მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სანაპიროზე 3 მრავალსართულიანი და 4 დამხმარე შენობის აშენება სურთ

29.06.2020 • 2941
ქობულეთის სანაპიროზე 3 მრავალსართულიანი და 4 დამხმარე შენობის აშენება სურთ

ქობულეთში, აღმაშენებლის #313-ში, ზღვის პირველ ზოლში, კომპანია სამი მრავალსართულიანი შენობისა და ოთხი შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობის მშენებლობის უფლებას ითხოვს. შპს „კრისტალ ბილდინგმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა [გრგ] მოამზადა და მერიას გადაუგზავნა, ამ გეგმის დამტკიცებაზე ხვალ. 30 ივნისს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

გრგ-ს მიხედვით, კომპანია გამწვანებულ ტერიტორიაზე, სამ ჰექტარზე [ 37 502კვ.მ.] გეგმავს ააშენოს ორი შენობა სასტუმროსთვის, ერთი გამაჯანსაღებელი ცენტრი და მათი დამხმარე ნაგებობები, ამავე ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს პარკინგი თითოეული შენობისთვის.

ჩამოთვლილი შენობებიდან ყველაზე მაღალი 121 მეტრი სიმაღლის იქნება.

საპროექტო ტერიტორია, სადაც მფლობელს 7 შენობის აშენება სურს

საერთო ჯამში კომპანია აპირებს მშენებლობისთვის აითვისოს 7000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ ტერიტორიაზე აშენებული შენობების საერთო ფართობი კი 75 000 კვადრატული მეტრი იქნება.

სამშენებლო ნაკვეთზე ხუთასამდე მრავალწლოვანი ხეა, მათ შორის არის ფიჭვი, კვიპაროსი, სხვადასხვა ფოთლოვანი და მრავალწლოვანი ბუჩქნარი. პროექტის ლანდშაფტური არქიტექტორის, ლია ქურციკიძის ინფორმაციით, გრგ-ს მიხედვით, კომპანიას დასჭირდება 53 ძირი ხის [8 ფოთლოვანი და 45 ძირი წიწვიანი ფიჭვი] გადარგვა.

„კრისტალ ბილდინგმა“  ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 37 523 კვადრატული მეტრი, დაირეგისტრირა. კომპანია კიდევ ერთ გამწვანებულ ნაკვეთს ფლობს ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე, აღმაშენებლის #277-ში. [29 322 კვ.მ] აქ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე მოპოვებული აქვს და აშენებს კიდეც.

საერთო ჯამში შპს „კრისტალ ბილდინგი“  ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 71 523 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც ქობულეთის პარკზე გაცილებით დიდი ტერიტორიაა – პარკის ფართობი 46 845 კვადრატული მეტრია.

„კრისტალ ბილდინგი“ 2015 წელს აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად 25 წლის ელვინ მამმადლი, აზერბაიჯანის მოქალაქე დანიშნეს, შემდეგ კომპანიას ვანო ლომიძე ხელმძღვანელობდა, გასულ წელს ის კომპანიის 10 პროცენტის მფლობელიც გახდა. დოკუმენტების მიხედვით, ეს ათი პროცენტი მას უსასყიდლოდ დაუთმეს.

ვანო ლომიძე არის ასევე შპს „აგრარ გაზის“ ასი პროცენტის მფლობელი. რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ის იყო შპს „ენერგო ინვესტის“ დირექტორი, რომლის ასივე პროცენტს რუსეთის მოქალაქე თენგიზ ძიძიგური ფლობდა. ვანო ლომიძე ფლობს ასევე შპს „ჯავას“ ორმოც პროცენტს. რეესტრის 2015 წლის მონაცემებით, ვანო ლომიძე შპს საქართველოს ელექტრონულ-ინდუსტრიული კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: