სიახლეები

“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე?” – ეტლით მოსარგებლე პროცესზე დასწრებას ითხოვდა

23.06.2020 • 1179
“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე?” – ეტლით მოსარგებლე პროცესზე დასწრებას ითხოვდა

“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე, ესაა სამართალი?” – იკითხა დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ. ის ხულიგნობის საქმეზე დასწრებას ითხოვდა, რომელიც სასამართლოს მეორე სართულზე მდებარე დარბაზში გაიმართა, სასამართლოს შენობა კი, ადაპტირებული არ არის.

ჯემალ ჭელიძემ სასამართლოს ფოიეში მას შემდეგ შეაღწია, როცა უთხრეს, რომ სასამართლოს შესასვლელს პანდუსი აქვს, თუმცა ამ პანდუსით მოქალაქე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდა, რადგან წინ ნაგვის ურნა დახვდა. მას შემდეგ, რაც შშმ პირის გზა ნაგვის ურნისგან იქვე მყოფმა სხვა მოქალაქემ გაათავისუფლა, ჯემალ ჭელიძე ფოიეში შევიდა.

“დავსველდი, კონდიციონერი იყო ჩართული და ის წვეთავდა,” – შენიშნა მოქალაქემ, ვიდრე მისაღებში შევიდოდა.

“სამწუხაროდ, სასამართლოს შენობა ადაპტირებული არ არის, იგეგმება რეაბილიტაცია,”

– მიმართა ეტლით მოსარგებლეს სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ.

ეტლით მოსარგებლის შესახებ წუხილი გამოთქვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმაც, როცა მან სასამართლო სხდომა დაიწყო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაძლებელი იყო სხდომის პირველ დარბაზში ჩატარება, რომელიც პირველ სართულზეა და სადაც მარტივად შევიდოდა ეტლით მოსარგებლე.

“მაგრამ ის დარბაზი მცირეა და ამდენი ოპერატორის დასწრება იქ შეუძლებელი იყო,”- დასძინა მოსამართლემ.

____

მთავარი ფოტო: ჯემალ ჭელიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

გადაბეჭდვის წესი