მთავარი,სიახლეები

აბა, ცხენებით ვიაროთ? – სეკვესტრი ხელვაჩაურის ბიუჯეტში და ახალი პიკაპები 200 ათასად

30.06.2020 • 2306
აბა, ცხენებით ვიაროთ? – სეკვესტრი ხელვაჩაურის ბიუჯეტში და ახალი პიკაპები 200 ათასად

“წლების განმავლობაში, შევარდნაძის მერე არ გაგვიგია სიტყვა სეკვესტრი, ახლა არის ეს თქვენს ბიუჯეტში,” – მიმართა ხელვაჩაურის მერს საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს, 30 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტის შემცირებაზე იმსჯელა. პანდემიის მიზეზით ხელვაჩაურის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით მცირდება. ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს სულ 18 მილიონი ლარია.

ხელვაჩაურის მერის თქმით, შემცირება ძირითადად ეხება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა გადადებაც შესაძლებელია. ცვლილებები ჯანდაცვის ან სოციალური დაცვის პროგრამებს არ შეხებია.

ოპოზიციის აზრით, შემცირება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს და არ ეხება ჩინოვნიკების შემოსავლებს, საწვავს, მივლინებებს. საკრებულოს სხდომაზე ცხარე კამათი ახალი 3 პიკაპის შეძენას მოჰყვა.

“თქვენ ეს პიკაპები იყიდეთ გასული წლის ბიუჯეტით, მაგრამ ჩამოვიდა ეს მანქანები 5 ივნისს. შეგეძლოთ გაგეუქმებიათ ეს კონტრაქტი. 200 ათასი ლარი დაიხარჯა და თქვენი კომფორტისთვისაა ეს, თქვენ მოძრაობთ,” – გაცხარდა საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე.

“მატყუარა ხართ თქვენ, თანამშრომლებისთვისაა ეს მანქანები…” – პასუხი ტრიბუნიდან არ დააყოვნა ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. ის ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო.

“მე შეგამოწმებთ ყველა დღე, იცოდეთ,” – განაგრძო დისკუსია საკრებულოს წევრმა. კამათში შეხვედრის სხვა მონაწილეებიც ჩაერთნენ. სიტუაციის განმუხტვა რეპლიკით საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა.

“პიკაპები არა, ცხენებს ვიყიდით აწი, ცხენებით და ვიაროთ,” – ხმამაღლა მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მას პირბადე ეკეთა და გაუგებარი დარჩა, ხუმრობდა თუ არა.

მიშა ბოლქვაძის თქმით, ახალი მანქანებით ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, მისი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე გადაადგილდებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა “პატრიოტთა ალიანსისა”, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“საკითხზე მხარის დაჭერა არ გინდოდათ და რამე ხომ უნდა გეთქვათ,” – რეპლიკა დააწია ოპოზიციას ნადიმ ვარშანიძემ.

პიკაპებზე დისკუსიამდე ოპოზიციამ ასევე გააკრიტიკა სტიქიის ზონაში ფერდსაცავის მოწყობის პროექტებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

“221 ათასი ლარი იყო ამისთვის გათვალისწინებული,” – დასძინა მიშა ბოლქვაძემ.

“ვინც საშიშ ზონაში ცხოვრობს, ყველა გაყვანილია ქირით, ესეც ტყუილია,” – წამოიძახა საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა.

ოპოზიციის აზრით, პანდემიის მიზეზით არ შეიძლებოდა სოფლის გზების რეაბილიტაციის პროგრამის ნახევარი მილიონით შემცირება, ასევე საბავშვო ბაღების, სათამაშო მოედნებისა,თუ სკოლების რეაბილიტაციაზე უარის თქმა.

“თქვენ თუ მართალი ხართ, როცა ამ წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ და იქ გავითვალისწინეთ სტიქიის ზონა, მაშინ რატომ არ დაგვიჭირე მხარი? რატომ არ თქვი, ყოჩაღ მთავრობასო?” – მიმართა ოპოზიციონერს ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

“ეს ოპოზიცია ყველგან ამორალურია, მარტო აქ არა,” – დაასკვნა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ, როცა ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.

“იმას ყარაულობენ, ვინ რა მანქანით დადის და რომელ რესტორანში,” – დასძინა ვახტანგ ლორთქიფანიძემ.

“თანაც, ტყუილია ეს ყველაფერი, ტყუილი,” – ჩაილაპარაკეს საკრებულოს წევრებმა და თან ჟურნალისტებს გამოგვხედეს.

ოპოზიციის დარბაზიდან გასვლის შემდეგ სხდომა დაახლოებით 5 წუთში დასრულდა – რამდენიმე საკითხის განხილვას რამდენიმე წუთი დასჭირდა და ისე, რომ დამსწრე პირი ვერაფერს გაიგებდა: რა შეცვალეს? რატომ?

სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, რატომ აღარ დაფინანსდება, მაგალითად, სამუშაოები სტიქიის ზონაში.

“შესყიდვები შეჩერებული იყო, ახლა რომ გამოცხადდეს, დრო უნდა. ზოგი ისეთ მიუვალ ადგილზეა, ზამთრამდე ვეღარ მოესწრებოდა,” – გვიპასუხა ნადიმ ვარშანიძემ.

ხელვაჩაურის მერის თქმით, ბიუჯეტში შემოსავლები შემცირდა, რადგან ტენდერების გაუქმების გამო მუნიციპალიტეტმა დაგეგმილი ტრანსფერები ცენტრალური ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღო.

“რატომ არ გააუქმეთ პიკაპებზე ხელშეკრულება, როცა ბიუჯეტის სეკვესტრს ელოდით?” – ჩვენ ესეც ვკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს.

“მოვინდომეთ, მაგრამ არ გამოვიდა… ვისთანაც გაფორმებული გვქონდა კონტრაქტი, მისი კი არ იყო ეს მანქანები, შემოყვანილი იყო იაპონიიდან, მიცუბიშის მანქანებია… კონტრაქტს კი გააუქმებდი, მაგრამ ფულს აღარ გვიბრუნებდნენ,” – ირწმუნება ნადიმ ვარშანიძე.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ბოლოს ცხენებზეც ვკითხეთ.

“ვიხუმრე. მართლა ცხენით ხომ არ ვივლით? ახლაც შეამოწმეთ, იმ პიკაპით თანამშრომლები არიან საქმეზე წასული… მეც ვმოძრაობ კი, მაგას ხომ არ ვმალავ?” – დაგვიტოვა კითხვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: