მთავარი,სიახლეები

ქართველი მოცეკვავეები ჰოლივუდის ფილმის საბრძოლო სცენებში გადაიღეს

23.06.2020
ქართველი მოცეკვავეები ჰოლივუდის ფილმის საბრძოლო სცენებში გადაიღეს

ანსამბლ „რუსთავის“ ქართველი მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდის ბლოკბასტერში გადაიღეს სახელწოდებით Kingsman. ლაშა  ცნობილი კინოვარსკვლავის, რის აიფენსის დუბლიორია, რომელიც ფილმში რასპუტინის როლს ასრულებს, ქართველი მოცეკვავე სწორედ რასპუტინის საბრძოლო სცენებშია გადაღებული. ბლოკბასტერში ის რალფ ფაინსის პარტნიორია.

Kingsman-ის პირველ ორ სერიაში ჯულიანა მური, ტეილორ ეჯერტონი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მესამე სერიაში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ვითარდება. ახალ ფილმში „ოსკარის“ ნომინანტი რალფ ფაინსი, გემა არტერტონი და „ნოტინგჰილის“ ვარსკვლავი რის აიფენსი თამაშობენ. ფილმის სცენარისტი კარლ გაიდუსეკია, რეჟისორი კი – მეთიუ ვონი.

ლაშა მძინარაშვილი ამბობს, რომ ფილმში არა მხოლოდ დუბლიორი იყო,  არამედ თავად დადგა ურთულესი საბრძოლო სცენები.

Kingsman-ს გასული წლის იანვარ-თებერვალში იღებდნენ ინგლისსა და იტალიაში. პრემიერა 2020-ის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო 18 სექტემბრამდე გადაიდო.

ქართველი მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი Kingston-ის გადამღებ ჯგუფს ქართველი კასკადიორების ჯგუფის, Action Production Georgia-ს საშუალებით დაუკავშირდა.

„კასკადიორების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ხუბუა დამიკავშირდა, მანამდე მის ერთ პატარა ფილმზე ვიმუშავეთ და მიცნობდა. მითხრა, რომ გადამღებ ჯგუფს ჰოლივუდიდან სჭირდებოდა სცენები ქართული ცეკვებიდან, სურდათ ორთაბრძოლებში ქართული ცეკვების ელემენტები ყოფილიყო ნაჩვენები. სამი თრეილერია გამოსული და სამივეში ვმონაწილეობ. კასკადიორობას საბრძოლო სცენების ქორეოგრაფი, კანადელი მაქს ვაითი მასწავლიდა.

გადაღებებისას საჭირო გახდა გაგვეძლიერებინა სცენები, რასაც მარტო ვერ გავუმკლავდებოდი და ჩემი მეგობარი, ბაჩანა ჭანტურია, სუხიშვილების მოცეკვავე ჩამოვიყვანეთ ლონდონში, მე და ბაჩანა, ორივენი რასპუტინის დუბლიორები ვართ, ისეთი სცენებია, ერთი კაცი ვერ გაწვდებოდა. კადრებში, სადაც რასპუტინი იბრძვის, ყველგან მე და ბაჩანა ვართ,“ – ამბობს ლაშა მძინარაშვილი.

მოცეკვავეები ლაშა მძინარაშვილი [მარცხნივ] და ბაჩანა ჭანტურია

Kingsman-ის გადაღებებზე მან სამთვენახევარი გაატარა. ლაშას და ბაჩანას ყველა სცენა ლონდონში, „მარველის“ კინოპავილიონებში გადაიღეს.

ფილმის სცენარის მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის წინ ისტორიის ყველაზე დიდი ტირანები და დამნაშავეები იკრიბებიან, რომ მილიონობით ადამიანი დაღუპონ დედამიწაზე. მათ შეჩერებას ერთადერთი ადამიანი ცდილობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: