განათლება,მთავარი,სიახლეები

დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს

22.06.2020 • 2758
დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის.

გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება.

ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეცაა.

შოთა ხაბარელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოზე მხოლოდ თვითონ მუშაობდა და წიგნს თანაავტორები არ ჰყავს.

შოთა ხაბარელის სახელმძღვანელო გრიფირებული წიგნების სიაში

პარლამენტარს ვკითხეთ, თუ რაზე გააკეთა სახელმძღვანელოში აქცენტი, რამდენი ხანი იმუშავა ამ სახელმძღვანელოზე და კიდევ სხვა კითხვების დასმასაც ვაპირებდით, თუმცა თქვა, რომ სხდომაზეა და მოგვიანებით დავუკავშირდეთ.

დეპუტატმა გვითხრა, რომ სპორტის მასწავლებლისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოზე დაახლოებით წელიწად-ნახევარი იმუშავა.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლა პარლამენტარის ავტორობით დაწერილ სახელმძღვანელოს აირჩევს, შოთა ხაბარელს სახელმწიფო საავტორო ჰონორართან ერთად, სახელმძღვანელოს ბეჭდვის ფულსაც გადაუხდის, რადგან წიგნის დაბეჭდვაზეც თავად არის პაუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტარი შოთა ხაბარელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორმაგ შემოსავალს მიიღებს.

„ის, რომ სახელმძღვანელოს ავტორიც ხაბარელია და გამომცემლობაც მისია, იმას აჩვენებს, რომ არ დაუკავშირდა იმათ, ვინც იცის როგორ კეთდება სახელმძღვანელო – თვითონ შექმნა გამომცემლობა და იმით შეიტანა გრიფირებაზე. ასეთ რამეს ადამიანი იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა არ უნდა გაუყოს ფული სხვას. მეორეს მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ძიუდოისტმა უნდა იცოდეს ილუსტრაციებზე საავტორო უფლებები როგორ აიღოს, რედაქტირება, დაკაბადონება როგორ უნდა და ა.შ. ანუ თვითონ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია, რომელიც მიიჩნევს, რომ გრიფირებაში პარლამენტის წევრების გამოჩენა კორუფციის რისკებს აჩენს.

წელიწად-ნახევრის წინ, როცა ხაბარელმა სახელმძღვანელოზე მუშაობა დაიწყო, გრიფირება არც კი იყო გამოცხადებული.

„შესაძლოა ევარაუდა, რომ გამოაცხადებდნენ გრიფირებას, მაგრამ აქ სხვა რამეა უფრო პრობლემური, როცა 2004 წელს მე დავიწყე მუშაობა განათლების სამინისტროში, ისეთი სახელმძღვანელოებიც კი იყო გრიფირებაში, ფიზიკურად რომ არ არსებობდა. სამინისტროს ეს სახელმძღვანელოები დარიგებულიც ჰქონდა ქაღალდზე და ნაყიდიც.

პარლამენტარების ჩართულობა ამ პროცესში ქმნის კორუფციის გარკვეულ საფრთხეს. ეს ადამიანი მთელი წელი დადიოდა და იძახდა, რომ ფიზკულტურა სწორად ისწავლება სკოლებში და უცებ, სამინისტრო ამტკიცებს მის წიგნს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა 2004 წლამდე, როცა ვიღაც ვასიკო  მაღლაფერიძე, ელენე თევდორაძე, გრიგალაშვილი და ასეთი ხალხი პარლამენტიდან რეკავდნენ და ამბობდნენ -„ეს წიგნი რატომ არ გავიდა, ის წიგნი რატომ არ გავიდა. თავიანთ წიგნებს ამტკიცებინებდნენ და შემდეგ სამინისტრო აძალებდა სკოლებს, რომ ეს წიგნები აერჩიათ და არა სხვა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც სამინისტრო  ფულს გადაუხდის პარლამენტარს, როგორც წიგნის ავტორს და „სახელმწიფო ფული წავა პარლამენტარის ჯიბეში. მიჩვეულები იყვნენ მაშინაც და ახლაც არიან შემჩნეულები, გვახსოვს ალბათ როცა ქუმსიშვილის სტამბას უკვეთავდა სახელმწიფო  სახელმძღვანელოების ბეჭდვას ტენდერის გარეშე“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ის გრიფირებაში სხვა პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, თავის დროზე გრიფირებაში არსებობდა შეზღუდვა, რომ განათლების სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლებს უფლება არ ჰქონდათ სახელმძღვანელოების ავტორები ყოფილიყვნენ, „ახლა, როგორც ვხვდები, აღარაა ეს შეზღუდვა, რადგან ვიღაცეები არიან აშკარად“.

განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დღეს, როცა პანდემიის პირობებში ბევრი გამოწვევა გაჩნდა დისტანციური სწავლების პროცესში, სამინისტროს აქცენტი ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზე უნდა გადაეტანა და არა ბეჭდურზე.

„იმისთვის, რომ იყოს სისტემა მზად სკოლების დაკეტვისთვის, სამინისტრომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს ელექტრონულ მასალებზე ან კონკურსები გამართოს, რომ ბევრი ელექტრონული რესურსი შეიქმნას. ამის მაგივრად აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

შეიძლება სექტემბერში სწავლა განახლდეს, მაგრამ ასევე შეიძლება ნებისმიერ დროს დაიკეტოს სკოლები. თანაც, ბავშვებს ისედაც აღარ აინტერესებთ ბეჭდური სახელმძღვანელოები და ისეთ მასალებთან ურთიერთობა მოსწონთ, სადაც მეტი ინტერაქციაა. მგონია, რომ მე-19 საუკუნის ტექნოლოგიების გრიფირებას ახდენენ 21-ე საუკუნეში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე განათლების სამინისტროს ჯერ ტენდერი არ აქვს გამოცხადებული, თუმცა, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, გრიფირებული წიგნები სკოლებში სექტემბერში უნდა შევიდეს.

სამინისტროს ამ დროისთვის უკვე აქვს გამოცხადებული ტენდერი 8 მილიონ 750 ათასი ლარის I-VI კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს ბეჭდვაზე, სადაც ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სახელმძღვანელოცაა შესული. სამინისტროში ვერ გვეუბნებიან, ვინ არიან სახელმძღვანელოების ავტორები. აღნიშნული ტენდერის მიხედვით, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სახელმძღვანელოს ზღვრული ერთეული ღირებულება 10.22 ლარი და 17.96 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ შოთა ხაბარელის სახელმძღვანელოს საწყისი ფასიც იგივე შეიძლება იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ტირაჟით დაიბეჭდება პარლამენტარის ავტორობით დაწერილი სპორტის სახელმძღვანელო.

ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადა სკოლებს 5 ივლისის ჩათვლით მიეცათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის ახალი სასწავლო წლისთვის, გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეარჩიეს შემდეგ საგნებში:  გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).

სამინისტროს განმარტებით, იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შესულა, ან ვერ შეარჩიეს, გრიფირება IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად, მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.

ამ ეტაპისთვის გრიფირება გაიარა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებმა.

 

მთავარი ფოტო: სიმონ ჯანაშია და შოთა ხაბარელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: