მთავარი,სიახლეები

ბარბალე – დამგზავრების აპლიკაცია ქალებისთვის, გზაშია

23.06.2020 • 2430
ბარბალე – დამგზავრების აპლიკაცია ქალებისთვის, გზაშია
თუ გოგო ხართ და ავტოსტოპით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ მობილური აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებოდათ თქვენთვის სასურველი მიმართულებით მიმავალ ქალ მძღოლს დამგზავრებოდით. ქართველი დეველოპერების ჯგუფი სწორედ ასეთ უფასო მობილურ აპლიკაციაზე, “ბარბალეზე” მუშაობს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების  დამგზავრებას, ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებასა და დამეგობრებას.

აპლიკაციაზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ჯგუფში სამი გოგოა: ანა გურგენიძე, ანანო ბოდოკია და ანნა გოროზია.

ანა გურგენიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, შეიქმნას სტერეოტიპებისგან დაცლილი სანდო სივრცე ქალებისთვის, სადაც გადაადგილების გამარტივებასთან ერთად ქალები იმგზავრებენ უსაფრთხოდ, „თანაც, რატომ უნდა წახვიდეთ მარტო, თუკი შეგიძლიათ იმგზავროთ საინტერესო ადამიანებთან ერთად, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და იქნებ დამეგობრდეთ კიდეც?“

რატომ ბარბალე? – გვინდოდა შეგვერჩია სახელი, რომელიც ასოცირებული იქნებოდა ქალებთან და მგზავრობასთან. ჰოდა, ასე, შემთხვევით, მეგრული ბორბლის და მზის ქალღმერთის (ქართული მითოლოგია) შერწყმა გამოგვივიდა.

აპლიკაციის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქალები და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები არიან. აპლიკაციის შექმნის იდეაც იქედან გაჩნდა, რომ დამგზავრებისას ქალი ხშირად ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ან დგება ძალადობის უფრო მძიმე ფორმის საფრთხის წინაშე, რის გამოც დამგზავრებაზე ხშირად ქალები უარს ამბობენ.

ამავე მიზნით ორი თვის წინ Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი Let’s Go Womxn, რომელიც მსგავსია უკვე არსებული ჯგუფებისა, ოღონდ კონკრეტული აუდიტორიით.  ამ ჯგუფში გაწევრიანდა ხუთასამდე ქალი, რომელთა მხრიდანაც დამგზავრების სერვისის მიმართ მაღალი ინტერესია.

„ისეთ ჯგუფებში, სადაც შერეულად ქალებიც არიან და კაცებიც,  ქალები ინიციატივას დიდად არ იჩენენ და ამ 500-ქალიან ჯგუფში, ამავე სერვისის მიმართ გაცილებით უფრო მაღალია ინტერესი, ვიდრე ამავე თემატიკის 100 000-წევრიან, შერეულ ჯგუფში, რადგან ნდობა ქალებს ქალების მიმართ უფრო მეტი აქვთ”.

ანა გურგენიძე ამბობს, რომ ფეისბუქის ფორმატი ასეთი სერვისისთვის არც ისე მოსახერხებელია, რადგან ჯგუფში სასურველი მარშრუტების ძიება დროში ძალიან იწელება. „მალევე მივხვდით, რომ ფეისბუქი ამისთვის კომფორტული სივრცე არ არის და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა  პლატფორმა, რომელიც გაამარტივებდა ამ კომუნიკაციას,” – ამბობს ანა.

იმისთვის, რომ აპლიკაცია სრულად გაიმართოს და ჩაეშვას მოხმარებაში, თანხის მობილიზებაა საჭირო – სულ 10 000 ლარი უნდა მოგროვდეს. თუ თანხის ნახევარი მოგროვდება, დარჩენილი თანხის ნახევარს ორგანიზაცია „ორბელიანი მეტი“ დააფინანსებს. თანხის მოსაგროვებლად 83 დღეა დარჩენილი.

„ჩვენ, გოგოები, მოხალისებრივად ვდებთ დროსა და ადამიანურ რესურსს აპლიკაციის ამუშავებაში, მაგრამ იმისთვის, რომ აპლიკაციამ იმუშაოს, ახლა, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემოწირულობები შეგროვდეს, რადგან თავიდანვე გვჭირდება დამატებით მატერიალური რესურსი, რომელსაც გამოვიყენებთ  ტექნიკური თუ სხვა სერვისებისთვის: დომეინი, Android/iOS აპლიკაციების გამოქვეყნებისთვის საჭირო პლატფორმები, ქლაუდ პლატფორმა, სადაც სერვისს გავმართავთ და ა.შ.” – ამბობს ანა გურგენიძე.

როგორ იმუშავებს აპლიკაცია?

მძღოლი აქვეყნებს განცხადებას, რომ მიემგზავრება A-დან B პუნქტში და უფასოდ (ან, სურვილისამებრ, თანხის სანაცვლოდ) გაიყოლებს რამდენიმე ადამიანს. ამასობაში მგზავრი ეძებს სასურველ მარშრუტს, აპლიკაციაში ხედავს მისთვის შესაფერის ვარიანტებს და მძღოლის თანხმობის შემდეგ შეუძლია ისარგებლოს მგზავრობის სერვისით. მგზავრობის დასრულების შემდეგ მძღოლსაც და მგზავრსაც ექნებათ შესაძლებლობა, შეაფასონ ერთმანეთი, რეკომენდაციები დაწერონ ან უბრალოდ მადლობა გადაუხადონ ერთმანეთს კომპანიონობის გაწევისთვის.

იმისთვის, რომ კლიენტი დარწმუნდეს კონკრეტული პიროვნების ნამდვილობაში, მას შეუძლია შეამოწმოს მომხმარებლის ვერიფიცირების დონე (მობილურის ნომრით, Facebook-ით ან პირადობის ნომრით ვერიფიცირებული), სადაც ყველა თავად ირჩევს, რა ინფორმაციის ატვირთვა სურს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: