მთავარი,სიახლეები

საფრანგეთის ყოფილ პრემიერს 5 წელი მიუსაჯეს ცოლის ფიქტიური დასაქმებისთვის

29.06.2020 • 1926
საფრანგეთის ყოფილ პრემიერს 5 წელი მიუსაჯეს ცოლის ფიქტიური დასაქმებისთვის

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ფიიონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს [აქედან სამი წელი – პირობითად] ცოლის ფიქტიურად დასაქმებისთვის – წერს BBC.

პარიზის სასამართლომ ფიიონი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის. სკანდალი ამ საქმეზე 2017 წელს დაიწყო და ფიიონის პოლიტიკური კარიერა დააზარალა.

ფიიონის მეუღლეს, პენელოპას, სამი წელი [პირობითად] მიუსაჯეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში თანამონაწილეობისთვის.

ცოლ-ქმარმა ასევე უნდა გადაიხადოს ჯარიმა – 375 ათასი ევრო თითოეულმა. ფიიონის და მისი მეუღლის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ფიიონმა ცოლს 831 ათასი ევრო გადაუხადა სამუშაოსთვის, რაც მის მეუღლეს სინამდვილეში არ შეუსრულებია.

საფრანგეთის პროკურატურამ ფიიონის წინააღმდეგ საქმის გამოძიება 2017 წლის მარტში დაიწყო, გამოცემა Canard Enchaine-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფიიონმა, 2000-იან წლებში, როდესაც იგი პარლამენტარი იყო, ცოლი თანაშემწედ ფიქტიურად გააფორმა და მას ასობით ათასი ევრო გადაუხადა.

სტატია გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომლის ფავორიტადაც მიიჩნეოდა ფრანსუა ფიიონი.

ფიიონი და მისი ცოლი ბრალდებებს უარყოფდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პენელოპა ნამდვილად მუშაობდა ქმრის თანაშემწედ, თუმცა მედია წერდა, რომ მასზე პარლამენტში საშვიც კი არ იყო დაშვებული და პარლამენტის თანამშრომლებიდან მას თითქმის არავინ იცნობდა.

ფიიონი მაშინ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და მან 2017-ში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გააგრძელა, თუმცა მისი რეიტინგი დაეცა და იგი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა მარი ლე პენისა და ემანუელ მაკრონის  შემდეგ.

___________

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: