მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხის ჩაბეტონება – პროცესი დაწყებულია

23.06.2020 • 3202
მწვანე კონცხის ჩაბეტონება – პროცესი დაწყებულია

მწვანე კონცხი ჯერ ისევ მწვანეა, მაგრამ აქ დაწყებული სამშენებლო პროცესების გამო გიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა მას მალე ნაცრისფერი, „ბეტონისფერი“ შეერიოს. პროცესი დაწყებულია.  მწვანე კონცხისა და განსაკუთრებით მახინჯაურის პირველ ზოლში წამოწყებული მშენებლობების სიმაღლის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ორსართულიანი სახლების რაოდენობა, რომლებსაც სახლის წინ ზღვის ხედი ბეტონის კედლებით შეეცვალათ, ან უკვე წამოწყებული მშენებლობის გამო მომავალში შეეცვლებათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ ბოტანიკური ბაღი აკრავს, ქალაქთან ახლოს კარგად გამწვანებულ მთის ფერდობზე არსებული საცხოვრებელი სახლების წინ, ზღვის ხედი ერთ-ერთი განსაკუთრებული ხიბლი იყო ტურისტებისთვის, ამ სახლებში დასვენება რომ გადაეწყვიტათ და არა მხოლოდ მათთვის.

აქ მცხოვრებლებს, რომლებსაც სახლების წინ გამწვანებული სივრცე და ზღვის ხედი ჰქონდათ, ახლა კი ამოშენებული მაღლივი კედლები აქვთ და საცხოვრებელი გარემო მთლიანად შეეცვალათ, ახალი საფიქრალი გაუჩნდათ. თუ ამ დრომდე ისინი მწვანე სივრცის ჩაბეტონებას ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა თავადაც მშენებლობაზე დაიწყეს ფიქრი – ფიქრობენ, რომ ორსართულიანი სახლები დაანგრიონ და უფრო მაღალი მრავალბინიანი სახლები თავადაც აშენონ, რომ ბოლო სართულიდან მაინც დაიბრუნონ ის ხედი, როგორიც ადრე  ჰქონდათ. აქ უკვე ნახავთ სახლებს, რომლებიც უკვე გამოათავისუფლეს დასანგრევად და  მათ ადგილზე ახალი მშენებლობის დასაწყებად. ვისაც შეუძლია თავად ფიქრობს ახლის აშენებაზე, ვისაც არა – ეძებს ან უკვე იპოვა ინვესტორი, რომ სარფიანად გაყიდოს და თავადაც აქ დარჩეს საცხოვრებლად.

მწვანე კონცხი. სახლები, რომლებსაც კორპუსებმა დაუფარა ზღვის ხედი

მახინჯაურის დაბლობის ახალი ინფრასტრუქტურა

მახინჯაურის ახალი ინფრასტრუქტურა

ახალაშენებული კორპუსები მწვანე კონცხზე

ახალაშენებული კორპუსები მახინჯაურში – ეს კორპუსები ფარავს მწვანე კონცხზე ზღვის ხედს

„შეიძლება ააშენონ, რადგან განვითარება აუცილებელია, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ის მასშტაბები, რაც აქ ამ დრომდე გვქონდა, რომ ამ რეკრეაციულ ზოლშიც არ მივიღოთ ის, რაც მივიღეთ ბათუმში“, – ამბობენ აქ მცხოვრებლები.

„ის, რაც მივიღეთ ბათუმში“, აქ პირველ ზოლში უკვე იგრძნობა, მახინჯაურის დაბლობზე და მწვანე კონცხის დასაწყისში მაღლივ კორპუსს ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე კომპანია აშენებს. რაც შეეხება ზღვის ხედს, რამდენიმე მაღლივი კორპუსი აქ ერთმანეთს ეფარება და შეთავაზებას „სახლი ზღვის ხედით, სახლი ზღვასთან ახლოს“ცვლის.

ვისაც არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება უნდა, მიიჩნევს, რომ მწვანე კონცხი, როგორც ქალაქთან ახლოს მდებარე გამწვანებული ადგილი, განსხვავებულად უნდა განვითარდეს, ამისთვის კი შესაბამისმა უწყებებმა, განსხვავებული რეგულაციები  უნდა შეიმუშაონ, რაც საერთო იქნება ყველასთვის: „ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე“.

მშენებლობის ამ რიტმს ბათუმის მერიაში ეთანხმებიან და შესაბამის ნებართვებსაც გასცემენ, ეთანხმება საკრებულოც. მთავარი მოტივი ბიზნესის და ინვესტორის ხელშეწყობაა, განიხილავენ კონკრეტულ პროექტს, კონკრეტული შეთავაზების ბენეფიტებზე საუბრობენ; არ განიხილავენ ქალაქის ურბანულ განვითარებას ერთიან კონტექსტში, რაზეც სპეციალისტები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას და ხაზგასმით აცხადებენ, რომ „პროექტი საერთო სივრცეში უნდა წარმოვიდგინოთ და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.“

ასეთივე იყო ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის არგუმენტი, როცა შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ მწვანე კონცხზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად ზონის სტატუსის ცვლილება დასჭირდა, საკრებულომ კი ამას მხარი დაუჭირა.

„თქვენ ალბათ ადგილზე არ მისულხართ და არ იცით, სად არის დაგეგმილი პროექტის მშენებლობა: ეს არ არის მწვანე კონცხი, ეს არის გზაზე, სანამ მწვანე კონცხისკენ აუხვევ“, – ასე ახსნეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სარეკრეაციო ზონის, საქმიანი ზონით შეცვლის გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის შემდეგ. როგორც ჩანს, საკრებულოში კარგად ვერ გაიაზრეს, რომ გზაზე ზღვასთან ახლოს წამოწყებული ორი 28-სართულიანი, 110 მეტრი სიმაღლის მშენებლობა, „ვიდრე მაღლობისკენ აუხვევ“, მის უკან მდებარე სახლებს  ხედს უფარავს და როგორც ამ ხედის, ასევე დამსვენებლის გარეშე თუ არ ტოვებს, მათ რიცხვს ბევრად ამცირებს. ამის შემდეგ აქ ერთადერთი გამოსავალი რჩებათ – „ჩვენც უნდა ავაშენოთ“. მათთვის უარის თქმა კი, შესაძლოა შერჩევით მიდგომად, შესაბამისად, მათი უფლებების დარღვევადაც კი შეფასდეს.

მწვანე კონცხი – „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ პროექტის რენდერი

ვინც გარანტირებულად იცის, რომ ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერც ზღვის და ვერც ქალაქის ხედს ვერ დაუფარავენ შპს „ბიზნეს დეველოპმენტია“, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, რომელმაც მწვანე კონცხზე შვიდსართულიანი სასტუმრო კომპლექსის კარკასის მშენებლობა უკვე დაასრულა. შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ და „ქართუ“  ერთობლივად აქ  ხუთ ჰექტარ  კვადრატულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. როგორც ადგილზე სამშენებლო ობიექტის დაცვამ გვითხრა „აქ ჯერჯერობით, სხვა მშენებლობის წამოწყებას კომპანია არ გეგმავს.“

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სამშენებლო მოედანი მწვანე კონცხზე 2020 წელში კიდევ უფრო გაიზარდა

ბათუმში მწვანე კონცხზე ყველა მასშტაბური სამშენებლო პროცესი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“ აქვს წამოწყებული, თანდათან ფართოვდება კომპანიის სამშენებლო მოედანიც. აქ ნაკვეთების ნაწილი კომპანიაზე, ნაწილი კი „ქართუზეა“ დარეგისტრირებული.

ოფიციალურად შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ ასი პროცენტი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ობშორში, პანამის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. „ბიზნეს დეველოპმენტის“ „ქართუსთან“ კავშირს, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია, მწვანე კონცხზე მიმდინარე სამშენებლო პროექტებისთვის მიწის ნაკვეთების გადანაწილებაც ცხადყოფს, ნაწილი „ქართუს“ სახელზეა გაფორმებული, ნაწილის მფლობელი კი „ბიზნეს დეველოპმენტია“.

2020 წელს შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მწვანე კონცხზე დაირეგისტრირა მცირე ზომის ნაკვეთი, რომლის ირგვლივაც დიდი ტერიტორია შპს „ქართუს“ ეკუთვნის. ამ საკადასტრო ნაკვეთს ერთი მხრიდან ისევ „ბიზნეს დეველოპმენტის“ ნაკვეთი აკრავს.

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი ნაყიდი აქვს შპს „ურეკი რეზიდენსსაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია. თუმცა ბათუმის მერიაში ამ ნაკვეთზე მშენებლობის მოთხოვნით განაცხადი ჯერ არ შესულა, სხვა კომპანიები კი როგორც მწვანე კონცხზე, ასევე მანინჯაურის დაბლობზე, მშენებლობის ნებართვებს ისევ იოთხოვენ.

მონიშნული – „ბიზნეს დეველოპმენტისა“ და „ქართუს“ ნაკვეთები მწვანე კონცხზე

მწვანე კონცხი. 23.06. 2020 წელი

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: