ამ დრომდე ისინი მწვანე სივრცის ჩაბეტონებას ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა თავადაც მშენებლობაზე დაიწყეს ფიქრი – ფიქრობენ, რომ ორსართულიანი სახლები დაანგრიონ და უფრო მაღალი მრავალბინიანი სახლები თავადაც აშენონ, რომ ბოლო სართულიდან მაინც დაიბრუნონ ის ხედი, როგორიც ადრე  ჰქონდათ. აქ უკვე ნახავთ სახლებს, რომლებიც უკვე გამოათავისუფლეს დასანგრევად და  მათ ადგილზე ახალი მშენებლობის დასაწყებად. ვისაც შეუძლია თავად ფიქრობს ახლის აშენებაზე, ვისაც არა – ეძებს ან უკვე იპოვა ინვესტორი, რომ სარფიანად გაყიდოს და თავადაც აქ დარჩეს საცხოვრებლად.

მწვანე კონცხი. სახლები, რომლებსაც კორპუსებმა დაუფარა ზღვის ხედი
მახინჯაურის დაბლობის ახალი ინფრასტრუქტურა
მახინჯაურის ახალი ინფრასტრუქტურა
ახალაშენებული კორპუსები მწვანე კონცხზე
ახალაშენებული კორპუსები მახინჯაურში – ეს კორპუსები ფარავს მწვანე კონცხზე ზღვის ხედს

„შეიძლება ააშენონ, რადგან განვითარება აუცილებელია, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ის მასშტაბები, რაც აქ ამ დრომდე გვქონდა, რომ ამ რეკრეაციულ ზოლშიც არ მივიღოთ ის, რაც მივიღეთ ბათუმში“, – ამბობენ აქ მცხოვრებლები.

„ის, რაც მივიღეთ ბათუმში“, აქ პირველ ზოლში უკვე იგრძნობა, მახინჯაურის დაბლობზე და მწვანე კონცხის დასაწყისში მაღლივ კორპუსს ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე კომპანია აშენებს. რაც შეეხება ზღვის ხედს, რამდენიმე მაღლივი კორპუსი აქ ერთმანეთს ეფარება და შეთავაზებას „სახლი ზღვის ხედით, სახლი ზღვასთან ახლოს“ცვლის.

ვისაც არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება უნდა, მიიჩნევს, რომ მწვანე კონცხი, როგორც ქალაქთან ახლოს მდებარე გამწვანებული ადგილი, განსხვავებულად უნდა განვითარდეს, ამისთვის კი შესაბამისმა უწყებებმა, განსხვავებული რეგულაციები  უნდა შეიმუშაონ, რაც საერთო იქნება ყველასთვის: „ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე“.

მშენებლობის ამ რიტმს ბათუმის მერიაში ეთანხმებიან და შესაბამის ნებართვებსაც გასცემენ, ეთანხმება საკრებულოც. მთავარი მოტივი ბიზნესის და ინვესტორის ხელშეწყობაა, განიხილავენ კონკრეტულ პროექტს, კონკრეტული შეთავაზების ბენეფიტებზე საუბრობენ; არ განიხილავენ ქალაქის ურბანულ განვითარებას ერთიან კონტექსტში, რაზეც სპეციალისტები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას და ხაზგასმით აცხადებენ, რომ „პროექტი საერთო სივრცეში უნდა წარმოვიდგინოთ და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.“

ასეთივე იყო ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის არგუმენტი, როცა შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ მწვანე კონცხზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად ზონის სტატუსის ცვლილება დასჭირდა, საკრებულომ კი ამას მხარი დაუჭირა.

„თქვენ ალბათ ადგილზე არ მისულხართ და არ იცით, სად არის დაგეგმილი პროექტის მშენებლობა: ეს არ არის მწვანე კონცხი, ეს არის გზაზე, სანამ მწვანე კონცხისკენ აუხვევ“, – ასე ახსნეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სარეკრეაციო ზონის, საქმიანი ზონით შეცვლის გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის შემდეგ. როგორც ჩანს, საკრებულოში კარგად ვერ გაიაზრეს, რომ გზაზე ზღვასთან ახლოს წამოწყებული ორი 28-სართულიანი, 110 მეტრი სიმაღლის მშენებლობა, „ვიდრე მაღლობისკენ აუხვევ“, მის უკან მდებარე სახლებს  ხედს უფარავს და როგორც ამ ხედის, ასევე დამსვენებლის გარეშე თუ არ ტოვებს, მათ რიცხვს ბევრად ამცირებს. ამის შემდეგ აქ ერთადერთი გამოსავალი რჩებათ – „ჩვენც უნდა ავაშენოთ“. მათთვის უარის თქმა კი, შესაძლოა შერჩევით მიდგომად, შესაბამისად, მათი უფლებების დარღვევადაც კი შეფასდეს.

მწვანე კონცხი – „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ პროექტის რენდერი

ვინც გარანტირებულად იცის, რომ ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერც ზღვის და ვერც ქალაქის ხედს ვერ დაუფარავენ შპს „ბიზნეს დეველოპმენტია“, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, რომელმაც მწვანე კონცხზე შვიდსართულიანი სასტუმრო კომპლექსის კარკასის მშენებლობა უკვე დაასრულა. შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ და „ქართუ“  ერთობლივად აქ  ხუთ ჰექტარ  კვადრატულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. როგორც ადგილზე სამშენებლო ობიექტის დაცვამ გვითხრა „აქ ჯერჯერობით, სხვა მშენებლობის წამოწყებას კომპანია არ გეგმავს.“

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სამშენებლო მოედანი მწვანე კონცხზე 2020 წელში კიდევ უფრო გაიზარდა

ბათუმში მწვანე კონცხზე ყველა მასშტაბური სამშენებლო პროცესი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“ აქვს წამოწყებული, თანდათან ფართოვდება კომპანიის სამშენებლო მოედანიც. აქ ნაკვეთების ნაწილი კომპანიაზე, ნაწილი კი „ქართუზეა“ დარეგისტრირებული.

ოფიციალურად შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ ასი პროცენტი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ობშორში, პანამის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. „ბიზნეს დეველოპმენტის“ „ქართუსთან“ კავშირს, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია, მწვანე კონცხზე მიმდინარე სამშენებლო პროექტებისთვის მიწის ნაკვეთების გადანაწილებაც ცხადყოფს, ნაწილი „ქართუს“ სახელზეა გაფორმებული, ნაწილის მფლობელი კი „ბიზნეს დეველოპმენტია“.

2020 წელს შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მწვანე კონცხზე დაირეგისტრირა მცირე ზომის ნაკვეთი, რომლის ირგვლივაც დიდი ტერიტორია შპს „ქართუს“ ეკუთვნის. ამ საკადასტრო ნაკვეთს ერთი მხრიდან ისევ „ბიზნეს დეველოპმენტის“ ნაკვეთი აკრავს.

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი ნაყიდი აქვს შპს „ურეკი რეზიდენსსაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია. თუმცა ბათუმის მერიაში ამ ნაკვეთზე მშენებლობის მოთხოვნით განაცხადი ჯერ არ შესულა, სხვა კომპანიები კი როგორც მწვანე კონცხზე, ასევე მანინჯაურის დაბლობზე, მშენებლობის ნებართვებს ისევ იოთხოვენ.

მონიშნული – „ბიზნეს დეველოპმენტისა“ და „ქართუს“ ნაკვეთები მწვანე კონცხზე
მწვანე კონცხი. 23.06. 2020 წელი

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე

„დეპრესიულად ვართ, წარმოიდგინეთ, თითქოს სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა. არაფრის შანსი აღარ გვაქვს, რომ ვაკეთოთ. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა, პერსპექტივა არაა“, – ასეთია შუახევში, სოფელ დაბაძველში მცხოვრები მანანა ქამადაძის განწყობა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამ, აჭარის მთაში მცხოვრებთა ძალიან დიდი ნაწილი უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვა. ოჯახებში, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმ კრიზისის შესახებ, რაც დღეს უკვე საგრძნობია და ელიან, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. უმუშევრობა, ვალები და მომავლის შიში – რა ხდება მაღალმთიან აჭარაში.

„მედდა ვარ, მაგრამ ძალიან მცირე ხელფასი მაქვს, ამიტომ ჩემი ოჯახიდანაც დავდიოდით თურქეთში ოჯახი რომ  გვერჩინა. 13 წლის შვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად სჭირდება ექიმთან ვიზიტი, მედიკამენტები. გვაქვს ბანკის ვალიც. თუ დიდხანს არ გაიხსნება საზღვარი, არ ვიცი რა იქნება, ძალიან დეპრესიულად ვართ. წარმოიდგინეთ, სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა თითქოს. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა“, – გვეუბნება მანანა ქამადაძე.

მანანა ამბობს, რომ სახლი დიდი აქვს, თუმცა „ცარიელი კედლები პურს ვერ გაჭმევს“. სოფელში არც იმის შესაძლებლობაა, რომ ბინა გააქირაო. შუახევის შემოსასვლელში რაღაც სათბური გაიხსნა, ვიფიქრე, რომ იქ ვიმუშავებდი, მაგრამ რამდენი დასაქმდება? ძალიან ბევრს აქვს პრობლემა“, – გვეუბნება ის.

მანანას ოჯახმა ინტერნეტი მეზობლისგან გაიყო. „15-15 ლარს ვიხდიდით, თუმცა არ გაამართლა, რადგან სულ იჭედებოდა, ხან შუქი არ იყო და ასე წვალებით სწავლობდა ბავშვი“.

მანანას ბინის გაყიდვაც მოუხდა. ამბობს, რომ ამ თანხით მხოლოდ ვალების ნაწილი დაფარა. „ბავშვი მყავდა ექიმთან წასაყვანი, სესხი გამოვიტანე, სარეცხი მანქანა მჭირდებოდა სესხი ავიღე და კიდევ ბევრი საჭიროება არსებობს. იმედი მქონდა თურქეთში წავიდოდით და ვიმუშავებდით, ამასობაში საზღვარიც დაიკეტა“.

სოფელ ნენიაში ცხოვრობს დარიკო მიქელაძე. თურქეთში სამუშაოდ მისი მეუღლე დადიოდა. „ამით გვედგა სული“, – გვეუბნება შუახევის სოფელში მცხოვრები დარიკო. ოჯახში ორი შშმ პირი ცხოვრობს, რომლებსაც მუდმივი დახმარება და ყურადღება სჭირდებათ.

დარიკოს მეუღლე თამაზ მიქელაძე ამბობს, რომ საზღვრის ჩაკეტვა ძალიან ცუდად აისახა არა მარტო მისი ოჯახის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. „ფაქტობრივად, მაგით ვარჩენდი ოჯახს. 24 საათი იმის ფიქრში ვარ, როგორ უნდა დავფარო ბანკის ვალები, სულ ცოტა 500 ლარის მარტო წამალი გვჭირდება შშმ ოჯახის წევრებისთვის.

არც დახმარება, არც არაფერი. მერიაში და ყველა მეუბნება „ჩვენ არ გვეხება“. ვის ეხება და მათ რა ეხებათ ვერ გავიგე. სკამებზე კი ზიან და ხელფასს იღებენ. ბათუმში კორონა იყო და ვერ ჩავედი,  რამე სამუშაო რომ მომეძებნა… რა იქნება არ ვიცი, იქნებ გაიხსნას საზღვარი“, – ამბობს თამაზ მიქელაძე.

ახლა ოჯახი იმ მოსავლის იმედზეა, რომელსაც შემოდგომაზე ბოსტანში მოიწვევს. „ცოტა საქონელიც გვყავს და გავიტანთ ალბათ თავს“, – ამბობს თამაზი.

სოფელ გორხანაულში ცხოვრობს რამაზ დიასამიძე, რომელიც ცდილობს საყოველთაო უმუშევრობას იუმორის თვალით შეხედოს. „ვზივარ სახლში და ვისვენებ, სამუშაო აღარ მაქვს“, – გვეუბნება ის.  ამბობს, რომ არც არავინ ეხმარება და არც არავისი იმედი აქვს. „სასკოლოდაც ვერაფერს ვეღარ ვიყიდი ალბათ, რაც გვქონდა იმით ვართ“.

რა შეცვალა მათ ცხოვრებაში საზღვრის ჩაკეტვამ, ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს მცხოვრებლებსაც ესაუბრა.

თამილა შანთაძე

თამილა შანთაძე თურქეთში მეუღლესთან ერთად გადადიოდა ჩაის საკრეფად. აქ ნაშოვნი ფული, მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. „ახლა სრულიად უფულოდ ვართ“, – გვეუბნება ის.

თამილას თქმით, სახლში მალე გაჩნდა საკვების, ჩასაცმელის და სხვა საოჯახო ნივთების შეძენის საჭიროება, თუმცა არ ჩანს შემოსავალი. „პატარა ბოსტანი მაქვს და იქ დავთესე რაღაცეები, საქონელი აღარ მყავს, გავყიდე“, – გვეუბნება თამილა, რომელიც ამბობს, რომ თურქეთში მუშაობის პირობებში პირუტყვის შენახვა შეუძლებელი იყო. მისი თქმით, ვერც ქალაქში წავლენ სამუშაოდ, რადგან „რომ წახვიდე, იქ ღამის გასათევი გჭირდება, სხვასთან ყოველთვის ვერ მიხვალ, აქ კიდევ სამუშაო არაფერია“.

ბეჟან დეკანაძე

ბეჟან დეკანაძეც ამავე სოფელში ცხოვრობს, მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. ის შვილთან ერთად გადადიოდა თურქეთში სამუშაოდ. ოჯახის შემოსავალი ახლა მეუღლის ხელფასია – 200 ლარი, ის საბავშვო ბაღში მუშაობს. „200 ლარად იცხოვრებ? ვერა. ავად რომ ვიყავი კრედიტი ავიღე და ესეც გადასახდელი მაქვს, სად ვნახო, სად ვიშოვო, ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალი თურქეთში მუშაობა იყო“.

ბეჟანი ამბობს, რომ ბეშუმში ერთ ადამიანს ხის სახლი აუშენა, თუმცა ფული ვერ გადაუხადა. „ხომ ვერ დაახრჩობ, იმასაც აღარ აქვს? ბათუმში მშენებლობაზე მინდოდა დასაქმება, ვეხვეწე ნაცნობებს, მაგრამ ყველა თავისთვის ცდილობს“, – გვეუბნება ის.

სოფელ უჩხოში ცხოვრობს მზია შავაძეც. სახლი ავარიული აქვს, რის გამო კომპენსაცია აიღო, თუმცა ახალი რომ ეყიდა, ბანკიდან სესხი გამოიტანა.

„ორ ბანკში მაქვს სესხი, 3 წელი კიდევ უნდა გადავიხადო. ჩაის, თხილის საკრეფად ჩემი მეუღლე და შვილი მიდიოდა, წელს ვეღარ წავიდნენ. სოციალური შემწეობა მაქვს 250 ლარი და ყველა ბანკში მიდის“.

მზია ამბობს, რომ ახლა მისი მეუღლე ქობულეთშია და იქ ცდილობს დღიური სამუშაოს შოვნას.

საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის გამო, ათასობით საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის წინაშე. საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გადადიოდა თურქეთში ყოველდღიური თუ სეზონური სამუშაოს შესასრულებლად. ეს ადამიანები ყოველდღე მოუთმენლად ელოდებიან ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის განახლებას.

 

მთავარი ფოტო: მანანა ქამადაძე თანასოფლელებთან ერთად/ბათუმელები

 

ამავე თემაზე:

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სულიკო ჟღენტის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმში მისი სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება. მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები.

სულიკო ჟღენტს 95 წელი შეუსრულდებოდა. გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქ.ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, სულიკო ჟღენტის მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.

სულიკო ჟღენტი გახლდათ უდიდესი ქართველი კინოდრამატურგი, თაობების კულტადქცეული, უკვდავი ფილმების სცენარების შემქმნელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმისა და ლევიცეს (სლოვაკეთი) საპატიო მოქალაქე. საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს სხვადასხვა პრემიები, ის იყო კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი 1970, 1972, 1973 წლებში.

სულიკო ჟღენტი იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” რედაქტორი, არის უკვდავი ფილმების სცენარის ავტორი, მათ შორის: “ჭიაკოკონა”, “ჯარისკაცის მამა”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ღიმილის ბიჭები”, “ნერგები”, “ფესვები”,“ბურთი და მოედანი“ „წუთისოფელი“, “რაჭა ჩემი სიყვარულია” და სხვა.

უდიდესია სულიკო ჟღენტის დამსახურება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის წინაშე, ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა კინოდრამატურგიის პროგრამას.

ბარბალე – დამგზავრების აპლიკაცია ქალებისთვის, გზაშია

თუ გოგო ხართ და ავტოსტოპით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ მობილური აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებოდათ თქვენთვის სასურველი მიმართულებით მიმავალ ქალ მძღოლს დამგზავრებოდით. ქართველი დეველოპერების ჯგუფი სწორედ ასეთ უფასო მობილურ აპლიკაციაზე, “ბარბალეზე” მუშაობს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების  დამგზავრებას, ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებასა და დამეგობრებას.

აპლიკაციაზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ჯგუფში სამი გოგოა: ანა გურგენიძე, ანანო ბოდოკია და ანნა გოროზია.

ანა გურგენიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, შეიქმნას სტერეოტიპებისგან დაცლილი სანდო სივრცე ქალებისთვის, სადაც გადაადგილების გამარტივებასთან ერთად ქალები იმგზავრებენ უსაფრთხოდ, „თანაც, რატომ უნდა წახვიდეთ მარტო, თუკი შეგიძლიათ იმგზავროთ საინტერესო ადამიანებთან ერთად, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და იქნებ დამეგობრდეთ კიდეც?“

რატომ ბარბალე? – გვინდოდა შეგვერჩია სახელი, რომელიც ასოცირებული იქნებოდა ქალებთან და მგზავრობასთან. ჰოდა, ასე, შემთხვევით, მეგრული ბორბლის და მზის ქალღმერთის (ქართული მითოლოგია) შერწყმა გამოგვივიდა.

აპლიკაციის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქალები და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები არიან. აპლიკაციის შექმნის იდეაც იქედან გაჩნდა, რომ დამგზავრებისას ქალი ხშირად ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ან დგება ძალადობის უფრო მძიმე ფორმის საფრთხის წინაშე, რის გამოც დამგზავრებაზე ხშირად ქალები უარს ამბობენ.

ამავე მიზნით ორი თვის წინ Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი Let’s Go Womxn, რომელიც მსგავსია უკვე არსებული ჯგუფებისა, ოღონდ კონკრეტული აუდიტორიით.  ამ ჯგუფში გაწევრიანდა ხუთასამდე ქალი, რომელთა მხრიდანაც დამგზავრების სერვისის მიმართ მაღალი ინტერესია.

„ისეთ ჯგუფებში, სადაც შერეულად ქალებიც არიან და კაცებიც,  ქალები ინიციატივას დიდად არ იჩენენ და ამ 500-ქალიან ჯგუფში, ამავე სერვისის მიმართ გაცილებით უფრო მაღალია ინტერესი, ვიდრე ამავე თემატიკის 100 000-წევრიან, შერეულ ჯგუფში, რადგან ნდობა ქალებს ქალების მიმართ უფრო მეტი აქვთ”.

ანა გურგენიძე ამბობს, რომ ფეისბუქის ფორმატი ასეთი სერვისისთვის არც ისე მოსახერხებელია, რადგან ჯგუფში სასურველი მარშრუტების ძიება დროში ძალიან იწელება. „მალევე მივხვდით, რომ ფეისბუქი ამისთვის კომფორტული სივრცე არ არის და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა  პლატფორმა, რომელიც გაამარტივებდა ამ კომუნიკაციას,” – ამბობს ანა.

იმისთვის, რომ აპლიკაცია სრულად გაიმართოს და ჩაეშვას მოხმარებაში, თანხის მობილიზებაა საჭირო – სულ 10 000 ლარი უნდა მოგროვდეს. თუ თანხის ნახევარი მოგროვდება, დარჩენილი თანხის ნახევარს ორგანიზაცია „ორბელიანი მეტი“ დააფინანსებს. თანხის მოსაგროვებლად 83 დღეა დარჩენილი.

„ჩვენ, გოგოები, მოხალისებრივად ვდებთ დროსა და ადამიანურ რესურსს აპლიკაციის ამუშავებაში, მაგრამ იმისთვის, რომ აპლიკაციამ იმუშაოს, ახლა, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემოწირულობები შეგროვდეს, რადგან თავიდანვე გვჭირდება დამატებით მატერიალური რესურსი, რომელსაც გამოვიყენებთ  ტექნიკური თუ სხვა სერვისებისთვის: დომეინი, Android/iOS აპლიკაციების გამოქვეყნებისთვის საჭირო პლატფორმები, ქლაუდ პლატფორმა, სადაც სერვისს გავმართავთ და ა.შ.” – ამბობს ანა გურგენიძე.

როგორ იმუშავებს აპლიკაცია?

მძღოლი აქვეყნებს განცხადებას, რომ მიემგზავრება A-დან B პუნქტში და უფასოდ (ან, სურვილისამებრ, თანხის სანაცვლოდ) გაიყოლებს რამდენიმე ადამიანს. ამასობაში მგზავრი ეძებს სასურველ მარშრუტს, აპლიკაციაში ხედავს მისთვის შესაფერის ვარიანტებს და მძღოლის თანხმობის შემდეგ შეუძლია ისარგებლოს მგზავრობის სერვისით. მგზავრობის დასრულების შემდეგ მძღოლსაც და მგზავრსაც ექნებათ შესაძლებლობა, შეაფასონ ერთმანეთი, რეკომენდაციები დაწერონ ან უბრალოდ მადლობა გადაუხადონ ერთმანეთს კომპანიონობის გაწევისთვის.

იმისთვის, რომ კლიენტი დარწმუნდეს კონკრეტული პიროვნების ნამდვილობაში, მას შეუძლია შეამოწმოს მომხმარებლის ვერიფიცირების დონე (მობილურის ნომრით, Facebook-ით ან პირადობის ნომრით ვერიფიცირებული), სადაც ყველა თავად ირჩევს, რა ინფორმაციის ატვირთვა სურს.

ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა სასამართლოს. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორია, იგი იმპიჩმენტის წესით 2019 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევის გამო, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის ხელი არ შეუშლია, დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანათ.

ნათია კაპანაძის ინტერესებს საია იცავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ საქმეს პრიორიტეტს ცალკეული მოსამართლე ანიჭებს. გამოდის, რომ ამ დრომდე მოსამართლეებს მედიის თავისუფლებასა თუ ჟურნალისტების შესაძლო დევნასთან დაკავშირებული დავები პრიორიტეტულად არ დაუნახავთ. საქმეთა სიმრავლეს და გადატვირთულობას ასახელებენ სასამართლოში იმის მიზეზად, რის გამოც აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებული დავების განხილვა არ იწყება.

ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სარჩელის განხილვაა ჩანიშნული – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე 26 ივნისს დაიწყებს მაია მერკვილაძის სარჩელის განხილვას. ის აჭარის ტელევიზიაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი იყო.

რატომ არ იწყება აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა და რატომ არ აღმოჩნდა ჟურნალისტების შესაძლოა დევნა მოსამართლეებისთვის პრიორიტეტი?

„მიზეზია საქმეთა სიმრავლე და გადატვირთულობა. სხდომის თარიღს კონკრეტული მოსამართლე ნიშნავს, ვის წარმოებაშიც არის საქმე და პრიორიტეტებსაც თვითონ განსაზღვრავს საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით,“ – მოგვწერა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა.

ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ კი, მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

____

რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

მყვინთავები ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის პლაჟზე სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ზღვაში გაუჩინარდა შუახნის მამაკაცი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს სამი მყინთავი ეძებს.

უმაღლესი საბჭო 2021 წლისთვის საკუთარ ბიუჯეტს 100 ათასი ლარით ზრდის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა უცვლელი დარჩება. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საბჭომ უკვე დაამტკიცა. ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 216 800 ლარი გამოიყოფა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით: 2021 წლის ხარჯები განისაზღვრა 5 163 800 ლარით, საიდანაც 3 433 200 ლარი [მთლიანი ბიუჯეტის 66,5 პროცენტი] ხელფასებში დაიხარჯება; 53 ათასი ლარი კი, არაფინანსური აქტივების ზრდაა.

უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რაოდენობა 2021 წლისთვის უცვლელი დარჩება და ის, ისევე როგორც მიმდინარე წელს, 117 საშტატო ერთეულით განისაზღვრა.

„აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში“, – აღნიშნულია საბჭოს დადგენილებაში.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება კი უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას მოუწევს. 2020 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც უნდა ჩატარდეს.

აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, პანდემიის გამო, ცვლილებები 2020 წლის 30 აპრილს შევიდა. მთლიანობაში, აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 301 მილიონ 250 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

ამ თემაზე:

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

10 წელი პატიმრობა არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო

სენაკის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გ.გ.-ს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა.

„ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით, დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მეორე დღეს დააკავეს. იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

პირბადეებითა და პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ზღვა – წყალქვეშა კადრები [ფოტო]

აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ, ბოლო შედეგების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება მარინოლიტერს – ზღვის ხილულ ნაგავს, რომლის უმეტესობა (83%) პოლიეთილენი და პლასტმასია, ახალი ტიპის ნარჩენები პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შეემატა. ამის შესახებ უცხოელი გარემოსდამცველებიც იუწყებიან და ადგილობრივი მოსახლეობაც წერს.

ზღვის სეზონზე ხშირად პლასტმასისა თუ სხვა ტიპის ნარჩენებს პირდაპირ პლაჟზე ან ზღვაში ყრიან ადამიანები. ეს კადრები, რომლებსაც ხედავთ, სპებათუმის ზღვისპირა პარკის გასწვრივ  – ზღვის ზედაპირსა და წყალქვეშაა გადაღებული სპეციალური კამერით.

პლაჟის დაბინძურებისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 80-ლარიანი ჯარიმა აქვს დაწესებული, უშუალოდ წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, ორასიდან სამასამდე ლარ ჯარიმას ითვალისწინებს.

     

 

ამავე თემაზე:

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

ბათუმის რომელ სკოლებშია თავისუფალი ადგილები პირველკლასელებისთვის

ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში 2919 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ბათუმის საჯარო სკოლებში სულ 3078 ადგილი იყო პირველკლასელთათვის.

ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში უკვე შევსებულია, თუმცა, ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, რჩება 159 თავისუფალი ადგილი სხვა საჯარო სკოლებში.

23 ივნისის მონაცემებით, ეს სკოლებია: მე-11 სკოლა, მე-13 სკოლა, მე-20 სკოლა, მე-5 სკოლა, მე-16 სკოლა, 30-ე სკოლა, 29-ე სკოლა, 25-ე სკოლა, 26-ე სკოლა, 22-ე სკოლა, 31-ე სკოლა და 28-ე სკოლა.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი  გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წელს რამდენიმე სკოლაში 8 პარალელური პირველი კლასი გაიხსნა. მაგალითად, 8 პარალელური კლასია ბათუმის მე-8 სკოლაში, სადაც 200 პირველკლასელი მიიღეს, ასევე, 8 პარალელური კლასი შეიქმნა მე-6, მე-10 და მე-14 სკოლებში.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაგრძელდება.

___________________

ფოტოზე – პირველკლასელები. ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მანანა ქველიაშვილი

 

Tbilisi Open Air 2020 წელს არ ჩატარდება

2020 წელს Tbilisi Open Air-ი პანდემიის გამო არ ჩატარდება. ფესტივალი 11 წლის წინ დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში ყოველ წელს ტარდებოდა.

„მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს საშუალებას, ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით” – წერია Tbilisi Open Air-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ფესტივალის ორგანიზატორები 2021 წლის ფესტივალის თარიღებად 25-26-27 ივნისს ასახელებენ, რომლის პროგრამაშიც გარდა ქართველი არტისტებისა, იქნებიან:

• Polo & Pan, LP, She Wants Revenge, Kite (Main Stage).
• Konstantin, Robag Wruhme, Barac, Jennifer Cardini, Map.Ache (EyeStage).
• Gaspard, Fungus Funk (Garden Stage).

2021 წლის ფესტივალს დაემატება რამდენიმე უცხოელი ჰედლაინერი ყველა სცენაზე, Tbilisi Open Air-ის საბოლოო პროგრამა კი  2021 წელს, გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ვისაც წლევანდელი ფესტივალის აბონემენტი უკვე შეძენილი აქვს, დაესწრება  Tbilisi Open Air 2021-ს.

“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. დღეს, 23 ივნისს, ხულიგნობის საქმეზე, რის გამოც ბათუმში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. ბრალდებულების მეუღლეებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ სოციალური დახმარება 2020 წლის მარტში ჩაურიცხეს.

“გვითხრეს, რომ მერიაში დავწერდით განცხადებას და მივიღებდით ფულს. დავწერეთ და მართლაც ჩაგვერიცხა 2-2 ათასი ლარი,” – ამბობს მირანდა ქამადაძე, იგი ბრალდებულის, ელდარ ანთაძის ცოლია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ ამ ოჯახებს ერთჯერადი სოციალური დახმარება მისცეს იმის მიუხედავად, რომ, მაგალითად, ბრალდებულ რეზო წულუკიძის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორივე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია და სადავოდ. არსებითი განხილვა პირველ ივლისს დაიწყება.

ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე, რომელიც ჩხუბს ასახავს.

“იქ ჩანს, რომ ელდარ ანთაძე დაბრუნდა უკან, ხედავს, რომ რეზო წულუკიძეს სცემენ და მას მიეშველა… ის იგერიებდა სამ ადამიანს, ვინც თავს დაესხა. ეს იქნება გამართლების საფუძველი,” – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატმა ისაუბრა ციხეში არსებულ პრობლემებზეც.

“ავბედითი დრო ბრუნდება, ბატონო მოსამართლევ, რასაც ჰქვია პატიმრების წამება,” – დასძინა ადვოკატმა. მისი თქმით, ელდარ ანთაძეს აწუხებს ძლიერი ტკივილი და მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ უტარდება.

პენიტენციურ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ბრალდებულს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება.

“მე გადაწყვეტილებებს ვიღებ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები დევს ჩემს მაგიდაზე, საქმეში ახალი არაფერია წარმოდგენილი,” – აღნიშნა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა, როცა ბრალდებულები ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“მხოლოდ ემოციებით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას,” – დასძინა მოსამართლემ, ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა.

“ემოციებს ნახავთ აწი,” – რეპლიკით გააცილეს მოსამართლე ბრალდებულ რეზო წულუკიძის ოჯახის წევრებმა. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ შემდეგ სასამართლო პროცესზე.

ადვოკატმა გააპროტესტა ბრალდებულების სამარტოო საკნებში დაუსაბუთებლად მოთავსებაც.

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე ბათუმში 7 მაისს დააკავეს, მათ ხულიგნობას ედავება პროკურატურა აპრილში მომხდარ ჩხუბზე. ამავე საქმეზე კიდევ ოთხ პირს წარუდგინეს ბრალი. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და დაპირისპირებული მხარის ბრალდებულებისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში ესენი არიან.

ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ერთ-ერთ აქციაზე, 27 მაისს, პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული წესით.

რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში იყო გასულ წელსაც – ამ შემთხვევაში მას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ედავებოდნენ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენას. ამ საქმეზე რეზო წულუკიძესთან გასული წლის 18 სექტემბერს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზეც“ ბრალდებულის ახლობლები აპროტესტებდნენ იმას, რომ ის, ვინც ამ კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ოთხი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თიბისის მეწარმეებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ.

პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 50.000 ლარიდან – 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის, რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის.

ინიციატივა სახელმწიფო პროექტების – „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგრო კრედიტის“ და „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“-ს ფარგლებში ხორციელდება.

სპეციალური პირობებით სარგებლობა პროექტის – „შეღავათიანი აგრო-კრედიტის“ ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც მეწარმე 48 თვის განმავლობაში, კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში:

[checklist]

  • ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკონსერვება;
  • თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;
  • ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;
  • რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;
  • მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება;
  • სუნელების წარმოება;
  • მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის;
  • ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
  • ჩაის გადამუშავება;
  • ტყავის წარმოება;

[/checklist]

ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს. მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს.

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტრესებულმა პირებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ – https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.

ქართველი მოცეკვავეები ჰოლივუდის ფილმის საბრძოლო სცენებში გადაიღეს

ანსამბლ „რუსთავის“ ქართველი მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდის ბლოკბასტერში გადაიღეს სახელწოდებით Kingsman. ლაშა  ცნობილი კინოვარსკვლავის, რის აიფენსის დუბლიორია, რომელიც ფილმში რასპუტინის როლს ასრულებს, ქართველი მოცეკვავე სწორედ რასპუტინის საბრძოლო სცენებშია გადაღებული. ბლოკბასტერში ის რალფ ფაინსის პარტნიორია.

Kingsman-ის პირველ ორ სერიაში ჯულიანა მური, ტეილორ ეჯერტონი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მესამე სერიაში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ვითარდება. ახალ ფილმში „ოსკარის“ ნომინანტი რალფ ფაინსი, გემა არტერტონი და „ნოტინგჰილის“ ვარსკვლავი რის აიფენსი თამაშობენ. ფილმის სცენარისტი კარლ გაიდუსეკია, რეჟისორი კი – მეთიუ ვონი.

ლაშა მძინარაშვილი ამბობს, რომ ფილმში არა მხოლოდ დუბლიორი იყო,  არამედ თავად დადგა ურთულესი საბრძოლო სცენები.

Kingsman-ს გასული წლის იანვარ-თებერვალში იღებდნენ ინგლისსა და იტალიაში. პრემიერა 2020-ის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო 18 სექტემბრამდე გადაიდო.

ქართველი მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი Kingston-ის გადამღებ ჯგუფს ქართველი კასკადიორების ჯგუფის, Action Production Georgia-ს საშუალებით დაუკავშირდა.

„კასკადიორების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ხუბუა დამიკავშირდა, მანამდე მის ერთ პატარა ფილმზე ვიმუშავეთ და მიცნობდა. მითხრა, რომ გადამღებ ჯგუფს ჰოლივუდიდან სჭირდებოდა სცენები ქართული ცეკვებიდან, სურდათ ორთაბრძოლებში ქართული ცეკვების ელემენტები ყოფილიყო ნაჩვენები. სამი თრეილერია გამოსული და სამივეში ვმონაწილეობ. კასკადიორობას საბრძოლო სცენების ქორეოგრაფი, კანადელი მაქს ვაითი მასწავლიდა.

გადაღებებისას საჭირო გახდა გაგვეძლიერებინა სცენები, რასაც მარტო ვერ გავუმკლავდებოდი და ჩემი მეგობარი, ბაჩანა ჭანტურია, სუხიშვილების მოცეკვავე ჩამოვიყვანეთ ლონდონში, მე და ბაჩანა, ორივენი რასპუტინის დუბლიორები ვართ, ისეთი სცენებია, ერთი კაცი ვერ გაწვდებოდა. კადრებში, სადაც რასპუტინი იბრძვის, ყველგან მე და ბაჩანა ვართ,“ – ამბობს ლაშა მძინარაშვილი.

მოცეკვავეები ლაშა მძინარაშვილი [მარცხნივ] და ბაჩანა ჭანტურია
Kingsman-ის გადაღებებზე მან სამთვენახევარი გაატარა. ლაშას და ბაჩანას ყველა სცენა ლონდონში, „მარველის“ კინოპავილიონებში გადაიღეს.

ფილმის სცენარის მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის წინ ისტორიის ყველაზე დიდი ტირანები და დამნაშავეები იკრიბებიან, რომ მილიონობით ადამიანი დაღუპონ დედამიწაზე. მათ შეჩერებას ერთადერთი ადამიანი ცდილობს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა [video]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

ამჟამად მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. მოწესრიგდა გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები, ბიზნეს და ვიპ ბოქსები. დასრულდა საჩრდილობლების, საზოგადოებრივი და საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები.

“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე?” – ეტლით მოსარგებლე პროცესზე დასწრებას ითხოვდა

“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე, ესაა სამართალი?” – იკითხა დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ. ის ხულიგნობის საქმეზე დასწრებას ითხოვდა, რომელიც სასამართლოს მეორე სართულზე მდებარე დარბაზში გაიმართა, სასამართლოს შენობა კი, ადაპტირებული არ არის.

ჯემალ ჭელიძემ სასამართლოს ფოიეში მას შემდეგ შეაღწია, როცა უთხრეს, რომ სასამართლოს შესასვლელს პანდუსი აქვს, თუმცა ამ პანდუსით მოქალაქე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდა, რადგან წინ ნაგვის ურნა დახვდა. მას შემდეგ, რაც შშმ პირის გზა ნაგვის ურნისგან იქვე მყოფმა სხვა მოქალაქემ გაათავისუფლა, ჯემალ ჭელიძე ფოიეში შევიდა.

“დავსველდი, კონდიციონერი იყო ჩართული და ის წვეთავდა,” – შენიშნა მოქალაქემ, ვიდრე მისაღებში შევიდოდა.

“სამწუხაროდ, სასამართლოს შენობა ადაპტირებული არ არის, იგეგმება რეაბილიტაცია,”

– მიმართა ეტლით მოსარგებლეს სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ.

ეტლით მოსარგებლის შესახებ წუხილი გამოთქვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმაც, როცა მან სასამართლო სხდომა დაიწყო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაძლებელი იყო სხდომის პირველ დარბაზში ჩატარება, რომელიც პირველ სართულზეა და სადაც მარტივად შევიდოდა ეტლით მოსარგებლე.

“მაგრამ ის დარბაზი მცირეა და ამდენი ოპერატორის დასწრება იქ შეუძლებელი იყო,”- დასძინა მოსამართლემ.

____

მთავარი ფოტო: ჯემალ ჭელიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

ჩვილის გაყიდვის ბრალდებით მშობლები დააკავეს

ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო  ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ  ბავშვის გაყიდვა განიზრახეს.

ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც, ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც ისინი დააკავეს.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ახალსოფელში 5,4 ათას კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე 379 500 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში 5 440 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2 616,5 კვ.მ ფართობის შენობა, 379 500 ლარად, პირობებიან აუქციონზე იყიდება. გასაყიდი ნაკვეთი ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრში, მე-15 ქუჩასთან მდებარეობს. ქონება აჭარის საკუთრებაა და მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთი

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 4 ივლისს დასრულდება. მიმდინარე ფასი 370 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 9 500 ლარი.

აუქციონის პირობები:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს (25%) გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან თანაბარწილად 3 ეტაპად, კერძოდ:
    2021 წლის 20 ივნისამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
    2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25%–ის გადახდა;
    2022 წლის 20 ივნისამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით აღნიშნული ტერიტორიისათვის (ზონა) დაშვებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 36 თვის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ქონების შემძენი ვალდებული იქნება, არ შეუზღუდოს გადაადგილება მესამე პირებს, შეძენილი ქონების მიმდებარედ არსებულ კერძო საკუთრებებთან მისასვლელად.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა ადლიაში 5 ჰექტარამდე მიწას პირობებით ყიდის – კვადრატი 98 ლარი

 

9 მილიონზე მეტი ინფიცირებული – პანდემიის ექვსი თვე

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 9 მილიონს აღემატება.

2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 9 100 090 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

ექვს თვეში, იანვრიდან ივნისის ბოლომდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 472 216 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 120 402 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 51 271 – ბრაზილიაში და 42 731 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსისგან განიკურნა 4 527 152 ადამიანი.

ამჟამად კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 2 312 302 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 1 106 470 დაინფიცირებული და  რუსეთი – 591 465 დაინფიცირებული.

ბოლო დღეებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები ინდოეთში – ქვეყანაში სულ 440 215 შემთხვევა დადასტურდა.

__________________________

ფოტოზე, ბრაზილია, საფლავები კოვიდინფიცირებულთათვის. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Fernando Bizerra

 

24 ივნისს თამარის დასახლებაში სარკინიგზო გადასასვლელი ჩაიკეტება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება.

„შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარცხანის დასახლების გავლით.

ბათუმში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, 337 კვლევის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 337 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დღეს, 23 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18594 პირს.

დღეს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1125 პირი.

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – 23 ივნისის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღემდე საქართველოში ვირუსი დაუდასტურდა 911 ადამიანს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტი კარანტინის სივრციდანაა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს კი იძიებენ.

დღეს, 23 ივნისს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 768 გახდა.

ამ დროისათვის საქართველოში 129 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით.

ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, კარანტინშია 2 662 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 255.

გასართობი აქტივობები ღია სივრცეში პირველი ივლისიდან დასაშვებია

ღია სივრცეში არსებულ გასართობ აქტივობებზე პირველი ივლისიდან იზოლაციის და კარანტინის წესებით დამტკიცებული აკრძალვა აღარ გავრცელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 22 ივნისს მიიღო.

იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, „იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა“.

პირველი ივლისიდან დაშვებულია ასევე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება ღია სივრცეში. სხვა შემთხვევაში კი ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ღია სივრცეში ისეთი აქტივობებიც იქნება დასაშვები, როგორებიცაა, „მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები“.

თუმცა მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ ყველა ეს აქტივობა „უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად“.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/461974/

 

 

ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Porter-ი შემოვიდა

ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Porter-ი შემოვიდა. ეს USS Porter-ის მესამე ვიზიტია შავ ზღვასა და ბათუმის პორტში.

“სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „პორტერს” შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა,” – დაწერა საქართველოში ამერიკის საელჩომ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

USS Porter-ი Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად. ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

 

სამსახურიდან გაათავისუფლეს „დასუფთავების“ უფროსი, რომლის თანამშრომლები ყანას მარგლავდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ მერიის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული. აქვე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მიიღო.

ხარაგაულის საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მუშაობენ დღეს, 22 ივნისს, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყანაში. სწორედ ეს ვიდეო გახდა „დასუფთავების“ სამსახურის უფროსის გათავისუფლების მიზეზი.

„სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ “დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა,“ – აღნიშნულია ხარაგაულის მერიის განცხადებაში.

ვრცლად ამ თემაზე: 

„დასუფთავების“ თანამშრომლები ყანის გასამარგლად

 

 

ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ სახელოსნოსთვის 773 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ ტერიტორიაზე სახელოსნოებს ააშენებენ. მშენებლობაზე საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 773 808 ლარია.

პირობის მიხედვით, სახელოსნოების მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს შეწყდება.

კოლეჯი „ახალი ტალღა“ / სახელოსნოების შენობა / რენდერი პროექტიდან

სააგენტომ პროფსასწავლებლების ტერიტორიაზე ასაშენებელი დამოუკიდებელი შენობების რამდენიმე პროექტი შეიძინა. შენობები სხვადასხვა სასწავლო პროგრამის პრაქტიკული (სახელოსნოების) სწავლებისათვის არის საჭირო, როგორიცაა მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, შედუღების სახელოსნო, ხის მხატვრული დამუშავება, კულინარია და კონდიტერია.

ამ თემაზე:

სახელმწიფო 7 ქალაქში პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელოსნოებს ააშენებს

„დასუფთავების“ თანამშრომლები ყანის გასამარგლად

ხარაგაულის საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მუშაობენ დღეს, 22 ივნისს, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყანაში. ავალიშვილი ამბობს, რომ ეს ყანა ხარაგაულის „დასუფთავება-კეთილმოწყობის“ დირექტორის, თეიმურაზ ფურცელაძის ახლობელს ეკუთვნის და მუშები ყანაში დირექტორის დავალებით მუშაობდნენ.

მოკლე ვიდეოჩანაწერში ისმის ხარაგაულის საკრებულოს წევრის, თორნიკე ავალიშვილის კითხვა – „ვინ გამოგიშვათ?“ და პასუხი: „უფროსმა. …თემურია, ვინ არის უფროსი“.

„გახდა ჩემთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ და მივედი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ისინი მუშაობდნენ. თვითონვე ამბობენ, თემურმა გამოგვიშვაო. ვიდეოში ისმის, რომ ვეკითხები – ფურცელაძემ? და კიო. სხვა თემურ ფურცელაძე მათი ხელმძღვანელი არ არის. იქვე იყო ორი მანქანა, ერთი გადავიღე, მეორე – ვეღარ, უაზის ტიპის ავტომანქანა იყო, რომლითაც ნახევარი ხალხი ამოიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თორნიკე ავალიშვილმა.

ავალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის „დასუფთავების“ თანამშრომლები არა უშუალოდ თეიმურაზ ფურცელაძის, არამედ მისი ოჯახის ახლობლის ყანას მარგლავდნენ.

„მე როგორც გავიკითხე, ესენი ახლობლები არიან, რა ნათესაური კავშირი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ ბატონი თემური ხშირად მიბრძანდება მაგ ოჯახში ზაფხულობით, როცა ისინი თბილისიდან ამოდიან“.

ხარაგაულის „დასუფთავების“ უფროსი, თეიმურაზ ფურცელაძე კი ამბობს, რომ ავალიშვილის ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, დღის ამ მონაკვეთში „დასუფთავების“ ეს თანამშრომლები ისვენებენ და ისინი მისი დავალებით არ მუშაობენ ყანაში.

„მტვირთავები ყოველ დღე, საღამოს ექვს საათამდე ისვენებენ. ნებისმიერ დღეს შეუძლიათ წავიდნენ და ორი კაპიკი ფული იშოვონ, ვერ შევუზღუდავ და არც შევუზღუდავ ამას, მე სამსახურს არ მიცდენენ. ესენი მუშაობენ ექვსიდან ღამის 12 საათამდე, არიან მტვირთავები“, – გვითხრა თეიმურაზ ფურცელაძემ.

კითხვაზე, რატომ იდგა ყანასთან „დასუფთავების“ მანქანა, მან გვიპასუხა, რომ რამდენიმე სოფლიდან გუშინ გამოსატანი იყო ნაგავი და მუშებმა საქმე დღეს დაასრულეს, ამიტომაც დასჭირდათ მანქანა.

იგი არ უარყოფს, რომ ყანა მისი ნაცნობისაა:

„ნაცნობი როგორ არ არის, მაგრამ მე არც არავისთვის არ დამივალებია და ვერც ვერავის ვერ დავავალებ, ვინმეს ყანა გამარგლონ“.

საკრებულოს წევრმა, თორნიკე ავალიშვილმა 2016 წელსაც დაადანაშაულა თეიმურაზ ფურცელაძე იმაში, რომ ის მუშებს საკუთარ ყანაში ამუშავებდა. მასალა ფოტოსთან ერთად ადგილობრივმა გამოცემამ – „ჩემი ხარაგაული“ – გამოაქვეყნა. ფურცელაძე ამბობს, რომ მაშინ ავალიშვილმა ფოტო არა მის, არამედ სხვა ყანაში გადაიღო.

„ეგონა ჩემი ყანა იმარგლებოდა და გადაიღო ვიღაცის ყანა, მეზობლების, ჩხერელების ყანა, რომ მუშაობდნენ. კი არ შერცხვება მაგას, მაგრამ ხომ გეირკვა, რომ არ იყო ჩემი?! სურათიდანაც ჩანს“, – ამბობს თეიმურაზ ფურცელაძე.

„ბათუმელები“ ხარაგაულის მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებას შეეცადა იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა მოკვლევა მერიამ ამ საკითხზე, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

_____________

ფოტოზე: კადრი თორნიკე ავალიშვილის ვიდეოდან

ნიუ იორკის მერია ანტირასისტული აქციების ფონზე რუზველტის ძეგლის დემონტაჟს გეგმავს

ნიუ იორკში ამერიკის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლის დემონტაჟს გეგმავენ, რომელიც ამერიკის ისტორიის მუზეუმის შესასვლელში დგას. ქალაქის მერიამ გადაწყვეტილება ანტირასისტული დემონსტრაციების ფონზე მიიღო. ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს. ტრამპი ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ ტვიტერზე „სისულელეს“ უწოდებს.


რუზველტი ამერიკის 26-ე პრეზიდენტი იყო 1901-1909 წლებში. მუზეუმის წარმომადგენლების განმარტებით, ძეგლის დემონტაჟი გადაწყდა არა კონკრეტულად რუზველტის პიროვნების გამო, პრობლემას ქმნის ინდიელისა და აფრიკელის ფიგურები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულ რუზველტს ფეხით მიჰყვებიან.

ძეგლების დემონტაჟი და ჩამოგდება ამერიკასა და სხვა ქვეყნებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მინეაპოლისში მკვლელობის შემდეგ განახლდა. დემონსტრანტებმა რასიზმში დადანაშაულებული რამდენიმე ისტორიული ფიგურის ძეგლი ჩამოაგდეს, რომლებმაც XIX საუკუნის სამოქალაქო ომის დროს გააერთიანეს სამხრეთის მონათმფლობელი შტატები.

აშშ-ში მოხსნეს მოგზაურ ქრისტეფორე კოლუმბის და აშშ-ს პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლებიც. დიდ ბრიტანეთში ანტირასისტული აქციების ფონზე ჩამოაგდეს ასევე მონათმფლობელის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი.


მთავარ ფოტოზე: თეოდორ რუზველტის ძეგლი ნიუ იორკში/ფოტო: The New York Times

დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის.

გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება.

ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეცაა.

შოთა ხაბარელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოზე მხოლოდ თვითონ მუშაობდა და წიგნს თანაავტორები არ ჰყავს.

შოთა ხაბარელის სახელმძღვანელო გრიფირებული წიგნების სიაში

პარლამენტარს ვკითხეთ, თუ რაზე გააკეთა სახელმძღვანელოში აქცენტი, რამდენი ხანი იმუშავა ამ სახელმძღვანელოზე და კიდევ სხვა კითხვების დასმასაც ვაპირებდით, თუმცა თქვა, რომ სხდომაზეა და მოგვიანებით დავუკავშირდეთ.

დეპუტატმა გვითხრა, რომ სპორტის მასწავლებლისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოზე დაახლოებით წელიწად-ნახევარი იმუშავა.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლა პარლამენტარის ავტორობით დაწერილ სახელმძღვანელოს აირჩევს, შოთა ხაბარელს სახელმწიფო საავტორო ჰონორართან ერთად, სახელმძღვანელოს ბეჭდვის ფულსაც გადაუხდის, რადგან წიგნის დაბეჭდვაზეც თავად არის პაუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტარი შოთა ხაბარელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორმაგ შემოსავალს მიიღებს.

„ის, რომ სახელმძღვანელოს ავტორიც ხაბარელია და გამომცემლობაც მისია, იმას აჩვენებს, რომ არ დაუკავშირდა იმათ, ვინც იცის როგორ კეთდება სახელმძღვანელო – თვითონ შექმნა გამომცემლობა და იმით შეიტანა გრიფირებაზე. ასეთ რამეს ადამიანი იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა არ უნდა გაუყოს ფული სხვას. მეორეს მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ძიუდოისტმა უნდა იცოდეს ილუსტრაციებზე საავტორო უფლებები როგორ აიღოს, რედაქტირება, დაკაბადონება როგორ უნდა და ა.შ. ანუ თვითონ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია, რომელიც მიიჩნევს, რომ გრიფირებაში პარლამენტის წევრების გამოჩენა კორუფციის რისკებს აჩენს.

წელიწად-ნახევრის წინ, როცა ხაბარელმა სახელმძღვანელოზე მუშაობა დაიწყო, გრიფირება არც კი იყო გამოცხადებული.

„შესაძლოა ევარაუდა, რომ გამოაცხადებდნენ გრიფირებას, მაგრამ აქ სხვა რამეა უფრო პრობლემური, როცა 2004 წელს მე დავიწყე მუშაობა განათლების სამინისტროში, ისეთი სახელმძღვანელოებიც კი იყო გრიფირებაში, ფიზიკურად რომ არ არსებობდა. სამინისტროს ეს სახელმძღვანელოები დარიგებულიც ჰქონდა ქაღალდზე და ნაყიდიც.

პარლამენტარების ჩართულობა ამ პროცესში ქმნის კორუფციის გარკვეულ საფრთხეს. ეს ადამიანი მთელი წელი დადიოდა და იძახდა, რომ ფიზკულტურა სწორად ისწავლება სკოლებში და უცებ, სამინისტრო ამტკიცებს მის წიგნს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა 2004 წლამდე, როცა ვიღაც ვასიკო  მაღლაფერიძე, ელენე თევდორაძე, გრიგალაშვილი და ასეთი ხალხი პარლამენტიდან რეკავდნენ და ამბობდნენ -„ეს წიგნი რატომ არ გავიდა, ის წიგნი რატომ არ გავიდა. თავიანთ წიგნებს ამტკიცებინებდნენ და შემდეგ სამინისტრო აძალებდა სკოლებს, რომ ეს წიგნები აერჩიათ და არა სხვა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც სამინისტრო  ფულს გადაუხდის პარლამენტარს, როგორც წიგნის ავტორს და „სახელმწიფო ფული წავა პარლამენტარის ჯიბეში. მიჩვეულები იყვნენ მაშინაც და ახლაც არიან შემჩნეულები, გვახსოვს ალბათ როცა ქუმსიშვილის სტამბას უკვეთავდა სახელმწიფო  სახელმძღვანელოების ბეჭდვას ტენდერის გარეშე“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ის გრიფირებაში სხვა პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, თავის დროზე გრიფირებაში არსებობდა შეზღუდვა, რომ განათლების სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლებს უფლება არ ჰქონდათ სახელმძღვანელოების ავტორები ყოფილიყვნენ, „ახლა, როგორც ვხვდები, აღარაა ეს შეზღუდვა, რადგან ვიღაცეები არიან აშკარად“.

განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დღეს, როცა პანდემიის პირობებში ბევრი გამოწვევა გაჩნდა დისტანციური სწავლების პროცესში, სამინისტროს აქცენტი ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზე უნდა გადაეტანა და არა ბეჭდურზე.

„იმისთვის, რომ იყოს სისტემა მზად სკოლების დაკეტვისთვის, სამინისტრომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს ელექტრონულ მასალებზე ან კონკურსები გამართოს, რომ ბევრი ელექტრონული რესურსი შეიქმნას. ამის მაგივრად აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

შეიძლება სექტემბერში სწავლა განახლდეს, მაგრამ ასევე შეიძლება ნებისმიერ დროს დაიკეტოს სკოლები. თანაც, ბავშვებს ისედაც აღარ აინტერესებთ ბეჭდური სახელმძღვანელოები და ისეთ მასალებთან ურთიერთობა მოსწონთ, სადაც მეტი ინტერაქციაა. მგონია, რომ მე-19 საუკუნის ტექნოლოგიების გრიფირებას ახდენენ 21-ე საუკუნეში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე განათლების სამინისტროს ჯერ ტენდერი არ აქვს გამოცხადებული, თუმცა, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, გრიფირებული წიგნები სკოლებში სექტემბერში უნდა შევიდეს.

სამინისტროს ამ დროისთვის უკვე აქვს გამოცხადებული ტენდერი 8 მილიონ 750 ათასი ლარის I-VI კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს ბეჭდვაზე, სადაც ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სახელმძღვანელოცაა შესული. სამინისტროში ვერ გვეუბნებიან, ვინ არიან სახელმძღვანელოების ავტორები. აღნიშნული ტენდერის მიხედვით, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სახელმძღვანელოს ზღვრული ერთეული ღირებულება 10.22 ლარი და 17.96 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ შოთა ხაბარელის სახელმძღვანელოს საწყისი ფასიც იგივე შეიძლება იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ტირაჟით დაიბეჭდება პარლამენტარის ავტორობით დაწერილი სპორტის სახელმძღვანელო.

ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადა სკოლებს 5 ივლისის ჩათვლით მიეცათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის ახალი სასწავლო წლისთვის, გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეარჩიეს შემდეგ საგნებში:  გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).

სამინისტროს განმარტებით, იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შესულა, ან ვერ შეარჩიეს, გრიფირება IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად, მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.

ამ ეტაპისთვის გრიფირება გაიარა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებმა.

 

მთავარი ფოტო: სიმონ ჯანაშია და შოთა ხაბარელი

დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე მისაღები კონტინგენტის ოდენობა  დაახლოებით 80 საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე – catalog.edu.ge.

დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.

„საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი.

აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე,“ – წერს განათლების სამინისტრო.

მე-3 ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

Exit mobile version