მთავარი,სიახლეები

„დასუფთავების“ თანამშრომლები ყანის გასამარგლად

22.06.2020 • 2050
„დასუფთავების“ თანამშრომლები ყანის გასამარგლად

ხარაგაულის საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მუშაობენ დღეს, 22 ივნისს, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყანაში. ავალიშვილი ამბობს, რომ ეს ყანა ხარაგაულის „დასუფთავება-კეთილმოწყობის“ დირექტორის, თეიმურაზ ფურცელაძის ახლობელს ეკუთვნის და მუშები ყანაში დირექტორის დავალებით მუშაობდნენ.

მოკლე ვიდეოჩანაწერში ისმის ხარაგაულის საკრებულოს წევრის, თორნიკე ავალიშვილის კითხვა – „ვინ გამოგიშვათ?“ და პასუხი: „უფროსმა. …თემურია, ვინ არის უფროსი“.

„გახდა ჩემთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ და მივედი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ისინი მუშაობდნენ. თვითონვე ამბობენ, თემურმა გამოგვიშვაო. ვიდეოში ისმის, რომ ვეკითხები – ფურცელაძემ? და კიო. სხვა თემურ ფურცელაძე მათი ხელმძღვანელი არ არის. იქვე იყო ორი მანქანა, ერთი გადავიღე, მეორე – ვეღარ, უაზის ტიპის ავტომანქანა იყო, რომლითაც ნახევარი ხალხი ამოიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თორნიკე ავალიშვილმა.

ავალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის „დასუფთავების“ თანამშრომლები არა უშუალოდ თეიმურაზ ფურცელაძის, არამედ მისი ოჯახის ახლობლის ყანას მარგლავდნენ.

„მე როგორც გავიკითხე, ესენი ახლობლები არიან, რა ნათესაური კავშირი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ ბატონი თემური ხშირად მიბრძანდება მაგ ოჯახში ზაფხულობით, როცა ისინი თბილისიდან ამოდიან“.

ხარაგაულის „დასუფთავების“ უფროსი, თეიმურაზ ფურცელაძე კი ამბობს, რომ ავალიშვილის ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, დღის ამ მონაკვეთში „დასუფთავების“ ეს თანამშრომლები ისვენებენ და ისინი მისი დავალებით არ მუშაობენ ყანაში.

„მტვირთავები ყოველ დღე, საღამოს ექვს საათამდე ისვენებენ. ნებისმიერ დღეს შეუძლიათ წავიდნენ და ორი კაპიკი ფული იშოვონ, ვერ შევუზღუდავ და არც შევუზღუდავ ამას, მე სამსახურს არ მიცდენენ. ესენი მუშაობენ ექვსიდან ღამის 12 საათამდე, არიან მტვირთავები“, – გვითხრა თეიმურაზ ფურცელაძემ.

კითხვაზე, რატომ იდგა ყანასთან „დასუფთავების“ მანქანა, მან გვიპასუხა, რომ რამდენიმე სოფლიდან გუშინ გამოსატანი იყო ნაგავი და მუშებმა საქმე დღეს დაასრულეს, ამიტომაც დასჭირდათ მანქანა.

იგი არ უარყოფს, რომ ყანა მისი ნაცნობისაა:

„ნაცნობი როგორ არ არის, მაგრამ მე არც არავისთვის არ დამივალებია და ვერც ვერავის ვერ დავავალებ, ვინმეს ყანა გამარგლონ“.

საკრებულოს წევრმა, თორნიკე ავალიშვილმა 2016 წელსაც დაადანაშაულა თეიმურაზ ფურცელაძე იმაში, რომ ის მუშებს საკუთარ ყანაში ამუშავებდა. მასალა ფოტოსთან ერთად ადგილობრივმა გამოცემამ – „ჩემი ხარაგაული“ – გამოაქვეყნა. ფურცელაძე ამბობს, რომ მაშინ ავალიშვილმა ფოტო არა მის, არამედ სხვა ყანაში გადაიღო.

„ეგონა ჩემი ყანა იმარგლებოდა და გადაიღო ვიღაცის ყანა, მეზობლების, ჩხერელების ყანა, რომ მუშაობდნენ. კი არ შერცხვება მაგას, მაგრამ ხომ გეირკვა, რომ არ იყო ჩემი?! სურათიდანაც ჩანს“, – ამბობს თეიმურაზ ფურცელაძე.

„ბათუმელები“ ხარაგაულის მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებას შეეცადა იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა მოკვლევა მერიამ ამ საკითხზე, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

_____________

ფოტოზე: კადრი თორნიკე ავალიშვილის ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი