მთავარი,სიახლეები

„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე

23.06.2020 • 2177
„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე

„დეპრესიულად ვართ, წარმოიდგინეთ, თითქოს სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა. არაფრის შანსი აღარ გვაქვს, რომ ვაკეთოთ. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა, პერსპექტივა არაა“, – ასეთია შუახევში, სოფელ დაბაძველში მცხოვრები მანანა ქამადაძის განწყობა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამ, აჭარის მთაში მცხოვრებთა ძალიან დიდი ნაწილი უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვა. ოჯახებში, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმ კრიზისის შესახებ, რაც დღეს უკვე საგრძნობია და ელიან, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. უმუშევრობა, ვალები და მომავლის შიში – რა ხდება მაღალმთიან აჭარაში.

„მედდა ვარ, მაგრამ ძალიან მცირე ხელფასი მაქვს, ამიტომ ჩემი ოჯახიდანაც დავდიოდით თურქეთში ოჯახი რომ  გვერჩინა. 13 წლის შვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად სჭირდება ექიმთან ვიზიტი, მედიკამენტები. გვაქვს ბანკის ვალიც. თუ დიდხანს არ გაიხსნება საზღვარი, არ ვიცი რა იქნება, ძალიან დეპრესიულად ვართ. წარმოიდგინეთ, სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა თითქოს. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა“, – გვეუბნება მანანა ქამადაძე.

მანანა ამბობს, რომ სახლი დიდი აქვს, თუმცა „ცარიელი კედლები პურს ვერ გაჭმევს“. სოფელში არც იმის შესაძლებლობაა, რომ ბინა გააქირაო. შუახევის შემოსასვლელში რაღაც სათბური გაიხსნა, ვიფიქრე, რომ იქ ვიმუშავებდი, მაგრამ რამდენი დასაქმდება? ძალიან ბევრს აქვს პრობლემა“, – გვეუბნება ის.

მანანას ოჯახმა ინტერნეტი მეზობლისგან გაიყო. „15-15 ლარს ვიხდიდით, თუმცა არ გაამართლა, რადგან სულ იჭედებოდა, ხან შუქი არ იყო და ასე წვალებით სწავლობდა ბავშვი“.

მანანას ბინის გაყიდვაც მოუხდა. ამბობს, რომ ამ თანხით მხოლოდ ვალების ნაწილი დაფარა. „ბავშვი მყავდა ექიმთან წასაყვანი, სესხი გამოვიტანე, სარეცხი მანქანა მჭირდებოდა სესხი ავიღე და კიდევ ბევრი საჭიროება არსებობს. იმედი მქონდა თურქეთში წავიდოდით და ვიმუშავებდით, ამასობაში საზღვარიც დაიკეტა“.

სოფელ ნენიაში ცხოვრობს დარიკო მიქელაძე. თურქეთში სამუშაოდ მისი მეუღლე დადიოდა. „ამით გვედგა სული“, – გვეუბნება შუახევის სოფელში მცხოვრები დარიკო. ოჯახში ორი შშმ პირი ცხოვრობს, რომლებსაც მუდმივი დახმარება და ყურადღება სჭირდებათ.

დარიკოს მეუღლე თამაზ მიქელაძე ამბობს, რომ საზღვრის ჩაკეტვა ძალიან ცუდად აისახა არა მარტო მისი ოჯახის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. „ფაქტობრივად, მაგით ვარჩენდი ოჯახს. 24 საათი იმის ფიქრში ვარ, როგორ უნდა დავფარო ბანკის ვალები, სულ ცოტა 500 ლარის მარტო წამალი გვჭირდება შშმ ოჯახის წევრებისთვის.

არც დახმარება, არც არაფერი. მერიაში და ყველა მეუბნება „ჩვენ არ გვეხება“. ვის ეხება და მათ რა ეხებათ ვერ გავიგე. სკამებზე კი ზიან და ხელფასს იღებენ. ბათუმში კორონა იყო და ვერ ჩავედი,  რამე სამუშაო რომ მომეძებნა… რა იქნება არ ვიცი, იქნებ გაიხსნას საზღვარი“, – ამბობს თამაზ მიქელაძე.

ახლა ოჯახი იმ მოსავლის იმედზეა, რომელსაც შემოდგომაზე ბოსტანში მოიწვევს. „ცოტა საქონელიც გვყავს და გავიტანთ ალბათ თავს“, – ამბობს თამაზი.

სოფელ გორხანაულში ცხოვრობს რამაზ დიასამიძე, რომელიც ცდილობს საყოველთაო უმუშევრობას იუმორის თვალით შეხედოს. „ვზივარ სახლში და ვისვენებ, სამუშაო აღარ მაქვს“, – გვეუბნება ის.  ამბობს, რომ არც არავინ ეხმარება და არც არავისი იმედი აქვს. „სასკოლოდაც ვერაფერს ვეღარ ვიყიდი ალბათ, რაც გვქონდა იმით ვართ“.

რა შეცვალა მათ ცხოვრებაში საზღვრის ჩაკეტვამ, ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს მცხოვრებლებსაც ესაუბრა.

თამილა შანთაძე

თამილა შანთაძე თურქეთში მეუღლესთან ერთად გადადიოდა ჩაის საკრეფად. აქ ნაშოვნი ფული, მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. „ახლა სრულიად უფულოდ ვართ“, – გვეუბნება ის.

თამილას თქმით, სახლში მალე გაჩნდა საკვების, ჩასაცმელის და სხვა საოჯახო ნივთების შეძენის საჭიროება, თუმცა არ ჩანს შემოსავალი. „პატარა ბოსტანი მაქვს და იქ დავთესე რაღაცეები, საქონელი აღარ მყავს, გავყიდე“, – გვეუბნება თამილა, რომელიც ამბობს, რომ თურქეთში მუშაობის პირობებში პირუტყვის შენახვა შეუძლებელი იყო. მისი თქმით, ვერც ქალაქში წავლენ სამუშაოდ, რადგან „რომ წახვიდე, იქ ღამის გასათევი გჭირდება, სხვასთან ყოველთვის ვერ მიხვალ, აქ კიდევ სამუშაო არაფერია“.

ბეჟან დეკანაძე

ბეჟან დეკანაძეც ამავე სოფელში ცხოვრობს, მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. ის შვილთან ერთად გადადიოდა თურქეთში სამუშაოდ. ოჯახის შემოსავალი ახლა მეუღლის ხელფასია – 200 ლარი, ის საბავშვო ბაღში მუშაობს. „200 ლარად იცხოვრებ? ვერა. ავად რომ ვიყავი კრედიტი ავიღე და ესეც გადასახდელი მაქვს, სად ვნახო, სად ვიშოვო, ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალი თურქეთში მუშაობა იყო“.

ბეჟანი ამბობს, რომ ბეშუმში ერთ ადამიანს ხის სახლი აუშენა, თუმცა ფული ვერ გადაუხადა. „ხომ ვერ დაახრჩობ, იმასაც აღარ აქვს? ბათუმში მშენებლობაზე მინდოდა დასაქმება, ვეხვეწე ნაცნობებს, მაგრამ ყველა თავისთვის ცდილობს“, – გვეუბნება ის.

სოფელ უჩხოში ცხოვრობს მზია შავაძეც. სახლი ავარიული აქვს, რის გამო კომპენსაცია აიღო, თუმცა ახალი რომ ეყიდა, ბანკიდან სესხი გამოიტანა.

„ორ ბანკში მაქვს სესხი, 3 წელი კიდევ უნდა გადავიხადო. ჩაის, თხილის საკრეფად ჩემი მეუღლე და შვილი მიდიოდა, წელს ვეღარ წავიდნენ. სოციალური შემწეობა მაქვს 250 ლარი და ყველა ბანკში მიდის“.

მზია ამბობს, რომ ახლა მისი მეუღლე ქობულეთშია და იქ ცდილობს დღიური სამუშაოს შოვნას.

საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის გამო, ათასობით საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის წინაშე. საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გადადიოდა თურქეთში ყოველდღიური თუ სეზონური სამუშაოს შესასრულებლად. ეს ადამიანები ყოველდღე მოუთმენლად ელოდებიან ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის განახლებას.

 

მთავარი ფოტო: მანანა ქამადაძე თანასოფლელებთან ერთად/ბათუმელები

 

ამავე თემაზე:

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: