თანაცხოვრებაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის კაცს ბათუმში 7 წელი მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვ.ვ.-ს. მას ხელვაჩაურის პროკურატურა ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებას ედავებოდა.

პროკურატურის ვერსიით, შემთხვევა 2019 წლის 4 დეკემბერს მოხდა. „ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ.

სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, მათ გამგებლობაში არსებული, აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების სახელით, გააყალბეს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ურთიერთშორის თითქოსდა განახორციელეს ქვიშა-ხრეშის მიწოდებები.

აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა უკანონოდ მოპოვებული 154 857 მ3 – ქვიშა-ხრეში, რითაც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს 1 931 617 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

ამავე დროს, ფიქტიური ოპერაციების შედეგად, დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო – ყალბი აქტივი 246 461 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 154 857 ლარი,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში სეზონურად სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ბათუმის ბულვარი ხელშეკრულებებს  2020 წლის ნოემბრამდე გაუგრძელებს. ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით მათ ამ სეზონზე მუშაობის გაგრძელებისთვის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ინდმეწარმე და თვითდასაქმებულია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 15 ივნისს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ახალი ხელშეკრულებების დასადებად ელექტრონულ აუქციონზე სუვენირების 30 დახლი გაიტანა, თუმცა აქედან 11 შემთხვევაში აუქციონი  ჩაიშალა, გასხვისდა მხოლოდ 19 დახლი – ამ შემთხვევაშიც მონაწილემ მხოლოდ ერთი ბიჯით გაზარდა საიჯარო თანხა.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოიჯარეებისგან, რომლებიც გასულ წელს ბულვარში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ, მერიამ რამდენიმე კოლექტიური წერილი მიიღო, სადაც მოიჯარეები პანდემიის პირობების გათვალისწინებით გარკვეულ შეღავათებს ითხოვდნენ.

მერიის განმარტებით, ქვეყანაში და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის და ტურისტების მცირე ნაკადის ფონზე გადაწყდა გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება და, შესაბამისად, მოიჯარეებისთვის ამ დრომდე მათ სარგებლობაში არსებული ქონების 2020 წლის ნოემბრამდე პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა.

ყოველ წელს ბულვარში მუშაობის გასაგრძელებლად აუქციონებში ძირითადად ერთი და იგივე პირები მონაწილეობენ.

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს.

„ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. განსაკუთრებით კი პირველ და მეორე კლასებს, რომ ისინი ყოველდღიურად იყვნენ სკოლაში, უფროსკლასელები კი კვირაში რამდენიმე დღით ისწავლიან სკოლის შენობაში“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

მისი თქმით, ამ ვერსიებს განიხილავენ საქართველოს განათლების სამინისტროში და საბოლოო გადაწყვეტილება 20 აგვისტოს უნდა იყოს ცნობილი.

„როცა პედაგოგები ამ დროისთვის დაბრუნდებიან სკოლაში და დაიწყება მუშაობა კონკრეტულ სასწავლო გეგმაზე“, – ამბობს ხაჯიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ის სკოლები, სადაც ორი ცვლაა, ხომ არ დადგებიან გარკვეული სირთულეების წინაშე? მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ ორცვლიანი სკოლებიც იმავე პრინციპით იმუშავებენ, რაზეც საუბარია ამ ორ მოდელში.

აჭარაში სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე დგას სველი წერტილების, წყლით მომარაგების პრობლემა. განათლების მინისტრს ვკითხეთ, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი და როგორ დაეხმარება ასეთ სკოლებს იმისთვის, რომ მათ სექტემბრისთვის შეძლონ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოსწავლეების სკოლის სივრცეში მიღება.

„ეს ინფორმაცია დამუშავებული გვაქვს და ეს არის ის პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს სკოლებში და ამის ერთიანად მოგვარება გაგვიჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმ სკოლების, სადაც სველი წერტილები მოუწესრიგებელია. ამიტომ წელს აქტიურად დავიწყებთ, რომ მაქსიმალურად მეტ სკოლაში მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა“, – ამბობს ხაჯიშვილი. თუმცა მინისტრი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ სკოლების კონკრეტულ რაოდენობას, სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები და სხვა მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

მინისტრის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. „ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის ვიყოთ მზად. თუ ვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ სკოლებში სრულად განვაახლოთ სასწავლო პროცესი, ბუნებრივია უკეთესი იქნება“, – ამბობს ხაჯიშვილი.

მან დღეს განათლების სამინისტროს დებულებაში შესულ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას უზრდის გარკვეული მიმართულებით. ეს გულისხმობს შემდეგს – თუკი საჯარო სკოლის დირექტორი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მიიღებს გაფრთხილებას, აჭარის განათლების სამინისტროს უფლება ექნება, თანამდებობიდან დაითხოვოს სკოლის დირექტორი, ან მიმართოს სამეურვეო საბჭოს მისი დათხოვნის თხოვნით.

ცვლილება შეეხება პარალელურ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრასაც, რაც გულისხმობს გამონაკლისების დაშვებას. ასევე, სარეგისტრაციო ვადების ამოწურვის შემდეგ, „ობიექტური გარემოებების შემთხვევაში“, აჭარის განათლების სამინისტრო უფლებას იტოვებს ჩარიცხოს მოსწავლე საჯარო და კერძო სკოლაში.

მაია ხაჯიშვილი

სამინისტრომ მიიღო დელეგირებული უფლება, რომ გასცეს თანხმობა საათობრივ დატვირთვასთან დაკავშირებით დადგენილ შეზღუდვებზე, კერძოდ, ათ საათზე მეტი საათის მიცემაზე. ეს შეზღუდვა ძირითადად სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის გარკვეულ თანამშრომლებზე  ვრცელდება.

____________________________________

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელების“ არქივი

მაჟორიტარები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო -1 

საქართველოს კონსტიტუციური კანონით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 29 ივნისს დაამტკიცა, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

შესაბამისად, აქამდე 75 მაჟორიტარული ოლქისა, იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 2020 წლის 29 ივნისისთვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად.

[toggle title=”ყველა ოლქის საზღვრები შეგიძლიათ იხილოთ აქ:“]

იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ამ კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

თბილისის მუნიციპალიტეტში:

  • მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები;
  • ვაკის რაიონი;
  • საბურთალოს რაიონი;
  • ისნის რაიონი;
  • სამგორის რაიონი;
  • დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები;
  • გლდანის რაიონი;
  • ნაძალადევის რაიონი;

ასევე:

  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული;
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

[/toggle]

 

კონსტიტუციური კანონით, აჭარის ტერიტორიაზე, სადაც 6 მუნიციპალიტეტია ქალაქ ბათუმის ჩათვლით, შეიქმნება 3 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, შემდეგი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

[checklist]

  • ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული [ამ ერთეულში შედის სოფლები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი];
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ხელვაჩაურის ყველა დანარჩენი სოფელი), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

[/checklist]

შესაბამისად, ქალაქი ბათუმი აირჩევს ერთ მაჟორიტარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტი და მახინჯაური – ერთ მაჟორიტარს და ასევე, ერთ მაჟორიტარს აირჩევს ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური [მახინჯაურის გარდა].

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/464122/

„ოცნება“ ბათუმში წინასაარჩევნოდ მისამართს იცვლის

ინვენტარის გადატანის პროცესი დაწყებულია, „ქართული ოცნება“ ბათუმში ოფისს იცვლის. პარტია მემედ აბაშიძის #45-ში, სამსართულიან შენობაში გადადის [„პროკრედიტ ბანკის“ ბათუმის ყოფილ სათავო ოფისში].

ამ დრომდე სახელისუფლებო პარტიას ოფისი ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში ჰქონდა. ეს ოფისი სრულად იხურება, თუ პარტია ამ მისამართზეც გაარძელებს მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მანველიძემ დაზუსტებით არც ოფისის შესაძლო შეცვლაზე გვიპასუხა: „ჯერ არ ვიცით, შეიძლება გადავიდეთ, არ ვიცი, ვნახოთ“.

მემედ აბაშიძის #45-ში პარტიის ინვენტარის ნაწილი უკვე გადაიტანეს.

ქართული ოცნების ატრიბუტიკა ახალ მისამართზე უკვე შეტანილი აქვთ

აბა, ცხენებით ვიაროთ? – სეკვესტრი ხელვაჩაურის ბიუჯეტში და ახალი პიკაპები 200 ათასად

“წლების განმავლობაში, შევარდნაძის მერე არ გაგვიგია სიტყვა სეკვესტრი, ახლა არის ეს თქვენს ბიუჯეტში,” – მიმართა ხელვაჩაურის მერს საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს, 30 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტის შემცირებაზე იმსჯელა. პანდემიის მიზეზით ხელვაჩაურის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით მცირდება. ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს სულ 18 მილიონი ლარია.

ხელვაჩაურის მერის თქმით, შემცირება ძირითადად ეხება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა გადადებაც შესაძლებელია. ცვლილებები ჯანდაცვის ან სოციალური დაცვის პროგრამებს არ შეხებია.

ოპოზიციის აზრით, შემცირება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს და არ ეხება ჩინოვნიკების შემოსავლებს, საწვავს, მივლინებებს. საკრებულოს სხდომაზე ცხარე კამათი ახალი 3 პიკაპის შეძენას მოჰყვა.

“თქვენ ეს პიკაპები იყიდეთ გასული წლის ბიუჯეტით, მაგრამ ჩამოვიდა ეს მანქანები 5 ივნისს. შეგეძლოთ გაგეუქმებიათ ეს კონტრაქტი. 200 ათასი ლარი დაიხარჯა და თქვენი კომფორტისთვისაა ეს, თქვენ მოძრაობთ,” – გაცხარდა საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე.

“მატყუარა ხართ თქვენ, თანამშრომლებისთვისაა ეს მანქანები…” – პასუხი ტრიბუნიდან არ დააყოვნა ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. ის ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო.

“მე შეგამოწმებთ ყველა დღე, იცოდეთ,” – განაგრძო დისკუსია საკრებულოს წევრმა. კამათში შეხვედრის სხვა მონაწილეებიც ჩაერთნენ. სიტუაციის განმუხტვა რეპლიკით საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა.

“პიკაპები არა, ცხენებს ვიყიდით აწი, ცხენებით და ვიაროთ,” – ხმამაღლა მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მას პირბადე ეკეთა და გაუგებარი დარჩა, ხუმრობდა თუ არა.

მიშა ბოლქვაძის თქმით, ახალი მანქანებით ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, მისი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე გადაადგილდებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა “პატრიოტთა ალიანსისა”, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“საკითხზე მხარის დაჭერა არ გინდოდათ და რამე ხომ უნდა გეთქვათ,” – რეპლიკა დააწია ოპოზიციას ნადიმ ვარშანიძემ.

პიკაპებზე დისკუსიამდე ოპოზიციამ ასევე გააკრიტიკა სტიქიის ზონაში ფერდსაცავის მოწყობის პროექტებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

“221 ათასი ლარი იყო ამისთვის გათვალისწინებული,” – დასძინა მიშა ბოლქვაძემ.

“ვინც საშიშ ზონაში ცხოვრობს, ყველა გაყვანილია ქირით, ესეც ტყუილია,” – წამოიძახა საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა.

ოპოზიციის აზრით, პანდემიის მიზეზით არ შეიძლებოდა სოფლის გზების რეაბილიტაციის პროგრამის ნახევარი მილიონით შემცირება, ასევე საბავშვო ბაღების, სათამაშო მოედნებისა,თუ სკოლების რეაბილიტაციაზე უარის თქმა.

“თქვენ თუ მართალი ხართ, როცა ამ წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ და იქ გავითვალისწინეთ სტიქიის ზონა, მაშინ რატომ არ დაგვიჭირე მხარი? რატომ არ თქვი, ყოჩაღ მთავრობასო?” – მიმართა ოპოზიციონერს ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

“ეს ოპოზიცია ყველგან ამორალურია, მარტო აქ არა,” – დაასკვნა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ, როცა ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.

“იმას ყარაულობენ, ვინ რა მანქანით დადის და რომელ რესტორანში,” – დასძინა ვახტანგ ლორთქიფანიძემ.

“თანაც, ტყუილია ეს ყველაფერი, ტყუილი,” – ჩაილაპარაკეს საკრებულოს წევრებმა და თან ჟურნალისტებს გამოგვხედეს.

ოპოზიციის დარბაზიდან გასვლის შემდეგ სხდომა დაახლოებით 5 წუთში დასრულდა – რამდენიმე საკითხის განხილვას რამდენიმე წუთი დასჭირდა და ისე, რომ დამსწრე პირი ვერაფერს გაიგებდა: რა შეცვალეს? რატომ?

სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, რატომ აღარ დაფინანსდება, მაგალითად, სამუშაოები სტიქიის ზონაში.

“შესყიდვები შეჩერებული იყო, ახლა რომ გამოცხადდეს, დრო უნდა. ზოგი ისეთ მიუვალ ადგილზეა, ზამთრამდე ვეღარ მოესწრებოდა,” – გვიპასუხა ნადიმ ვარშანიძემ.

ხელვაჩაურის მერის თქმით, ბიუჯეტში შემოსავლები შემცირდა, რადგან ტენდერების გაუქმების გამო მუნიციპალიტეტმა დაგეგმილი ტრანსფერები ცენტრალური ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღო.

“რატომ არ გააუქმეთ პიკაპებზე ხელშეკრულება, როცა ბიუჯეტის სეკვესტრს ელოდით?” – ჩვენ ესეც ვკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს.

“მოვინდომეთ, მაგრამ არ გამოვიდა… ვისთანაც გაფორმებული გვქონდა კონტრაქტი, მისი კი არ იყო ეს მანქანები, შემოყვანილი იყო იაპონიიდან, მიცუბიშის მანქანებია… კონტრაქტს კი გააუქმებდი, მაგრამ ფულს აღარ გვიბრუნებდნენ,” – ირწმუნება ნადიმ ვარშანიძე.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ბოლოს ცხენებზეც ვკითხეთ.

“ვიხუმრე. მართლა ცხენით ხომ არ ვივლით? ახლაც შეამოწმეთ, იმ პიკაპით თანამშრომლები არიან საქმეზე წასული… მეც ვმოძრაობ კი, მაგას ხომ არ ვმალავ?” – დაგვიტოვა კითხვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ღამით იწვიმებს – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივნისის 21 საათიდან 1-ლი ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 -20 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 2-3 ივლისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

,,ევროპული საქართველო” პარტიის ახალ წევრებს აჭარაში ხვალ წარადგენს

ბათუმში, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის ოფისში გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. უგულავამ რეგიონში პარტიის მიერ ახალი კანდიდატების წარდგენაზე, მთავრობის მიერ სიძულვილის ენის შესახებ საუბრის მოტივებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ოპოზიცია აჭარის რეგიონში, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაციაზე თუ თანხმდება და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთისთვის კონკურენტების დაყენებას აპირებს თუ არა, გიგი უგულავამ თქვა, რომ რეგიონებში ოპოზიციას კანდიდატებზე შეჯერების პროცესი ჯერ არ დაუწყია.

გიგი უგულავას თქმით, დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო კანდიდატების შერჩევის დასრულებამდე თბილისში, შემდეგ კი ,,ევროპული საქართველოს” ლიდერები გადაწყვეტენ რეგიონებში წარსადგენი კანდიდატების საკითხს.

მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველო“ რეგიონის მასშტაბით პარტიის ახალ წევრებს ხვალ წარადგენს.

გიდების აქცია ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

დღეს, 30 ივნისს, ბათუმში, „პიაცაზე“ გიდები შეიკრიბნენ. ბათუმელი გიდები შეურთდნენ აქციას სახელწოდებით – „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“. დღეს აქცია ამავე სახელწოდებით მიმდინარეობს თბილისსა და ქუთაისში.

ფლეშმობ აქცია „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას შეუერთდა ევროპის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც.

გიდების აქცია ბათუმში. 30 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე
გიდების აქცია ბათუმში. 30 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
გიდების აქცია ბათუმში. 30 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან

მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს – აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 30 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, კომპენსაციას მიიღებს 900 ფერმერი და ამისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გაიცემა კომპენსაცია.

ივნისის შუა რიცხვებში აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში კომისიებმა დაამუშავეს.

ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს

ბათუმში, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თუ არა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, გიგი უგულავამ თქვა, რომ შესაძლოა იყოს:

„ის [ ტარიელ ნაკაიძე] ღირსეული ადამიანია, სწორი და კარგი რეპუტაციით, ჯანსაღი ღირებულებებით, რაც ჩვენთვის  მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. უბრალოდ მინდა, თუ ეს თანამშრომლობა შედგება, პირველად მან თქვას ამის შესახებ. დიახ, გვქონდა საუბარი და ჩვენი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში ემთხვევა, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლების საკითხებში. თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, ძალიან სასარგებლო იქნება ეს ადამიანი იმ რეგიონისთვის, რომელსაც წარმოადგენს, ღირსეული წარმომადგენელი იქნება აჭარის მთიანეთის“.

იმ შემთხვევაში, თუ ტარიელ ნაკაიძე დათანხმდება არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, ის კენჭს იყრის ოლქში, რომელიც მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს.

ტარიელ ნაკაიძეს ოფიციალურად თანხმობის შესახებ, ჯერ არ განუცხადებია.

მაჟორიტარული ოლქის საზღვრები ცესკომ უნდა დაადგინოს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, ერთ ოლქში მინიმუმ 90 ათასი ამომრჩეველი იქნება.

ამ ცვლილებით საქართველოს პარლამენტში ნაცვლად 6 მაჟორიტარი დეპუტატისა, აჭარას ეყოლება 3 დეპუტატი.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარია – სები

ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 18.3 მილიარდი აშშ დოლარი (60.1 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 103.7 პროცენტია.

მთლიანი საგარეო ვალიდან:

[checklist]

  • სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მილიარდი აშშ დოლარი (25.6 მილიარდი ლარი), რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მილიარდი აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 443.9 მილიონი აშშ დოლარი (1.5 მილიარდი ლარი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755 მილიონი აშშ დოლარი (2.5 მილიარდი ლარი) და 876.4 მილიონი აშშ დოლარი (2.9 მილიარდი ლარი).
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი),
  • სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი)
  • კომპანიათაშორისო ვალმა კი – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი).

[/checklist]

ეროვნული ბანკის განცხადებით, მთლიანი საგარეო ვალის 89.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. სებ-ის ინფორმაციით აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 318.6 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო – 179.0 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო შემცირდა 29.4 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 176.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

„ხოფის“ ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვით გათავისუფლდებიან გადასახადისგან – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვით გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“, ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისაგან 5 თვის ვადით. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათმა მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა, რომ შესაბამისი შეღავათები გაავრცელონ იქ მომუშავე ადამიანებზე,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლა არ არის გადასახადების გაზრდის დრო და საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დამდგარ ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლისათვის. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხდება ზრდა გარკვეული გადასახადების, მათთვის ცნობილია. „ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია ამ ყველაფერზე“ – დასძინა მან.

ვინ არ ექვემდებარება იზოლაციას/კარანტინს საქართველოში შემოსვლისას

მთავრობის 29 ივნისის დადგენილებით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

[checklist]

  • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები;
  • საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას.

[/checklist]

ამასთან, საქართველოში შემოსვლისას, საზღვარგარეთის ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები კი, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. კვლევის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

ქვეყანაში მოქმედი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, „უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 14 დღის განმავლობაში კარანტინს.

უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ასევე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ (დანართი №9) შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.“

30 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 928
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 794
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 2809
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3

დადასტურდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა – 30 ივნისის მონაცემები

დადასტურდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა – 30 ივნისის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი კი – ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი.

30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 794 პაციენტი, გარდაიცვალა – 15.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

ქობულეთის სანაპიროზე 3 მრავალსართულიანი და 4 დამხმარე შენობის აშენება სურთ

ქობულეთში, აღმაშენებლის #313-ში, ზღვის პირველ ზოლში, კომპანია სამი მრავალსართულიანი შენობისა და ოთხი შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობის მშენებლობის უფლებას ითხოვს. შპს „კრისტალ ბილდინგმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა [გრგ] მოამზადა და მერიას გადაუგზავნა, ამ გეგმის დამტკიცებაზე ხვალ. 30 ივნისს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

გრგ-ს მიხედვით, კომპანია გამწვანებულ ტერიტორიაზე, სამ ჰექტარზე [ 37 502კვ.მ.] გეგმავს ააშენოს ორი შენობა სასტუმროსთვის, ერთი გამაჯანსაღებელი ცენტრი და მათი დამხმარე ნაგებობები, ამავე ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს პარკინგი თითოეული შენობისთვის.

ჩამოთვლილი შენობებიდან ყველაზე მაღალი 121 მეტრი სიმაღლის იქნება.

საპროექტო ტერიტორია, სადაც მფლობელს 7 შენობის აშენება სურს

საერთო ჯამში კომპანია აპირებს მშენებლობისთვის აითვისოს 7000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ ტერიტორიაზე აშენებული შენობების საერთო ფართობი კი 75 000 კვადრატული მეტრი იქნება.

სამშენებლო ნაკვეთზე ხუთასამდე მრავალწლოვანი ხეა, მათ შორის არის ფიჭვი, კვიპაროსი, სხვადასხვა ფოთლოვანი და მრავალწლოვანი ბუჩქნარი. პროექტის ლანდშაფტური არქიტექტორის, ლია ქურციკიძის ინფორმაციით, გრგ-ს მიხედვით, კომპანიას დასჭირდება 53 ძირი ხის [8 ფოთლოვანი და 45 ძირი წიწვიანი ფიჭვი] გადარგვა.

„კრისტალ ბილდინგმა“  ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 37 523 კვადრატული მეტრი, დაირეგისტრირა. კომპანია კიდევ ერთ გამწვანებულ ნაკვეთს ფლობს ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე, აღმაშენებლის #277-ში. [29 322 კვ.მ] აქ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე მოპოვებული აქვს და აშენებს კიდეც.

საერთო ჯამში შპს „კრისტალ ბილდინგი“  ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 71 523 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც ქობულეთის პარკზე გაცილებით დიდი ტერიტორიაა – პარკის ფართობი 46 845 კვადრატული მეტრია.

„კრისტალ ბილდინგი“ 2015 წელს აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად 25 წლის ელვინ მამმადლი, აზერბაიჯანის მოქალაქე დანიშნეს, შემდეგ კომპანიას ვანო ლომიძე ხელმძღვანელობდა, გასულ წელს ის კომპანიის 10 პროცენტის მფლობელიც გახდა. დოკუმენტების მიხედვით, ეს ათი პროცენტი მას უსასყიდლოდ დაუთმეს.

ვანო ლომიძე არის ასევე შპს „აგრარ გაზის“ ასი პროცენტის მფლობელი. რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ის იყო შპს „ენერგო ინვესტის“ დირექტორი, რომლის ასივე პროცენტს რუსეთის მოქალაქე თენგიზ ძიძიგური ფლობდა. ვანო ლომიძე ფლობს ასევე შპს „ჯავას“ ორმოც პროცენტს. რეესტრის 2015 წლის მონაცემებით, ვანო ლომიძე შპს საქართველოს ელექტრონულ-ინდუსტრიული კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად ფიქსირდება.

საფრანგეთის ყოფილ პრემიერს 5 წელი მიუსაჯეს ცოლის ფიქტიური დასაქმებისთვის

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ფიიონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს [აქედან სამი წელი – პირობითად] ცოლის ფიქტიურად დასაქმებისთვის – წერს BBC.

პარიზის სასამართლომ ფიიონი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის. სკანდალი ამ საქმეზე 2017 წელს დაიწყო და ფიიონის პოლიტიკური კარიერა დააზარალა.

ფიიონის მეუღლეს, პენელოპას, სამი წელი [პირობითად] მიუსაჯეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში თანამონაწილეობისთვის.

ცოლ-ქმარმა ასევე უნდა გადაიხადოს ჯარიმა – 375 ათასი ევრო თითოეულმა. ფიიონის და მისი მეუღლის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ფიიონმა ცოლს 831 ათასი ევრო გადაუხადა სამუშაოსთვის, რაც მის მეუღლეს სინამდვილეში არ შეუსრულებია.

საფრანგეთის პროკურატურამ ფიიონის წინააღმდეგ საქმის გამოძიება 2017 წლის მარტში დაიწყო, გამოცემა Canard Enchaine-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფიიონმა, 2000-იან წლებში, როდესაც იგი პარლამენტარი იყო, ცოლი თანაშემწედ ფიქტიურად გააფორმა და მას ასობით ათასი ევრო გადაუხადა.

სტატია გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომლის ფავორიტადაც მიიჩნეოდა ფრანსუა ფიიონი.

ფიიონი და მისი ცოლი ბრალდებებს უარყოფდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პენელოპა ნამდვილად მუშაობდა ქმრის თანაშემწედ, თუმცა მედია წერდა, რომ მასზე პარლამენტში საშვიც კი არ იყო დაშვებული და პარლამენტის თანამშრომლებიდან მას თითქმის არავინ იცნობდა.

ფიიონი მაშინ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და მან 2017-ში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გააგრძელა, თუმცა მისი რეიტინგი დაეცა და იგი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა მარი ლე პენისა და ემანუელ მაკრონის  შემდეგ.

___________

 

გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“.

“ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია. ეს გამოკიდება რა არის, თუ არის რაიმე შეკითხვები, მითხარით, ნერვებს გაუფრთხილდით… ეს გითხრეს ახლა, ეს ჰკითხეო?” – ასე გიორგი გახარიამ მას შემდეგ მიმართა ჟურნალისტებს, როცა მას ჰკითხეს, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“.

მანამდე, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია გახარიამ სავარაუდოდ პოლიტიკური ოპონენტები, როცა თქვა: „მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ“.

დღეს გახარიამ ჟურნალისტებთან მედიაგარემოს „ტოქსიკურიც“ უწოდა და თქვა, რომ „ამის გარდაქმნას ყველანაირად შეუწყობენ ხელს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ხელის შეწყობაში, პრემიერმა „ფეიკნიუსებზე“ ისაუბრა:

„როცა ტყუილზე ეფუძნება ინფორმაცია, ის არ მუშაობს, რადგან ინფორმაცია დღეს ჩაკეტილი არ არის და ვრცელდება ჰორიზონტალურად. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი, ცალკე აღებული ადამიანი არის უკვე მედია. პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, თითოეული ასეთი ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად,  სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას, ყველანაირად შევუწყობთ ხელს“.

„ფეისბუკმა“ ხელისუფლებასთან  დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი წაშალა სოციალური ქსელიდან,  „ბათუმელებმა“ პრემიერს ჰკითხა, ყალბ გვერდებზე როცა საუბრობს, თუ გულისხმობს სახელისუფლებო ყალბ გვერდებსაც, რაზეც გახარიამ გვიპასუხა: „მათზეც. ვინც იმსახურებს, ყველა უნდა გაუუქმოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი წარმომადგენელია“.

გახარიამ „ფეიკნიუსების სქემაზეც ილაპარაკა. „ფეიკნიუსების“ სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი – „ფეიკნიუსი“, ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

იქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა ასეთ „ფეიკნიუსს“, პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, აქვს ძალიან მოკლე. ხშირ შემთხვევაში ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ არის 3-4 დღე“.

სწორედ ამის შემდეგ ახსენა გახარიამ მოქალაქე „მედიის“, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის როლში და თქვა, რომ სწორედ ერთ ადამიანზე დაფუძნებული „მედიის“ განვითარებას შეუწყობს ის ხელს. „სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს გახარია.

 

_________________________________

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბუსსს „ანრის“ ადმინისტრაციამ წლის აქტიური თანამშრომლები და სტუდენტები დააჯილდოვა

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მრავალი ღონისძიება გადაიდო და გაუქმდა. მათ შორის, ვერც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა მასშტაბურად, ვერ გაიმართა ბუსსს „ანრის“ უკვე ტრადიციადქცეული სხვადასხვა ღონისძიება. თუმცა „ანრის“ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ღონისძიება – წლის განმავლობაში აქტივობით გამორჩეული პერსონალისა და სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც იმართებოდა 25 ივნისს,მეზღვაურთა დღეს, მაინც ჩაატარა.

მეზღვაურთა პროფესიულ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბუსსს „ანრიში“ გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:

20 ივნისს ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“. კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა კონტექსტში განიხილეს უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობა კარიერული განვითარებისათვის; ისაუბრეს ლინგვისტიკასა და ლინგო-პოეტიკურ ანალიზზე, ენათმეცნიერული-პოეტური ანალიზის სახეებსა და.ა.შ. ასევე, ენობრივ და კულტურულ ფაქტორებზე.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ როგორც ბუსსს „ანრის“ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე ქართული და უცხო ქვეყნის 15-მდე უნივერსიტეტის პროფესორები, ლექტორები და სტუდენტები. მათ შორის უკრაინის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუმინეთის და ინდოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, 24 ივნისს გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:  “ისტორიები საზღვაო წარსულიდან”.

ონლაინლექციაზე განიხილებოდა:

[checklist]

  • ისტორიები მეზღვაურთა პროფესიის შესახებ, საქართველოს და მსოფლიო საზღვაო ისტორია
  • ძველი საზღვაო გზები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ძველი ეგვიპტის საზღვაო ისტორიები
  • ისტორიები ფინიკიელების გემთმშენებლობის შესახებ და მათი საზღვაო საქმიანობის განვითარების ეტაპები
  • ძვ.წ. 15-14 საუკუნეში ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეგრისის- კოლხეთის, სამეფოს მრავალრიცხოვანი საზღვაო-სამხედრო ფლოტის არსებობის შესახებ
  • 1720 წლის გრენგამის საზღვაო ბრძოლა ბალტიის ზღვაში რუსეთსა და შვედეთს შორის
  • აგრეთვე საუბარი შეეხებოდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ საზღვაო ბრძოლას იუტლანდიის ნახევარკუნძულთან 1916 წელს

[/checklist]

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში  გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.

 ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო გადაეცათ ბუსსს „ანრის“ იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაარსების დღიდან არიან დასაქმებულები ბუსსს „ანრიში“;

ფულადი ჯილდო გადაეცათ ბუსსს „ანრის“ უხუცეს თანამშრომლებს;

მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ის ლექტორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბუსსს „ანრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესის წარმართვაში. ასევე სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში და გამოირჩეოდნენ სწავლით.

ონლაინდაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ მალე დანერგა  სასწავლებელმა ონლაინსწავლება და გაატარა ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისთვის. ვინაიდან,  პედაგოგიური და საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის პერსონალი არ იყო მზად ახალი, ვირტუალური სწავლა-განათლებისთვის, გადაწყდა მათთვის ჩატარებულიყო ტრენინგების სერია. რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

ბუსსს „ანრის“ რექტორი რუსლან დიასამიძე
ბუსსს „ანრის“ რექტორი რუსლან დიასამიძე

აღსანიშნავია, რომ ბუსსს „ანრის“ არ შეუწყვეტია საჯარო ლექციების და იმ სხვადასხვა აქტივობის გამართვა, რომლებიც სტუდენტებს აძლევს დამატებით განათლებას.

პანდემიის დროს კი, როგორც სხვა დანარჩენი სასწავლო დაწესბულებებისათვის, ასევე, ბუსსს „ანრისთვისაც“  ყველაზე დიდი პრობლემა იყო და ნაწილობრივ ჯერ კიდევ რჩება პრობლემად, პრაქტიკული და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. თუმცა როდესაც დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა, ჩვენ უსაფრთხოების წესების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოვამზადეთ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ ჩავატაროთ პრაქტიკული და ლაბორატორიული კვლევები.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, წარმატებით გავიარეთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შემოწმება პანდემიის პრევენციის ინსტრუქციის შესაბამისობაზე და აღვადგინეთ მეზღვაურთა საწვრთნელი კურსები. დღეს სასწავლებელი უზრუნველყოფილია სავალდებულო აღჭურვილობით და საშუალებებით, რათა თანამშრომლები და მსმენელები დაცული იყვნენ ვირუსისგან.

ამ სირთულეების მიუხედავად, ბუსსს „ანრიმ“ შეიძინა, დაამონტაჟა და ექსპლუატაციაში ჩაუშვა ახალი სიმულატორი, რომელიც გამოიყენება სატვირთო და საბალასტო ოპერაციების სამართავად  აირმზიდი გემებისათვის.

ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს.

თავშესაფრების მისამართები დაცულობის უზრუნველსაყოფად კონფიდენციალურია და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ პოლიციას და იმ უწყებებს, რომლებიც მსხვერპლებთან მუშაობენ.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილია 2020 წლის ივნისში გამოცემულ სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები საქართველოში”, სადაც აღნიშნულია თუ როგორ უნდა იმოქმედოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ძალადობისგან თავდასაღწევად. გაიდლაინი მოამზადა კავშირმა „ფრეია” ,,საქართველოში ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

[red_box]რამდენხანს შეუძლია ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში დარჩენა და რას სთავაზობენ მათ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები[/red_box]

თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობა მსხვერპლს შეუძლია 3 თვემდე ვადით. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარი უზრუნველყოფს:

  • საცხოვრებელი ადგილით
  • ოთხჯერადი კვებით
  • ჰიგიენის საშუალებებით
  • საჭიროების შემთხვევაში ტანსაცმლით
  • სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებით
  • სოციალურ რეინტეგრაციაში დახმარებით
  • საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებით.

კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად)  სთავაზობს:

  • სადღეღამისო საცხოვრისს
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას;
  • პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას;
  • სამართლებრივ დახმარებას (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებას.

კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 3 თვემდე ვადით, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.

[red_box]რამდენი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრია საქართველოში და რა სჭირდება მსხვერპლს იქ მოსახვედრად[/red_box]     

საქართველოში ფუნქციონირებს 5 თავშესაფარი: 1 თბილისში, 4 რეგიონებში. კრიზისული ცენტრი კი სულ არის  3: თბილისში, მარნეულსა და ოზურგეთში.

იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლმა ისარგებლოს ზემოთ აღნიშნული სერვისებით, საჭიროა მას მინიჭებული ჰქონდეს ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი.

  • სტატუსის ანიჭებენ რამდენიმე გზით:

შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემით და ასევე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

  1. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
  2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
  3. ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თუ მსხვერპლს არ სურს მიმართოს სამართალდამცავ უწყებას სტატუსის მოსაპოვებლად, მას შეუძლია მიმართოს უწყებათაშორის კომისიას და სრული კონფიდენციალურობის დაცვით, კომისიის გადაწყვეტილებით მათ შესაძლოა მიენიჭოთ მსხვერპლის სტატუსი.

[red_box]რომელი ორგანიზაცია რას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს[/red_box]

  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი/Anti-Violence Network of Georgia – ძალადობის მსხვერპლ მოქალაქეებს უწევს: იურიდიულ მომსახურებას, ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ თბილისის მასშტაბით 24 საათიანი თავშესაფრით. ტელ.: 032 272 67 17
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) – მსხვერპლებს უწევს ფსიქოლოგიურ (ინდივიდუალური, ჯგუფური და ოჯახური თერაპია), სამედიცინო (ცენტრის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და კლიენტთა გადამისამართება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში) და სოციალურ მომსახურებებს. ტელ.: 032 222 06 89; 032 229 39 12
  • ასოციაცია „მერკური“ – ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე 24 საათიან თავშესაფარს. ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალური მუშაკის დახმარებას. ტელ.: 599 61 78 47
  • HRHT / კავშირი „საფარი“ – ორგანიზაცია მსხვერპლებს სთავაზობს: ფსიქოლოგიურ მომსახურებას (ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას; ბავშვთა და ზრდასრულთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას); სოციალურ მომსახურებას (საჭიროებების შესწავლა, შეფასება, ადვოკატირება, რეფერირებას); იურიდიულ მომსახურებას (უფასო იურიდიული დახმარება ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, წარმომადგენლობა პოლიციისა და სასამართლო ორგანოებში და ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვა საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებში) ტელ.: 0322 30 76 03
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – მოქალაქეებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას. ასოციაციას აქვს ფილიალები, როგორც თბილისში ისე საქართველოს 8 რეგიონში. ტელ.: 032 299 50 76

[red_box]რომელი უწყებების ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ  პირველ რიგში თუ თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან გსურთ სხვა ადამიანს აღმოუჩინოთ დახმარება?(ანონიმურობა დაცულია)[/red_box]

112 – საგანგებო სიტუაციების სამსახური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება);

15 05 – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო;

116 006 – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწიფო ფონდი (მომსახურების გაწევა ხდება 8 ენაზე);

14 81 – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.


მთავარ ფოტოზე: ილუსტრაცია სახელმძღვანელოდან: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები საქართველოში”

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს იქაურობა თოვლითაა დაფარული.

ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძიზე და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.

„ბაღის სტუმრებს წელს უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს. ალპინარიუმი 4000 კვ/მ ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი.

გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ,“ – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე, კურორტ გოდერძისთან ახლოს, „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.

ხულო, გოდერძი, ალპური ბოტანიკური ბაღი / ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ხულო, გოდერძი, ალპური ბოტანიკური ბაღი / ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოკვლეული 297 პირიდან 2 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ორივე კოვიდინფიცირებული მძღოლია, ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დადასტურების შემდეგ -“მედალფაში”. ამ ორი ახალი შემთხვევიდან ერთი დღეს, დილით დასახელებულ შემთხვევებს შორისაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტებს აქვთ მსუბუქი სიმპტომები.

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა ბოლოს 19 ივნისს დადასტურდა, როცა კარანტინში მყოფ ქალს დაუდასტურდა Covid-19, თუმცა პაციენტი ქუთაისში გადაიყვანეს, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პაციენტისვე თხოვნით.

გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

„მე რაც მამოძრავებს, პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებდა ჟურნალისტებთან. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“.

„რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი“, – ამბობს გახარია. – „ამის შემდგომ უკვე, ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, მისი გადასაწყვეტია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყონ.“

მისი თქმით, ყველამ, ვინც ხმა მისცა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას, „შეძლო ქვეყნის ინტერესები პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა“.

რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას, გიორგი გახარიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანას უფრო მეტად აახლოებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ გააკეთა და სახელისუფლებო გუნდმა მოახერხა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ეს ნიშნავს, რომ შეუქცევადია საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაცია  და ამას მივეცით ეხლა ხმა“, – განაცხადა გახარიამ დღეს ბათუმში.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით  ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული.

 

მთავარი ფოტო: გიორგი გახარია/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები

აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს 

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი იქნება. იგი პირველი ივლისიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. მაუწყებელს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო პერიოდში ამ პოზიციაზე ფირუზ ბოლქვაძე მუშაობდა. ჩვენ მასთან ვცადეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად სწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თანამდებობა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის არგაშუქების გამო დაატოვებინეს. ფირუზ ბოლქვაძემ გვითხრა, რომ „დაზუსტებული არაფერი არ არის“. მან დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ფირუზ ბოლქვაძემდე მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, რადიოში გადაიყვანეს, წამყვანი თეონა ბაკურიძე კი, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. ისინი სასამართლოში დავობენ.

არის თუ არა ამ და სხვა ჟურნალისტების პროტესტი სამართლიანი და რას ფიქრობს ახალი რედაქტორი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებაზე? – ვკითხეთ აკაკი გოგიჩაიშვილს.

„არ ვიცი, ერთი მხარე ამბობს რაღაცას, მეორე მხარე ამბობს რაღაცას, ორივეს თუ მოუსმენ, ყველას თავისი სიმართლე აქვს… მეორე მხრივ, ეგ კარგიც არის, რადგან მე სრულიად მიუკერძოებელი ვარ, გვერდიდან მაყურებელი ადამიანი შემოვდივარ ამ სიტუაციაში და არანაირი გადახრა ერთ ან მეორე მხარეს არ მაქვს,“ – გვიპასუხა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

მას შევახსენეთ, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აფასებს მესამე სექტორი და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ახალ რედაქტორს ვკითხეთ, რა არგუმენტით არ იზიარებს ამ ორგანიზაციების შეფასებებს. აკაკი გოგიჩაიშვილმა ჩვენი დარწმუნება იმაში სცადა, რომ თვეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქციის, განცხადებებისა და სასამართლოში შეტანილი 11 სარჩელის ფონზე, ამ განცხადებებს ის ჯერ არ გაცნობია.

„საიდან გამოიტანეთ, რომ არ ვიზიარებ? წაკითხული მაქვს თუ არა, ისიც არ ვიცი… არ ვიცნობ მათ შეფასებებს,“ – აღნიშნა აკაკი გოგიჩაიშვილმა „ბათუმელებთან“.

აკაკი გოგიჩაიშვილმა ასევე გვითხრა, რომ მას აჭარის ტელევიზიაში დღეს ურთიერთობები არ მოსწონს. ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მსგავსად, ისიც ახსენებს „ოჯახს“.

„ძალიან არ მომწონდა ურთიერთობის ეს ფორმა. როცა არის გარკვეული კონფლიქტური საკითხები, ეს არის ერთი ოჯახი, თუკი ერთმანეთის გატანა და გვერდით დგომა არ არის, ძალიან რთული იქნება… ურთიერთობების ეს ფორმა არ მომწონს. თუ რამე იქნება ჩემზე დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ განხილვის, მსჯელობის და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მონახვის ფორმატში. თვითონ ახლა რა და როგორ ჩემთვის ნაკლებად ცნობილია,“ – ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი.

ხომ არ აკრიტიკებს აკაკი გოგიჩაიშვილი ტელევიზიის მენეჯმენტს, რადგან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს მედიაციაზე უარი მენეჯმენტმა უთხრა.

„არ ვიცი, ვინ ვის რა უთხრა… მალე დავეწევი მოვლენებს,“ – გვიპასუხა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი – ნინო ხაჟომია ასევე ახალი მენეჯმენტის პირობებში დანიშნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთ რედაქტორად, თუმცა მან ეს თანამდებობა მალევე დატოვა. შემდეგ ნინო ხაჟომია საინფორმაციო სამსახურის ონლაინრედაქტორად დანიშნეს და ამ გზით ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს კიდევ ერთი „არასასურველი ჟურნალისტი“ – სოფო ჟღენტი ჩამოაშორეს.

თავად აკაკი გოგიჩაიშვილი ბოლო დრომდე „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსპიკერი იყო.

ბათუმში მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა.

  • დანკო კვარაცხელია – შორეული ნაოსნობის კაპიტანი
  • ოთარ ვარშანიძე – შორეული ნაოსნობის კაპიტანი
  • ბეგლარ კორძაია – შორეული ნაოსნობის კაპიტანი
დღეს ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჯილდო გადასცა:

  • მურთაზ დევაძეს – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. მოქმედი ლოცმანი
  • მირიან ცინცაძეს – ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის ოფიცერი

ასევე დაჯილდოვდნენ უფროსი მექანიკოსები:

  • თენგიზ ოსეფაშვილი – უფროსი მექანიკოსი
  • ოვანეს მიკირტიჩიანი – ინჟინერ-მექანიკოსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კი ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტნებს:

  • გენადი ბაღიშვილს
  • მალხაზ ვარშანიძეს
ბათუმში მეზღვაურები დააჯილდოვეს

საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს დააჯილდოვეს უფროსი მექანიკოსი ტარიელ დოლიძე, კაპიტანი – გია დობორჯგინიძე და კაპიტნის უფროსი თანაშემწე  მინდია ჟოჟაძე, რომელიც ამჟამად შორეულ ნაოსნობაში იმყოფება.

დაჯილდოებამდე ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ტრადიციული ცერემონია გაიმართა, ამით  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს.

გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია

გიორგი გახარიამ მეზღვაურებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვაო სფეროს განვითარების გარეშე საქართველო ეკონომიკურად ვერაფერს მიაღწევს:

„შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და საქართველოს კარიბჭე და ვერაფერს, ეკონომიკურად ჩვენ ვერ მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო და მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად სულ უფრო თუ არ განვითარდა“.

მან ასევე ისაუბრა ფოთში მეზღვაურთა პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

მეზღვაურთა დღე ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გიდების აქცია საქართველოს სამ ქალაქში – „დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც”

30 ივნისს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გიდები ფლეშბობ აქციას გამართავენ სახელწოდებით – „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“. სამივე ქალაქში ხვალ, 30 ივნისს, გიდები უსასყიდლოდ ჩაატარებენ ტურებს. აქციები 12 საათზეა დაგეგმილი: ბათუმში – პიაცაზე, თბილისში – რიყის პარკში, ქუთაისში კი გიდები ჩარდახის ეზოში შეიკრიბებიან.

დამოუკიდებელი გიდი, სალომე გორგილაძე ამბობს, რომ ქოლგა გიდების უცვლელი და აუცილებელი ატრიბუტია, ასევე დაცვის სიმბოლოც და სწორედ ამიტომ იქნებიან გიდები ხვალინდელ აქციაზე ქოლგებით.

„ტურისტების გარეშე დავრჩით, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და გვსურს ერთი დღის ტური ვაჩუქოთ ქალაქის სტუმრებს. საკმაოდ ბევრმა გიდმა გამოთქვა მოსვლის სურვილი. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გააძლიერონ და აამოქმედონ შიდა ტურიზმი. უცხოელი ტურისტები, როგორც ხედავთ, არ გვეყოლება ან გვეყოლება სეზონის მიწურულს.

გარდა იმისა, რომ დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც. მე პარალელურად მასწავლებელი ვარ და ჩემი შემთხვევა არ არის პანდემიაში უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანის კლასიკური შემთხვევა. ჩემზე ცუდ დღეშია ბევრი გიდი, ვისაც სხვა შემოსავალი არ აქვს. ჩემ ირგვლივ ვერ ვიხსენებ გიდს, ვისაც სახელმწიფო დახმარება დაერიცხა,“ – ამბობს სალომე გორგილაძე.

სალომე გორგილაძე, გიდი

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი წილი მოდის ტურიზმზე, პანდემიისას სახელმწიფოს გაუჩნდა კითხვა, მართლა არსებობენ თუ არა გიდები.

„საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს გიდების, ტურიზმის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, რომ აღარ დასვას კითხვა სახელმწიფომ: რამდენი გიდია საქართველოში, ვინ იხდის და არ იხდის გადასახადს და ა.შ.“ – ამბობს სალომე.

ფლეშმობ აქცია „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას შეუერთდა ევროპის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც.

რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

ბათუმის მერიამ „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ზაფხულის დადგომის შემდეგ გადაწყვიტა. ამ დროისთვის მუნიციპალური ველოსიპედით ვერც ბათუმის ბულვარში გაისეირნებთ და ვერც ქალაქში – ქსელში ველოსიპედი აღარ არის.

„360 ველოსიპედია ჩვენს ბალანსზე, მიმდინარეობს სისტემის განახლება და ამ ველოსიპედების შეკეთება, დაახლოებით 15 – 20 დღეში დავაბრუნებთ ველოსიპედებს ქსელში,“ – ამბობს მარად სანიკიძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსი.

ბათუმის მერიამ ახალი ველოსიპედების შესაძენად თანხა ისევ ვერ გამოძებნა. ველოსიპედების „სისტემის განახლება“ ამჯერად საბარათე სისტემიდან მობილური აპლიკაციებით სარგებლობაზე გადასვლას გულისხმობს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ ველოსიპედების არსებული სადგომები ბულვარსა თუ ქალაქში შენარჩუნდება და შესაძლოა, რამდენიმე ახალიც მოეწყოს. ტერმინალებს კი აიღებენ, სადაც ველოსიპედების გაყვანა და უკან დაბრუნება სპეციალური გასაღებით იყო შესაძლებელი.

„რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი პროგრამის შესაძენად, რომლის მიხედვითაც, წინასწარ შეგეძლებათ ნახოთ, რომელ სადგომზე რამდენიმე ველოსიპედია თავისუფალი… აქამდე მომხმარებელს სპეციალურ ბარათზე შეჰქონდა თანხა და ბარათის გამოყენებით იღებდა გასაღებს, რაც ართულებდა სისტემით სარგებლობას. ამჯერად მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი სახელფასო ბარათით სარგებლობა და ველოსიპედის გამოყვანა,“ – განმარტავს მარად სანიკიძე.

მარად სანიკიძე ვერ აკონკრეტებს, როდის გამოცხადდება ტენდერი და რამდენი თანხა დაიხარჯება ახალი სისტემის მოსაწყობად. ჯერ არც ის არის ცნობილი, როდის ამოქმედდება მობილური აპლიკაციების სისტემა. ივლისის ბოლომდე ველოსიპედების ქსელში დაბრუნების შემდეგ მომხმარებელი ჯერ კიდევ „ბათუმიველოს“ ბარათით მიიღებს მუნიციპალური ველოსიპედის გასაღებს.

რა უნდა ქნას ადამიანმა, ვისაც მობილურში ინტერნეტი არ აქვს? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსის თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე ადგილზე ბარათის გამოყენება ისევ იქნება შესაძლებელი.

რატომ დაიწყო ეს სამუშაოები და, მათ შორის, ველოსიპედების რემონტი მერიამ ზაფხულში, ზღვის სეზონზე, როცა ცნობილია, რომ „ბათუმიველოთი“ ძირითადად ტურისტები სარგებლობენ ბათუმის ბულვარში? – ესეც ვკითხეთ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წარმომადგენელს.

„კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი, დაპაუზებული იყო ყველა მიმართულება, ჩვენც გაჩერებული ვიყავით… ტენდერი წლის დასაწყისში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ შესყიდვების განხორციელება იყო შეჩერებული,“ – გვიპასუხა მარად სანიკიძემ.

ბათუმის ამ წლის ბიუჯეტში ახალი ველოსიპედების შესაძენად თანხა გამოყოფილი არ არის და უცნობია, ბიუჯეტის კორექტირების დროს შეიცვლება თუ არა რამე.

„ეს არის დამოკიდებული ბათუმის მერიასა და საკრებულოზე,“ – დასძინა მარად სანიკიძემ.

თანხა არც 9 წლის წინ შეძენილი ველოსიპედების შესაკეთებლად იხარჯება. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ველოსიპედებს ამ ორგანიზაციის მიერ კონტრაქტით დაქირავებული ხელოსნები არემონტებენ და ჯერ უცნობია, რეალურად რამდენი ივარგებს სასეირნოდ.

რაც შეეხება მომსახურების ფასს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, მობილური აპლიკაციების ამოქმედების შემდეგ „ფასი სავარაუდოდ იგივე დარჩება“.

მუნიციპალური ველოსიპედით სეირნობა ერთი საათით 2 ლარი ღირდა.

____

მთავარი ფოტო ბათუმიველოს ვებგვერდიდან

„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, „როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“.

„როგორც ვიცით, საუბარია მეორე, უფრო გართულებულ ტალღაზე და ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ შევძელით პანდემიის, ვირუსის რისკების მართვა და ეს უნდა იყოს დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში საქართველო მიაღწევს საერთაშორისო აღიარებას პანდემიის რისკების მართვაში. დღეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილი არ არის. რეისები სრულდება ბერლინის, ვენის  და ამსტერდამის მიმართულებით,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომ ეს არის ჩარტერული და არა რეგულარული რეისები.

„როცა კითხვები ისმება, რატომ გადადეთ რეისები,  მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, რადგან, არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში სერიოზული აფეთქებაა ბევრგან. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკებების საფუძველზეა გაკეთებული თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები,“ – თქვა გახარიამ.

______________________

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია

სარეგისტრაციო პორტალზე კომპენსაციის მიმღებ პირებად დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ თვითდასაქმებულები და რომლებსაც კომპენსაცია – 300 ლარი ეკუთვნით.

დღეს, 29 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილი იყო, თუმცა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში [15:10 სთ] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სარეგისტრაციო პორტალზე ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსასწორებლადაც სპეციალისტები მუშაობენ.

რეგისტრაციის დროს გასათვალისწინებელია, რომ თუ პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ შეცვალოთ ბრაუზერი. მაგალითად, თუ Google Chrome-თი რეგისტრირდებით და ვერ ახერხებთ, გადადით სხვა ბრაუზერში, მაგალითად: Internet Explorer ან Opera Browser

როგორ დავრეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის გადადიხართ სარეგისტრაციო პორტალზე compensation.moh.gov.ge

გამოვა ფანჯარა:

აქ აჭერთ ზემოთ მითითებულ სიტყვას – რეგისტრაციას, რის შემდეგაც გამოვა მორიგი ფანჯარა, სადაც მონიშნავთ გრაფას – „თანახმა ვარ“.

თანხმობის შემდეგ იწყებთ პირადი მონაცემების შეყვანას: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და აწვებით ღილაკს – სმს გაგზავნა.

თქვენ მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე სმს-ად მოგივათ კოდი, რომელიც შეგყავთ შესაბამის გრაფაში და აჭერთ ღილაკს შესვლა.

გამოვა შემდეგი ფანჯარა:

აქ შეგყავთ თქვენი საბანკო ანგარიში, აჭერთ ღილაკს – გადამოწმება. შემდეგ ირჩევთ მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივ მისამართს და ბოლოს აჭერთ ღილაკს – დასრულება.

მთავრობის დადგენილებით კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

  • საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და
  • 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120  კალენდარული დღის ჩათვლით.

ამ თემაზე:

თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

სოცაგენტების გაფიცვა შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების მოთხოვნები.

ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სოციალური აგენტების გაფიცვა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს პანდემიის პირობებში.

სოციალური აგენტების პროტესტის მიზეზი მათი სამუშაო პირობებია. სოციალურ აგენტები ჰყვებიან, რომ მათ ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი აქვთ, თითო ოჯახზე კი დაახლოებით 4.4 ლარი ემატებათ. ამასთანავე, ხელშეკრულებები, რომლებითაც ისინი მუშაობენ – მხოლოდ ერთთვიანია.

განცხადებაში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს სოციალური აგენტების დაბალ ხელფასზე და ერთთვიან შრომით კონტრაქტებზე.

„მოვუწოდებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს:

დაუყოვნებლივ აღადგინოს კომუნიკაცია სოციალურ აგენტებთან და, სოციალური აგენტების წარმომადგენლებისა და პროფკავშირების კოლექტიური დავის პროცესში უშუალო ჩართულობით, უზრუნველყონ მოლაპარაკებების გაგრძელება.

გაიზიარონ სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები უკიდურესად დაბალი ხელფასის და სამართლებრივად მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე და უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვრცლად ამ თემაზე: 

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

აჭარის გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

სხვა პროექტებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, დამცავი ზღუდარები და ბეტონის საყრდენი კედლები.

შუახევი-ჩირუხის გზა გრუნტოვანია და მასზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 3 700 000 ლარს შეადგენს.

ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ცხემნა-სოფელი ცხემნა მიმდინარეობს.

აქ პროექტის ფარგლებში 875 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, 7 მონაკვეთზე – ბეტონის კედელი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და 8 ადგილას – მილები.

ადგილობრივები მალე ახალი გზით უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.

პროექტის ჯამური ღირებულება 675 829 ლარს შეადგენს.

ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად 2350 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო, გზასთან ერთად მოწყობილია: 1764 გრძ.მ რკინა-ბეტონის კუვეტი, 27 გრძ.მ. ლითონის მილი, 57.8 გრძ.მ ბეტონის საყრდენი კედელი, 52 გრძ.მ გაბიონის საყრდენი კედელი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1420 გრძ.მ დამცავი ზღუდარების მოწყობა.

აღნიშნული სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 1 359 999 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს:

ჩაისუბანი-პატარა გორის მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 2200 გრძ.მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.
გზასთან ერთად მოეწყო ლითონის მილი, რკინაბეტობის კიუვეტები, ლითონის დამცავი ზღუდარები, გაბიონის საყრდენი კედელი და არსებულ ხიდზე შეიღება მოაჯირები.

პროექტის საერთო ღირებულება 780 000 ლარს შეადგენს.

ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დამცავი ხელოვნური ნაგებობა, დამონტაჟდება წყალგამტარი ლითონის მილები და აშენდება ერთი ახალი ხიდი.

დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 089 999 ლარი დაიხარჯება.

 

რეაბილიტირებული გზით ბობოყვათი დაგვისა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებს დაუკავშირდება. ახალი გზით ასამდე ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. გზასთან ერთად მოეწყობა ლითონის მილები, რკინა-ბეტონის მილები, ბეტონის საყრდენი კედელი და აშენდება ერთი ახალი ხიდი.

პროექტის საერთო ღირებულება 741 000 ლარს შეადგენს.

სხვა პროექტებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში წაბლანა-ყიშლას მიმართულებით 900 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული გზა გრუნტოვანი იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. რეაბილიტირებული გზით 81 ოჯახი ისარგებლებს.

ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში ხელოვნური ნაგებობების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ბათუმის 7 ქუჩაზე წყალი ორი საათით შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, ავარიული დაზიანების გამო, 15 საათიდან 17 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

  • აბუსერიძის ქუჩა
  • შარტავას ქუჩა
  • ფიროსმანის ქუჩა
  • ჯავახიშვილის ქუჩა
  • გრიბოედოვის ქუჩა
  • ვახტანგ გორგასლის ქუჩა
  • ლორიას ქუჩა

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთდღიანი ტური გურიაში – როგორ შეიძლება გურიის „გაცოცხლება“

28 ივნისს „გურიის ტურიზმის ასოციაციის“(TAG) ორგანიზებით ჩატარდა ინფო-ტური გურიის რეგიონში. COVID-19-ის პანდემიამ ნეგატიური გავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზე. საერთაშორისო ტურისტების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობის გათვალისწინებით, ტურიზმის გამოცოცხლების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება შიდა ტურიზმის სტიმულირება და ქვეყნის არსებული ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობა ქართველი ტურისტებისა და ტურკომპანიებისთვის.

გურიის რეგიონს ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული და გურია არათუ უცხოელი სტუმრებისთვის, შიდა ტურისტებისა და ქართული ტურკომპანიებისთვისაც ნაკლებად ცნობილი რეგიონია.

აღნიშნული ინფოტურის მიზანი იყო მოცემულ რთულ ვითარებაში გურიაში არსებული ტურისტული ობიექტების/ადგილების პოპულარიზაცია და ტურკომპანიებისთვის  გურიის ტურისტული პოტენციალის (ეკო/აგროტურიზმის მიმართულება) გაცნობა.  მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამდენადაც ეს ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე.

მენაბდეების მარანი

ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში გურიაში მოვინახულეთ შემდეგი ტურისტული ობიექტები:

[checklist]

  • „ვაშლები“ – მდინარე ბჟუჟის პირას არსებული კემპინგ/პიკნიკ ადგილი (გურიის კაიაკინგის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი). ტურის მონაწილეებს გააცნეს აღნიშნულ ადგილთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები და გაიმართა თაფლის არყის, ფიჭის და ინოვაციური ჩაის პროდუქტების დეგუსტაცია
  • მენაბდეების მარანი/გესთჰაუზი – ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს  არსებული გესთჰაუზი, გურული ეზო თავისი საინტერესო ეთნო-ინფრასტრუქტურით და ვენახები. ასევე, შედგა ჩხავერის ღვინის დეგუსტაცია
  • ჩაის დეგუსტაცია კომპანია „ნაგომარში“ – ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის/ჩაის მწარმოებელი სოფელ ნაგომარში.
  • შარაშიძის მარანი (ბუკისციხე) – ტურის მონაწილეებმა მოინახულეს აქ არსებული გესთჰაუზი და დააგემოვნეს ნაკლებად ცნობილი და, ამავე დროს, ძალიან საინტერესო გურული ღვინოები: საკმიელა, სხილათუბანი, ჩხავერი და ა.შ.
  • ინფოტურის ბოლო ადგილი იყო სკიჯის სახლი (დაკა ბერძენიშვილი) – გურული სამზარეულოს დეგუსტაცია.

[/checklist]

შარაშიძეების მარანი
შარაშიძეების მარანი

ინფოტური საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეებისთვის და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გურიისა და აჭარის რეგიონებს შორის ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობა.

რამდენადაც აჭარის რეგიონი ამ ეტაპზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს ქვეყანაში, თუ მოხდება იქ ჩასული ტურისტების დაინტერესება გურიის ტურისტული ადგილებით (მაგ: 1-2-დღიანი ტური), ეს საგრძნობლად გაზრდის გურიაში ტურისტების რაოდენობას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გურიის ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ადგილების ინტეგრირება აჭარის ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ტურპროდუქტებში და ერთობლივი პრომოუშენი/მარკეტინგი. მით უმეტეს, ამ ეტაპზე გურიაში უკვე არის საკმაო რაოდენობის ტურისტული ობიექტი (ღვინის მარნები, ჩაის საწარმოები, გესთჰაუზები და ა.შ.) და შესაძლებელია საინტერესო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა.

ინფოტური განხორციელდა „გურიის ტურიზმის ასოციაციის“ (TAG) ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ (GTIA), „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ (TIFA), საინიციატივო ჯგუფ „გააცოცხლე გურიას“ / RAGG წარმომადგენლები.

გურიის ინფოტურის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: GuriaNews.com, GNTA (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).

იმუშავებენ თუ ვერა წელს ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები

იმუშავებენ თუ არა კვადროციკლები და ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში ბათუმის საკრებულო ხვალ, 30 ივნისს, იმსჯელებს. ელექტრომობილების მესაკუთრეებმა საკითხის განხილვის მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართეს.

ელექტრომობილების გადაადგილება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გასული წლის დასაწყისში აკრძალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების შემდეგ კვადროციკლების მოძრაობა მხოლოდ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაუშვეს.

„წელსაც ისევ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ითხოვენ მუშაობას… მათ დეკემბრამდე ჰქონდათ ნებართვა,“ – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელი.

ირაკლი ჯინჭარაძეს ვკითხეთ „სქროლებზეც“, რომლებიც წელს გამოჩნდა ბათუმის ქუჩებში და რომლითაც ძველ ბულვარშიც გადაადგილდებიან.

„ეს აკრძალული ელექტრომობილების ჩამონათვალში არაა და ჩვენც ვერ შევზღუდავთ, თუმცა ბაზირების ადგილების გამოყოფაზე მაინც უარი ვუთხარით,“ – დასძინა ირაკლი ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“.

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა.

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ აუქციონი მოგებული… თუ ვინმე ახალი გამოჩნდება, მათთვის აუქციონი გამოცხადდება, ჩვენ მზად ვართ უკვე ამ პროცესისთვის. შეზლონგები ამ დროისთვის მხოლოდ სამ ადგილასაა, მათ მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულებები აქვთ,“ – გვითხრა ირაკლი ჯინჭარაძემ.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორი განმარტავს, რომ შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს, პლაჟზე განთავსდება საინფორმაციო დაფებიც. წესების დაცვაზე მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაცია გეგმავს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში მოგვაწოდეს საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამოყენების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი. რეკომენდაციებს ბათუმის ბულვარის ინტერნეტგვერდზე რამდენიმე დღეში ატვირთავენ.

რეკომენდაციების მიხედვით, შეზლონგებზე რბილი და შეწოვადი გადასაფარებლის გამოყენება აკრძალულია, რაც გულისხმობს საერთო სარგებლობის ლეიბების გამოყენებას. პირსახოცის გამოყენება ნებადართულია.

პლაჟზე ასევე საჭიროა უსაფრთხოების ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და გამონაკლისი მხოლოდ 12 წლამდე მოზარდზე ვრცელდება.

„მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება; დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში; გამოყენებული პირბადეები, ხელთათმანები და სხვა სახის ნარჩენები მოათავსეთ სპეციალურად განთავსებულ დახურულ ურნაში,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის რეკომენდაციების სამუშაო დოკუმენტში.

Exit mobile version