მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი წელს?

20.06.2020 • 3415
სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი წელს?

კარანტინისა და ფიზიკური დისტანცირების შემდეგ პლაჟების, ტბებისა და მდინარეების მონახულება, ცხადია, ძალიან მიმზიდველი აქტივობაა, მაგრამ ფაქტია – COVID19-თან მიმართებაში წყლის უსაფრთხოებაზე ზუსტი ცნობების არ არსებობა, რაც ცოტათი ყველას გვაშინებს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს COVID19-ის გამომწვევი ვირუსის  SARS-CoV-2-ის გადადების თვალსაზრისით.

აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ. “აპრილის თვეში, პანდემიის გამო, ვერ გავედით ზღვის წყლის ხარისხის შესამოწმებლად. მაისის თვეში გვქონდა ერთი გასვლა, ავიღეთ სინჯები ყველა მაჩვენებლებზე, პასუხები მიღებულია. ივნისის თვეში ორი გასვლა გვქონდა, აქედან მეორე კვლევის შედეგები ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ბოლო შედეგებით ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია”,  – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.

ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ifremer წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებით, რომლის ფარგლებშიც ზღვის წყალი და მოლუსკები შეამოწმეს, აღებულ სინჯებში SARS-CoV-2-ის ნიშნები არ დადასტურდა.

ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ წელს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის, არის მწვანე კონცხზე, კვარიათსა და მახინჯაურში – “საშუალოზე ცოტა უკეთესი შედეგები ფიქსირდება ბათუმის ცენტრალურ პლაჟსა და ქობულეთში. ბარცხანის პლაჟზე საშუალო მაჩვენებელია. საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება არსად”, – ამბობს ის.

ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაჩვენებლის ნორმა ზღვის წყლის 1 ლიტრში არის  10 000, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების ნორმა კი ლიტრში 5000-ია.

ასე გამოიყურება მაჩვენებლები აჭარის სანაპიროს 8 წერტილიდან:

  • ქობულეთსა და ბუკნარში 620 / 230;
  • მახინჯაურში 2400/230;
  • ბარცხანა და ბათუმის ცენტრალური პლაჟი 620/230;
  • აკვაპარკის ტერიტორიაზე 2400/600;
  • კვარიათი და გონიო 230/60;

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის CDC-ს რეკომენდაციით, სანაპიროზე არ უნდა დაგავიწყდეთ მინიმუმ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა უცხო ადამიანებისგან.

ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო სინჯებს თვის ბოლომდე კიდევ აიღებს.

ამავე თემაზე:

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: